2021 წლის საუკეთესო ქართული სიმღერები ერმონიას დასაკრავი სიიდან
ავტორი: ლაშა გაბუნია
2021 წლის ქართული მუსიკა მოკლედ რომ დავახასიათო, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის აღმოჩენების და წინ გადადგმული ნაბიჯების წელი. კორონავირუსის პანდემიის და შეზღუდვების ერთ-ერთ დამსახურებადაც შეიძლება მივიჩნიოთ ისიც, რომ ბოლო ორ წელიწადში ძალიან ბევრი კარგი ალბომი, მინიონი (მინიალბომი) თუ სინგლი წარმოადგინეს სხვადასხვა სტილში მომუშავე ქართველმა შემოქმედებმა. გააქტიურდნენ სახლში ჩამსხდარი მუსიკოსები, ჯგუფები, კომპოზიტორები. შედეგად მივიღეთ საკმაოდ მდიდარი და ფასეული მუსიკალური პროდუქცია. ქართველ არტისტებს არც წინა წლებში ჰქონდათ გულზე ხელები დაკრეფილი, თუმცა, ამდენი კარგი მუსიკა ერთბაშად არ აღმომიჩენია. ჩვენი მუსიკოსები შემოქმედების განსათავსებლად აქტიურად იყენებენ მუსიკალურ სტრიმინგ-პლატფორმებს: „იუთუბს“, „სპოტიფაის“, „დიზერს“, „საუნდქალუდს“ თუ „ბენდკამპს“… განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ისინი თავიანთ ნამუშევრებს მუსიკალურ მატარებლებზეც გამოსცემენ – ბოლო წლებში განსაკუთრებით ვინილის ფირფიტებზე გამოსული ალბომები მომრავლდა.
ახლა შევეცდები 2021 წლის ჩემთვის გამორჩეული სიმღერები ჩამოვთვალო, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ შემსრულებლების გარდა სხვები არ მომეწონა. უბრალოდ, ყველას ვერ დავასახელებ. ამისთვის ძალიან დიდი სტატიის დაწერა მომიწევს. „იუთუბზე“ 2021 წლის ქართული კომპოზიციების დახურული დასაკრავი სია გავაკეთე და დროთა განმავლობაში ვამატებდი სიმღერებს. ახლა ამ გრძელი სიიდან 15 შემსრულებელს ამოვარჩევ და თქვენც გაგიზიარებთ.
სიმღერების თანმიმდევრობას და ნუმერაციას მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ!
#1. ვეტერანმა თბილისურმა ჯგუფმა „წერილმა“ (ყოფილმა „ამორალმა“) წელს ახალი ალბომი – „მტვრიან მიწაზე“ გამოსცა. წინა ალბომებთან შედარებით ახალ ნამუშევარს უფრო ექსპერიმენტული – ელექტრონული, შიგადაშიგ საცეკვაო ჟღერადობა აქვს, თუმცა ჯგუფის ლიდერის ტრადიციულ პოსტ-პანკურ, გოტიკურ ხედვას ამით არაფერი დაჰკლებია. ჩემს დასაკრავ სიაში მოხვდა „წერილის“ სიმღერა და ვიდეო – „დილით არსად წახვიდე“.
#2. 2021-ში შექმნილმა ქუთაისურმა დუეტმა SKAZZ-მა რამდენიმე სიმღერა გამოაქვეყნა ვიდეოების თანხლებით, რომლებმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა. „სკაზი“ 1980-იანების პოსტ-პანკ ესთეტიკის ერთგულია და ვისაც ამ პერიოდის მუსიკა უყვარს, მათთვის შესანიშნავი მოსასმენია. ჯგუფი შეიძლება მივაკუთვნოთ ე.წ. ქუთაისურ სკოლას, რომლისთვისაც უცხო არაა ერთი შეხედვით დაუმუშავებელი, ჭუჭყიანი ჟღერადობა და რა თქმა უნდა, ქართულენოვანება. ჩემს დასაკრავ სიაში მოხვდა ჯგუფის კომპოზიცია „მდევარი“.
#3. „ვაქოს“ მუსიკას რომ ვუსმენ, ისეთი მაგნეტიზმი აქვს, მინდა არ დასრულდეს ხოლმე, რაც მის ლიდერს, ვახტანგ ქანთარიას კარგად აქვს გათვითცნობიერებული და სტანდარტულთან ერთად გრძელ ნაწარმოებებსაც გვთავაზობს. მუსიკა სავსეა რიტმ-ენდ-ბლუზით, ამერიკული როკის ელემენტებით, გიტარის შთამბეჭდავი სოლოებითა და იუმორით, რომელიც არა მარტო სიმღერებშია, არამედ მათ განმარტებებშიც. წელს „ვაქომ“ რამდენიმე ალბომი და სინგლი გამოაქვეყნა, რომელთაგან ძალიან კარგია ალბომები – Live In Tbilisi და Live In Tbilisi 2. მე კი დასაკრავ სიაში შევიტანე წლის დასაწყისში ვაქოს გამოქვეყნებული სიმღერა „გამარჯობა, მე სოფელო ვარ“.
