fbpx

შობის სიმბოლო მექსიკიდან – როგორ მოვუაროთ „შობის ყვავილს“


გააზიარე სტატია


ავტორი: ნინო იმნაიშვილი

 

მექსიკური ლეგენდა გვიყვება: შობის დღესასწაულზე  პატარა გოგონას, სახელად პეპიტა, არ ჰქონდა საშუალება, ეკლესიაში ძღვენი მიეტანა. პეპიტა ძმამ დაამშვიდა. უთხრა, რომ ღმერთი მისგან ნებისმიერ საჩუქარს მიიღებდა, ყველაზე მცირედსაც კი. საკმარისი იყო, გულით მიერთმია. რადგანაც გოგონას ფული არ ჰქონდა, მან ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე სარეველა მცენარეები დაკრიფა და თაიგული შეკრა. როდესაც პეპიტა ტაძარში შევიდა, თაიგული ქრისტეს შობის სცენის ქვეშ დადო.  მოულოდნელად სარეველა ბალახი ულამაზეს წითელ და მწვანე ფოთლებად გადაიქცა. მას შემდეგ მცენარეს „შობის ღამის ყვავილი“ დაერქვა. ამბობენ, მისი ფოთლის ფორმა ბეთლემის ვარსკვლავის სიმბოლოა. იმასაც ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ არის საშობაო ფერები წითელი და მწვანე.

ლეგენდები ბევრს ამბობენ, თუმცა ფაქტია, რომ უკვე მრავალი წელია, ეს წითელფოთლება მცენარე მსოფლიოს მასშტაბით შობის განუყრელ სიმბოლოდ იქცა.

„შობის ვარსკვლავს“ სინამდვილეში „პუანსეტია“ ჰქვია ამერიკელი ჯოელ რობერტ პუანსეტის საპატივსაცემოდ, რომელიც აშშ-ს პირველი ელჩი იყო მექსიკაში. სწორედ მან ჩამოიტანა მექსიკიდან უცხო ბუჩქი 1800-იან წლებში.  მალევე მცენარეს, რომლის ლათინური სახელწოდებაა “Euphorbia pulcherrima“, „პუანსეტია“ ეწოდა და ამერიკიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 

2002 წელს აშშ-ს კონგრესმა „პუანსეტიის“ ეროვნული დღეც კი დააწესა, რომელიც 12 დეკემბერს აღინიშნება.  

უკვე წლებია, „შობის ვარსკვლავი“ საქართველოშიც შობის ტრადიციულ დეკორაციად იქცა. მართალია მცენარე მრავალწლიანია, თუმცა ადამიანების უმეტესობას ყოველწლიურად მისი ახლიდან შეძენა უწევს, რადგან შობის შემდეგ მცენარე ასევე ტრადიციულად გვიხმება. 

რა არის „შობის ყვავილის“ სპეციფიკა და როგორ უნდა მოვუაროთ მას, აგვიხსნის  „გრატოს სათბურების“ აგრონომი ალექსი ბერუაშვილი:

 „ადამიანები ხშირად შეცდომაში შეჰყავს იმ ფაქტს, რომ „შობის ვარსკვლავი“ გადაყვავილების შემდეგ ფოთოლცვენას იწყებს. თებერვალი-მარტიდან ის მთლიანად ყრის ფოთოლს. მხოლოდ ღერო რჩება და ხალხს ჰგონია, რომ გახმა, მოკვდა მცენარე და აღარ აჩერებენ. სინამდვილეში მან დაასრულა ერთი სასიცოცხლო ციკლი. ასე იქნება გაზაფხულამდე და დაახლოებით მაისიდან  მეორე სასიცოცხლო ციკლს დაიწყებს.  

მანამდე კი იქნება მხოლოდ ღერო, რომელიც სასურველია, გაისხლას – ზედმეტი ტოტები მოშორდეს და დადაბლდეს. ამ დროს ადვილად გაიგებთ, ცოცხალია თუ არა მცენარე – გადაჭრისას თუ ნედლია და შიგნიდან რძე აქვს („პუანსეტია“ რძიანასებრთა ოჯახს მიეკუთვნება), ამით მიხვდებით, რომ ის ცოცხალია. მაისიდან კი უკვე დაიწყებს კვირტების გამოტანას და ახალი ფოთლები წამოვა.  თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ფოთლები იქნება მწვანე. მცენარე მთლიანად მწვანე იქნება შემოდგომამდე. შემოდგომის დადგომასთან ერთად კი უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი, რომ ფოთლები გაწითლდეს, რადგან ეს სწორ მოვლაზეა დამოკიდებული. 

 

როგორ გავაწითლოთ ფოთლები?

იმისთვის, რომ „შობის ვარსკვლავის“ ფოთლები გაწითლდეს, საჭიროა სწორი განათება. ზაფხულში, როდესაც მზის გამოსხივება ისედაც დიდია, მისი პირდაპირი მზის ქვეშ დადგმა არ შეიძლება, რადგან ფოთლები დაეწვება.

თუმცა შემოდგომიდან, უკვე პირიქით – საჭიროა მზის მკვეთრი, ინტენსიური განათება. მხოლოდ  ამ შემთხვევაში იწყება მასში შესაბამისი ბიოქიმიური პროცესები, რაც იწვევს მისი ფერის ცვლილებას. მას შემდეგ, რაც ფოთლები უკვე გაწითლდება,  მცენარე აღარ საჭიროებს დიდი დოზით მზეზე ყოფნას. უბრალოდ ნათელი ადგილიც საკმარისია.

 

მოვლა

მცენარე დადგით განათებულ ადგილზე, სითბოში. თუმცა არა გამათბობელთან ახლოს.  არც დახუთულ და მშრალ ჰაერზე. წყალი სჭირდება ზომიერად – როდესაც ნიადაგის 2-3 სანტიმეტრი გაშრება, მცენარე უნდა მორწყათ. თუ წყალი ბევრი მოგივათ და ქოთნიდან გამოვა, არ დატოვოთ თეფშზე. ეს ნიშნავს, რომ მცენარის ფესვები მუდმივად წყალში დგას, რაც დაალპობს მას. 

რაც შეეხება გადარგვას, „შობის ყვავილი“ მრავალწლიანია და ზომაში თანდათან  იზრდება. საბოლოოდ დიდი ბუჩქი ხდება, შეიძლება ერთ მეტრამდეც. ამიტომ როცა შეატყობთ, რომ მცენარეს აღარ აქვს ადგილი არსებულ ქოთანში, გადარგეთ უფრო მოზრდილში. თუმცა ძალიან დიდში არა – ეს შეცდომა ხშირად მოსდით ხოლმე. ქოთნის ზომაც ნელ-ნელა უნდა გავზარდოთ მცენარის ზრდის შესაბამისად. ნიადაგი კი მსუბუქი უნდა ჰქონდეს.“

როგორც უკვე გითხარით , „შობის ვარსკვლავი“ მრავალწლიანი მცენარეა. ასე რომ, თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, ამ სეზონზე ნაყიდი „პუანსეტია“ კიდევ ბევრ შობის დღესასწაულს გაგილამაზებთ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.