fbpx

ოქროს გლობუსი 2022


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გლამურული და A-list მსახიობებით დატვირთული კინოდაჯილდოება, ოქროს გლობუსი, გასული წლის ინკლუზიის ნაკლებობასთან დაკავშირებული სკანდალის და ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის რეპუტაციის შელახვის ფონზე, კინოინდუსტრიის ელიტის და აუდიტორიის გარეშე ჩატარდა. ღონისძიება 10 იანვარს, ლოს-ანგელესში, ბევერლი ჰილტონის სასტუმროში, მხოლოდ შერჩეული წევრების დასწრებით გაიმართა, შედეგები კი სოციალური მედიაში გამოქვეყნდა.

 

ასე  გამოიყურება ოქროს გლობუსის რიგით 79-ე დაჯილდოების გამარჯვებულთა სია: 

გასული წლის ვენეციის კინოფესტივალის საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გამარჯვებული ჯეინ კამპიონის ფილმი, „ძაღლის ძალა“ (The Power of Dog) დრამის კატეგორიაში, საუკეთესო ფილმად დასახელდა, ხოლო კამპიონი საუკეთესო რეჟისორად. ის ოქროს გლობუსის მფლობელი მესამე ქალი რეჟისორია. კოდი სმით-მაკფიმ აღნიშნულ ფილმში საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლის შესრულებლისთვის მიიღო ჯილდო. კრიტიკოსების ფავორიტ Netflix-ის დრამას, ოსკარზე გამარჯვებასაც უწინასწარმეტყველებენ, იმის გათვალისწინებით, რომ გლობუსს ხშირად კინოაკადემიის „სარეპეტიციო“ ცერემონიად მოიხსენიებენ. 

საუკეთესო  მსახიობი მამაკაცისთვის (დრამის კატეგორიაში) ოქროს გლობუსი უილ სმიტს, ფილმში „მეფე რიჩარდი“ (King Richard) გადაეცა, ხოლო მსახიობი ქალისთვის ნიკოლ კიდმანს, ლუსილ ბოლის როლის შესრულებისთვის, დრამაში “Being the Ricardos”, რომელიც 1952 წლის ჰოლივუდის საკულტო წყვილის, ლუსილ ბოლის და დესი არნაზის პიროვნულ და პროფესიულ დაბრკოლებებს ასახავს. 

ლეგენდარული რეჟისორის, სტივენ სპილბერგის გახმაურებული რიმეიკი “ვესთსაიდური ამბავი“ (West Side Story), რომელიც ამერიკული კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ ფილმად მიიჩნევა, სამი ჯილდოთი, მათ შორის, საუკეთესო ფილმი (მიუზიკლი / კომედია), საუკეთესო მსახიობი ქალი – რეიჩელ ზეგლერი და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი – არიანა დებოსი, მიუზიკლის / კომედიის კატეგორიაში დომინირებდა. ფილმის მთავარი კონკურენტი, ბროდვეის ცნობილი მიუზიკლის, „ჰემილტონის“ (Hamilton) ვარსკვლავის, ლინ-მანუელ მირანდას სადებიუტო ფილმი, „ტიკ, ტიკ…ბუმ!“ (Tick, Tick … Boom!) იყო. მიუზიკლში შესრულებული როლისთვის, საუკეთესო  მსახიობი მამაკაცის ტიტული ბრიტანელ მსახიობს, ენდრიუ გარფილდს შეხვდა. „ტიკ, ტიკ…ბუმ!“, დრამატურგ ჯონათან ლარსონის ავტობიოგრაფიულ მიუზიკლზეა დაფუძნებული და ის ნიო-იორკში მცხოვრები დამწყები კომპოზიტორის ისტორიას მოგვითხრობს.

რაც შეეხება სატელევიზიო შოუებს, მთავარი პრიზი HBO-ს ჰიტ დრამამ, „მემკვიდრეობამ“ (Succession) მიიღო. სერიალმა საუკეთესო დრამის, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ჯერემი სთრონგი და  მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი – სარა სნუკი, ნომინაციებში გაიმარჯვა. HBO Max-ის ახალბედა შოუ “Hacks”, საუკეთესო კომედიად დასახელდა, მისი ვარსკვლავი, ჟან სმარტი კი საუკეთესო მსახიობ ქალად (კომედიურ სერიალში).

2021-22 წელი განსაკუთრებით ტრიუმფალური გამოდგა სერიალ „ტედ ლასოსთვის“, რომელიც არაერთი ემის მფლობელი გახდა, ხოლო ჯეისონ სუდეკისმა ტიტულოვანი როლის შესრულებისთვის ოქროს გლობუსი მეორედ მიიღო. როგორც ჩანს, სერიალის ოპტიმისტურმა განწყობამ არა მხოლოდ მაყურებლის, არამედ კრიტიკოსების გულიც მოიგო. Netflix-ის და HBO-ს საუკეთესო დრამის კატეგორიაში დაპირისპირება, „მემკვიდრეობის“ წყალობით ამჯერად უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა წლის ყველაზე გამორჩეულ და მნიშვნელოვან სერიალად Netflix-ის დრამა „კალმარის თამაში“ (Squid Game) რჩება, რომელმაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ სატელევიზიო სივრცეში „სამეფო კარის თამაშების“ (Game of Thrones) დატოვებული სიცარიელე შეავსო.  კორეელ მსახიობს, ო იონგ-სუს, ოქროს გლობუსი მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლის შესრულებისთვის ერგო. 

ემჯეი როდრიგესი პირველი ტრანსი ქალია, რომელმაც საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში გაიმარჯვა (დრამა) სერიალში „პოზა“ (Pose), სადაც მოქმედება 80-იან წლებში შიდსის კრიზისის დროს ვითარდება და ის დრაგ მეჯლისის კულტურაზე, ლგბტქ, შავკანიან და ლათინო პერსონაჟებზეა ორიენტირებული. 

ლიმიტირებულ სერიალში საუკეთესო მსახიობ ქალად კეიტ უინსლეტი დასახელდა, კრიმინალური დრამაში „მერი ისტთაუნიდან“ (Mare of Easttown), საუკეთესო მსახიობ მამაკაცად – მაიკლ კიტონი, Hulu-ს სერიალ „Dopestick”-ში. ბარი კენკინსის პერიოდულმა დრამამ, „მიწისქვეშა რკინიგზა“ საუეთესო ლიმიტირებული სერიალის კატეგორიაში მიიღო ოქროს გლობუსი. 

გამარჯვებულებს შორის ასევე იყვნენ „Japan’s Drive My Car” – საუკეთესო არაინგლისურენოვანი ფილმი, „ენკანტო“ (Encanto) – საუკეთესო ანიმაციური ფილმი და კენეტ ბრანას „ბელფასტი“ (Belfast) – საუკეთესო სცენარი. 

2022 წლის ოსკარის ნომინაციები 8 თებერვალს გამოცხადება, ცერემონია კი 27 მარტს გაიმართება. 

 

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.