ცნობიერი აგენტების პორტალი – ინტერვიუ ქეთი კაპანაძესთან
ავტორი: ნინა პატარიძე
ქეთი კაპანაძე დაიბადა 1962 წელს თბილისში. 1983 წლიდან, სანამ ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო, ხელოვანს უკვე შექმნილი ჰქონდა პირველი კონცეპტუალური და გრაფიკული ფოტონამუშევრები. ქეთი კაპანაძე საბჭოთა პერიოდის საქართველოს ერთ-ერთ პირველ კონცეპტუალურ ხელოვანად მოიაზრება. იმ დროიდან მოყოლებული კაპანაძის ნამუშევრები Norton and Nancy Dodge-ის, საბჭოთა კავშირის არაკონფორმისტული ხელოვნების, Jane Voorhees Zimmerli Art Museum-ის კოლექციაშია.
1990 წლიდან 1999 წლამდე ის მიწვეული იყო საზღვარგარეთ The Sheffield City Polytechnic-ის მიერ; the CCA, Contemporary Art Center, Glasgow; the BAK Swiss Federal Foundation, Berne და the IAAB Christoph Merian Stiftung, Basel-ის დაფინანსებით. 1997 წელს მიიღო „ღია საზოგადოება საქართველოს“ პირველი ჯილდო ფოტოგრაფიაში. 1998 წლიდან იყო ქართული ჟურნალის, „სიგნალის“ რედაქტორი.
2000 წელს არტისტი Baumann Stiftung-ის სტიპენდიით საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. 2003-04 წლებში მუშაობდა Johannes Gutenberg University-ში (Mainz, გერმანია) მიწვეულ პროფესორად.
2007-08 წლებში მიიღო Cité des Arts-ის დაფინანსება პარიზში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია ევროპის მნიშვნელოვან კოლექციებში: ბოხუმის მუზეუმი; შტუტგარტის სახელმწიფო გალერეა და კულტურის სამინისტრო; ევროპის საპატენტო ოფისი, მიუნხენი; ხელოვნების სახელმწიფო გალერეა, გოპინგენი – (Göppingen) Moma – მოსკოვი. ქეთი კაპანაძე ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ბონში, გერმანიაში.
2000 წლებში დატოვეთ საქართველო და საცხოვრებლად გერმანიაში გადახვედით, რას ნიშნავდა თქვენთვის დასავლურ კულტურულ კონტექსტში მუშაობის გაგრძელება?
ის, რომ საბჭოთა პერიოდში დავიწყე მუშაობა და სოციალისტური რეალიზმის გარდა სხვა ფორმები აკრძალული იყო, ეს პროცესი ღრმა პიროვნული და პოლიტიკური პოზიციის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც არც საზღვარგარეთ წასვლით შეცვლილა. 2000-ში გერმანიაში ორწლიანი გრანტი მოვიპოვე და იქ ყოფნისას გამიჩნდა სურვილი, რომ ნაცვლად ფერადი ფოტოგრაფიისა, შავ-თეთრი გადამეღო.
თუ ადრე ფოტოსერიები ერთგვარ დოკუმენტაციას ჰგავდა, ფერის შემოტანამ შეცვალა ჩემი დამოკიდებულება დროსთან, ისინი უფრო აქტუალურ დროში იქმნებოდა და ის დისტანცია, რაც შავ-თეთრ ფოტოგრაფიაში საგნებთან მქონდა, კიდევ უფრო გაიზარდა და გაცილებით ფართო თემატიკა მოიცვა.
შემოქმედებით მუშაობაში კომპრომისი არ დამიშვია და ისევ ექსპერიმენტები გავაგრძელე სხვადასხვა მასალაში, რაც ჩემთვის თავისუფლებას ნიშნავს, თუმცა ვინც ჩემს სოციალურ კრიტიკულ დამოკიდებულებას არ გაითვალისწინებს, შეიძლება დაიბნეს. ხუმრობით რომ ვთქვათ, დავრჩი სტაბილური არასტაბილურობაში.
ქანდაკების, ფერწერის და გრაფიკის შემდეგ აირჩიეთ ფოტოგრაფია. რას ნიშნავდა ამ დროისთვის თქვენთვის კონცეპტუალური ფოტო?
