fbpx

უნივერმაღი “თბილისი” – ციკლიდან “თბილისის გამქრალი საბჭოთა არქიტექტურა (1921-1991)”


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჩორგოლაშვილი

 

ხელოვნებათმცოდნე ანა ჩორგოლაშვილი at.ge-სთან თანამშრომლობით, გაგიზიარებთ თბილისის გამქრალი ან უხეშად სახეცვლილი საბჭოთა პერიოდის შენობების ფოტოდოკუმენტაციას და აღწერებს. Შენობების, რომლებიც ქალაქის ცხოვრებაში მნიშვნელოვან კულტურულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ როლს ასრულებდა. ვფიქრობთ, მიმდინარე სწრაფი ურბანული და არქიტექტურული ცვლილებების პირობებში, მე-20 საუკუნის თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის კვლევისა და დოკუმენტაციის საჭიროობა დღითიდღე იზრდება.

ობიექტი პირველი: მრავალფუნქციური კომპლექსი – უნივერმაღი “თბილისი”;
ამჟამად: სავაჭრო – გასართობი ცენტრი “გალერია თბილისი”;
მშენებლობის წლები: 1975-77 წწ;
არქიტექტორები: რევაზ ბაირამაშვილი, დავით მორბედაძე, ჯახუტი გორდეზიანი, ლერი მეძმარიაშვილი – „თბილქალაქპროექტი“, მეხუთე სახელოსნო;
კონსტრუქტორი: შალვა გაზაშვილი.

მრავალფუნქციური კომპლექსის შენობა, რომელიც  უნივერმაღ “თბილისს”, მეტროპოლიტენის სადგურ “ლენინის მოედანსა” (ამჟამინდელი “თავისუფლების მოედანი”) და გრიბოედოვის დრამატულ თეატრს აერთიანებდა, 1977 წელს დასრულდა. კომპლექსი საბჭოთა მოდერნიზმის, გვიანი საბჭოთა არქიტექტურის, ომის შემდგომი ან იგივე პოსტსტალინისტური არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენდა. 

1955 წლის ნიკიტა ხრუშჩოვის დადგენილებით – „არქიტექტურაში ზედმეტობებთან ბრძოლასთან“ დაკავშირებით – საბჭოთა არქიტექტორებს დასავლური გამოცდილების გაზიარების უფლება კვლავ მიენიჭათ და ამავდროულად, დაევალათ მოდერნისტულ არქიტექტურასთან  დაბრუნება. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არქიტექტორები იწყებენ ექსპერიმენტებს საერთაშორისო თანამედროვე არქიტექტურაზე დაყრდნობით და, აგრეთვე, ადრეული, 20-იანი წლების ავანგარდს მიმართავენ. საბჭოთა  სოციალისტურ რესპუბლიკებში და მათ შორის, საქართველოში, ყალიბდება გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის ორიგინალური არქიტექტურული ენა; მიმდინარეობს სწრაფი ინდუსტრიალიზაციის და სტანდარტიზაციის პროცესი. 

70-იანი წლები, როდესაც თბილისის ცენტრალურ გამზირზე ახალი კომპლექსი შენდება, მნიშვნელოვანი ათწლეულია თბილისის და ზოგადად, ქვეყნის არქიტექტურის განვითარებაში. ამ პერიოდში, ქართველი არქიტექტორები (მსგავსად სხვა საბჭოთა არქიტექტორებისა) რეგიონული  ან თუნდაც ნაციონალური იდენტობის ძიებაში ცდილობენ შეძლებისდაგვარად შორს დადგნენ საბჭოთა არქიტექტურის ოფიციალური კანონებისგან. 

ამ პროცესის შედეგად იქმნება მოდერნიზმის სხვადასხვა ვერსია: ადგილობრივი მოდერნიზმი და ამ უკანასკნელის საბჭოური ჰიბრიდი. 70-იანმა წლებმა კიდევ ერთი თვალსაჩინო ცვლილება მოიტანა, რაც ბრეჟნევის პერიოდში საბჭოთა საზოგადოების დასავლური ცხოვრების სტილზე ორიენტაციაში გამოიხატა: საბჭოთა ადამიანში ინერგება მომხმარებლის ცნობიერება და ეს პროცესი ლოგიკურად, არქიტექტურულ გარემოსა და შენობა-ნაგებობის ტიპოლოგიაზეც აისახება. 

