fbpx

სამკაულად ქცეული ღვინო, ანუ ღვინის ქვის ამბავი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმნაიშვილი

 

საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ამაში ახალი აღარაფერია. თუმცა ბევრისთვის ალბათ სიახლეა, რომ საქართველოა ასევე პირველი ქვეყანა, რომელმაც ღვინო არა მხოლოდ სასმელად, არამედ სამკაულადაც აქცია. 

 

თამუნა აბულაძე – „Wine Diamond-ის“ დამფუძნებელი:  „ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ღვინო ჩაიდო სამკაულში. ამ სამკაულებს ვამზადებ ღვინის ქვისგან, იგივე ღვინის ბრილიანტებისგან. ყველა ღვინოს აქვს ღვინის ქვა, რომელსაც ის იკეთებს ქვევრში ან იმ ჭურჭელში, რომელშიც მისი დავარგება ხდება. მე ვსწავლობდი ღვინის სკოლაში, სადაც გავიგე ღვინის ქვის არსებობის შესახებ და ის მაშინვე ძალიან მიმზიდველი გახდა ჩემთვის. თუმცა, მიუხედავად ამისა, თვითონ ეს იდეა სრულიად შემთხვევით მოვიდა. ერთი ადამიანი მთხოვდა კონკრეტული ბუნებრივი ქვისგან რაღაც ნივთის დამზადებას, რასაც მე არ ვაკეთებ და ვიხუმრე, ამ ქვისგან არა, ღვინის ქვისგან გავაკეთებ-მეთქი. და აი, მომენტალურად გავჩერდი ჩემსავე ნათქვამზე. 

იმ წუთიდან ეს აზრი შემიჩნდა. დღე და ღამე ვფიქრობდი, როგორ ჩამედო ღვინის ქვა სამკაულში. არავის სჯეროდა. მეუბნებოდნენ, რომ ღვინის ქვის სტრუქტურიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო მისი სამკაულად ქცევა. თუმცა მე ეს ყველაფერი  უფრო დიდ მოტივაციას მაძლევდა. თვეები ვმუშაობდი, ვატარებდი ექსპერიმენტებს და საბოლოოდ მაინც მივაგენი ტექნიკას. 2021 წლის 19 მარტი იყო ის დღე, როცა პირველი ღვინის სამკაული გამომივიდა.“         

ღვინის ქვა არის კალიუმის მარილები, იგივე ტარტრატები, რომლებიც გამოიყოფა სითხიდან კრისტალების სახით. ის წარმოიქმნება ღვინის გაცივების დროს ჭურჭელში და ეკვრის მის კედლებს. რაც უფრო მაღალმჟავიანია ღვინო, მით მეტ ღვინის ქვას, მეღვინეებისთვის კი მეტ საზრუნავს აჩენს, რადგან ქვევრისა თუ ცისტერნის გარეცხვისას მისი მოშორება არც ისე მარტივია. 

  „ღვინის ქვა ჭურჭლიდან ამოდის სველ მდგომარეობაში. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ მაშინვე მოხდეს მისი გაშრობა, შემდეგ კი უკვე იწყება მისი სამკაულად ქცევის პროცესი. ვმუშაობ თითებით, არ ვიყენებ არანაირ ინსტრუმენტს. წინასწარ გამზადებულ ვერცხლის ფორმებში ჩემ მიერ შექმნილი ტექნიკით ვდებ ღვინის ქვას.

აქ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რომ ქვამ თავისი ბზინვარება და ბუნებრივობა არ დაკარგოს. როდის უნდა გავჩერდე, ამასაც თითებით ვგრძნობ. ყველა ღვინის ქვა განსხვავებულია. საფერავიც კი, რომ შევადაროთ, მაგალითად, თელავის და მუკუზანის, განსხვავებული ტონებია. და რაც მთავარია, ერთი ღვინის ქვაც რომ ავიღოთ, სხვადასხვა სამკაულში ერთნაირად არ ჯდება. შესაბამისად, თითოეული სამკაული ერთადერთი და უნიკალურია.“

 

2020 წლის საფერავი 

 

2021 წლის მუკუზნის საფერავი 

 

2019 წლის ქისი

 

2021 წლის ვარდისფერი რქაწითელი

„ჩემთვის ეს სამკაულები არ არის მხოლოდ სამკაული. ღვინის ქვით მე, შეიძლება ითქვას, რომ უკვდავვყოფ იმ კონკრეტული წლის კონკრეტულ მოსავალს. თანაც, მე ყველა ქვა მაქვს ძალიან ლიმიტირებული რაოდენობით. ეს შეიძლება იყოს 50-100 გრამი. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ეს მარაგი ამოიწურება, ის კონკრეტული ქვა ბუნებაში აღარ იარსებებს. შესაბამისად, ყოველი წლისა და მოსავლის ღვინის ქვა თავისი ისტორიის მატარებელია და თავის მხრივ, უნიკალური. ამიტომ  ყველა ნამუშევარს ყოველთვის ხელით ვაწერ, რომ ეს არის ამა და ამ წლის, ამა და ამ მოსავლის ღვინის ქვით შექმნილი სამკაული და თქვენ ატარებთ ამ ისტორიას.“


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.