ფოტოგრაფია ჩემთვის ერთ-ერთი მედიუმია, რომელიც კონკრეტულ იდეაზეა დამოკიდებული. ჩემი ფოტოგრაფია თითქოსდა თხრობითია, რაც მისი სერიულობით გამოიხატება – ფრაგმენტული თანმიმდევრობით, რომელიც რაღაც ისტორიას გვიყვება. ხშირად გვხვდება მასში ასახული ან დართული ტექსტი, თუმცა ეს ტექსტი არა ლიტერატურული, არამედ კონცეპტუალური ფორმის ნიშანია, ჟესტია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ის მხოლოდ ფორმად უნდა იყოს დანახული.
1990 წლიდან 2000 წლამდე შავ-თეთრ ფოტოგრაფიაში ვმუშაობდი, რაც მეხმარებოდა ამა თუ იმ იდეის წინა პლანზე წამოწევაში. Ready made-ების გამოყენებაც პირველად ფოტოგრაფიაში დავიწყე, შემდგომ ინსტალაციაში და საბოლოოდ, ჩემი მხატვრული ენა ისე ჩამოყალიბდა, რომ თვითონ სიტყვებსაც იმგვარად ვიყენებ, როგორც ready made-ებს.
ნამუშევრებში ძალიან ხშირად რთავთ ტექსტებსა და ციფრებს, იქნება ეს ძველი ფერწერა თუ ობიექტები, რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის სიტყვებსა და სიმბოლოებს?
80-იან წლების შავ-თეთრ ნამუშევრებში ხშირია ტექსტი და მათ უფრო სხვა დატვირთვა ჰქონდა ჩემთვის, ვიდრე დღევანდელ ნამუშევრებში. ტექსტებს ისე ვიღებდი, როგორც დადაისტები – მე არ მინდოდა ამ ტექსტებში ჩარევა, ფრაგმენტებს შემთხვევით გადაშლილი წიგნებიდან ვკრებდი. და ასე ვცდილობდი შემენარჩუნებინა დისტანცია იმასთან, რასაც გადმოვცემდი.
რიცხვები თავისთავად სიმბოლოებია და როგორც კი ფუნქციას შეუცვლი, იქცევიან რაღაც სულ სხვა ობიექტებად. Სწორედ ისე, როგორც ყოველდღიური საგნები ჩვენ გარშემო, როდესაც მათ ფუნქციას გამოვაცლით.
დღეს მე თვითონ ვწერ და ეს ტექსტები უბრალოდ აბსტრაქტული განსაზღვრებებია თანმიმდევრობის გარეშე, ამით განსხვავდებიან ისინი ლიტერატურისაგან. ამ ტექსტებში ხანდახან გრამატიკული შეცდომებია დაშვებული, რითაც იმის თქმა მინდა, რომ აქ იდეა უფრო მთავარია, და არა სისწორე. ყველაზე ძალიან ის მომწონს, რომ ტექსტები ყოველთვის თავის თავზე საუბრობენ, ისინი ცდილობენ ახსნან თავიანთი წარმომავლობა ან შინაარსი. Მათ აქვთ კონკრეტული ინდივიდუალური ფორმა, ანუ ტანი ალუმინში, რკინაში, ცეცხლში, რადგან ჩემთვის თვითონ სიტყვა იდეის სხეულია.
მუშაობთ თითქმის ყველა მედიუმში 90-იანებიდან, როგორ ფიქრობთ, რომელ მედიუმში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?
როდესაც რაიმე მინდა განვაზოგადო და დისტანცია გავაჩინო აღმქმელსა და აღქმულს შორის, ამაში ფოტოგრაფია მეხმარება.
ხოლო როდესაც აზროვნების ტალღას მივყვები და ვცდილობ იდეის გრაფიკული სახე მოვნახო, რომ ის შემდეგ სხვა მასალაში გადმოვცე, ეს განსაკუთრებული კოგნიტიური პროცესია და ჩემთვის ყველაზე ახლოს დგას.
რა ხდება თქვენი დაკვირვების ობიექტი ყველაზე ხშირად?
