fbpx

ახალი წელი პრემიერლიგურად


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

როდესაც „ლესტერის“ და „ლივერპულის“ მატჩის მე-16 წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მოჰამედ სალაჰი მივიდა, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მინდორს  მერსისაიდელები გატანილი გოლის გარეშე დატოვებდნენ, საბოლოოდ დამარცხდებოდნენ და კიდევ უფრო ჩამორჩებოდნენ გათამაშების ლიდერ „მანჩესტერ სიტის“. 

„ლესტერთან“ წაგებისგან პრემიერლიგის გათამაშებაში დაზღვეული არავინაა, მაგრამ გაკვირვებას იწვევს  „ლივერპულის“ მარცხი ამ დაპირისპირებაში თამაშის სცენარიდან და სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე. 

„ლივერპული“ მთელი მატჩის განმავლობაში უტევდა, 12 კუთხურიც მოაწოდა, მაგრამ შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში მისი ფეხბურთელები ზოგჯერ ისეთ დაუდევრობას იჩენდნენ, რომ შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მათ გოლის გატანა დიდად არც ანაღვლებდათ და მთავარი იყო ბურთი ბოლომდე „დაეღეჭათ“ და მეტოქე მასთან არ გაეკარებინათ.

მეტოქე თავის მხრივ მთელი პირველი ტაიმის მანძილზე საკუთარ საჯარიმო მოედანს მიჯაჭვულიყო, მეორე ტაიმში კი ერთხელ დაარტყა, ერთი კუთხური მოაწოდა და სამი ქულაც მოიპოვა მრისხანე „ლივერპულთან“ შეხვედრაში, რომელთანაც ამ ცოტა ხნის წინათ ლიგის თასზე თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. 

ის შეხვედრაც ძალზედ საინტერესო იყო, რადგან „ლივერპული“ მისთვის ტრადიციულად ინტერესმოკლებულ სათასო დაპირისპირებაში ორი ბურთის სხვაობით მარცხდებოდა, მატჩის ბოლოსკენ კი რატომღაც გამოფხიზლდა და მსაჯის დამატებულ მეხუთე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

უკვე ზედიზედ მეორე წელიწადია  გაკვირვებას იწვევს მერსისაიდელთა ასეთი სპონტანურობა და არათანამიმდევრულობა. გავიხსენოთ, რომ შარშან, ზუსტად ამავე „ბოქსინგ დეის“ პერიოდში „ლივერპული“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში იყო, საბოლოოდ კი ჩემპიონთა ლიგის საგზური გაჭირვებით, იმავე „ლესტერთან“ ბრძოლაში მოიპოვა.

რაშია საქმე – „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ასპროცენტიანი შედეგით დაასრულა, პრემიერლიგაშიც მისი დამჩაგვრელი არავინაა, მაგრამ სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, „მანჩესტერ სიტი“ მაინც უფრო ძლიერია…

„არსენალთან“ მატჩის წინ „მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგის გათამაშებაში ზედიზედ ათი მატჩი ჰქონდა მოგებული და უახლოეს მდევრებს – „ჩელსის“ და  „ლივერპულს“ შესაბამისად ათი და ცხრა ქულით უსწრებდა. სულ რაღაც ერთი თვის წინ კი პეპ გვარდიოლას გუნდი სატურნირო ცხრილში სწორედ ამ გუნდების ქვემოთ, მესამე ადგილზე იყო.

რას უნდა მივაწეროთ „მანჩესტერ სიტის“ ასეთი წარმატება? ალბათ უპირველეს ყოვლისა პეპ გვარდიოლას სამუშაო ხელწერას, მისი გუნდის ტრადიციულად სტაბილურ ასპარეზობას რომ უკავშირდება. მაგრამ როგორ ხდება, რომ მანჩესტერელთა აღზევება თითქმის ყოველთვის მისი კონკურენტების ჩავარდნის გამომწვევია? 

ნუთუ ისეთ ძლიერ და გამოცდილ კლუბებზე, როგორიც „ჩელსი“ და „ლივერპულია“, „მანჩესტერ სიტის“ მოგებების სერია ისეთ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას უნდა ახდენდეს, რომ ისინი თავის მხრივ „ბრაიტონის“, „ლესტერის“ და „ვულვერჰემპტონის“ დამარცხებას ვეღარ ახერხებდნენ მაშინ, როდესაც თითოეულ მოგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება?

„მანჩესტერ სიტის“ იოლი გასეირნება ნამდვილად არ ჰქონია ლონდონში „არსენალთან“ შეხვედრაში. მეტიც, თუკი შეიძლება ითქვას, რომ მსაჯმა რომელიმე გუნდს ინგლისის პრემიერლიგის პრესტიჟის მქონე გათამაშებაში შეიძლება მოაგებინოს, სწორედ „არსენალი“ – „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირებაზე შეიძლება ითქვას, სადაც მთავარმა არბიტრმა სტიუარტ ეტველმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ „მანჩესტერ სიტის“ ლიდერობა განემტკიცებინა და იმავდროულად, „არსენალს“ ქულები დაეკარგა…

 

ეტველმა პირველ ტაიმში მასპინძლებს ისეთი თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნა, რომელიც შეიძლებოდა, რომ დანიშნულიყო, მეორე ტაიმში კი სტუმრებს ისეთი პენალტი დაუნიშნა, რომელიც შეიძლებოდა, რომ არ დანიშნულიყო…

არბიტრის მთავარი ნამოქმედარი კი მატჩის მე-60 წუთზე – 1:1-ის დროს „არსენალის“ ცენტრალურ მცველ გაბრიელის გაძევება იყო, რითაც მან მასპინძლები პრაქტიკულად წასაგებად გაწირა.