#4. მომღერალი გოგონა, ქეთათო ნერგაძე, იგივე ლუა, ასევე წლის აღმოჩენაა ჩემთვის. პირველად მის ძალიან კარგ სიმღერას – Happy Kids-ს იანვარში გავეცანი და ბლოკნოტში ჩავინიშნე, რომ სტილისტურად სიმღერა შეიძლება ფოლკ-როკს მივაკუთვნოთ, დამწყებისთვის ძალიან პოზიტიური და კარგი სიმღერაა მეთქი. ოქტომბერში, როდესაც მის მეორე სიმღერას – Hip Hip-ს მოვუსმინე და მასზე გადაღებული ძალიან კარგი ვიდეო ვნახე, დავრწმუნდი, რომ ლუა განსაკუთრებული ნიჭის მქონე მუსიკოსია, რომელსაც თავისუფლად შეუძლია საერთაშორისო ასპარეზზე მეტად ღირსეულად გავიდეს. „ჰიპ-ჰიპ“ შესანიშნავი სიმღერაა, რომელიც უზადოდაა არანჟირებული.
#5. მუსიკოს ლაშა ჩხაპელიას პროექტი „თამადა“ გასული წლის აღმოჩენაა. ჩემი აზრით, იგი ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რომელმაც შემპარავი იუმორით მოახერხა ძველებური თბილისური დარდიმანდულ-დაშხოშიანი მუსიკა, რომელსაც ერთ დროს ყარაჩოხელების მუსიკას, მერე უკვე შოფრულებს, საქეიფოებს, ქართულებს თუ ფანოღს უწოდებენ, ბრწყინვალე არანჟირებით გაემშვენებინა. „თამადამ“ ამ მუსიკას დამახასიათებელი და ფართოდ გავრცელებული უბრალო, იაფფასიანი ხმოვანებიდან შესანიშნავი ელექტრონული აშუღურ-სუფისტური ჟღერადობა მიანიჭა. 2021-ში „თამადამ“ ალბომი Dionysus vs Tamada გამოუშვა. მე კი ჩემს დასაკრავ სიაში სიმღერა „პირამდეს“ მიხედვით შესანიშნავად გადაღებული ვიდეო შევიტანე.
#6. დავით მანჩხაშვილი, იგივე მელქო, პირველად 2018 წელს გამოჩნდა, შემდეგ ჰქონდა ქართული ბაიათების რემიქსების პერიოდიც. მუსიკოსი ძირითადად სინთ-პოპში მუშაობს. აქვს ძალიან კარგი არანჟირებები და საინტერესო ქართულენოვანი ტექსტები. 2020 წელს მან პირველი ალბომი „ათასწლეული“ გამოუშვა. 2021 წელსაც საკმაოდ ბევრი სიმღერა გამოაქვეყნა სინგლების სახით, რომელთა შორის მინდა გამოვყო აპრილში გამოსული ჩემი ფავორიტი – „ამაღამ“, რომელსაც საპატიო ადგილი უჭირავს ჩემს დასაკრავ სიაში. სხვათა შორის, ვიდეოც ძალიან კარგია.
#7. ბათუმური ექსპერიმენტული დუეტი „ასეა სულ“ დიდი ხანია მომწონს. იგი და-ძმამ – ათინა ჯანუაშვილმა, ფსევდონიმით Atina Kornelius, და ბექა ჯანუაშვილმა, სასცენო სახელით BekBekson, 2011 წელს ჩამოაყალიბეს. ჯგუფის შემოქმედება ძალიან მრავალფეროვანია. იგი მრავალი სტილის ნაზავია. დუეტი წერს როგორც საკუთარ სიმღერებს, ასევე აკეთებს ქართველი ავტორების ნაწარმოებების გადამღერებებს. მათ ანგარიშზეა ერთი უკრაინული ფილმის მშვენიერი საუნდტრეკიც. დუეტი ზოგჯერ The White Stripe-საც მაგონებს, როდესაც და-ძმა დრამით და გიტარით აკომპანირებენ. 2021 წელს „ასეა სულმა“ ალექსანდრე ბასილაიას სიმღერა „ზღაპარი სიყვარულისა“ შესანიშნავად გადაამღერეს. ის შეიძლება წლის საუკეთესო გადამღერებადაც დავასახელოთ.
