fbpx

სადაც არ ისმის ეგო – მუსიკოსები, რომლებიც იდენტობას მალავენ


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ ლეჟავა

 

დღეს მუსიკალურ ინდუსტრიასა თუ ყოველდღიურ სოციალურ ცხოვრებაში „იმიჯ მეიქინგი“ და „პერსონალური ბრენდინგი“ ყველასათვის კარგად ნაცნობი და აქტუალური ტერმინებია. არტისტებსაც თავის დასამკვიდრებლად ხშირად წინასწარ განსაზღვრული კონცეფციის მორგება და მის ჭრილში მოქმედება უწევთ. მაშინ როდესაც სოციალურ ქსელებს საზოგადოება ნელ-ნელა გამჭვირვალობის მოთხოვნილებისკენ მიჰყავს, ჩნდებიან მუსიკოსები, რომლებიც თავიანთ მატერიალურ იდენტობას სხვადასხვა მიზეზით სცენის მიღმა ტოვებენ. 

ფრანგი არტისტის, მარსელ დიუშანის ცნობილი სიტყვები – „მაყურებელი ქმნის ნახატს“ ანონიმურობის ერთ-ერთ გავრცელებულ მიზეზს ყველაზე კარგად გამოხატავს. ამ დროს ხელოვანებს სურთ შემოქმედებამ მათ მაგივრად ისაუბროს. აქ მოლოდინი ყოველგვარ ჩარჩოს მიღმაა, მისი ინტერპრეტაციაც სრული თავისუფლებით შეგვიძლია და მელოდიაც თითქოს უფრო პირადი ხდება. ზოგჯერ იდენტობის დაფარვა კონკრეტული გზავნილების  ხაზგასასმელადაცაა საჭირო. ზოგი არტისტისთვის ეს ერთგვარი აჯანყებაა ნარცისიზმის, ვიზუალიზაციის ფეტიშისა თუ დიდებისკენ სწრაფვის წინააღმდეგ. თუმცა, კარგად შეფუთული ანონიმურობა ერთგვარი მარკეტინგული ტექნიკაცაა, რომელიც აუდიტორიის მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.

სტატიაში ხუთ თანამედროვე მუსიკოსზე მოგიყვებით, რომელთა ნიღაბს უკანაც განსხვავებული გზავნილი  და იდეა იმალება. 

 

Burial

ანგელოზები, რეივის შემდეგ დარჩენილი მელანქოლია, ფირფიტაზე მოსრიალე ნემსის შრიალის ხმა, მელოდიურობა, ჰარმონია – ეს ყველაფერი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ამავდროულად, მოკრძალებული და იდუმალი მუსიკოსის – Burial-ის დამახასიათებელი ნიშნებია. მას არასოდეს დაუკრავს აუდიტორიის წინაშე და ინტერვიუს მიცემასაც იშვიათად თანხმდება. თუმცა, ანონიმურობას მისი წარმატებისთვის ხელი არ შეუშლია, მეტიც, მისმა გასაიდუმლოებულმა ვინაობამ მსმენელის ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა.

Burial-ის მუსიკა გამოირჩევა მელოდიური, ემოციური და ინტიმური აკუსტიკური ლანდშაფტებით. თავად მუსიკოსი ამბობს, რომ ხშირად შთაგონებას ბრიტანული საკლუბო მუსიკიდან და კომპიუტერული თამაშებიდან იღებს. მის მუსიკაში გამოყენებული სემპლების უმრავლესობა ვიდეოთამაშებში იარაღისა და ყუმბარების ხმებია. 

Burial-ის პირველი ფოტო 2007 წელს სადებიუტო ალბომ Untrue-ს გამოსვლისას პრესის მასალებთან ერთად გამოქვეყნდა, სადაც გუბეში მისი ანარეკლი ჩანს. დიდი ხნის განმავლობაში ეს მისი ერთადერთი ოფიციალური ფოტო იყო.

მუსიკოსი ანონიმურობას „საიდუმლოს შენახვის დაკარგულ ხელოვნებას“ ადარებს და ამბობს, რომ ანონიმურობა მას და მის მსმენელს მუსიკასთან უფრო აახლოებს. 