რა მედიუმშიც უნდა იყოს ჩემი ნამუშევარი შესრულებული, ცენტრალური თემა ყოველთვის ადამიანია, არა როგორც კონკრეტული პიროვნება, არამედ ადამიანის ცნობიერება და საერთოდ, თვითშემეცნების პროცესი და წარმომავლობა. შევიმეცნებთ თუ არა სამყაროს ჩვენი გონებით, თუ არსებობს ცნობიერება ჩვენი სხეულის გარეშე, ტანისაგან დამოუკიდებლად?
“ატემ” ერქვა თქვენს Oxygen Tbilisi No Fair-ის ფარგლებში შესრულებულ ნამუშევარს, გვესაუბრეთ მის კონცეფციაზე.
ნამუშევრის ტექსტი ჩემია და ამ ნამუშევარს ისე მოვიაზრებ, როგორც ინსტალაციას კედელზე, ტექსტის შინაარსი ასეთია: “ჩვენ არ ვიცით, საიდან მოდის ჩვენი ცნობიერება”, ხოლო მეორე კედელზე წერია: “ჩვენ არ ვიცით, საერთოდ რა არის ცნობიერება”. გამოფენის Სათაურმა – OXYGEN – განაპირობა ის, რომ ტექსტი გრაფიკულად ისეა დაწერილი, როგორც მოლეკულები უერთდებიან ერთმანეთს. ვფიქრობ, სამეცნიერო ძიების პროცესსა და ხელოვნების ძიების პროცესს საფუძვლად ერთი და იგივე შემოქმედებითი აქტი უდევს.
სიკვდილის ფენომენი ხშირია თქვენს შემოქმედებაში. გვესაუბრეთ ფერწერულ სერიაზე Akasha Chronicle და Ideal Death.
2009-2012 წლების პროექტი ისევ და ისევ ადამიანის წარმომავლობას ეხება და ის ფერწერულ პროექტად გამოიკვეთა, რადგან ამ შემთხვევაში ისეთი ფიზიკური ზედაპირის შექმნა მინდოდა, რომ დრო, როგორც ფუნდამენტური ძალა, კითხვის ნიშნის ქვეშ დამეყენებინა, რომ არ არსებობს წარსული და მომავალი, არამედ ჩვენ აღვიქვამთ სამყაროს ფრაგმენტულად. ამიტომ თვითონ კომპოზიციებს არ გააჩნიათ ცენტრი ან კონკრეტული თემა, არიან ფრაგმენტული და ფიგურები იფანტებიან არა მარტო ზედაპირზე, ასევე სიღრმეში, რადგან შესრულების მასალა გამჭვირვალეა. ამიტომ ეს მასალა აღარ იძლევა იმის საშუალებას, რომ ნახატში რაიმე შეცვალო.
აკაშა ქრონიკა, იდეალური სიკვდილი და სხვა მამა – ამ სერიებში მინდოდა მესაუბრა დროზე და იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ მას, ამიტომ სიკვდილის თემაც და ისეთი იდეები, როგორიც ინდურ ფილოსოფიასა და თეორიულ ფიზიკაში გხვდება, აერთიანებს მათ.
ერთგან აღნიშნავთ, რომ ფერწერაზე დაგეგმილად არ მუშაობთ და რომ პროცესი თქვენთვის ბევრად მნიშვნელოვანია…
როგორც კი ფერწერაზე ვიწყებ მუშაობას, ხშირად ავად ვხვდები, და სანამ ნამუშევარი არ დასრულდება, თავს ცუდად ვგრძნობ. აკადემიაში პირველი წელი გრაფიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ეს იყო საუკეთესო, რაც აკადემიაში განვიცადე. რატომღაც კლასიკური გაგებით ფერწერა არ მიყვარს, იმის შესაძლებლობა, რომ მუშაობის პროცესში ნახატი გაუთავებლად შეგიძლია შეცვალო, შინაგან მოუსვენრობას და დაუკმაყოფილებლობას იწვევს ჩემში. ფერწერის მოსამზადებელი პროცესი ჩემთვის გრაფიკაზეა დაყრდნობილი და ის ისევ ავტომატურ ხატვას ეყრდნობა, რაც ჩემთან უფრო ახლოსაა.
როგორ ფიქრობთ… რა არის იმისთვის საჭირო, რომ ხელოვნება აკეთო?
