fbpx

2021 – პანდემიის წლის სამი გამორჩეული ალბომი


გააზიარე სტატია

ავტორი: ბექა შათირიშვილი

 

Backxwash – I Lie Here Buried With My Rings And Ashes

Backxwash, იგივე Ashanti Mutinta ზამბიელი რეპერია, რომელიც ამჟამად კანადაში მოღვაწეობს. მისი მუსიკა აერთიანებს აგრესიულ რეპს ინდასტრიალ ხმაურთან და მძიმე მეტალთან. წინა ალბომთან შედარებით მუსიკა კიდევ უფრო ექსპერიმენტულია  და ფესვებს ღრმად იზრდის ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ ქვეჟანრ  horrorcore-ში. ძალიან მარტივად რომ ვთქვა,  ეს ალბომი ყველაფერია, გარდა easy listening-ისა. (ასეთისთვის ერთი პუნქტით ქვემოთ ჩასქროლეთ).

ზოგადად ხსენებული horrorcore-ის იშვიათი ღირსებებისგან შეიძლება ის გამოირჩეს, რომ  ტრაგიკულობასთან ერთად ის რაღაც მხრივ თავშესაქცევიც არის. აი როგორც საშინელებათა ჟანრის ყველაზე კარგი ფილმი. აშანთის ამ ქვეჟანრის სხვა არტისტებისგან ის განასხვავებს, რომ გადმოცემული აგრესია ძალიან რეალურია. რასიზმი, ტრანსმიზოგინია, ძალადობრივი რელიგია, მენტალური დაავადებები, ნარკოტიკების მოხმარება და საკუთარი თავის სიძულვილი, ეს ყველაფერი მუსიკოსის პირადი გამოცდილებებია.

პირველი ორი ტრეკი მსმენელის ერთგვარი შემზადებაა. PURPOSE OF PAIN-ში ვიღაც უცნობი გურუ საუბრობს ტკივილის მიზანზე და ეს საუბარი დაახლოებით წუთ-ნახევარი მეორდება. WALL OF THE BANSHEE კი უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის ალბომის მთელ კონცეპტზე. 

შემდეგ მოდის ალბომის სახელის მქონე ტრეკი, საიდანაც უკვე იწყება და ბოლომდე გრძელდება აშანტის არტისტული შესაძლებლობების მთლიანად წარმოჩენა და ხვდები, რომ ეს ალბომი არაა უბრალოდ გატანჯული ტრანსგენდერი ქალის მემუარული ან ძლიერი პოლიტიკური განაცხადი. 

ძველი, 90-ანი წლების განგსტერ რეპერები მღეროდნენ იმაზე, თუ როგორ აიძულებდა მათ  სისტემა ნარკოტიკების გაყიდვას, რომ ცოცხლები გადარჩენილიყვნენ. TERROR PACKET იმით იწყება, რომ აშანთის ნარკოტიკების გაყიდვა უწევს თეთრკანიანებზე, რომ ჰორმონების ფული გადაიხადოს. ეს ტრეკი ალბათ ყველაზე გამორჩეულია ტექსტის კუთხით. ოჯახისგან და შემდეგ კი რომანტიკული პარტნიორებისგან უარყოფილი ადამიანი:

 

Dad can you help me afford transition?

Disowned through a cell phone

 

/

I am just dick to these hoes

Why do you always assume I’m a top?

I am just dick to these hoes

Until the government says that I’m not.

 

ალბომის ყველა შემდეგ ტრეკში სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება მძიმე მეტალის გიტარის ხმაური, უხეში სინთეზატორები, დასარტყამი ინსტრუმენტების მელოდიური ხმები, აფრიკული გალობა და აშანთი კი თავის მხრივ ახსენებს პოლიტიკოსებს და მილიარდერებს, რომლებიც კვებავენ უბრალო ხალხის შემავიწროებელ სისტემას, ამხელს სასულიერო პირებს, რომლებიც ჰომოსექსუალ ადამიანებს სდევნიან და რეპავს პირად ტრავმებზე

აშანთი მთავარ სათქმელს ბოლოსკენ ინახავს. BURN TO ASHES ლეგენდარული Godspeed You! Black Emperor-ის მუსიკით იწყება, რაც შემდეგ სემპლის სახით მიჰყვება კომპოზიციას. აშანთიმ მთელი დარჩენილი ენერგია ამ ტრეკს დაახარჯა და რეპი იმდენად ინტენსიურია, რომ ასეთ დასასრულს არ ველოდი და სულის მოთქმა მის მაგივრად მე მიჭირს. დიდად არ მიკვირს, რომ ყველაფერი ნათელ ფერებში არ სრულდება და იმედის ნასახი არსად ჩანს. პირიქით, ის იაზრებს ბოლოს სად შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ უხმაუროდ წასვლას არ აპირებს და დასმულ კითხვებზე ერთადერთი პასუხი აქვს – BURN TO ASHES.

