fbpx

ქაოსში შექმნილი ჰარმონია – გიორგი ნაკაშიძის განუსაზღვრელი ფოტოგრაფია


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთო შურღაია

 

ფერწერით დაწყებული ისტორია, რომელიც კომპოზიციურად ჰარმონიულ, თუმცა ქაოსურ და მოძრაობით სავსე ფოტოგრაფიაში გაგრძელდა. ეს არის მოკლე ისტორია იმისა, რასაც ქართველი ფოტოგრაფის, გიორგი ნაკაშიძის ფოტოგრაფია მოიაზრებს. მართალია, თავად ჩარჩოებით არ განსაზღვრავს საკუთარ შემოქმედებას, თუმცა აღქმა ერთი შეხედვით, მიღმიერის ძიების გარეშე, სწორედ ასეთია.

ურბანული გარემო, ზღვა, მაღალმთიანი სოფლები, საპროტესტო აქციები და დასავლური ვიზუალები – ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც გიორგის ფოტოგრაფია აერთიანებს. ერთი სიტყვით, გიორგი არის ყველგან და ყველაფერში, რასაც კი შეიძლება დოკუმენტური და ქუჩის ფოტოგრაფია მოიაზრებდეს. 

თავად იარლიყებს, სახელებს, მიკუთვნებასა და შინაარსით გამოწვეულ საზღვრებს გაურბის და სწორედ ამიტომაც, მისი ნამუშევრები სწორხაზოვანი და ერთი ქუდის ქვეშ გაერთიანებული არ არის. არც ცდილობს ამას. ზოგადად, ხელოვანების ნამუშევრები თუ პერიოდების მიხედვით შეიძლება გავმიჯნოთ, როგორ იცვლება ხელოვნების ნიმუშის უკან მდგარი არტისტის შეხედულება, დამოკიდებულება და ვიზუალური აღქმა, გიორგის შემთხვევაში, ფოტოგრაფმა ყველა პერიოდი ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება გაიაროს, გადაიღოს შავ-თეთრი ზღვა, ზღვის ფონზე ხალხის პორტრეტები, მაღალმთიანი საქართველოს ფერადი პეიზაჟები, ჰორიზონტის მთები და თბილისის მთავარ სკეიტ-პარკებში შეკრებილი ახალგაზრდები.

მისი შემოქმედება ატრაქციონივითაა, „ამერიკული მთების“ მსგავსი, როცა არ იცი რას ელოდო და სწორედ მოულოდნელობის ეს განცდა, მუდმივი გაოცება აღმართებითა და თავით გადაშვება ჰაერის დიდ ნაკადში არის ის, რაც გიორგი ნაკაშიძეს გამოარჩევს სხვა ფოტოგრაფებისგან.

თუმცა, ამ განსხვავებულობაშიც მოიძებნება ის ერთი რაღაც, რასაც ფოტოგრაფისთვის დამახასიათებელი ხელი შეიძლება დავარქვათ. შინაარსების მიღმა, ვიზუალური სტილი ისეთი დამახასიათებელი აქვს, რომ რთულია მისი შემოქმედება სხვაში აგერიოს. 

ამ ვიზუალურ სტილს ვერც ფერით განვსაზღვრავთ, ვერც კონკრეტული გმირებით ან ადგილებით, თუმცა ის ერთადერთი, რაც აერთიანებს გიორგის მრავალფეროვან ფოტოგრაფიას, არის მოძრაობა და მოძრაობების ერთობლიობა, რომელიც საბოლოოდ ისეთ ჰარმონიაშია ერთმანეთთან, რომ ქაოსში ნამდვილ სიმშვიდეს ქმნის.

– გიორგი, როგორ აიდენტიფიცირებ შენს ფოტოგრაფიას?

ჩემი ფოტოგრაფია კონკრეტულად ერთ მიმართულებას არ მიეკუთვნება. ზოგადად მიმაჩნია, რომ არ არის აუცილებელი ჩემი ფოტოგრაფიისთვის რაიმე სახელის დარქმევა.

 

– განასხვავებ თუ არა ქუჩის ფოტოგრაფიას და დოკუმენტურ ფოტოგრაფიას? შენი აზრით, ამ ორ მიმართულებას შორის სად დგას შენი ფოტოგრაფია?

