fbpx

სუპერთასების ირგვლივ…


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

დატვირთული საფეხბურთო გრაფიკი თანმდევი პანდემიით დაძაბულობას მატებს ევროპულ საფეხბურთო სეზონს. თანდათანობით გროვდება გამოტოვებული მატჩები, რის გამოც საჭიროა მათი ჩატარების ახალი თარიღების დადგენა.

იანვარში  გამართულ თუ გადადებულ შეხვედრებს დაემატა გულშემატკივრების წამახალისებელი, მაგრამ ზოგიერთი ტოპ-კლუბისთვის ზედმეტი, ისეთი სავალდებულო მატჩები, როგორიც სუპერთასის პაექრობაა.

იტალიის სუპერთასზე ერთმანეთს „ინტერი“ და „იუვენტუსი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „სან სიროზე“ 30 000 გულშემატკივრის წინაშე გაიმართა და მასპინძლებიც აშკარად უფრო მოტივირებულნი ჩანდნენ სტუმრებთან შედარებით, რომლებიც თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე არც ყოფილან გადამწყვეტი ბრძოლისთვის განწყობილნი, რადგან ეს არა სერია A-ს, არამედ „მხოლოდ“ სუპერთასის მატჩი გახლდათ.

შეხვედრის ძირითად დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს. 25-ე წუთზე ვესტონ მაკენის გოლს მასპინძლებმა ათ წუთში ლაუტარო მარტინესის მიერ პენალტით გატანილი ბურთით უპასუხეს.

სტუმრებს ისე უმძიმდათ თამაში, რომ არც კი გაუპროტესტებიათ საკმაოდ საეჭვო თერთმეტმეტრიანი და იმთავითვე დაეტყოთ, რომ თამაში პენალტების სერიამდე რომც მისულიყო, ამ შემთხვევაშიც სან სიროზე გამარჯვებას ქომაგებით გამხნევებული „ინტერის“ გაცილებით მონდომებული ფეხბურთელები იზეიმებდნენ.

მაგრამ პენალტების სერიამდე თამაშის მისვლას ხელი მეორე ტაიმში შესულმა ალექსის სანჩესმა შეუშალა, რომელმაც ისარგებლა მეტოქის საჯარიმო მოედანზე ალექს სანდროსა და კიელინის შორის გაუგებრობით და მარტივად გადაგზავნა ბურთი სტუმართა გუნდის კარის ბადეში.

სანჩესმა გოლი ბოლო დარტყმით გაიტანა. ჩილელმა ფორვარდმა სიხარულის მაისურის გახდით გამოხატვის გამო იქვე ყვითელი ბარათი დაიმსახურა, მსაჯის საფინალო სასტვენმაც არ დააყოვნა და მატჩიც დასრულდა.

მარტივი ასახსნელია, თუ რატომ არ გამოდგა შეხვედრა დაძაბული. „ინტერი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილის სათავეშია და საკმაო ალბათობით „სკუდეტოს“ წლეულს ხელიდან არ გაუშვებს.

„იუვენტუსის“ კატეგორიის გუნდის დამარცხება კი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მისთვის დამატებითი სტიმულია, რადგან „ინტერს“ წინ რთული ორრაუნდიანი ბრძოლა ელის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლივერპულის“ წინააღმდეგ, სადაც ის ფავორიტად არ მოიაზრება…

მასიმილიანო ალეგრის გუნდის ძალისხმევა უპირველეს ყოვლისა სერია A-ს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისკენაა მიმართული. დანარჩენს, თუნდაც იტალიის თასს, მაგრამ არა ოღონდაც სუპერთასს კი მომავალი გამოაჩენს.

„იუვენტუსისგან“ განსხვავებით, „გასეირნების“ ფუფუნება ნამდვილად არ ჰქონია „ბარსელონას“ თავისი დაუძინებელი მტრის – მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ესპანეთის სუპერთასის უკვე ტრადიციულად სამი მატჩისგან შემდგარ ტურნირზე, რომელსაც გასულ კვირას საუდის არაბეთმა უმასპინძლა.

მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ „ბარსელონა“ შესაძლებლობების ზღვარზე თამაშობდა, „რეალი“ კი ისე მშვიდად და მედიდურად გამოიყურებოდა, თითქოს მისი მეტოქე არა „ბარსელონა“, არამედ  „გრანადა“, „სელტა“ ან „მალიორკა“ ყოფილიყოს.