 

Floating Points, Pharoah Sanders & The London Symphony Orchestra –     Promises

ცოტა ხნის წინ ანტიდეპრესანტების მიღება დავასრულე და ამ გარდამავალ პერიოდში შფოთვებსა და დეპრესიას მთელი ღირსებებით შევიგრძნობ. უეცრად მოსული ძლიერი დაძაბულობა – თითქოს შენთვის მშვიდად ხარ და უცებ კლდიდან გაგდებენ და/ან ხანგრძლივი ჩაკეტილობისა და უჰაერობის განცდა გიჩნდება, როგორიც მაშინ, როცა წყლის ქვეშ იმყოფები და ზედაპირზე ვერ ამოდიხარ. ეს ყველაფერი მთელი სიმძაფრით განსაკუთრებით დილით გაღვიძებისას მესხმის თავს და მის მერე, რაც ვფხიზლდები და ვიაზრებ ვინ ვარ და სად ვარ, ვცდილობ გავიხსენო ისეთი რა ხდება დღეს ან ახლო მომავალში, რაც მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა და რის გამოც ამ ყველაფრის გაძლება შეიძლება. მაშინ როცა ხელჩასაჭიდს ვერაფერს ვპოულობ, მუსიკას ვრთავ. ამ დროს განსაკუთრებით დავაფასე და შემიყვარდა მუსიკალური ალბომი, რომელზეც ახლა უნდა ვილაპარაკო.

Promises ის იშვიათი ნაწარმოებია, სადაც მუსიკალური სამყაროს სამი სხვადასხვა მიმდინარეობა – ჯაზი, ელექტრონული მუსიკა და სიმფონიური ორკესტრი საერთო მიზნისთვის ერთიანდება. აქ ძველი ხვდება ახალს – Pharoah Sanders, ჯაზის ცოცხალი ლეგენდა და სემ შეფერდი, იგივე Floating points, ახალგაზრდა  ბრიტანელი პროდიუსერი. ალბომი 46-წუთიანი ერთი მთლიანი მუსიკალური ჩანაწერია, რომელიც 9 ნაწილადაა დაყოფილი და თითოეულ ტრეკს მოძრაობები ეწოდება.

ალბომის პირველი ტრეკი, Movement 1 იწყება მკვეთრი, განმეორებადი მუსიკით. რამდენიმე წამიანი სიჩუმე და ისევ ეს უცვლელი მელოდია, რაც ერთგვარი მუსიკალური მოგზაურობის პირველი ნაწილია. მუდმივად განმეორებადი აკორდები თან სდევს მთელ ალბომს. ზოგჯერ ცოტა ხნით ქრება, ზოგჯერ სიმების ხმა უფრო მკვეთრად ისმის, მაგრამ სემ შეფერდი იმდენს შვრება, რომ ეს მელოდია გონებაში გაგიჯდეს და პირველი ეს ხმა ამოგიტივტივდეს, თუ ოდესმე ისევ გაიგონებ ამ მუსიკოსის სახელს. და ზუსტად მაშინ, როცა ყური ეჩვევა მონოტონურ სიმშვიდესა და რიტმულ ჰანგებს, სანდერსი შემოდის თავისი საქსოფონით  და არღვევს წესრიგს. 

აქამდე ხვდები, რომ ალბომი ერთ რიტმში უნდა წარიმართოს. იცი ისიც, რომ რაღაცები შეიცვლება და ელი სიურპრიზებს, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ არ დაირღვევა ამ მოკლე დროში შექმნილი ზოგადი მუსიკალური განწყობა და ატმოსფერო. სანდერსი კი თავისუფალი და სპირიტუალური ჯაზის ვირტუოზი სხვა დღის წესრიგს ამყარებს. თითქოს სემ შეფერდის დაწერილ მუსიკას ლონდონის სიმფონიური ორკესტრი ერთ ოთახში უკრავს, სანდერსი კი სხვა, განცალკევებულ სივრცეში  იმპროვიზირებს და მიუხედავად დაშორებისა და დამოუკიდებლად მუშაობისა, ორი განსხვავებული მუსიკოსის ერთმანეთთან შეუთანხმებელი ქმედება საბოლოოდ გამორჩეულ ნაშრომს ქმნის და სანდერსის საქსოფონი იდეალურ კონტრასტს აღწევს ემბიენთ მელოდიებთან. 

