fbpx

თბილისის წარსულის მონაცემთა ბაზა – ნოდარ სუმბაძის „თბილისური კატალოგი“


გააზიარე სტატია

ფოტო: იური მეჩითოვი

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

 

ძველი თბილისის თითქმის 500-მდე სახლის ფასადი, ფანჯარა, 150 წლის წინანდელ ბარელიეფებზე გამოსახული ტიტანები, ეშმაკები, პანები თუ სირინოზები, მანსარდები, მოაჯირები, აივნები, სადარბაზოები, სადარბაზოების კარი თუ მისი სახელურები, თქვენ წარმოიდგინეთ, ფოსტის ჩასაგდები ჭრილებიც კი და კიდევ  უამრავი სხვა დეტალი, რომლის არსებობა არც კი  გვახსოვს, ან ყოველდღიურ ორომტრიალში ვერც კი ვამჩნევთ, ციფრული ტექნოლოგიების  (ნახევრად პროფესიული ფოტოაპარატისა და “ფოტოშოპის”) წყალობით ტრანსფორმირდნენ ტაბულებად და  არქიტექტორ ნოდარ სუმბაძის პერსონალური კომპიუტერის უამრავ ფაილში განლაგდნენ გარკვეული თანმიმდევრობით. ფაილებიდან კი ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლეს და fb-სა და youtube-ზე ძველი თბილისის ტურებით თუ მოკლე ვიდეოპასპორტებით ციფრულ სამყაროში ახალი ცხოვრება დაიწყეს. 

არქიტექტორი, ხელოვნების დოქტორი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, თითქმის ათეულ წელზე მეტია, რაც ძველი თბილისის (მე-19 ს-ის ბოლო, მე-20 საუკუნის დასაწყისის) არქიტექტურის კვლევითა და მისი ფოტოდოკუმენტაციითაა გატაცებული. ამ ხნის მანძილზე დაგროვილი მასალა მან უკვე გამოსცა სერიებად: „თბილისური ჰერბარიუმი“ (2013); „თბილისური კოლექცია“, ტ 1, მე-19 ს; “თბილისური სადარბაზოები“; ტ 2, მე-19 ს; „თბილისური ფანჯრები“ (2015); „თბილისური კატალოგი“ (2021) (გამომცემლობა „არტანუჯთან“ თანამშრომლობით).

ავტორმა ლაკონიური და კომპაქტური ფორმატით შემოგვთავაზა თბილისური არქიტექტურის მიმოხილვა – მისი აღმოსავლურ-დასავლური მიქსით –  დეტალებად და თემატურად ტაბულებში გააერთიანა და თან დაურთო ესეები, რომლებიც დროში გვამოგზაურებს. მისი „თბილისური კატალოგი“ არ გახლავთ ტიპური აკადემიური ნაშრომი თბილისის არქიტექტურულ სტილებზე. ეს ტაბულების ვიზუალიზაცია ესეების თანხლებით დროის საზღვარს შლის და წარსულს და აწმყოს აერთიანებს. ფაქტობრივად ეს თბილისის წარსულის მონაცემთა ბაზაა მცირედი მისტიკით და მაგ., ასეთი ტექსტების თანხლებით: „კარიატიდები და ეშმაკები“

თბილისის ძველ ქუჩებში მორბენალ ბავშვებს უკვე 150 წელია სევდიანად დაჰყურებს ზემოდან მითური თმაგაშლილი ქალღმერთებისა და წელზემოთ გაშიშვლებული გმირი ატლანტების მთელი არმია… მათ თვალწინ ჩაიარა თბილისელი ბურჟუაზიის გაბრწყინების ხანმოკლე პერიოდმა, მათ ყურში ჯერ კიდევ ჟღერს რუსეთის მე-11 არმიის ცხენების ფლოქვების ხმა…“

ფაქტობრივად კოლექციონერი ხართ, თბილისის მეხსიერების  ფრაგმენტებს აგროვებთ. კოლექციონერებს ყოველთვის ეკითხებიან – რატომ და როდის დაიწყეს?

