fbpx

ფეხბურთი: დამდეგი წლის მოლოდინში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ვნებათაღელვით აღსავსე 2021 წელი დასასრულს მიუახლოვდა, გულშემატკივარს კი საახალწლო დღეებში ინგლისის პრემიერლიგის „ბოქსინგ დეის“ ფონზე დასკვნების გამოტანის საშუალება ეძლევა. მაინც რით იყო გამორჩეული 2021 წელი? რა შესძინა მან მსოფლიო და კონკრეტულად ქართულ ფეხბურთს?

მოდით, ამ უკანასკნელით დავიწყოთ, რადგან კორონავირუსით გაჯერებულ სეზონში ქართული ფეხბურთის დღევანდელი დღე ნაკრების ახალ მწვრთნელთან და ამომავალ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებულმა იმედისმომცემმა მომავალმა მოიცვა. 

გულშემატკივრები დიდი ხანია დაეჩვივნენ ქვეყნის ჩემპიონატის დაბალ დონეს და ევროთასებზე კლუბების სუსტ ასპარეზობას, მაგრამ შეუძლებელია ბათუმის „დინამოს“ სახით არდანახვა ახალი, მზარდი გუნდისა, რომელმაც ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ევროპაშიც სხვა ქართულ გუნდებთან შედარებით უკეთ იასპარეზა.

ბათუმის „დინამომ“ არაერთი პერსპექტიული ფეხბურთელი შესძინა საქართველოს ნაკრებსაც, რომელმაც ახალი მწვრთნელის,  ვილი სანიოლის თაოსნობით 2021 წლის მიწურულს ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და გულშემატკივარს ოპტიმიზმის საფუძველი შეუქმნა დამდეგი 2022 წლისთვის.

ამგვარად, თითქოს საბოლოოდ წარსულს ჩაჰბარდა ერთა ლიგის D კატეგორიის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩვენი ქვეყნის ნაკრების ისტორიაში ყველაზე დასანანი მარცხი, იმავდროულად, B კატეგორიაში გადასვლის შანსის ხელიდან გაშვება და უკვე 2021 წლის სექტემბერში კვლავაც უნიათო მატჩები საბერძნეთის, ესპანეთისა თუ ბულგარეთის ნაკრებების წინააღმდეგ.

ბედის ირონიით ერთა ლიგის 2022-23 წლების გათამაშების C4 ჯგუფში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების მთავარი მეტოქეები კვლავ ჩრდილოეთ მაკედონია და ბოლოდროინდელი მისი მაწყინარი ბულგარეთია. აქვეა გიბრალტარის ნაკრებიც, რომელთანაც პირველ ტურში შინ მოპოვებული სამი ქულა ჩვენს გუნდს წაადგება 5 და 9 ივნისს შესაბამისად, ბულგარეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ძლიერი გუნდების წინააღმდეგ გასვლით მატჩებში.

დღესდღეობით შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება ამ დაპირისპირებებთან დაკავშირებით, მაგრამ ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ქულების დაგროვება თავიდანვე რომ აუცილებელია, ამას ახსნა არ სჭირდება.

დროა, რომ საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელი პერიოდის სტაბილურობა შეინარჩუნოს. შვედეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, ახალ 2022 წელს გულშემატკივარი მისგან მხოლოდ წინსვლას ელის!

2021 წელი საფეხბურთო ისტორიაში მოვლენებით ყველაზე დახუნძლული აღმოჩნდა, რადგან ვირუსის გამო ჩაგდებული 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი წლეულს სამხრეთ ამერიკის თასის პარალელურად ჩატარდა.

ამრიგად, გულშემატკივარს წამითაც არ ჰქონია მოსვენება „დიდი ფეხბურთისგან“, რომელიც 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის სახით მოევლინება საფეხბურთო სამყაროს.

უცნაურია როგორც მუნდიალის შერჩევის ადგილი, ისე მისი ჩატარების პერიოდი. თუკი აქამდე ლამის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ტურნირი ყოველთვის ივნის-ივლისში ტარდებოდა, კატარის ჩემპიონატი ამ ქვეყნის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, 21 ნოემბერს გაიხსნება და 18 დეკემბერს დასრულდება.

ასე რომ, მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობას ფეხბურთის გულშემატკივრები საახალწლოდ შეიტყობენ. ერთი კია, რომ 2022 წლის მარტის ბოლომდე არ გვეცოდინება, ვინ აღმოჩნდება კატარის ტურნირზე – ევროპის მოქმედი ჩემპიონი – იტალიის ნაკრები თუ 2016 წლის გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები, რადგან დიდი ალბათობით სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს კატარის ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეიოფში. 

დამდეგ 2022 წელს ევროტურნირები ჩვეული განრიგითაა წარმოდგენილი. როგორც ჩემპიონთა, ისე ევროპის ლიგის შესარჩევი ციკლის მატჩები ივნის-აგვისტოში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის 6 სათამაშო დღე კი, ცოტათი შემჭიდროებული გრაფიკით, ტრადიციულად სექტემბერ-ნოემბერშია  გადანაწილებული.