სწორედ ამ პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ თბილისის ისტორიულ ცენტრში სავაჭრო-საზოგადოებრივი კომპლექსის გაჩენა. იგი საქართველოში მრავალფუნქციური, ჰიბრიდული ნაგებობის ერთ-ერთი პირველი და იშვიათი მაგალითი იყო, სადაც, მიუხედავად ფუნქციური მრავალფეროვნებისა (სავაჭრო, რეკრეაციული, სატრანსპორტო ფუნქციები), კომპლექსი ერთიან მხატვრულ სახეს ქმნიდა და არ არღვევდა ქალაქის ცენტრალური გამზირის მასშტაბს. 

რუსთაველის გამზირზე შენობის სავაჭრო სივრცე ორსართულიანი, პილონების რიგს დაყრდნობილი, ყრუ მოცულობით გამოდიოდა და ჩრდილოეთით იზოლირებულად განთავსებული მეტროპოლიტენის სადგურის შესასვლელით სრულდებოდა. 

სვეტების ხუთი ცენტრალური წყვილით შექმნილი კოლონადა ქუჩისა და შიდა ეზოს შორის გარდამავალი სივრცის გაჩენას ემსახურებოდა. შიდა ეზო ქუჩიდან სიღრმეში მოთავსებულ ღია ფოიეს წარმოადგენდა, სადაც აგრეთვე მოწყობილი იყო უნივერმაღში შესასვლელი და კიბე, რომელიც მეტროს სახურავზე მოთავსებული ღია ტერასის გავლით, რუსთაველის გამზირს სულხან-საბა ორბელიანის ქუჩისკენ მიმავალ საფეხმავლო კიბე-ქუჩასთან აკავშირებდა.

აღსანიშნავია, რომ თავად ეზოც სხვადასხვა ფუნქციას ითავსებდა, – დღის განმავლობაში მას უნივერმაღის, ხოლო საღამოს თეატრის სტუმრები ან/და პერსონალი იყენებდა. გრიბოედოვის თეატრის მთავარი შესასვლელი მხატვარ ჯიბსონ ხუნდაძის ესკიზით შექმნილი ფერადი ვიტრაჟით იყო შემინული და დამატებით ფერადოვან აქცენტს სვამდა შიდა ეზოს მხატვრულ გადაწყვეტაში. მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის მრავალფუნქციურობის მიუხედავად, არცერთი ფუნქცია არ გამოდიოდა დომინანტად, კავშირი ნაგებობას შორის კი საჯარო საკუთრების – ქუჩის და ეზოს – ღია სივრცის გავლით ხორციელდებოდა.

ზემოთ აღწერილი კომპლექსი დღეს აღარ არსებობს, მის ნაცვლად 2015-17 წლებში, აქ ახალი სავაჭრო ცენტრი – “გალერია თბილისი” განთავსდა (Moshe Tzur Architects Int. LTD, Tel Aviv, Israel). უნივერმაღის შენობა და ღია ეზო ახალი ცენტრის  მშენებლობის პროცესში განადგურდა. შენარჩუნებული თეატრის შენობა და  მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” შესასვლელი ახალი შენობის შიგნითაა მოქცეული. 

ახალი სავაჭრო ცენტრის ფართობი გაცილებით აღემატება უნივერმაღის ფართობს. მისი ფორმა და მასშტაბი კი რადიკალურად ცვლის ფორმების, მოცულობების და ნაგებობების ფუნქციური გადანაწილების პირვანდელ ჩანაფიქრს. ახალ პროექტში საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე ობიექტები კერძო, ერთმნიშვნელოვნად კომერციული ფუნქციის შენობამ „ჩაყლაპა“, კომპლექსის დომინანტ ნაგებობად “გალერია თბილისი” გადაიქცა. მოიშალა ქალაქისთვის ასე მნიშვნელოვანი ფუნქციური მრავალფეროვნების პრინციპი.  

და ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ ისევე როგორც 70-იანი წლების თბილისისთვის, სავაჭრო-საზოგადოებრივი კომპლექსი “უნივერმაღი” თავის დროის კულტურულ-სოციალურ და პოლიტიკურ შინაარსზე მეტყველებდა, “გალერია თბილისიც” ჩვენი დროისა და გარემოებების თვალსაჩინო მაგალითად წარმოგვიდგება. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ნინო ასათიანი, თბილისის 1970-იანი წლების არქიტექტურა
  2. ნოდარ ჯანბერიძე, ქართული საბჭოთა არქიტექტურა, 1971 წელი 

განსაკუთრებული მადლობა თბილისის არქიტექტურის არქივს  ვიზუალური მასალის მოწოდებისთვის – https://taa.net.ge


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.