ნოდარ სუმბაძე:  „მე მაინც მგონია, რომ ჩემი ეს გატაცება შეუცნობლად ჩემმა ბავშვობის გარემომ განაპირობა – ეს ჩემი ბავშვობის ქუჩებია, ასათიანზე – ყოფილი ენგელსის ქუჩაზე დავიბადე, პაოლო იაშვილის ქუჩაზე კი ჩემი დიდედა ცხოვრობდა.  მამა არქიტექტორი გახლდათ, დედა „პიონერთა სასახლეში“ ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტში მუშაობდა. ალპურ კლუბთან ერთად ხშირად დავდიოდი ლაშქრობებში. სიარული და არქიტექტურა – ეს არის ის მოცემულობები, რაც ბავშვობიდან  ახლოსაა. ამიტომ, თითქმის ყოველდღე, დატვირთული გრაფიკის და ყოველდღიური რიტმის მიუხედავად, დროს ვიხელთებ თუ არა, ძველ თბილისში გადაღებებზე გავდივარ. ძალიან ბევრს დავდივარ და თბილისის არქიტექტურის ისტორიის ყველაზე საინტერესო პერიოდის ფოტოდოკუმენტაციას ვაკეთებ. ამ პროცესის დროს ჩემი გონება და თვალები ისვენებს“  

რა თანმიმდევრობით იღებთ მასალას, ალბათ რთულია ამდენი მასალის გადამუშავება და  კლასიფიკაცია. 

ნოდარ სუმბაძე: „ძირითადად 4 უბანში მაქვს გადაღებები – მთაწმინდა, სოლოლაკი, ჩუღურეთი და ვერა. იმიტომ, რომ ჩემი ინტერესის საგანი –  მე-19  ს-ის ბოლოსა და მე-20 ს-ის დასაწყისის ბურჟუაზიული თბილისის პერიოდის შენობები სწორედ ამ უბნებშია თავმოყრილი. თავდაპირველად ობიექტებს, შენობებს ვარჩევ  და შემდეგ ვიწყებ ცალკეულ გადაღებებზე სიარულს – ცალკე სადარბაზოების სერიისთვის, ცალკე ფანჯრებისთვის და ა. შ. ცალკე  სიამოვნებაა ამ ყველაფრის კომპიუტერში დახარისხება და ტაბულებზე მუშაობა“.

სამხატვრო აკადემიაში გრაფიკულ დიზაინს ასწავლით. უამრავი ლოგოს ავტორი ხართ. თქვენი   ბოლო ნამუშევარი ამ მიმართულებით რომელია? 

ნოდარ სუმბაძე: „ელექტრომოპედების სერვისი „ქარი“ – ჩემი გრაფიკაა. აგრეთვე შევქმენი „თამრას” ლოგო –  ეს ბრენდია, რომელიც აერთიანებს სკეიტბორდსა და ქუჩის მოდას’’

„ქარიც“  და სკეიტერების ბრენდიც ისევ და ისევ თბილისის ქუჩებში „სქროლვის“ ნაწილია და კონტექსტუალურად თქვენს ამ პროექტებს გარკვეულწილად უკავშირდება. და გრაფიკულ დიზაინს რომ  დავუბრუნდეთ,  თბილისის ქუჩები  რას გაძლევთ ამ მიმართულებით?

ნოდარ სუმბაძე: „ძალიან ბევრს, თბილისი ამ მხრივ საბადოა. ჩემი გადაღებების დროს ყოველთვის თვალში მხვდება კედლის გრაფიკა, ბავშვების ნახატები, ციფრები, ასოები – ეს ყველაფერი დღევანდელი “გრაფიკული დიზაინია”, რომელიც ძალიან ბუნებრივად მართავს დიალოგს, ძველ, მოდერნისტულ თბილისთან და ძველის და ახლის ერთ მთლიან მიქსს ქმნის. თბილისის კედლები Non stop გამოფენაა  და ეს ყველაფერი ჩემს ტაბულებშიც იკავებს თავის ადგილს”.   

ე. ი. თქვენი კვლევის საგანი მხოლოდ მკაცრად შემოსაზღვრული დროის  გარკვეული პერიოდი  (არტ ნუვოს თბილისი) არ არის და უფრო ფართო არეალი აქვს?

ნოდარ სუმბაძე:  „თბილისი ცოცხალი ორგანიზმია, ყოველდღიური ცხოვრება მის კედლებზე და ქუჩებში რჩება ვიზუალურად  და ჩემს ტაბულებში სწორედ ეს მინდა რომ ჩანდეს“.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.