მატჩის 83-ე წუთზე ლიონელ მესის მემკვიდრე „ათიანმა“ ანსუ ფატიმ ულამაზესი თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა და „რეალის“ საკმაოდ ინერტული თამაშის ფონზე „ბარსელონას“ გულშემატკივრებს მათი სათაყვანებელი კლუბისთვის აგრერიგად საჭირო გამარჯვების იმედიც ჩაუსახა, მაგრამ დამატებითი დროის მე-8 წუთზე მოთელვის მსგავსი მრავალსვლიანი კომბინაცია ვალვერდემ „რეალისთვის“ გამარჯვების მომტანი გოლით დააგვირგვინა და ჩავი ერნანდესის გუნდისთვისაც ყველაფერი დასრულდა, რადგან „ბარსელონა“ „რეალის“ ძლევისგან ისე შორს, როგორც ამჟამად, ალბათ ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა…  

ასეთი შეფასებისას გასათვალისწინებელია „სამეფო კლუბის“ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის გამოცდილებაც, ვისთან შედარებითაც ჩავი ერნანდესი მხოლოდ დამწყებია. გვარდიოლობამდე კი მას დიდი გზა აქვს გასავლელი. ჩავის მისვლის შემდეგ „ბარსელონამ“ გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა, მაგრამ ეს უპირველეს ყოვლისა კონკურენტების არასტაბილური ასპარეზობის შედეგია. ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ლა ლიგის გათამაშებაში „ბარსელონამ“ ოთხი მატჩი მოიგო, სამი ფრედ დაასრულა და ერთში დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ მარცხი „ბარსელონამ“ სატურნირო ცხრილში მესამეადგილოსან „ბეტისთან“ საკუთარ კედლებში იწვნია, მეორეადგილოსან „სევილიასთან“ ფრედ 1:1 დაასრულა მატჩი, ხოლო პოტენციურად სხვებთან შედარებით ძლიერი „ვილიარეალის“ წინააღმდეგ შეხვედრაში კატალონიურ კლუბს მსაჯი დაეხმარა სამი ქულის მოპოვებაში.

თუკი გავიხსენებთ, რომ ჩავის გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზეც ვერაფერი გააწყო „ბენფიკას“ და მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ გადამწყვეტ დაპირისპირებებში და ესპანეთის თასზე რის ვაივაგლახით გაიკვალა მერვედფინალისკენ გზა მესამე დივიზიონის გუნდის გაჭირვებით დამარცხებით, ცოტა არ იყოს, ეჭვი შეგვეპარება „ბარსელონას“ და ესპანური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის კლუბში 2024 წლის ივნისამდე, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე დარჩენაში.

ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალურ მატჩში კი ერთმანეთს მადრიდის „ატლეტიკო“ და ბილბაოს „ატლეტიკი“ დაუპირისპირდნენ. ბასკები პირველი წუთებიდანვე აშკარად მეტ მონდომებას ამჟღავნებდნენ უჩვეულოდ ხშირად მოღიმარი დიეგო სიმეონეს გაწვრთნილ გუნდთან შედარებით, რომლის მთავარი მიზანიც მიმდინარე სეზონში, ტურინის „იუვენტუსის“ მსგავსად, ლა ლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის ტურნირის მეოთხედფინალში გაღწევაა.

მიუხედავად ამისა, შეხვედრის 62-ე წუთზე მადრიდელები დაწინაურდნენ. ჟოაო ფელიქსის თავური დარტყმით ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი ესპანეთის ნაკრების გოლკიპერ უნაი სიმონისგან რიკოშეტით ბილბაოელთა კარის ბადეში აღმოჩნდა.

დაცვითი თამაშით სახელგანთქმული „ატლეტიკოს“ კარში გოლის გატანა მარტივი ნამდვილად არ არის, ხოლო მატჩის ბოლომდე დარჩენილ 30 წუთში ამის გაკეთება ბილბაოელთა მხრიდან მართლაც რომ გმირობის ტოლფასი აღმოჩნდა.

საინტერესოა, რომ მათ ორივე ბურთი „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში მოედანზე ლუის სუარესის გამოსვლის შემდეგ გაიტანეს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ვილიამსის დარტყმული მიწიდან ასხლეტილი ბურთი, რომელიც მეკარე ობლაკისათვის აუღებელი, ხოლო ბილბაოს „ატლეტიკისთვის“ კი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

ამრიგად, სუპერთასის ფინალურ მატჩში ერთმანეთის პირისპირ მადრიდის „რეალი“ და ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული ბილბაოს „ატლეტიკი“ წარდგნენ.

შარშან ბასკურმა კლუბმა სუპერთასი მადრიდის „რეალის“ და „ბარსელონას“ დამარცხებით მოიპოვა, წლეულს კი ამისი უდიდესი სურვილის მიუხედავად, მათ „რეალის“ ძლევა უკვე ვეღარ შეძლეს.

„რეალმა“ მისთვის ტრადიციულად მშვიდად და აუღელვებლად დაამარცხა მეტოქე, ისე რომ მის კართან 100%-იანი საგოლე მომენტი მთელი მატჩის მანძილზე მხოლოდ ერთხელ, 87-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ბალბაოელმა გარსიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

სამაგიეროდ მადრიდელთა მხრიდან ბენზემამ მატჩის 52-ე წუთზე ზუსტად შეასრულა პენალტი, პირველი ტაიმის 38-ე წუთზე კი აუღებელი დარტყმით ლუკა მოდრიჩმა დააწინაურა თანაგუნდელები.

მადრიდის „რეალისთვის“ ეს სუპერთასის მე-12 ტიტულია. ერთით მეტი „ბარსელონას“ აქვს მოპოვებული, მაგრამ მომავალში კატალონიურ კლუბში თუკი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, „რეალი“ სავარაუდოდ ამ ტურნირზეც დაწინაურდება თავის დაუძინებელ მტერთან დაპირისპირებაში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.