მარკ ფიშერთან ინტერვიუში მუსიკოსი ანონიმურობის მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უბრალოდ მშვიდი ადამიანია და ხალხში გამოჩენა არ სურს. 

„მინდა ვიყო უცნობი, რადგან ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ყოფნა მირჩევნია… თავადაც არასოდეს ვინტერესდები, როგორ გამოიყურებიან ადამიანები, რომლებიც ჩემთვის საყვარელ მუსიკას ქმნიან“.

Burial-ის სურვილის მიუხედავად, თანამედროვე მსმენელისთვის მხოლოდ მუსიკით დატკბობა საკმარისი არ აღმოჩნდა და თანდათანობით გაჩნდა მითქმა-მოთქმა მუსიკოსის ვინაობასთან დაკავშირებით. ინტერესი განსაკუთრებით 2008 წელს გაიზარდა, როცა „Untrue“ Mercury Music Prize-ის მოკლე სიაში მოხვდა. გაჩნდა თეორიები – თუ ვინ იდგა ამ საიდუმლოებით მოცული არტისტის უკან. სავარაუდო ვარიანტებად იხსენიებდნენ რიჩარდ ჯეიმსს (aka Aphex Twin), ნორმან ქუქს (aka Fatboy Slim) და კირან ჰებდენს (aka Four Tet). საბოლოოდ კი, 2008 წელს Burial-მა მაისფეისის პოსტში საკუთარი ვინაობა გაამხილა:

„არ მინდოდა ვინმეს ჩემი ვინაობა გაეგო, რადგან მსურდა ყოფილიყო მხოლოდ მუსიკა. ბოლო წელს ანონიმურობა პრობლემად იქცა და ამიტომაც აღარ ვაპირებ დამალვას. ჩემი სახელია უილ ბევანი, მე ვარ სამხრეთ ლონდონიდან“. 

განცხადების შემდეგ Burial-ს არასოდეს განუმარტავს, რა პრობლემები ახლდა თან ანონიმურობის დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვინაობა გაზეთმა Independent-მა და მისმა ლეიბლმა Hyperdub-მაც დაადასტურა და მას შემდეგ ინტერნეტსივრცეში მუსიკოსის რამდენიმე ფოტოც გავრცელდა, იგი დღემდე თანამედროვე ელექტრონული სცენის გამოცანად რჩება.

 

Abul Mogard

სერბეთის ერთ-ერთ ლითონის ქარხანაში დაუზარლად მუშაობდა ადამიანი, რომლის ყოველდღიურობასაც მუდამ თან ახლდა ლითონის დანადგარებისა და ჩარხების ყრუ რიტმული ხმოვანება. როდესაც ის პენსიაზე გავიდა, სახლში დარჩენილმა შეამჩნია, რომ მის ცხოვრებას ქარხნის ყოველდღიური ხმოვანი ატმოსფერო დააკლდა და ამის საკომპენსაციოდ თავად დაიწყო მუსიკის შექმნა. მან სინთეზატორზე ექსპერიმენტებით სცადა აღედგინა მასიური დანადგარების, მჭრელების, ლითონის ჭრიალისა და შიშინის მდუმარე ატმოსფერო. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და მისი ჩანაწერებიც მუსიკალური გამოცემების ყურადღების ცენტრში მოექცა. 

ამ ადამიანს ემბიენთ მუსიკის მოყვარულები (და არამარტო) Abul Mogard-ის სახელით ვიცნობთ. Mogard-ის მუსიკა მისივე ცხოვრების მომხიბვლელ და ენიგმატურ ისტორიას ჰგავს. მისი ჩანაწერები თითქოს ქარხნის ატმოსფეროს გამოძახილია, რომელსაც თან ახლავს ის მარტოობა და მელანქოლია, რომელიც Mogard-ს სამსახურიდან წამოსვლამ დაუტოვა. მოდულარული სინთეზატორისა და Farfisa-ს ორგანის გამოყენებით შექმნილი კომპოზიციები ხმაურის უკიდეგანო მელოდიურობას მოგვაგონებს, რომელიც მსმენელს თითქოს გონებრივად ატმოსფეროდან ასაფრენად ამზადებს. მუსიკოსის შემოქმედებიდან გამოვარჩევდი ალბომს – “Above All Dreams”, რომელიც დენიელ ლოპარტინმა (aka Oneohtrix Point Never) 2018 წლის თავის საყვარელ რელიზად დაასახელა. ეს ონტოლოგიური ესთეტიკის მქონე დელიკატური და ღრმა ჩანაწერია, რომლის მოსმენაც ნისლით დაბურულ სივრცეში მოგზაურობას ჰგავს. ალბომი ნამდვილი აღმოჩენაა მგრძნობიარე და ეფემერული ემბიენთის მოყვარული ადამიანებისთვის.