ნაწილებად დაყოფილი ალბომის ყველა ტრეკი თავის ამბავს გიყვება და განსხვავებულად მოქმედებს. Movement 2 და 3 საქსოფონის, სიმებისა და ელექტრონული მუსიკის მონაცვლეობებია. 4-ში სანდერსმა საქსოფონი ცოტა ხნით გვერდზე გადადო და გველაპარაკება. მიუხედავად იმისა, რომ 80 წლის ჯაზის ლეგენდას, რომელმაც თავის დროზე ჯონ კოლტრეინთან ერთად შექმნა  მუსიკა, ბევრი აქვს სათქმელი, ის კომუნიკაციის უჩვეულო ფორმას – ზუზუნს ირჩევს.

მეხუთიდან მერვე მოძრაობამდე სიმები მეტ მნიშვნელობას იძენენ და სემიც თვალსაჩინოს ხდის მის გამორჩეულ კომპოზიციურ ნიჭს.

Movement 6 არის ალბომის პიკი, კლიმაქსის მომენტი, სადაც ლონდონის სიმფონიური ორკესტრი მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და არაამქვეყნიურ მუსიკას უკრავს. ყველაფერი მშვიდად იწყება, ერთ სიმიან ინსტრუმენტზე წყნარი მელოდიის გამეორებით. ნელ-ნელა სხვებიც ერთვებიან საქმეში და ყველაფერი მეტად კომპლექსური ხდება მესამე წუთისთვის, როცა მთელი ორკესტრი უერთდება ერთი სიმის დაწყებულ საქმეს. 

ალბომი სულის შემძვრელი მეცხრე მოძრაობით მთავრდება, რომლის ბოლოშიც ნახევარ წუთიანი სიჩუმეა. მოგზაურობა დასრულდა. კლდიდან გადაგდების აღარ მეშინია. ამის მაგივრად კლდის კიდეზე ვდგავარ და  ჰორიზონტს ვუცქერ. წყლიდან ზედაპირზე ამოსვლას აღარ ვჩქარობ, არამედ როგორც ოკეანეში გადაღებულ ვიდეოებშია, სადაც ცხოვრება ყოველთვის შენელებული კადრებითაა ნაჩვენები, მეც იმ ყველაფრის ნაწილი ვარ და წყალქვეშა სამყაროთი ვტკბები.

 

LINGUA IGNOTA – SINNER GET READY 

LINGUA IGNOTA მულტი ინსტრუმენტალისტისა და კლასიკურად გაწვრთნილი ვოკალისტის, კრისტინ ჰეიტერის სოლო პროექტია. მის ალბომებს მაშინ გადავაწყდი, როცა ვეძებდი რაღაც გამორჩეულად მგზნებარე, მძიმე ნოიზ მუსიკას, რომელიც მთლიანად შემაჯანჯღარებდა და სავარძლის კიდეზე დამტოვებდა. კრისტინი როგორღაც ახერხებს განსხვავებული ჟანრები – ბლექ მეტალი, კლასიკური მუსიკა, ფოლკი, ნოიზ და მძიმე ინდასტრიალი – ერთ ალბომში გააერთიანოს და საოპერო ხმით იმღეროს ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიცაა სექსუალური ძალადობა, მიზოგინია და ჩაგვრა. ეს თითქოს ერთმანეთთან შეუთავსებელი სამი კომპონენტი – მძიმე მუსიკა, ოპერის კლასიკური ხმა და ძალადობა – ისე ჰარმონიულად ქმნის რაღაც არაერთგვაროვან და აქამდე გაუგონარ წმინდა სამებას, რომ ფაქტის წინაშე სანამ დავდგებოდი, ვერ წარმოიდგენდი, თუ როგორ მაკლდა ცხოვრებაში ეს უცნაური კოლაბორაცია.

2021 წელს გამოშვებულ ალბომ SINNER GET READY-ში კრისტინი აპალაჩის მთებიდან წამოსული უცნაური ფოლკით მღერის არცთუ ისე უცნობ თემაზე, როგორიცაა რელიგიური ფანატიზმი. კრისტინმა მისთვის და ზოგადად ყველასათვის მძიმე პანდემიის წელი პენსილვანიის სოფელში გაატარა, სადაც ბევრი რელიგიური დაჯგუფებაა, რომლებიც აქტიურად ავრცელებენ აგრესიულ რელიგიურ სწავლებებსა და პრაქტიკებს.  ამ ალბომის ერთ-ერთი ინსპირაცია ზუსტად ეს გეოგრაფიული ადგილია და ასევე კრისტინის გამოცდილებები –  ის მკაცრ კათოლიკურ ოჯახში იზრდებოდა და ეკლესიის გუნდში მღეროდა. 