ჩემი ფოტოგრაფია მოიცავს როგორც დოკუმენტურ, ასევე ქუჩის ფოტოებსაც. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ერთზე ჩერდება ჩემი ხედვა. ვფიქრობ, დოკუმენტური ფოტოგრაფია და ქუჩის ფოტოგრაფია ცალ-ცალკე ჟანრია. დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში იდეა განსაზღვრავს გარემოებას, როცა ქუჩის ფოტოგრაფიაში პირიქით ხდება: გარემოება განაპირობებს თემას.  თუმცა, მეორე მხრივ, ქუჩის ფოტოგრაფია და დოკუმენტური ფოტოგრაფია ერთმანეთთან მნიშვნელოვან ნაწილში იკვეთება…

– რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გიზიდავს გარემოში და სურვილს აღგიძრავს, რომ შენს კადრში მოხვდეს?

გარემოება ☺

– გადაღება ბათუმში დაიწყე, ზღვაც ჭარბობს შენს ნამუშევრებში. ზღვა მხოლოდ ფონია შენი ფოტოგრაფიის, თუ თავად ის არის მთავარი გმირი?

როცა გადაღება დავიწყე, პირველი კონტაქტი ზღვასთან მქონდა, ის ჩემი შთაგონების მთავარი წყარო იყო – როგორც ზღვა, ასევე მასთან არეკლილი გარემოება. ზღვა თავად მთავარი გმირია.

– შენი ფოტოგრაფია მოიცავს როგორც ფერად, ასევე შავ-თეთრ ნამუშევრებს. რა დამოკიდებულება გაქვს თითოეულთან? რით განასხვავებ?

ჩემთვის ორივეს თავისი ადგილი უჭირავს ჩემს გონებაში, ორივე თავისებურად ემოციურია და შეუძლებელია რომელიმეს გამოყოფა. 

 

– არის თუ არა შენს ფოტოგრაფიაში რამე ისეთი, რაც ყოველთვის შავ-თეთრი იქნება და ვერასდროს გახდება ფერადი, ან პირიქით?

ვფიქრობ, ჩემს ფოტოგრაფიაში არაფერია ისეთი, რაც ყოველთვის  შავ-თეთრი იქნება ან პირიქით – ფერადი. სიუჟეტი თვითონ გაჩვენებს როგორი უნდა იყოს კადრი. ამასთანავე, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, რომელიც მიკარნახებს გადავიღო ფერადი ან შავ-თეთრი ფოტო. 

– ეს შენი დამახასიათებელი სტილი, სპონტანური, შეიძლება ქაოსურიც, მაგრამ კომპოზიციურად ყოველთვის გამართული და მშვიდი, როგორ შექმენი?

ვიზუალურ ხელოვნებასთან ჩემი გამოცდილება იწყება ფერწერით, რამაც ჩემში ჩამოაყალიბა კომპოზიციები, ფერები და შესაბამისად, ჩემი სტილი. ჩემს ფოტოგრაფიაში კომპოზიციას დიდი ადგილი უჭირავს. ყოველთვის ვცდილობ კადრი იყოს კომპოზიციურად გამართული. ამ ყველაფერს განაპირობებს გამოცდილება, რომელსაც ცხოვრებისგან ყოველდღიურად ვიღებ. 

– რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის ფოტოგრაფიაში – ფორმა თუ შინაარსი?

ფოტოსთან ადამიანის კონტაქტი ვიზუალური აღქმით იწყება. რა თქმა უნდა, შინაარსი არის ის, რაც გადაღებისკენ გიბიძგებს, შესაბამისად, თუ ამ შინაარსს ზუსტად იმ ფორმით გადმოსცემ, რასაც კომპოზიცია ჰქვია, მაშინ ფოტო არის გამართული. 

– ძალიან ბევრს მოგზაურობ საქართველოში. რომელი ადგილია შენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი შენი ფოტოგრაფიისთვის?

როგორც მთა, ასევე ზღვა, რადგან ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა ამის საშუალებას. ორივე თავისებურად ღრმა შინაარსის მატარებელია. ამ კითხვაზე ყოველ ჯერზე შეიძლება სხვადასხვა პასუხის გაცემა. 

 

– შენი აზრით, რა არის ის ერთი შინაარსი, რომლის  ქვეშაც შეიძლება გააერთიანოს მნახველმა შენი ნამუშევრები?

ამ კითხვას პასუხი მკითხველმა გასცეს. ☺


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.