fbpx

დაუმარცხებლობიდან გამარჯვებამდე – ფეხბურთი


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

როგორი საზეიმო განწყობაც  უნდა სუფევდეს ევროპის სტადიონებზე და რამდენი გულშემატკივარიც  უნდა ჩანდეს პირბადის გარეშე სატელევიზიო ეკრანებზე, ეპიდემია თავის დაღს ასვამს საახალწლო ფეხბურთს, რომელიც ფეხბურთელების და მწვრთნელების ყოველდღიური ტესტირების და ზოგჯერ განახევრებული გუნდების ნამოღვაწარის გამოძახილია.

ასეთ დროს ყველაზე მეტს ტოპ კლუბები წუწუნებენ, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ნაკლებად მათ უჭირთ, რადგან ხშირად ისინი ორი თანაბარი დონის შემადგენლობით არიან დაკომპლექტებული, რაც მათ შეუფერხებელი წინსვლის საშუალებას აძლევს. 

გამონაკლისია „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში „ვულვერჰემპტონთან“ ისე წააგო, რომ საშუალო დონის მეტოქეს მისთვის არასასიამოვნო ტრადიციის აღმოფხვრის საშუალებაც მისცა.

საქმე ის გახლავთ, რომ „ვულვერჰემპტონმა“ 1980  წლის შემდეგ გასვლაზე პირველად მოუგო „მანჩესტერ იუნაიტედს“! 35 წლის მოუტინიო კი ყველაზე ხანდაზმულ ფეხბურთელად იქცა, რომელმაც ოდესმე „ოლდ ტრაფორდზე“ გამარჯვების გოლის გატანა შეძლო.

შედეგთან ერთად, უცნაური გამოდგა მატჩის მსვლელობაც, რადგან თითქმის მთელი 90 წუთის განმავლობაში და რაც მთავარია 82-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის შემდეგაც კი, ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ.

ამგვარად, სტუმართა გუნდის რამდენიმე ტექნიკური პორტუგალიელის ძალისხმევამ აჯობა ორი უმთავრესი პორტუგალიელის, კრიშტიანუ რონალდუს და ბრუნო ფერნანდეშის ირგვლივ თავმოყრილი თანავარსკვლავედისას, რომელსაც შეტევაში ურუგვაელი კავანი და ინგლისის ნაკრების წარმომადგენლები სანჩო და მეორე ტაიმში მისი შემცვლელი რეშფორდიც განასახიერებდნენ.

როდესაც გერმანელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნეს, მისმა თანამემამულე კოლეგამ „ლივერპულიდან“ იურგენ კლოპმა სახელოვან კლუბს სწრაფი აღზევება უწინასწარმეტყველა…

შედეგი კი სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებს. რანგნიკის მისვლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ძლივს მოუგო „ნორვიჩს“, აშკარა მარცხს გადაურჩა „ნიუაკასლთან“, ვნება დაიკმაყოფილა კორონავირუსით განახევრებულ „ბარნლისთან“ და მწვრთნელის ჩანაცვლებიდან ერთი თვის თავზე „ვულვერჰემპტონთან“ ზემოთ ხსენებული მარცხით გავიდა ორკვირიან შესვენებაზე.

აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში პირველი სამი გუნდი გასავარდნ ზონაშია, ხოლო მეოთხე კი სატურნირო ცხრილის შუაგულში. თანაც მრავალი ექსპერტის აზრით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ასეთი ძლიერი შემადგენლობა 2013 წლის, ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონის მწვრთნელობის უკანასკნელი პერიოდის შემდეგ არ ჰყოლია.

აქ ნახსენები „ნიუკასლის“ახალი ხელმძღვანელობა დიდ მიზნებს ისახავს და ამისთვის უკვე იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში 220 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს. ეს თანხა უპირველეს ყოვლისა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იქნება გამოყოფილი.

ტოპ კლუბების ტრანსფერებთან დაკავშირებით კი საუბარია კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“, ერლინგ ჰოლანდის „ბარსელონაში“ და ლუის სუარესის MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამიში“ შესაძლო გადასვლის შესახებ. 

სუარესი მიმდინარე სეზონის ბოლოს გადაწყვეტილების მიღებამდე ყოფილ თანაგუნდელ ლიონელ მესის ვერდიქტს დაელოდება. გავრცელებული ინფორმაციით,  მბაპეს მსგავსად, მესისაც მოეწყინა „პარი სენ-ჟერმენში“ყოფნა, ურუგვაელს კი არგენტინელ ვარსკვლავთან ერთ გუნდში სურს თამაში. 

ვინ იცის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად  აშშ-ის MLS ლიგა შეიძლება საუკეთესო საშუალებაც იყოს. მესის მთავარი მიზანი კი არა იმდენად „პარი სენ-ჟერმენში“ ჩემპიონთა ლიგის მოგება, არამედ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა…

ახალი წლის დასაწყისში გავრცელებული ხმები ტრადიციულად ვარაუდის დონეზეა ხოლმე და სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი მაინც სეზონის ბოლოს სულ სხვაგან, მაგალითად, ჯერჯერობით გაჩუმებულ რომელიმე ინგლისურ ტოპ კლუბშიც ვიხილოთ.