Drive! შინაგანი მოძრაობა, Მოძრაობა იმისაკენ, რაც ჯერ არ იცი და არც ის ხერხი გისინჯია, რითაც შეძლებ მის პოვნას.
ის შეხედულება, რომ მხატვარი ნიჭიერი უნდა იყოს, ტავტოლოგიაა, რადგან ნებისმიერი ადამიანია ნიჭიერი, მხოლოდ იმაშია განსხვავება, თუ რისკენ მიისწრაფვიან ისინი.
გვესაუბრე Project ArtBeat- ში წარმოდგენილი გამოფენაზე – “ცნობიერი აგენტების პორტალი”.
გამოფენაზე ნაჩვენები ორი ინსტალაცია სპეციალურად Project ArtBeat-ის სივრცისთვისაა გაკეთებული. 7 “ცნობიერი აგენტების პორტალი” არის ალუმინის ფირფიტებისაგან შესრულებული წინადადება. როდესაც ამ ტექსტზე ვფიქრობდი, ჩემს წარმოდგენაში სწორედ ასეთი ფორმით დავინახე, ერთ უწყვეტი ტექსტის ნაკადად, რომელიც თითქოსდა პერსპექტივაშია დანახული.
მეორე ინსტალაციის სათაურია “წინათგრძნობა დაკარგულ საგნებზე” – თვითონ სიტყვა წინათგრძნობა იატაკზეა დამალული, რომ მას ერთი დანახვით ვერ იპოვი, ისე, როგორც ზევით აღვწერე.
ის უფრო სუბიექტურია და 1999 წელში გადაღებულ ფოტოებს მოიცავს.
გამოფენა მინდოდა მსუბუქი და მინიმალისტური ყოფილიყო, ანუ თითოეულ ოთახში მხოლოდ ერთი ინსტალაცია წარმომედგინა.
ტექსტი: “თავისუფალ ნებას აქვს ბიოლოგიური მახასიათებლები, რაც უფრო ხშირად ვიყენებთ, მით უფრო რთული ხდება მისი გამოყენება”.
ჩემს ტექსტებში ხშირად ვეხები ცნობიერებას, თავისუფალ არჩევანს, სივრცეს, დროს, რეალობას. ისინი ხან მეცნიერულად ჟღერს, ხან როგორც ხუმრობა, დარიგება ან კითხვა. აინშტაინი ამბობდა, რომ კითხვების დასმა არ უნდა შევწყვიტოთ. შემოქმედებით პროცესი ჩემთვის, პირველ რიგში, იმის პირობაა, რომ საკუთარ თავს დავუსვა კითხვები და არ მივიღო სამყარო ისე, როგორც თავისთავად მოცემული მოვლენა.
ისიც საკითხავია, იმ პასუხების დახმარებით, რომელსაც ჩვენ ვპოულობთ, რატომ არის შესაძლებელი ფიზიკური კანონების ახსნა?
თბილისში თქვენი ბოლო გამოფენა გალერეა 4710-მა წარმოადგინა
გალერეა 4710-ში ალექსანდრე ბეგლარიშვილთან ერთად შედგა ერთობლივი გამოფენა, სათაურით „მე და შენ, შენ და მე“. გამოფენის სათაური ფაქტობრივად ხსნის მის კონცეფციას, რომელიც რამდენიმე სპექტრს მოიცავს, ფონეტიკური დონიდან ინდივიდუალურ ინტიმურ გამოცდილებამდე, მეობის საკითხიდან მეტა დონემდე – სადაც კითხვა ცნობიერებას და მის საზღვრებს ეხება. ერთ სივრცეში თავმოყრილი ნამუშევრები მოულოდნელად ერთგვარი ეფემერული კავშირით გაერთიანდნენ, იმ ობობის ქსელის მსგავსად, მხოლოდ მზის სხივის მოხვედრისას რომ დაინახავ, ისინიც ამ უხილავი ვიბრაციებით გადასცემდნენ მათში კოდირებულ ინფორმაციას ოთახებს შორის მოარულ ადამიანებს.
„გადააბიჯე ფიზიკური წესების ფარდას, იქ შენ იპოვი ციფრთა სტრუქტურებს რომლებიც ალბათობების უთვალავი ვერსიებისგან ქმნიან იმ ენას, რომლითაც სამყარო გველაპარაკება“.