fbpx

2022 წლის ჰოროსკოპი Moët & Chandon-თან ერთად


გააზიარე სტატია

ო, რამხელა იმედს ვამყარებთ შენზე, ლაჟვარდისფერო ვეფხვო! შენ უნდა განდევნო შენი წინამორბედების ნარჩენი ჩრდილები. 2021-ის ფოლადისფერმა ხარმა გმირულად იომა, მისმა ნაწრთობმა რქებმა მრავალი განსაცდელი მოიგერია და უკუაგდო, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ მოერია 2020-ის დატოვებულ დოფამინის ღრმულებს. ახლა კი ჩასაფრებულები  შენს ელვისებურ ნახტომს ველოდებით ყველა, გამოდი, ოო, გამოდი! მკითხველს შევახსენებ არტურ მილნის მიერ დატოვებულ ცხოვრებისეულ აქსიომას: “ვეფხვებს არ უყვართ რკო!” და მოგიყვებით, სად უნდა ელოდოთ სიხარულს, და სად კიდევ უფრო მეტ სიხარულს. გაითვალისწინეთ რამდენიმე სიფრთხილის მომენტიც, თუმცა 2022 ძირითადად მაინც სიხარულსა და სიყვარულზეა, ამიტომ მოდუნდით, მოსვით  შამპანური და ვარსკვლავურ წინასწარმეტყველებას ჩაუყევით:

 

ვერძი

მორიგი საძირკველი უნდა ჩაყაროთ, მორიგი პლაცდარმი უნდა მოუმზადოთ თქვენს ახალ, დიად საქმეს. თქვენ რომ ტყუპები იყოთ, მორალურად გაგამხნევებდით და დავძენდით:  რომ იცით, მეორე სართულიდან სახლის შენება რთულია, რომ აუცილებელია კარგი მოსამზადებელი სამუშაოები და სხვა. თუმცა თქვენ ხართ თქვენ, ვერძი, ცეცხლი, გენია, რომლის რაციონალურობასა და სიმტკიცეზე ჩვენი ცივილიზაციის ძალიან დიდი ნაწილი დგას, ამიტომ მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოვიფარგლებით, რომ მორიგი დიდი სტარტის დრო მოვიდა, დრო,  რომელიც განწირულია წარმატებისთვის, რადგან თქვენ კარგად იცით, რომ მუხლჩაუხრელი შრომის გარეშე არაფერი მოდის. დაღლა? რას ამბობთ, ესაა ფუფუნება, რომლის უფლებასაც ორთოდოქსი ვერძი საკუთარ თავს არასოდეს მისცემს, არც 2021-ში და არც 2022-ში, არც მერე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

04.2022 – დაიმახსოვრეთ ეს თვე. აპრილში ორმაგი ძალით შტურმავთ და წარმატებაც გაორმაგებულად გიბრუნდებათ.

იმის მიუხედავად, რომ ძალიან დაკავებული იქნებით მთელი წლის განმავლობაში, რადგან საქმე თქვენთვის დროის სასიამოვნოდ გატარების ყველაზე საყვარელი ფორმაა, ძალიან გთხოვთ, რომ თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს სათანადო ყურადღება დაუთმოთ, არ გაერიდოთ ახალ ნაცნობობებს, რადგან ერთ-ერთი ახალი მეგობარი თქვენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს – ნუ შეგეშინდებათ, კარგი იქნება ეს, ძალიან. ყოველ შემთხვევაში იმას აუცილებლად მიხვდებით, საით უნდა იმოძრაოთ და ვისთან ერთად, ასევე – როგორ ტემპში. #fortissimo

 

კურო

გვაპატიეთ, ვიცით, რომ დიდად არ გიჟდებით მსგავს რამეებზე, მაგრამ ცვლილებების დროა. მოემზადეთ მორალურად, დიდი ალბათობით გაფართოვდებით – ან მემკვიდრეობას მიიღებთ, ანდაც აიღებთ და რაიმეს ააშენებთ. თუ თქვენ გარშემო რაიმე მიშენების პერსპექტივითაა, აუცილებლად მიაშენებთ, ან დააშენებთ. ცუდია? რა თქმა უნდა, არა. მანიპულაციები უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დადებით კონტექსტში აუცილებლად მოხდება. თუ მაინც იგრძენით მცირედი შფოთვა, დისკომფორტი, რაც მდგრადი განვითარების განუყრელი გვერდითი ეფექტებია, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ოჯახი არის ის ნავსაყუდელი, სადაც ყოველთვის იპოვით სიმშვიდეს და იმ ენერგიას, რომლითაც უნდა აივსოთ და განახლებული ძალებით მიუბრუნდეთ სოფლის, ანდაც ქალაქის, ან საერთოდ ქვეყნის შენებას. 2022 იქნება ის წელი, რომლის გასვლის შემდეგ აუცილებლად სიამაყით იტყვით: “მასშტაბები ჩემი დიდი იყო!”