#8. ქართულ სცენას ძალიან აკლია ხარისხიანი და გემოვნებიანი პოპ-მუსიკა, რადგან დღემდე მასობრივ მუსიკაში ისევ ე.წ. ესტრადის სტილია დომინანტური, თუმცა ბოლო წლებში ბევრი საინტერესო ნაწარმოები და შემსრულებელი გამოჩნდა. ლიზი ჯაფარიძე წელს გავიცანი, როგორც მუსიკოსი, არადა, თურმე ადრე „საბავშვო ევროვიზიის“ მონაწილე ყოფილა. მაისში გამოსული მის მიერ შესრულებული სიმღერა Desire ფრანგულ და ინგლისურ ენებზეა დაწერილი. სიმღერის ავტორი კახა კუხიანიძეა. სიმღერა ძალიან კარგია, ისევე როგორც ვიდეო და ვისურვებდი, საქართველოში პოპ-მუსიკა, მეინსტრიმი ასეთი იყოს.
#9. ძალიან მომწონს რუსთავული კვარტეტი Killages, რომელიც 2016 წელს ჩამოყალიბდა. ეს ჯგუფი გამოირჩევა ძალიან დახვეწილი არანჟირებით, თანამედროვე ჟღერადობით, ძალიან კარგი მუსიკალური მიგნებებით. ეს ინგლისურენოვანი კოლექტივი თავის რეპერტუარში მეტად ჰარმონიულად აერთიანებს ალტერნატიულ როკს, ტრიპ-ჰოპსა და ელექტრონულ მუსიკას. Killages-ის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს, რაც კარგად მეტყველებს იმაზე, რომ კვარტეტს არა მხოლოდ საქართველოში ჰყავს გულშემატკივრები. წელს გამოშვებულ სიმღერებს შორის განსაკუთრებით მომეწონა Berlin Calling, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა.
#10. ქართულ&ინგლისურენოვანი თბილისური ტრიო Four Dimensional Monster Lobsters შეიძლება განვიხილოთ იმ შემოქმედებით გაერთიანებად, რომელმაც ძველი ფანოღური სუბკულტურა ახალი ხედვით წარმოაჩინა. მათი შემოქმედება საკმაო დოზით შეიცავს იუმორს, რაც სიმღერებსაც ძალიან ამშვენებს. ზოგადად, ქართულ მუსიკას ზედმეტი სერიოზულობა ახასიათებს ხოლმე, რაც, რა თქმა უნდა, მოსაბეზრებელიც კია. თუმცა 4D Monster Lobsters არ არის არასერიოზული ჯგუფი, სიმღერებს უმეტესწილად სინთ-პოპის სტილში ძალიან კარგი მუსიკალური თანხლება აქვს. ლობსტერებმა წელს ალბომიც გამოსცეს, რომელსაც „ერთობა & გართობა“ ჰქვია. სწორედ ამ ალბომის პირველი, გამხსნელი სიმღერა მოხვდა ჩემს დასაკრავ სიაში.
#11. დაჩი ხასაიას პროექტს – Universe∞Man-ს, იგივე „ადამიანი∞სამყაროს“, შარშან გამოცემული ქართველი მუსიკოსების ნაკრებ ვინილის ფირფიტაზე გავეცანი, რომელზეც მისი სიმღერა „სისა ტურა“ იყო დატანილი და ძალიან მომეწონა. ამის შემდეგ მის ინტერნეტში გამოქვეყნებულ ქართულენოვან ნამუშევრებსაც გავეცანი და კიდევ უფრო დავაფასე. იგი თითქმის ყველა თავისი სიმღერის არანჟირების ავტორიცაა. რთულია, მისი სტილი ზუსტად განვსაზღვროთ, თუმცა იგი მეტად ატმოსფერული და ორიგინალურია. მუსიკოსი უკვე რამდენიმე წელია, რაც ბელგიაში ცხოვრობს. წელს მუსიკოსმა მხოლოდ ერთი სიმღერა გამოსცა „იუთუბ“-სინგლის სახით და მას ეწოდება „რატომაც არა“.
#12. თბილისური როკ-ჯგუფი „ქვემეხი“ სხვებისგან გამოირჩევა საკმაოდ მკვეთრი, მძიმე ჟღერადობით, რომელიც ხშირად გადაიზრდება ინდასტრიალში, პანკში, თრეშ-მეტალსა თუ ელექტრონულ მუსიკაში. ბენდი 2015 წელს ჩამოყალიბდა და დღემდე 4 ალბომი აქვს გამოშვებული. სიმღერების შინაარსი საკმაოდ საყურადღებოა და ჯგუფის ტექსტებისთვის უცხო არაა სოციალური, ფსევდოპატრიოტული და სხვა აქტუალური თემები. სიმღერის დროს „ქვემეხი“ იყენებს ჟარგონებსაც. მთავარი კი ისაა, რომ ბენდის შემოქმედებიდან მოდის დიდი ენერგეტიკა, გულწრფელი, მართალი და ხშირად ირონიულიც. წლევანდელ ალბომს „ამერიკული“ ეწოდება და სწორედ ამ სახელწოდების სიმღერა მოხვდა ჩემს სიაში.
