fbpx

ვინტაჟური საახალწლო სათამაშოები


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

ბოლო რამდენიმე წელია ძველებური ნივთები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ვინტაჟურად იქცა  და ახალი სიცოცხლე შეიძინა საბჭოთა კავშირის დროინდელმა, ერთ დროს ძველმოდურმა საყოფაცხოვრებო ნივთებმაც – სანათებმა, ჭურჭელმა, ავეჯმა.  ყოველი წლის დეკემბერში კი განსაკუთრებით იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ბავშვობისდროინდელ, საბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელ საახალწლო აქსესუარებს ეძებს – ნაძვის ხეებსა და სათამაშოებს.

საბჭოთა კავშირის დროს წარმოებული საახალწლო სათამაშოები პროპაგანდის ნაწილი იყო – მათი უმეტესობის ვიზუალი დამოკიდებული გახლდათ  კავშირის მიღწევებსა თუ პრიორიტეტებზე. მაგალითად, თავდაპირველად სათამაშოებზე საბჭოთა ლიდერებს გამოსახავდნენ. 1960-იანი წლებიდან, როდესაც კოსმოსი  ინტერესის ობიექტად იქცა  და სწორედ საბჭოთა კავშირიდან გაუშვეს დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი, ეს თემატიკა მალევე აისახა მომდევნო წლების საახალწლო სათამაშოების ვიზუალზე – სათამაშოების ფორმებში აისახებოდა  როგორც რაკეტები და ციური სხეულები, ასევე კოსმონავტები. 

ხრუშჩოვის მმართველობის დროს აგრო-კულტურული წარმატების აღსანიშნავად ხილის და ბოსტნეულის ფორმის სათამაშოების წარმოება დაიწყეს – განსაკუთრებით პოპულარული იყო სიმინდის, კიტრის, სოკოს თუ სტაფილოს ფორმის სათამაშოები. უყურადღებოდ არ რჩებოდა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მიმდინარე სიახლეები, სათამაშოების ვიზუალში აისახებოდა იმდროინდელი პოპულარული ფილმების დეკორაციების თუ პერსონაჟების სახეები.

მიუხედავად იმისა, რომ  დღეს ეს ყოველივე ჩვენთვის წარსულია, ნივთები უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს არა მხოლოდ საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ ევროპასა და ამერიკაში. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ თქვენთვის საქმე გაგვემარტივებინა და მოგვეთხრო  იმ ადგილების შესახებ, სადაც საბჭოთა საახალწლო სათამაშოების მოძიებაა შესაძლებელი.

თუ ნაძვის ხის საბჭოთა საახალწლო სათამაშოებით გაფორმება გადაწყვიტეთ, ძიება სხვადასხვა ფეისბუქ-ჯგუფიდან დაიწყეთ – თემატური და სანდო ყიდვა-გაყიდვის და ანტიკვარიატის ჯგუფებში აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ოჯახში შემონახული ძველი სათამაშოების გაყიდვას გადაწყვეტენ.

იმ შემთხვევაში, თუ გირჩევნიათ  სათამაშოები ფიზიკურად დაათვალიეროთ და ისე აარჩიოთ, მაშინ ღია სივრცეებს – მშრალ ხიდს და ნავთლუღის ბაზრობას უნდა მიაკითხოთ. აქ უამრავ სხვა ძველებურ ნივთთან ერთად აუცილებლად იპოვით სხვადასხვა გამოშვების, ფორმისა და ვიზუალის ნაძვის ხის საბჭოთა სათამაშოებს.

Antiquita  ძველებური ნივთების ქართული ონლაინმაღაზიაა, სადაც სხვა უნიკალურ ნივთებთან ერთად, საახალწლო სათამაშოებსაც აღმოაჩენთ. მესენჯერის მეშვეობით დეტალურად გაგაცნობენ სათამაშოებს და შეკვეთის შემთხვევაში კურიერი 3 დღის ვადაში მოგიტანთ მისამართზე. აქ გარდა სათამაშოებისა, პატარა ზომის ძველებური ნაძვის ხეების ყიდვაც შეგიძლიათ.

საერთაშორისო ონლაინპლატფორმაზე – etsy.com-ზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შემონახული საახალწლო აქსესუარების მოძიებაა შესაძლებელი. ამ საიტზე ძველი სათამაშოების ყველაზე დიდი არჩევანია და უბრალო ნივთებთან ერთად ძვირადღირებულ, საკოლექციო ეგზემპლარებსაც წააწყდებით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.