fbpx

რატომ უნდა ნახოთ Licorice Pizza – პოლ ტომას ანდერსონის ახალი ფილმი


გააზიარე სტატია

ავტორი: Delphica Sibyl

 

წინა კვირას პოლ ტომას ანდერსონის ახალი ფილმი ვნახე ნიუ-იორკში. განა გახარბებთ, მაგრამ არც უმაგისობაა. კაი ხანს ვიწუწუნეთ, დაგვაქცია მსოფლიო ამ კორონამ, ან ამ ხელოვნებას რა ეშველებაო და არც ისე გლახად გვქონია საქმე. არაჩვეულებრივი ფილმები გამოყარეს, მაგრამ მე მაინც ერთზე მინდა მოგიყვეთ ისე, რომ არაფერი მოგიყვეთ. ანუ არ დაგასპოილერებთ.

რა გააკეთა პოლ ტომას ანდერსონმა? ან რაზეა მისი “ლიკორიშ პიცა”? რაზე და ახალგაზრდულ, უნებლიე სიყვარულზე. ფილმი მისი რეკლამის გამოსვლისთანავე უნახავად შემიყვარდა. ისევე გაუცნობიერებლად, როგორც 15 წლის ასაკში გიყვარდება გოგო. ბიჭიც. დევიდ ბოუის საყვარელი სიმღერა მიყვებოდა რგოლს და ჰო, არ იყო რთული პულსიც გამქცეოდა და ფიქრებიც. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ისე თუ გამიმართლებდა, რომ ამხელა ამერიკის მხოლოდ 4 კინოთეატრში გამართული სეანსებიდან, ერთ-ერთში მოვხვდებოდი. ხელაკანკალებულმა ისე უაზროდ ვიყიდე ბილეთები, რომ ზედ უზარმაზარი ეკრანის წინ აღმოვჩნდით. ანუ მთელი 2,5 საათი თავი ზევით, სადღაც მარსისკენ უნდა მქონდა აღმართული. საბედნიეროდ, ბოლო რიგში 2 თავისუფალი ადგილი იყო (არ ვიცი ამაზე უკეთესი რა უნდა ენახათ ან ეკეთებინათ, მაგრამ მადლობა მათ) და ბედნიერად გადავსკუპდით. გაჭედილ დარბაზში ფილმის დაწყებისთანავე, პირველივე კადრზე, ეპიზოდსა და ნინა სიმონეს ხმაზე გავიფიქრე, რომ ჩაფსმამდე მომეწონებოდა ეს კინო. მაშინ ჯერ ისიც არ ვიცოდი, რომ მთელი ფილმის განმავლობაში ისეთივე სულელურად გაღიმებული სახე მექნებოდა, როგორც მისი სარეკლამო რგოლის ყურებისას. დიახ. მთელ კინოს უყურებ გაღიმებული, ცრემლიანი ხარხარით. მოგწონს ყველაფერი, ყველა სამოსი, ყველა ფრაზა. ზუსტად ხვდები, რას აკეთებს რეჟისორიც და კამერაც. მთელი ფილმი ახალგაზრდული მოუთმენლობის სიჩქარეზეა აწყობილი (ფილმის მთავარი გმირები სულ სადღაც გარბიან). სულ გეჩქარება. სულ მირბიხარ, ფეხს წამოკრავ – მირბიხარ, წაიქცევი – მირბიხარ. სწრაფად სუნთქავ, სწრაფად გძინავს, სწრაფად კოცნი.

25 წლის გოგოსა და 15 წლის ბიჭის სიყვარულზე ბანალური აბა რა უნდა იყოსო, გაიფიქრებს ვინმე, მაგრამ ალბათ იმიტომაც არ არის ეგ ვიღაც პოლ ტომას ანდერსონი. ეკრანზე თავდაჯერებული გოგოს პირველივე ჩავლაზე და მას გაკიდებულ 15 წლის ბიჭზე, რომელიც თავდაუზოგავად ეჩალიჩება ოღონდ პაემანზე დაითანხმოს, ივსები თანაგრძნობით. გულშემატკივრობ ყველა მათ მცდელობას მიუახლოვდნენ ერთმანეთს, გულშემატკივრობ ამ ბანალურ პირველ კოცნას. ძალიან მაგარია.

ებრაელებზე ხუმრობა და საერთოდაც მათი თვითირონია ისეთივე ძველია, როგორც ეს სამყარო, მაგრამ აქ, ამ კინოში, მაინც გეცინება გოგოს ოჯახსა და მათ წყობაზე. თანაც “კინოოჯახს” აქ მართალი ოჯახი თამაშობს. მშობლებიც და დებიც ალანა ჰაიმის, ფილმის მთავარი გოგოს დედ-მამა და დები არიან. ბიჭი? ბიჭი დიდი მსახიობის, ანდერსონის საყვარელი მსახიობის, ფილიპ სეიმურ ჰოფმანის მამაილა შვილია. კუპერ ჰოფმანი ისე გავს მამამისს და ისე გადასარევად თამაშობს, გიკვირს, აქამდე როგორ არ იცნობდა არავინ. მისმა აკნეგადაპენტილმა სახემ და ხშირმა სუნთქვამ არ არსებობს არ აგიჩქაროს გული და არ გაგახსენოს პაემანზე წასვლის დღეს ცხვირზე გამომსკდარი უბედურებით გამოწვეული დრამა. ან, აი ის მომენტი, სკოლაში ყველაზე ლამაზი ბიჭი რომ მოგწონს, სრულიად მიუწვდომელი რომაა, ის კი სასადილოში შენ წინ რომ დაჯდება და როგორ ხარო, თვალებში რომ შემოგციცინებს. რანაირად არ იგუგლებოდა ეს ტიპი (კუპერ ჰოფმანი) ფილმის გამოსვლამდე განა მესმის? ჰოდა, აჰა ძმაო, ათასჯერ მაინც დაგგუგლე. ყველა შენი ფოტო ვნახე. ყველა შენი ამბავი გავიგე. ეს ერთი და სხვა მრავალი, და მოკლედ, #წარმატებებიკუპერს

