fbpx

TIMM ARCHITECTURE-ის საცხოვრებელი სახლის პროექტი


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

 

TIMM Architecture  არქიტექტურულ დიზაინსა და კვლევებზე ორიენტირებული არქიტექტურული ოფისია, რომელიც 2016 წლიდან გვთავაზობს დიზაინერულ ნამუშევრებს  – დაწყებული მცირე არქიტექტურული პროექტებიდან,  დამთავრებული ფართომასშტაბიანი ურბანული ინტერვენციებით. HOUSE S – როგორც მას  არქიტექტორები უწოდებენ,  მშენებარე საცხოვრებელი სახლის პროექტია შინდისში. 

ნიკა ლეკვეიშვილი (არქიტექტორი):  ნებისმიერ  პროექტში გვსურს,  რომ ერთგვარი მიკროსამყაროების შექმნით კინემატოგრაფიული ეფექტი მივიღოთ. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ  დამკვეთის სურვილებს, მაგრამ ინდივიდუალური მხარე პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია. 

ჩვენი მიზანია, რომ ამ სახლში ცხოვრება არ იყოს მოსაწყენი და არაკომფორტული,   თან ჰქონდეს ის BOLD STATEMENT, რომელიც  თავდაპირველად ჩავიფიქრეთ. პროექტირების პროცესში მუდმივად ვმსჯელობთ, გვაქვს რაღაც ცენტრალური იდეა, ღერძი, ისიც ვიცით, რომ, თუ ვაჩენთ დამატებით ელემენტებს, ეს ყველაფერი ამ მთავარ სისტემას  უნდა მოერგოს, რაც ჩაბმულია გარკვეულ ბრანულ ქსოვილში. 

პირველ რიგში ზოგადი გადაწყვეტით ვიწყებთ და შემდეგ დავდივართ მცირე დეტალებამდე. ზოგადი გადაწყვეტაში ვგულისხმობთ გენგეგმას  და კონტექსტზე მუშაობას, მნიშვნელოვანია როგორ შეეწყობა პროექტი ქალაქს. ამ შემთხვევაში ეს გენგეგმა მივიღეთ დაღერძვიდან გამომდინარე, ხედიდან წამოვიღეთ ერთი ღერძი, ხოლო ქალაქიდან მეორე, და მათი შეჯახებით მივიღეთ ასეთი გეგმა. მეორე კრიტიკული კომპონენტი არის შენობის ჭრილი. ჭრილში გამოვყავით უკვე სახლის საჯარო, საცხოვრებელი და კერძო სივრცეები, მათი სიმაღლეების და დონეების მიხედვით გადანაწილებით. 

შემდეგ  ამას მოჰყვება შიდა დაგეგმარება, ამ ორი ღერძის შეჯახებით მივიღეთ შუაში მოყოლილი სამკუთხა სივრცეები – სიცარიელეები. ყველაზე ფასეულად ჩვენ სწორედ ეს სივრცეები მიგვაჩნია. მთელი აზრი ამ ყველაფრის, ამ ფორმების შექმნის ისაა,  რომ მიიღო რაღაც სიცარიელე.

პროექტი ისე არის დაგეგმარებული, რომ ქუჩის მხრიდან, მთავარი შესასვლელიდან ხვდები საერთო სივრცეში, საიდანაც იხსნება მთლიანად ხედი, პროექტში მკაფიოდ არის გამიჯნული  საჯარო  და კერძო სივრცეები. საძინებლები მოწყობილია ქვედა სართულებზე, 0 დონიდან ნახევარი სართულით ქვევით. 

კონცეფციის დიდი ნაწილია ისიც, რომ გვინდოდა პროექტი მთლიანად ერთი მასალისგან ყოფილიყო, რომ მიგვეღო მთლიანი სხეული და არა რაღაც კომპოზიციური ნაზავი. ამ სახლის პროექტში ვიყენებთ რკინა-ბეტონისა და რკინის კონსტრუქციებს.

შენობას ქუჩის მხრიდან ფასადზე აქვს ორ სიბრტყეში გადატეხილი ფანჯრები, ეს კუთხის ფანჯრის თემა, რომელიც ფრენკ ლოიდ რაიტთან ასოცირდება, გვინდოდა ჩვენს პროექტში მოგვესინჯა განსხვავებული ფორმით – რაიტის კუთხის ფანჯრები ყოველთვის ჰორიზონტალურია, ჩვენ ამ შემთხვევაში  კუთხის ფანჯრის ვერტიკალურ მდგომარეობაში ადაპტირების სურვილი გვაქვს. 

ეს ფანჯრები ასევე გარკვეული რიტმის შექმნაში  დაგვეხმარა.  ვფიქრობთ, რომ არქიტექტურაში ასეთი მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, მილანის დუომოს შენობა რომ ავიღოთ, მის გვერდით ფასადს აქვს გარკვეული რიტმი,  ჩემი დაკვირვება არქიტექტურულ რიტმებზე  ვცდილობ გადმოვიტანო ჩემს პროექტებში – თანამედროვე არქიტექტურაში. დუომოს ეს რიტმი განსაკუთრებით მისი სწრაფი ჩანახატის გაკეთების დროს ვიგრძენი. ასეთი ნიუანსების დაჭერისას ხვდები, რომ  არქიტექტურულ დეტალებში იმალება ხშირად შენობის ხასიათი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.