ფეხბურთელმა მოედნის ცენტრში თამაშის წესი უწყინარ სიტუაციაში დაარღვია. მისთვის მაქსიმალური სასჯელი ყვითელი ბარათი შეიძლებოდა  ყოფილიყო, მაგრამ მსაჯმა გადაწყვეტილება ჟესტიკულაციებითაც გააფორმა, რამაც გაბრიელის გაღიზიანება და მეორე ყვითელი ბარათი გამოიწვია. 

ეს იმას ნიშნავდა, რომ „არსენალს“ დარჩენილი 35 წუთის მანძილზე ათი კაცის შემადგენლობით უნდა ეთამაშა მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ.

ლონდონელები სრული მონდომებით, მაღალ დონეზე მოემზადნენ ამ მატჩისთვის – გაბრიელის გაძევებამდე დომინირებდნენ და ორბურთიანი სხვაობით დაწინაურებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ ათი კაცით დარჩენამ მათი შემტევი პოტენციალი საგრძნობლად შეასუსტა.

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები თითქოს თავს მაინცდამაინც არ იკლავდნენ რიცხობრივი უპირატესობის მოპოვების შემდეგ, მაგრამ სათამაშო კლასმა და მასპინძელთა ფიზიკური შესაძლებლობების ამოწურვამ შედეგი მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე გამოიღო, როდესაც როდრიმ მეტოქის მცველებისგან ფაქტობრივად ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე თავისი გუნდისთვის გამარჯვების გოლი გაიტანა.

ძლიერებს უმართლებთო, სწორედ რომ პეპ გვარდიოლას გუნდზეა ნათქვამი. მთავარი კი ისაა, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალთან“ გამარჯვებით ჩემპიონობისთვის ფსიქოლოგიური ბრძოლა მოიგო „ჩელსისთან“ და „ლივერპულთან“ პაექრობაში, რადგან მეორე დღეს ტურის ცენტრალურ მატჩში სწორედ ეს გუნდები უნდა დაჰპირისპირებოდნენ ერთმანეთს.

როგორი საფიქრალი იყო ამ გუნდების მწვრთნელთათვის, რომ მათი ფეხბურთელები ერთმანეთს თავს შეაკლავდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მატჩი მაინც ფრედ შეიძლებოდა დასრულებულიყო და ამ შემთხვევაში ჩამორჩენა „მანჩესტერ სიტისთან“ კიდევ ორი ქულით გაიზრდებოდა?

ასეც მოხდა. „ჩელსის“ და „ლივერპულის“ დაპირისპირებაში იმდენად სპონტანური და დაუფიქრებელი იყო მეტოქეთა სათამაშო სქემების ცვლილებები, რამდენადაც მათი გამოძახილი გოლები. 

საბოლოოდ კი პირველ ტაიმში დაფიქსირებული 2:2 შეხვედრის საბოლოო შედეგად იქცა, რადგან მატჩის მეორე ნახევარში ორივე კართან შექმნილი არაერთი საგოლე სიტუაციის მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარეები თუნდაც ერთი ქულის მოპოვების მიზნით, უპირველეს ყოვლისა საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.

აქ კი, რა თქმა უნდა, გვარდიოლა იცინოდა, რომელსაც ორკვირიანი პაუზის შემდეგ სწორედ „ჩელსისთან“ უწევს პრინციპული დაპირისპირება. 

შარშან „ჩელსიმ“ ზედიზედ სამჯერ დაამარცხა „მანჩესტერ სიტი“. გვარდიოლასთვის ყველაზე მძიმე ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი იყო, რამაც მას „განუმტკიცა“ მხოლოდ პრემიერლიგის მომგები მწვრთნელის სახელი. რა იქნება წლეულს? სავსებით შესაძლებელია, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ისევ დაამარცხოს პრემიერლიგის გათამაშებაში „ჩელსი“, მაგრამ ისიც ხომ შესაძლებელია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ისინი კვლავ გადაეყარონ ერთმანეთს და შარშანდელი სცენარი განმეორდეს? 

ამის წინასწარმეტყველება არამცთუ დღეს, არამედ გაზაფხულზე „მანჩესტერ სიტი“ – „ჩელსის“ წყვილის შესაძლო შეკვრის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება. 

მაგრამ ჩემპიონთა ლიგის „მანჩესტერ სიტისთვის“ უკვე ტრადიციულად წარუმატებელი სეზონის შემთხვევაშიც კი კლუბის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ იზრუნებს გვარდიოლას შენარჩუნებისთვის და არ გაიმეორებს „იუვენტუსის“ შეცდომას, რომელმაც მასიმილიანო ალეგრი ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორჯერ წაგებისთვის გუნდიდან გაუშვა, მას შემდეგ ორი მწვრთნელი გამოცვალა, კვლავ ალეგრი დააბრუნა და დღესდღეობით მისთვის ამ ცოტა ხნის წინათ მობეზრებული „სკუდეტოც“ უკვე სანატრელია…

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.