#13. ქეთათოს, იგივე ქეთათო პოპიაშვილს ჩვენი მკითხველის წინაშე წარდგენა არ სჭირდება. მის ვიდეოებს „იუთუბზე“ მილიონობით ნახვა აქვს. ზუსტად ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეს მან გამოაქვეყნა თავისი სიმღერა „თეთრი ფიქრი“, რომელიც ერთგვარად ირაკლისთან გასაუბრებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. სიმღერა შესანიშნავია, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოც კი, რაც ქეთათოს დაუწერია. ესაა საფორტეპიანო ბალადა, რომელშიც კარგად ჩანს მომღერლის როგორც საკომპოზიტორო, ისე ვოკალური მონაცემებიც. იგი სავსეა მუსიკოსის ემოციით, ფიქრით, განცდებით… მოკლედ, მე ძალიან მომეწონა.
#14. წარმოშობით თელაველ მუსიკოსს, ბექა კუნდალინს უკვე საკმაოდ დიდი მუსიკალური გამოცდილება აქვს. 2000-იანებში ჯგუფ „შარქათაქში“ იყო. 2010-იანების მეორე ნახევრიდან უკვე დამოუკიდებლად მუშაობს და ძირითადად ელექტრონულ მუსიკაში ქმნის მელოდიურ, ჰარმონიულ და დიდი გემოვნებით არანჟირებულ კომპოზიციებს. 2021 წელს მან ახალი სახელი – „ნიმიტა“ დაირქვა და უკვე ამ ფსევდონიმით აქვეყნებს საკუთარ შემოქმედებას. წელს მის ანგარიშზე მხოლოდ ერთსიმღერიანი სინგლია – „გაიშალე“. კომპოზიცია რეჩიტატივშია ნამღერი და საინტერესო ტექსტიც აქვს.
#15. ერეკლე დეისაძის სიმღერის – „ცეცხლი უკიდია ყველაფერს“ – გარეშე 2021 წლის მუსიკალური აღწერა არ გამოვა. იგი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ქარიზმატული და ნიჭიერი მუსიკოსია, რომლის სახელიც პროტესტთან ასოცირდება. ეს კომპოზიციაც მძლავრი სოციალური საპროტესტო სიმღერაა. ტექსტის და სიმღერის გარდა ძალიან საინტერესო გამოვიდა ვიდეოც, რომელიც საკმაოდ მძიმე და არცთუ სასიამოვნო სანახავია. თუმცა ზუსტად გამოხატავს სიმღერის შინაარსს და სულისკვეთებას. მასში ნაჩვენებია ღარიბი და მშიერი ოჯახი – დედა და მამა, რომლებიც საკუთარი სხეულებით ცდილობენ ბავშვის გამოკვებას, თუმცა როგორც სიმღერის ტექსტშია – „თავისუფლება კვდება სიღარიბეში“…
ამათ გარდა წელს კიდევ ბევრი სიმღერა მომეწონა: ლევან რამიშვილის „კორონას სიმღერა“, გიორგი ერგემლიძის Celestial Mind, ჩიჩოს „სანამ წვიმს“, „პანიკას“ „ეს და სხვა ტყუილები“, ზუკას INNER Complicators, ლექსო რატიანის „მწვანე ქუდი“, გაგა ფრანის „შემოდგომა“, Circus Mircus-ის Musicien, ანუშკა ჩხეიძის Love=Survive, კორძი და დროს „დიდი გოგოები“, ბეთხოს Number 26, Ninshū-ს „სიმარტოვე“, ბაჩო ჯიქიძის „მუდმივობის განცდა“, „კოლექტივის“ „მწვანე კონცხი“, ონისეს „ვბრუნდები“, თათია კეის Worthy და Bedford Falls-ის „აიდაჰო“. ასევე ელექტრონულ მუსიკაში მომუშავე კომპოზიტორები, რომელთა ახალი ნაწარმოებები „იუთუბზე“ ვერ ვიპოვე, მაგრამ ძალიან მომეწონა. მაგალითად, ახალგაზრდა კომპოზიტორი ქეთო გუგუშვილი. ასევე CES-ის მუსიკოსები და სხვები. იმედია, ქართველი მუსიკოსები მომავალ წელს კიდევ უფრო მრავალგვარად წარმოაჩენენ თავიანთ შესაძლებლობებს და მუსიკალურ სივრცეს ხარისხიანი შემოქმედებით გაამდიდრებენ.