ჰოდა, კიდევ ის მომწონს ამ კინოში, რომ მთავარი “უცნობი” გმირების უკან ძალიან “ნაცნობი” და კაი ბობოლა ხალხი დგას. პერიოდულად ხურდა ფულივითაა შემოყრილი – შონ პენი, ტომ უეიტსი, ბრედლი კუპერი და სხვა მრავალი… ამ ბრედლი კუპერმა სასიამოვნოდ გამაოცა. საოცრად შეასრულა ბარბარა სტრაიზენდის ბოიფრენდის, პამელა ანდრესონის 12-დღიანი ქმრის, ჰოლივუდის

მოდური თმის სტილისტისა და სუპერმენ/ბეტმენის ამბების შემოქმედის, ადამიანი ქარიშხალის – ჯონ პეტერსის როლი. აი შონ პენის რამდენიმე წუთიანი გამოჩენა ამ ფილმში კი უბრალოდ არაჩვეულებრივია. ერთ-ერთი საუკეთესო წუთებია, რაც კი ბოლო პერიოდში უთამაშია. ხმით ვიცინოდი, ისეთი მაგარია ეგეც და კუპერიც. გადავახვევდი და კიდევ ბევრჯერ ვნახავდი, მაგრამ აბა როგორ? არც ტომ უეტსმა დააკლო ხრინწი, სასმელი და თუთუნი. მოკლედ, ეპიზოდური როლებიც კი ფილიგრანული სიზუსტითაა გათვლილი.

ფილმის ვითარება – კალიფორნიის, კერძოდ კი, სან ფერნანდოს ველის შუადღის მზე, ანდერსონის კამერის სიმსუბუქე და ალანა ჰაიმის მუდმივად უბუზჰალტერო ტორსი თავს ბოლომდე დაგავიწყებთ. (ეგ გოგო კარგად დაიმახსოვრეთ. აგერ მე და აგერ თქვენ). რაღაცნაირი უცნაური კინოა. უბრალოდ უყურებ, არაფერს ელი. გინდა არ დასრულდეს და შენც ირწეოდე იმ სულელური წყლის მატრასებზე, რომლის ბიზნესიც ფილმის გმირმა, ვალენთაინმა წამოიწყო. ისევე გაღელვებდეს შეყვარებულის ნეკის პირველი შეხება და ისევე გეგონოს, რომ სულ იქნები და უკვე არ იცხოვრე საუკეთესო შემთხვევაში იმის ნახევარი, რაც უნდა იცხოვრო.

ალბათ მუსიკაც გაინტერესებთ. ჰოდა, ამ კინოში იქნება ყველა თქვენი საყვარელი სიმღერა. ბოუი გინდა, დორსი გინდა, თუ ჩვენში ასე პოპულარული stumblin in. და თან ისე მიყვებიან კადრებს, როგორც რადიოს სიხშირე. ეს შეგრძნება, ანუ რადიოსი, განსაკუთრებით მომწონდა ტარანტინოს ჰოლივუდში და აქაც აღსანიშნავი ამბავია. ცალკე შექების ღირსია ჯონი გრინვუდი. სულ ერთი ციცქნა მელოდია დაუწერია ამ ფილმისთვის, მაგრამ ისეთი გულის ამაჩუყებელია, ისეთი… ღიმილს ვერ იშორებ სახიდან, სული კბილით გიჭირავს და გიხარია, რომ ჯერ კიდევ შეგიძლია გაიხსენო შენი პირველი “ქრაშის” სახელი. ესე იგი ჯერ ისევ ცოცხალი ხარ. ჯერ ისევ.

თავიდან გგონია, რომ მოვლენები სულ არ არის კავშირში ერთმანეთთან და ვერ ხვდები, რანაირი სიუჟეტია ახლა ეს. მაგრამ, როდესაც უკვე მიდის ტიტრი, გესმის ტაში, ინთება შუქი და საკუთარი ხელის გულების დაღლას გრძნობ, ხვდები, რა უმცირეს დეტალებზეც კი უფიქრია რეჟისორსა თუ სცენარისტს (ამ შემთხვევაში ერთსა და იმავეს). პოლ ტომას ანდერსონმა ისეთივე შედევრი გადაიღო უცნობი დამწყები მსახიობებით, როგორც ამას ბრწყინვალე ოსკაროსნებით აკეთებდა. ეს არ არის კინო სიყვარულზე, ეს არის თავად სიყვარული – ნორჩი, ნამდვილი, სულსწრაფი, ცინცხალი, ეგოისტი და ყველასთვის ასე ნაცნობი. როდესაც იმდენად ხმადაბლა ფიქრობ, რომ თავადაც არ გესმის და იმდენად ხმამაღლა სუნთქავ, რომ მთელმა სამყარომ იცის სად ხარ და რატომ.

წინ იმხელა სიამოვნება გელით, მშურს კიდეც. ასე რომ, არ გადადოთ იმ ორი ცარიელი ადგილის მფლობელებივით და როგორც კი კინო-თეატრები გამცნობენ, გაეშურეთ თქვენს ახალგაზრდა გულებში, ქრაშებსა და სიყვარულებში.

ისუნთქეთ <3


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.