Burial-ისგან განსხვავებით, Mogard ლაივ პერფორმანსებისგან თავს ბოლომდე არ იზღუდავს. იგი 2018 წელს საქართველოსაც ეწვია და ქართველ მსმენელს კლუბ “ხიდში” მისი მოსმენის საშუალებაც მიეცა. Abul Mogard-ის ლაივები კლუბური ბნელი სინათლითა და სცენაზე ბურუსითაა დამახასიათებელი, რაც არტისტის გარეგნობის დანახვას მსმენელისთვის საკმაოდ ართულებს. თუმცა, მიუხედავად ბნელი განათებისა და სასცენო ეფექტებისა, ცნობისმოყვარე მსმენელმა აღმოაჩინა, რომ მისი სილუეტი სულაც არ ჰგავს იმ მოხუც და ნახევრად გამელოტებულ კაცს, რომლის ფოტოსურათებიც ხშირად ახლავს Mogard-ის ინტერვიუებს. ამან თანდათანობით პერსონაჟისა და ისტორიის გარშემო უამრავი კითხვა გააჩინა, რასაც თან დაერთო ანდერგრაუნდ მუსიკის ფორუმებსა თუ ბლოგებზე მუსიკოსის იდენტობასთან დაკავშირებით არაერთი სპეკულაციური თეორია. მართლაც, თუ არტისტის წარმომავლობის სიღრმისეულ ძიებას დაიწყებთ, აღმოაჩენთ, რომ ეს ისტორია მის მიერ შექმნილი ლამაზი მითია. 

ცხადია, ყველა მითს აქვს იდეა და წარმომავლობა, თუმცა ამ შემთხვევაში დასაბამის ძიება სულაც არაა საჭირო. რა მიზეზიც  უნდა ვეძებოთ, ფაქტია – Abul Mogard-ის მიერ დახატული პერსონაჟი სწორედაც რომ ჰარმონიულ თანხვედრაშია მის მუსიკასთან. 

 

MF DOOM

ემბიენთ მუსიკიდან ჰიპ-ჰოპში გადავინაცვლოთ. ერთ დღეს ლონდონში დაბადებულმა, შემდეგ კი ამერიკაში საცხოვრებლად გადასულმა დანიელ დუმილემ გადაწყვიტა ლითონის ნიღაბს ამოჰფარებოდა და საკუთარი შემოქმედება მსმენელისთვის ასე გაეზიარებინა. Doctor Doom მარველის კომიქსის ბოროტი პერსონაჟია, რომლის შთაგონებითაც  შეინიღბა MF DOOM – „შენი საყვარელი რეპერების საყვარელი რეპერი“. მართლაც, Freddie Gibbs, Nas, Childish Gambino, Tyler, the Creator თუ სხვა გამოჩენილი რეპერები ერთხმად გამოხატავენ აღფრთოვანებას MF DOOM-ის ნამუშევრების მიმართ. თავად მუსიკოსი განსაკუთრებული შემოქმედებითობითა და მზრუნველობით ეკიდებოდა თითოეულ ჩანაწერს და ყოველი მათგანისთვის ახალ პერსონაჟს, სიუჟეტურ ხაზსა და ნარატივს ქმნიდა. მსმენელიც დიდი მონდომებით ელოდებოდა მის ახალ გამოცემებს, თუმცა სამწუხაროდ, ახალი წლის წინა დღეს, 2020 წლის 31 დეკემბერს, დუმილეს ცოლმა საზოგადოებას 31 ოქტომბერს რეპერის გარდაცვალების შესახებ აცნობა. ეს ამბავიც სწორედ მისი იდუმალებითა და მოულოდნელობებით სავსე პერსონაჟის მსგავსად გავრცელდა. მას შემდეგ უამრავი სტატია თუ ინფორმაცია დაიწერა, მე კი შევეცდები ყურადღება ენიგმატური ჰიპ-ჰოპ არტისტის პერსონაჟზე და ლითონის ნიღაბზე გავამახვილო.