ტყუპები

იგივე მარჩბივი, იგივე კაი ხალხი, იგივე რამდენნი ხართ, თქვენი ჭირიმე თქვენო უმრავლესობავ (გადავწყვიტეთ, ტყუპებს აღმატებით ხარისხში ასე მოგმართოთ), ახალი წლის პირველსავე თვეს მოგიწევთ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. ვიცით, რომ უაღრესად პასიური და ნაძალადევად გაღიმებული ორი წლის შემდეგ ყველაფერი ერთად გინდათ, ვიცით, რომ თან ყველაფერი თანაბარმნიშვნელოვნად საჭიროა თქვენთვის, მაგრამ მოდი გადავწყვიტოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, საქმე, ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება თუ მოგზაურობა? არჩევანის ნუ შეგეშინდებათ, იმიტომ რომ აგერ უკვე მერამდენედ გამოდის ასე, რომ რაც  უნდა აირჩიოთ, მაინც ყველაფერი ისე წავა, როგორც უნდა იყოს. როგორ ახერხებთ ასეთ ჰაეროვან ვარიირებას, ამას ვერ ვიგებთ, აი ვერძები ხომ საერთოდ ვერაფერს ხვდებიან და თქვენს ასეთ მიდგომას უბრალოდ გმობენ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, გუმანი გიკარნახებთ, საით წახვიდეთ და როგორც უკვე გითხარით, შეცდომის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს, ცხოვრებაშიც ბევრ რამეს გადააფასებთ და ახლებურად შეხედავთ.

მოგიწევთ რაღაც ან ვიღაც დათმოთ, ან ერთდროულად რამდენიმე რაღაც და ვიღაც, ვისთანაც ტოქსიკური ურთიერთობა გაკავშირებდათ. ნუ მოგერიდებათ და ასეთი ხალხი თამამად გაუშვათ საკუთარ გზაზე, დაე, იარონ, რადგან თქვენ ისინი არაფერში გჭირდებათ. თანაც, თუ ძველი არ გაუშვი, ახალი საიდან გამოჩნდება? მხოლოდ მუდმივად სრულყოფილებისკენ სწრაფვა გხდით ასეთ განუმეორებელს, დაუმატეთ ამას სულ ცოტა სტოიკური წესრიგი და მზადაა.

კირჩხიბი

მეტი კონცენტრაცია და სიმტკიცე გჭირდებათ წლის დასაწყისიდანვე, რადგან 2022-ის რთულ შუა ნაწილს მომზადებული დახვდეთ. განა რაიმე განსაკუთრებული და სახიფათო გელით? არა, ყველაფრის თავი და თავი ისევ თქვენი გადამეტებული ეჭვიანობა იქნება, თანაც ისევ საკუთარი თავის მიმართ.

“ნუთუ მე ეს შემიძლია?”
“ნუთუ ამას ვიმსახურებ?”

“იქნებ გადაჭარბებულია მოლოდინი ჩემ მიმართ?”

როგორც წესი, ეს არაა პირველი ეჭვიანობის მომენტი თქვენს ცხოვრებაში, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ მარტივად გადალახავთ, როგორც მორიგ და რიგით წინაღობას.

გახსოვდეს, რომ უკან მოხედვის დრო არ გაქვს, იმოძრავე წინ და ირწმუნე საკუთარი თავის. იზრუნე საკუთარ თავზე, აკეთე კარგი საქმე და უბრალოდ გახსოვდეს, რომ მაგარი ხარ.

 

ლომი

სივრცე გჭირდებათ. მეტი სივრცე, მეტი სიმძლავრე, მეტი ყველაფერი. ამჯერად თქვენი შინაგანი მე არ ტყუის, რომელიც მიგანიშნებთ, რომ გლობალური ცვლილებების დროა. ეს არაა მორიგი ეგოიზმის შემოტევა, ნუ განიკითხავთ საკუთარ თავს, ეს არის ელემენტარული საჭიროება. დაფიქრდით, რამდენი ხანია ფიქრობთ იმაზე, რომ უფრო მეტად უნდა გაზარდოთ თქვენი იურისდიქცია? დიდი ხანია, ხომ? აი მოვიდა დრო, ლაჟვარდოვანი ვეფხვის წელი, თქვენივე მონათესავე  ტოტემი, რომელიც ცვლილებების დროს არ მიგატოვებთ და შეუძლებელს შეგაძლებინებთ. გადააფასეთ ღირებულებები, ენდეთ საკუთარ თავს, შეცვალეთ. ყველაფერი. საერთოდ ყველაფერი.