მუსიკალური თვალსაზრისით კრისტინი დისტანცირდა წინა ალბომების კომპლექსურობისგან და აქ ძირითადად კლასიკური/ლიტურგიული მუსიკისა და ფოლკის ნაზავია. აღარაა კრისტინისთვის საფირმო ისეთი მძიმე, მანიაკური ინდასტრიალი და იშვიათადაა ხმაურიანი მუსიკა. მოისმენთ მეტ პიანინოს, ბანჯოს, არფას და სხვა ინსტრუმენტებს. კრისტინის სევდა და ოპერული ხმა ისევ აქაა, ყვირილი და აგრესია კი გარკვეულ ტრეკებს ისევ ამშვენებს. 

ალბომის დასაწყისშივე ისმის რელიგიური ქვეტექსტით გაჟღენთილი მოწოდებები – And all who dare look upon me swear eternal devotion. კრისტინი არ ცდილობს მქადაგებლის როლი მოირგოს. პირიქით, ის ააშკარავებს მათ ფარისევლობას, ვინც ღმერთის სახელით ადამიანებს გარკვეული აგრესიული ქმედებებისკენ მოუწოდებენ.  რელიგიური მეტაფორების გარდა ალბომის ბოლო ტრეკში ისმის ქალის საუბარი CNN-ის ჟურნალისტთან, რომელიც ამბობს, რომ კოვიდის არ ეშინია, რადგან ქრისტეს სისხლითაა დაფარული.  ერთ-ერთ კომპოზიციაში კი ცნობილი ამერიკელი ევანგელისტის, ჯიმი სვაგარტის ტელე გამოსვლიდანაა ნაწყვეტი, სადაც ქრისტეს სიყვარულზე ძალიან ემოციურად საუბრობს. ეს ევანგელისტი სერიოზულ სექსსკანდალშია გახვეული. 

SINNER GET READY ბევრ პასუხს სთავაზობს მსმენელს, განსაკუთრებით კი მას, ვინც მკაცრ რელიგიურ ოჯახში გაიზარდა და მისთვის ერთგვარი კათარსისივითაა ალბომი, რომელიც ისევე სავსეა ტანჯვითა და სევდით, როგორც მძიმე, ბრმადმორწმუნეობის გავლენების გამოცდილების მქონე ადამიანი. SINNER GET READY არაა უბრალოდ აგრესიული კრიტიკა ინსტიტუციური რელიგიისა და ბრმადმორწმუნეობისა. ისინი მათ წილ ყვირილს იღებენ, მაგრამ მთავარი იდეა ამ მძიმე რელიგიური ტრავმისგან გათავისუფლებაა. ამ გათავისუფლების პროცესზე კრისტინი ისე გვიყვება, რომ ყველა რელიგიური ტრავმის მქონე მსხვერპლისთვის ახლოა ეს გამოცდილება და ისინი კრისტინში მოკავშირეს ხედავენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ალბომი მძიმედ იწყება –  კრისტინის ყვირილი და პიანინოს კლავიშებზე ძლიერად რტყმა შეიძლება შემაწუხებელი იყოს მსმენელისთვის, თვითონ თემატიკაა ემოციურად დამთრგუნველი და დისკომფორტის მქონე და ისევ კრისტინი მოდის მშველელად. ჩემთვის განსაკუთრებულად გამორჩეული ეს ორი სიმღერაა –  PENNSYLVANIA FURNACE და PERPETUAL FLAME OF CENTRALIA.

ვიდეო ესთეტიკურად ძალიან სასიამოვნოა და ცოტათი ფილმ Midsommar-ის განწყობას ქმნის. კრისტინი მაშინვე ზემოქმედებს შენზე და რთულია რაიმე დაუპირისპირო მის ემოციურ ხმას. შემოთავაზებაზე – DO YOU WANT TO LIVE IN HELL WITH ME? – მხოლოდ ერთადერთი პასუხი არსებობს.

უკეთეს ცხოვრებაში კრისტინი ალბათ ოპერის ჩვეულებრივი მომღერალი იქნებოდა, მაგრამ მისი პირადი ტრაგედიების გამოისობით, ის ახლა რაღაც მიწისქვეშა, შავ-ბნელი ოპერის დედოფალია. ტრაგიკული და სევდიანი, მაგრამ საკუთარი ელვარება და რაც მთავარია ხმა ხომ არ დაუკარგავს. ხმა, რომელიც მას გამორჩეულ არტისტს ხდის და ხმა, რომელიც ტიტანიუმშიც გააღწევს, მისი სათქმელი რომ ყველას გააგონოს.

ძალიან სასიამოვნო იყო იმის აღმოჩენა, რომ კრისტინი ჰამლეტ გონაშვილის ფანია. არ ვიცი ჰამლეტს რამდენად მოეწონებოდა წინწყაროს ბნელი და ექსცენტრიკული ვერსია, მაგრამ მე სიამოვნებით მოვისმენდი კრისტინის ქავერს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.