საქმე ისაა, რომ აღიარების მოპოვებამდე დუმილემ საკმაოდ წინააღმდეგობრივი გზა გაიარა. მან კარიერა ძმასთან ერთად ჰიპ-ჰოპ ჯგუფის ჩამოყალიბებით დაიწყო. ალბომის გამოცემასაც გეგმავდა, თუმცა რამდენიმე დღით ადრე მისი ძმა ტრაგიკულად დაიღუპა, ლეიბლმა კი მათი ჩანაწერის გარეკანი დაიწუნა და მასთან კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შემდეგ იგი შემოსავლის გარეშე დარჩა და გარკვეული პერიოდი უსახლკაროდაც მოუწია ცხოვრება. თითქოს მუსიკალური ინდუსტრიის კომერციულ ძალებზე შურის საძიებლად იგი ჰიპ-ჰოპ სამყაროს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ლითონის ნიღბით დაუბრუნდა. 

ნიღბით იგი ეწინააღმდეგება მცდელობას – გაყიდო პროდუქტი, როგორც შემსრულებლის პიროვნება და არა როგორც მუსიკა.

დუმილემ რედ ბულის მუსიკალურ აკადემიასთან ინტერვიუში აღნიშნა: 

„მას შემდეგ, რაც ჰიპ-ჰოპი უფრო ფულის გამომუშავების მექანიზმად იქცა, მივიღეთ კორპორაციული იდეები, სადაც იმისათვის რომ გაყიდო ჟღერადობა, წინ მისი ვიზუალი უნდა გამოიტანო. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქმე გვაქვს მუსიკასთან“. 

იგი იშვიათად თანხმდებოდა ინტერვიუების ჩაწერას, თითქმის არ საუბრობდა პირად ცხოვრებაზე, მის ლაივ შესრულებებზე მისულ მსმენელს კი ვერცხლისფერ ნიღაბს ამოფარებული სხვადასხვა არტისტები ხვდებოდნენ. 

დუმილე თავის მსმენელს ეუბნებოდა: „როდესაც მოდიხარ DOOM შოუზე, მოდი იმისათვის, რომ მოისმინო, და არა იმისათვის, რომ ნახო“

 

Mike Banks (Aka Mad Mike)

ვიკიპედიაში მაიკ ბენქსს თუ მოვიძიებთ, მხოლოდ ოთხ პატარა აბზაცს შევხვდებით. ვერც სტატიებსა და ინტერვიუებში ამოვიკითხავთ ვრცელ ინფორმაციას. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ლეგენდარული დეტროიტული მუსიკალური კოლექტივის, Underground Resistance-ს თანადამფუძნებელს ურჩევნია მუსიკამ მის მაგივრად ისაუბროს. 

Mad Mike დეტროიტ ტექნოს მეორე ტალღის სულისჩამდგმელი და ინდუსტრიული ქალაქის ანდერგრაუნდ მუსიკის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელმაც, ფაქტობრივად, 90-იანებში აფრო-ფუტურიზმისა და ანტი-კორპორაციული განწყობების პროცესში დეტროიტის რენესანსი განსაზღვრა. UR-ს მუსიკაზე ავტო-ინდუსტრიულმა ქალაქმა უდიდესი გავლენა მოახდინა. ბენქსი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ სახის დაფარვაც კი ავტომობილების მწარმოებლებისგან ისწავლა: „დეტროიტში ყოველწლიურად ავტო-წარმოდგენები იმართება, სადაც ავტომობილებს თავდაპირველად გადასაფარებლით მალავენ, წარმოდგენის დაწყებისას კი საბურველს ხსნიან. ფაქტობრივად, ჩვენც სწორედ ასე ვქმნით მუსიკას“,

მაიკ ბენქსი ერთადერთი არაა კოლექტივში, რომელიც სახეს იფარავს (James Stinson, Gerald Donald  და სხვები), დაფარული იდენტობა „ცისფერსაყელოიანთა ტექნოდ“ წოდებულ UR-ის მუსიკოსების დამახასიათებელი ნიშანია.  თვითგამოხატვის ასეთი ფორმის უკან კი ორი ძირითადი იდეაა: თავისუფლება და დაუმორჩილებლობა.