მთავარი ამბები კი საფეხბურთო მოედნებზე ხდება. ინგლისის ლიგის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩებიდან ერთი ჩატარდა, მეორე კი პანდემიის გამო გადაიდო.

„ჩელსიმ“ დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 დაამარცხა „ტოტენჰემი“. მოედანზე მთელი 90 წუთის მანძილზე ერთი გუნდი სახიფათო მომენტებს ქმნიდა, მეორეს კი ავტოგოლები გაჰქონდა.

გუნდში ანტონიო კონტეს მისვლის შემდეგ „ტოტენჰემმა“ კი გაიუმჯობესა პრემიერლიგაში სატურნირო მდგომარეობა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მოხვედრა კლუბს ნამდვილად გაუჭირდება. ამიტომ საკვირველია, რატომ დათმო „ტოტენჰემმა“ პრაქტიკულად უბრძოლველად პირველივე მატჩში თასის ფინალის საგზური.

მეორე ტაიმში თამაში უკვე საბოლოოდ მოთელვას დაემსგავსა და „ჩელსის“ მხარეს აღმართული ერთადერთი ყვითელი ბარათიც უფრო სათასო მატჩის ძალად დაძაბვის სტატისტიკურ გამოძახილად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

განსაკუთრებით საარაკო ამბები კი მაყურებელს ბუნდესლიგაში შესვენების შემდეგ ჩატარებულ პირველივე მატჩში ელოდა. 

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ინგლისის პრემიერ-მინისტრ სერ უინსტონ ჩერჩილის ნააზრევის თანახმად, დაუმარცხებლობა საკუთარი ძალისხმევის შედეგია, გამარჯვება კი მეტოქის მიერ წინააღმდეგობის გაწევის უნარზეა დამოკიდებული.

საინტერესოა, რომ წლევანდელ სეზონში „ბაიერნი“ – „მიონხენგლადბახის“ წყვილში ამ სიტყვების ადრესატი არა ძლევამოსილი „რეკორდმაისტერია“, არამედ სატურნირო ცხრილის შუაგულში მყოფი „მიონხენგლადბახი“, რომელიც ბუნდესლიგის გათამაშების პირველ ტურში ფრედ 1:1 ეთამაშა „ბაიერნს“, შემდეგ თასზე ანგარიშით 5:0 მიწასთან გაასწორა გერმანული ფეხბურთის ლიდერი და გასულ კვირას ჩატარებულ მესამე მატჩში გასვლაზე უკვე მოკრძალებული ანგარიშით 2:1 დაამარცხა მრისხანე მეტოქე.

მატჩი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მაყურებლების გარეშე ჩატარდა. „ბაიერნი“ თითქოს განახევრებული შემადგენლობით იმყოფებოდა მოედანზე, მაგრამ ხომ თამაშობდნენ მიულერი, გნაბრი, ლევანდოვსკი და სტატისტიკის თანახმად გუნდის ლამის წარმატების გარანტად ქცეული კიმიხი?

მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო, რადგან ლევანდოვსკიმ მატჩის დებიუტშივე მშვიდად გახსნა ანგარიში და თამაშიც ისეთი სცენარით ვითარდებოდა, თითქოს „ბაიერნი“ ტელეეკრანებთან თავმოყრილ საკუთარ გულშემატკივარს 0:5-ზე შურის საძიებელი სეირის საყურებლად ამზადებდა.

მაგრამ მდგომარეობა თვალის დახამხამებაში შეიცვალა, როდესაც მატჩის 27-ე და 31-ე წუთებზე ჯერ ნოიჰაუსმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ კი ლაინერმა სტუმრები დააწინაურა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საშუალო კლასის „მიონხენგლადბახმა“ პირველი ტაიმის ანგარიში მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა იმ გუნდის წინააღმდეგ დაპირისპირებაში, რომელიც მსოფლიოს აზანზარებს. 

მეტიც! სტუმარ ფეხბურთელებს ხშირად სახეზე თავხედური ღიმილი დასთამაშებდათ ხოლმე და მთელი 90 წუთის განმავლობაში ერთადერთი ყვითელი ბარათით შემოიფარგლნენ.

ნუთუ შესაძლებელია „ბაიერნის“ წინააღმდეგ დაუმარცხებლობის სტატუსის და შემდეგ უკვე „მარტივად“ ზედიზედ ორ მატჩში გამარჯვების უნარის გამომუშავება გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-11ადგილზე მყოფი გუნდისთვის?

„მიონხენგლადბახის“ მაგალითმა ალბათ წამყვანი კლუბები – „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპულიც“ დააფიქრა, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი ინგლისელის გამონათქვამი ჩემპიონთა ლიგაზე „რეკორდმაისტერის“ წინააღმდეგ მიმართონ. სხვა საკითხია, გამოუვათ ეს თუ არა…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.