ქალწული

გაიხსენეთ თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილები და გეგმები. ისინი უნდა გახდნენ 2022 წლის თქვენი მთავარი ორიენტირები, როგორც შუქურამ უამინდობაში, ისე უნდა გამოგიყვანონ დანისლული, ავდრიანი ზღვიდან ნავსადგომისკენ.

ნუ დააყენებთ მატერიალურს სულიერზე უფრო ზემოთ, რადგან მხოლოდ აღმატებული შეიძლება გახდეს თქვენი უზრუნველი ცხოვრების საფუძველი მომავალში. იზრუნეთ სულიერ გასხივოსნებაზე, იზრუნეთ საკუთარ სხეულზე და დრო არ დაიშუროთ სწავლისთვის. ამ ფუნდამენტურ ნაწილებზე დგას თქვენი და ლაჟვარდოვანი ვეფხვის ჰარმონიული ურთიერთობა მთელი წლის განმავლობაში.

 

სასწორი

ო, როგორი ბრწყინვალე, დატვირთული წელი გელოდებათ ნეტავ იცოდეთ! ო, როგორი ნაყოფიერი და დიდებულია თქვენი და ლურჯა ვეფხვის ალიანსი! თუმცა ოდნავ მეტი თავის შეწუხება და კონცენტრაცია დაგჭირდებათ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: გლობალურ, დიდ მიზანს თუ არ დაისახავთ, პატარა და უმნიშვნელო დავალებები თქვენს დროს ისე სწრაფად შთანთქავენ, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ. ჰოდა დაისახეთ! დიდი მიზნისკენ სწრაფვა ბევრად უფრო დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ პროცესში, ვიდრე პატარა რუტინული დავალებების გადაჭრა, რომლებიც იმ დიადს არ ემსახურებიან.

მიზნისკენ სვლის პროცესში შეიძლება მოგიწიოთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც, რაც კიდევ ერთხელ მოგცემთ საშუალებას, რომ გამოიჩინოთ ცვლილებებისადმი მდგრადი ბუნება. წლის ბოლოს კი იგრძნობთ, თუ როგორ გაიზარდეთ სულიერად და როგორ ჰარმონიულად მიჰყვა თქვენს სულიერ ზრდას სხვადასხვა მატერიალური მაჩვენებელიც. ერთი სიტყვით, მაზალ თოვ, 2022 იქნება ისეთი წელი, როგორსაც უკვე რამდენი ხანია ელით.

 

მორიელი

წყლისა და ცეცხლის მეტოქეობა ახალ ფაზაში გადავა და  ანაზდად თქვენს ცხოვრებაშიც შემოიჭრება. ეს ჩვენი ნაქები ტალღისფერი ლაჟვარდოვანი ვეფხვი მრავალ გამოცდას მოგიწყობთ, თუმცა ჩვენ ისევ მორიელების კონცენტრაციისა და სიმტკიცის იმედი გვაქვს, ამიტომ არ ვნერვიულობთ თქვენზე. არ დაგავიწყდეთ, რომ ბალანსი მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში:

დასვენება – სამსახური,

სულიერი ზრდა – კარიერული ზრდა,

ჯანმრთელობაზე ზრუნვა – ახალი პროექტები –

დაახლოებით ასე გამოიყურება თქვენი მომავალი წელი, რომლის ჰარმონიულობა მხოლოდ თქვენს რაციონალურობაზე იქნება დამყარებული.

ნუ გააკეთებთ აქცენტს პირადი ცხოვრების დალაგებაზე. თუ იფიქრებთ, რომ ეს აუცილებლად ახლა უნდა გააკეთოთ. იზრუნეთ კარიერაზე, ფულზე, საკუთარი თავის განვითარებაზე. როგორც კი პირადი ცხოვრების დრო მოვა, მაგასაც გეტყვით.

 

მშვილდოსანი

შფოთვები უკან დარჩა. ასევე უკან დარჩა ყველა ის ხელისშემშლელი პირობა, რომელიც თქვენს გაბრწყინებას აფერხებდა – იქნებოდა ეს საქმეში, პირად ცხოვრებაში, ან თუნდაც საკუთარ თავთან. ისევ ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი აზრი საკუთარ თავზე, საკუთარ მე-სთან პირნათლად ყოფნა.წარმატება ამ წელსაც საკუთარ თავთან კომფორტზე გადის. ლაჟვარდოვან ვეფხვს თქვენთვის სიმშვიდე მოაქვს ყველა ფლანგზე, თითქოს გასვენებთ და ძალის მოკრებას გაცდით ახალი ცვლილებების წინ, რომელიც 2023 წლიდან უნდა მოვიდეს.