UR-ს სურდა პიროვნების იდენტიფიკაციის მნიშვნელობა რასისა და ეთნიკურობის ტრადიციულ საზღვრებს მიღმა დაემკვიდრებინა. 

ღარიბი კლასის აფროამერიკელებზე აქცენტირებით, UR მიზნად ისახავდა შთაეგონებინა შავკანიანები თავი დაეღწიათ დეტროიტში არსებული სიღარიბისთვის და თავიანთი იდენტობისთვის სულ ახალი თვალით შეეხედათ. ამასთან, მათ სჯეროდათ, რომ თუ ეგოს მუსიკის წინ დააყენებ და მიკროფონთან წარადგენ, ხალხი შენს მუსიკას ვეღარ გაიგებს.

UR-ის დაუმორჩილებლობის კიდევ ერთი ფორმა ტექნოს კომერციალიზაციის უარყოფაა. მაშინ როდესაც მუსიკის ყველა ჟანრი სამომხმარებლო გავლენებით იმართებოდა, Underground Resistance მუსიკის კომერციულ ინდუსტრიას სიმართლის თქმითა და თავისუფლების იდეით შეეჭიდა. სწორედ ამ იდეით გააცნო ტექნოს მოყვარულ აუდიტორიას უცნობი და მანამდე იგნორირებული ჩანაწერები. თუმცა, ამ იდეოლოგიის უკანაც რთულია მუსიკის ეკონომიკური ნაწილის უგულებელყოფა. თანაც, ადამიანებს ხშირად არ ესმით, თუ რა  დიდ ძალას აძლევს ხალხს მუსიკალური ინდუსტრია. UR უამრავი აფროამერიკელი დეტროიტელისთვის იქცა მუსიკალურ თავშესაფრად და იმედად, მუსიკის დახმარებით თავი დაეღწიათ იმდროინდელი მძიმე ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობისგან. მაიკ ბენქსი UR-ს წარმატების მთავარ ფაქტორადაც სწორედ ამ ადამიანების შთაგონებას ასახელებს:

„… ვფიქრობ, ადამიანებს UR სწორედ იმიტომ მოსწონთ, რომ იქ თავიანთ თავს პოულობენ. რა თქმა უნდა, ჩვენც შეგვიძლია მათი წარმოდგენები შევქმნათ, მაგრამ ჩვენი ჩანაწერების მოსმენით, ისინი თავად ხატავენ ამ სურათებს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამდენი ხნის განმავლობაში „ვიყიდებით“. ჩვენ უბრალოდ გავაქრეთ სახე, რადგან საჭირო არაა იცოდე როგორ გამოვიყურებით, მთავარია იცოდე რას ისმენ“,

მართლაც, ეგო უნდა გაქრეს, რათა დარჩეს მხოლოდ იდეა. სწორედ ასეთი იდეა ხდება გულწრფელი და უკომპრომისო, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ტექნო.

 

Prince of Denmark / Traumprinz / DJ Healer …

„გულწრფელობის აბსოლუტურად გაუგებარი სიწმინდე”- ასე ახასიათებენ Resident Advisor-ის ერთ-ერთ სტატიაში თანამედროვე ელექტრონული მუსიკის იდუმალ და ღრმა ემოციურობით გამორჩეულ მუსიკოსს, რომელიც ჩვენთვის Prince of Denmark / Traumprinz / DJ Healer თუ სხვა მრავალი სასცენო სახელითაა ცნობილი. Prince of Denmark-ის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი 2011 წლიდან აქვეყნებს მუსიკას, სავარაუდოდ, გერმანელია და 2017 წლამდე დაკავშირებული იყო ცნობილ გერმანულ ლეიბლთან – Giegling, რომელზეც მისი ჩანაწერების დიდი ნაწილია გამოცემული. 