გამოდის, რომ ქვეყნების ჩემპიონატებს და საერთაშორისო სათასო ასპარეზობებს მსოფლიოს წამყვანი ფეხბურთელები დაახლოებით ორი-სამი კვირით დაემშვიდობებიან, ამ ხნის განმავლობაში დაისვენებენ და ფეხბურთისთვის ყველაზე უცნაურ და არასასურველ კლიმატურ პირობებთან შეგუებაზე ზრუნვას დაიწყებენ.  მათი თამაშის ხარისხის შეფასება კი ფეხბურთის გულშემატკივრებს გაისად სწორედ ამ პერიოდში მოუწევთ…  

კატარის ჩემპიონატის უარყოფით მხარეებთან ერთად, ევროპის წამყვან ნაკრებებს დამდეგ წელს ამ ტურნირისთვის მოსამზადებლად  საუკეთესო საშუალებაც მიეცემათ. 

ერთა ლიგის A კატეგორიაში კონტინენტის 16 უძლიერესი გუნდიდან ივნისის 4-მა და სექტემბრის 2-მა სათამაშო დღემ ოთხი უძლიერესის ვინაობა უნდა გამოავლინოს. უმაღლეს დონეზე მომზადების გარეშე კი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება შეუძლებელი იქნება. 

აქედან გამომდინარე საფრანგეთის, ესპანეთის, გერმანიის, ინგლისის, ბელგიის თუ კიდევ სხვა წამყვანი ევროპული ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატზე მაღალ დონეზე ასპარეზობისთვის აუცილებელ შეთამაშებას ძალაუნებურად მიაღწევენ, რაც სავარაუდოდ, ტურნირის სათამაშო დონეს აამაღლებს. ერთა ლიგის წინამორბედი ამხანაგური მატჩები კი ამის საშუალებას არ იძლეოდა.

სამწუხაროდ სამხრეთ ამერიკის წარმომადგენლებისთვის ამ თვალსაზრისით არაფერი იცვლება და ისინი კონტინენტის 5 უძლიერესი გუნდის ვინაობას წრიული სისტემით, ტრადიციულად მარტის ბოლოს გამოავლენენ. 

ბრაზილიამ და არგენტინამ უკვე მოიპოვეს კატარის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. აი დანარჩენი სამი ადგილისთვის „ხოცვა-ჟლეტას“ კი მაყურებელი დამდეგი წლის იანვარ-თებერვალ-მარტში დანიშნულ უკანასკნელ ოთხ სათამაშო ტურში იხილავს. 

თუკი 2021 წელს ევროპის ჩემპიონობა იტალიამ იზეიმა, სამხრეთ ამერიკის უძლიერესი გუნდის ტიტული არგენტინის ნაკრებმა მოიპოვა.

ორივე ქვეყნის ნაკრებების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მათ ფინალში მასპინძელ გუნდებს სძლიეს და თუნდაც ამ მიზეზით უკვე სრულიად დამსახურებულია „სკუადრა აძურას“ და „ალბისელესტეს“ გამარჯვებები.

აი ტრიუმფის შემდეგ კი იტალიის ნაკრებმა პოზიციები დათმო და კატარის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაც ეჭვქვეშ დააყენა. 

იტალიელთაგან განსხვავებით, არგენტინამ სტაბილურად განაგრძო ასპარეზობა, ბრაზილიასთან სამხრეთ ამერიკის თასის ფინალში 1:0 მოგების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მასთან, ასევე გასვლაზე, 0:0-ს დასჯერდა და დამაჯერებლად გაიკვალა გზა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება.

ფიფამ კი გაითვალისწინა რა ფეხბურთის გულშემატკივართა დიდი ინტერესი, ევროპის და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთაგან უძლიერესის გამოსავლენად მათ შორის ამხანაგური მატჩი დამდეგი წლის 1 ივნისს დანიშნა. ამ შეხვედრას ლონდონი უმასპინძლებს.

ეს მატჩი იტალიამ რომც მოიგოს, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ნოემბერში  კატარში „სკუადრა აძურა“ მაინც ვერ ვიხილოთ. ამის შესახებ 2022 წლის 1 აპრილს  უკვე ნამდვილად გვეცოდინება, რადგან სწორედ ამ დღეს ჩატარდება დოჰაში მსოფლიოს 22-ე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა.

როგორც ვხედავთ, 2022 წელს ფეხბურთის მოყვარულებს მოწყენა ნამდვილად არ ემუქრებათ. უბრალოდ, ცოტა არ იყოს ძნელია მსოფლიო ჩემპიონატის თარიღების შეცვლასთან შეგუება. 

რას ვიზამთ, დრონი მეფობენო, ნათქვამია და კატარს, როგორც  საფეხბურთო ქვეყანას და მის არასაფეხბურთო კლიმატურ პირობებს ფეხბურთელებთან ერთად, გულშემატკივრებიც უნდა შევეჩვიოთ. დანარჩენს კი დამდეგი 2022 წელი გვიჩვენებს.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.