ყურადღება დაუთმეთ იმას, რაც უკვე მოიპოვეთ, იყავით თბილი და ყურადღებიანი, განიმტკიცეთ პოზიციები თქვენს ორგანიზაციაში, აუცილებლად დარჩით კარგ ფიზიკურ ფორმაში, ეს ყველაფერი, როგორც გითხარით, ცოტა ხანში იდეალურ შედეგს მოგიტანთ.

 

თხის რქა

მოდი, ყველა გავაოცოთ, ვაჩვენოთ, რას ნიშნავს მონდომება, სიბეჯითე, შემდეგ კი როგორ ლამაზად ვაღწევთ წარმატებას ამ ყველაფრის ხარჯზე! წელს კირჩხიბებსა და მორიელებს სერიოზულ საფიქრალს გაუჩენს თქვენი ენერგიულობა და სიხალასე, ზოგიერთი მათგანისთვის კი შთაგონების წყაროც გახდება თქვენი სწორი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და მოვლენების მიმართ. შვებულება? რას ამბობთ, რა საჭიროა, დიდებულად გრძნობთ თავს შრომისა და თვითგანვითარების პროცესში. წლის ბოლოს მიხვდებით, რომ არარეალურად მაგარი შედეგი დადეთ, და რომ საკუთარი მონდომებისა და შრომის ხარჯზე თქვენს სხეულში სუპერადამიანს მიეცით დასაბამი, რომლის გაჩერებაც შეუძლებელია. გვიხარია და ნაზად გიჭახუნებთ შამპანურის ფუჟერს, რომელშიც საახალწლო ნაძვის ხის განათებები ირეკლება.

მერწყული 

იშვიათია ნიშანი, რომელიც ცვლილებებს ასე ლამაზად ირგებდეს საკუთარ თარგზე, როგორც თქვენ, მერწყულები. ტყუპებიც კარგები არიან ამ ამბავში, თუმცა თქვენ შეგწევთ ძალა, რომ ნებისმიერი ცვლილება ისე დაატრიალოთ, როგორც საქმისთვის უკეთესი იქნება. შესაშური უნარია, რომელსაც ლაჟვარდისფერი ვეფხვის წელშიც წარმატებით გამოიყენებთ. თქვენი მიზანი იქნება იპოვოთ ჰარმონია შინაგან სამყაროსა და ცხოვრებას შორის, ამ საკითხზე გადის ის წითელი ხაზი, რომელმაც ბედნიერებისა და სისავსის შეგრძნება უნდა მოიტანოს 2022 წელს. გარდა ამისა, გადახედეთ თქვენ მიერ შექმნილ წესრიგს, გადახედეთ და დაიწყეთ ის ცვლილებები, რომლებზეც აგერ უკვე რამდენი ხანია ფიქრობთ და რატომღაც არ აკეთებთ. ცვლილებების გარეშე დიადი საქმეები თავისით არ გამოვა, გაგიკვირდებათ და თქვენთვისაც კი ეს ასეა.

თევზები

რა უცნაურია, რომ გასული ორი წლის შემდეგ კვლავ გჭირდებათ საკუთარი გამძლეობის დამტკიცება. მოდით, მიიღეთ ეს გამოწვევა და ყველას აჩვენეთ, რა შეგიძლიათ. აჩვენეთ ყველას, რომ წინააღმდეგობები მხოლოდ საშუალებაა საკუთარი თავის გასაზრდელად, გასაძლიერებლად. დრო მოვიდა საკუთარ შიშებს თვალებში ჩახედოთ, შემდეგ საყელური გამოაბათ და სადმე მდინარის პირას გაასეირნოთ. 2022 წლის შუაში იგრძნობთ, რომ თქვენ და წყლისებრი ვეფხვი დალაგდით, დამეგობრდით და ერთმანეთი გააძლიერეთ. წლის ბოლოს კი მიიღებთ იმ ჯილდოს, რომელიც თქვენ თქვენივე სიმტკიცით დაიმსახურეთ.

პროექტზე მუშაობდნენ:

  • ვიდეო: გიორგი ნაზღაიძე
  • ტექსტი: ავქსენტი ცაგარელი
  • ფოტო: თიკო ჭიღლაძე
  • მაკიაჟი: თინა შალიკაშვილი
  • თმა: ეკატერინე ტაბატაძე
  • პროდიუსერები: ნინო დარასელი, ნინო ჭიჭინაძე
  • ასისტენტი: ნინო ერაძე
  • გრაფიკული დიზაინი: თემო მაჭავარიანი (ქოხი), ელენე მალაზონია, ლევან მამსიკაშვილი, მარიამ საშა, სალომე ჯოხაძე, ირაკლი კეიდია, ანა მიხაილოვა-კეზელი, კვაჭი.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.