ერთი კონკრეტული დეფინიციით მუსიკოსის შემოქმედების ზუსტი დახასიათება საკმაოდ რთულია, რადგან მისი თითოეული პროექტი ელექტრონული მუსიკის განსხვავებული ჟანრისა და ჟღერადობის სიღრმისეულ და პერსონალურ მოგზაურობას ჰგავს. Prince Of Denmark უფრო ტექნოზე ორიენტირებულია. Traumprinz კი ჰაუსისკენ, რომელსაც თავად მუსიკოსი „თამაშის მოყვარულ ბავშვს“ უწოდებს. DJ Metatron-ისთვის დამახასიათებელია ტრანსი და ბრეიქბითი, ხოლო სენტიმენტალური DJ Healer უფრო ემბიენთ და ექსპერიმენტული ხასიათისაა.

ალბათ სტატიაში მოყვანილი არტისტებიდან DJ Healer ყველაზე მეტად Burial-ს ჰგავს როგორც სიმორცხვით, ისე მუსიკალური სტილითაც. Burial-ის მსგავსადაც პრესისგან თავშეკავებული DJ Healer მსმენელს ვოკალის სემპლებით ესაუბრება. ტექსტების თემატიკა უმეტესად რელიგიურია, ხშირად დაკავშირებულია გათავისუფლებასთან და იმედთან. მელოდია თითქოს დაკარგული წარსულიდან გადმოცემული ხმოვანებაა, რომელსაც Burial-თან წარსულის მელანქოლიისკენ მივყავართ, DJ Healer-თან კი განკურნებისკენ, როგორც ამას თავად არტისტის სასცენო სახელი გვეუბნება.

ერთ-ერთ იშვიათ ინტერვიუში Traumprinz ამბობს, რომ ანონიმურობა, როგორც გარკვეული კონცეფცია სულაც არაა მისთვის სახასიათო. ანონიმურობას იგი სიამოვნებასა და გამოხატვის თავისუფლებას უკავშირებს: 

„რა თქმა უნდა, მსურს გავუზიარო ხალხს ჩემი მუსიკა, თუმცა ჩემთვის ძალიან სენსიტიური იქნება ეს პირადად გავცე… უბრალოდ მინდა ვაკეთო მუსიკა, გამოვიყენო დრო და ვატარო ექსპერიმენტები“. 

მორცხვი ადამიანის სახე, რომელსაც არ სურს მასობრივი რეივის ცენტრად იქცეს, მისი მუსიკის ხასიათს შესანიშნავად ესადაგება. მსმენელსაც უკვე აღარ აქვს მოლოდინი, რომ ოდესმე მის ლაივ შესრულებას იხილავს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ყველასგან გასაკვირად, 2016 წელს მეხიკოში გამართულმა ფესტივალმა უეცრად მისი სახელი დღის განრიგში დაამატა. როდესაც Traumprinz-ის პერფორმანსის დრო მოვიდა, მსმენელს სცენაზე მხოლოდ ძველი კომპიუტერი დახვდა, რომელშიც ნახევარი საათის განმავლობაში არტისტის გამოუქვეყნებელი მუსიკისგან შემდგარი Winamp-ის ფლეილისტი იყო ჩართული. ეკრანზე კი ჩანდა წარწერა – “Believe the hype. Traumprinz loves you”.

ის ფაქტი, რომ Traumprinz-ის ლაივ შესრულებას უზარმაზარ და ბნელ კლუბებში ვერ მოისმენ, მის მუსიკას კიდევ უფრო ინტიმურს ხდის. 

მისი ჩანაწერებისა თუ მიქსების მოსმენის პროცესი ერთგვარი ასოციალური / პერსონალური რეივივითაა, სადაც ადამიანის შინაგანი სამყარო თანდათან იღვიძებს და მუსიკასთან განსაკუთრებით ღრმა პირად კავშირს ამყარებს. 

ეს კავშირი საიდუმლოსავითაა, რომლის გამჟღავნებაც ან არავისთვის, ან მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანებისთვის გინდება. დღესდღეობით კი გაუცხოებულ და ზედაპირულობით მოცულ მსოფლიოს ეს გულწრფელი ემოცია განსაკუთრებით აკლია და განსაკუთრებულად სჭირდება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.