fbpx

Re-ქავერი / Meg Myers – Running Up That Hill


გააზიარე სტატია

ავტორი: ლაშა გაბუნია

 

ლეგენდარული ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი და მოცეკვავე ქალი კეიტ ბუში გამორჩეულად ნიჭიერი მუსიკოსია. იგი ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. ბუშმა მუსიკის წერა 11 წლის ასაკში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი 1978 წელს გამოვიდა. პირველი ჩანაწერების გაკეთებაში მას მეგობარი, დევიდ გილმორი ეხმარებოდა. კეიტის ეკლექტურმა და ექსპერიმენტულმა მუსიკალურმა სტილმა და არატრადიციულმა ლირიკამ დიდი გავლენა იქონია სხვადასხვა მუსიკოსზე. 1985 წელს კეიტ ბუში ჟურნალ NME-ს რუბრიკაში „სად არიან ახლა ისინი“ მოხვდა. ამ პუბლიკაციის გამოქვეყნებიდან 2 დღის შემდეგ მომღერლის პირველი სინგლი გამოვიდა, რომელსაც მსმენელი მთელი სამი წელი ელოდა. წინა ფირფიტის, The Dreaming-ის, ანუ „სიზმრად“, ლონდონის ერთ პატარა სტუდიაში ჩაწერის შემდეგ ბუშს ნერვები აღარ უვარგოდა, თან ნამუშევარი კარგად ვერ გაყიდა. ამიტომ გადაწყვიტა, მომდევნო ალბომი სულ სხვანაირად გაეკეთებინა. 

პროფესიით ექიმმა მამამ ქალიშვილს გარემოს შეცვლა ურჩია. ბუშმა დაუჯერა და იამაიკაზე გაფრინდა. არც ეს აღმოჩნდა საკმარისი და მომღერალი მთელი 3 წლით გაუჩინარდა. იგი განაგრძობდა მუსიკის წერას, უბრალოდ, ზეპურ საზოგადოებას და ჟურნალისტებს ნაკლებად ეკონტაქტებოდა. ბუში ლონდონიდან ქალაქგარეთ, ისტ-ვიკჰემში გადასახლდა, სწორედ იქ, სადაც დაიბადა და ბავშვობა გაატარა. კეიტი ამ ცვლილებით ძალიან კმაყოფილი იყო და გადაწყვიტა, იქ პროფესიული  სტუდიაც გაეკეთებინა. მისი ძირითადი ნაწილი ბეღელში განათავსა, ხოლო ერთი ჩამწერი ოთახი – ბოსელში. ბუშის სტუდიის ფანჯრიდან ხეობის შესანიშნავი ხედი იშლებოდა. მუსიკოსს არავინ აჩქარებდა: იგი ბევრს სეირნობდა, სამზარეულოშიც საქმიანობდა, მღეროდა, ცეკვავდა, უვლიდა ბაღს და საღამოობით ფორტეპიანოს მიუჯდებოდა ხოლმე. ერთ ღამეში დაწერილი სიმღერა, Running Up That Hill (A Deal With God), ანუ „გორაკზე ასვლა (გარიგება ღმერთთან)“ გახდა ზუსტად ის პირველი სინგლი, რომელზეც ზემოთ აღვნიშნე. 

მისი შინაარსი მუსიკოსმა ინტერვიუში განმარტა: „ესაა სიმღერა იმაზე, თუ რა ძლიერად უყვართ კაცებს და ქალებს, მაგრამ ერთმანეთის არ ესმით და ერთმანეთს ვერასოდეს ბოლომდე ვერ გაუგებენ. მათ რომ ადგილების გაცვლა შეეძლოთ, უფრო მარტივად იქნებოდა საქმე. სიმღერის ლირიკულ გმირ ქალს სწორედ ასეთი გარიგება უნდა დადოს ღმერთთან“. საინტერესოა, რომ კეიტმა სწორედ ამ სიმღერაზე და ზოგადად, ალბომ Hounds Of Love-ზე, „სიყვარულის მწევრებზე“ მუშაობისას დაიწყო  ე.წ. მამაკაცური საქმიანობა, – იგი გაერკვა მუსიკალურ კომპრესორებში, გეიტებში თუ ემულატორებში. მუსიკოსი თავად ხელმძღვანელობდა ჩაწერის პროცესს. 

სიმღერას თავდაპირველად ერქვა A Deal With God, „ღმერთთან გარიგება“, მაგრამ ლეიბლმა EMI-მ მუსიკოსი გააფრთხილა, რომ ასეთი სათაურის სიმღერა შემოქმედებითი თვითმკვლელობა იქნებოდა, რადგან მას კათოლიციზმის მიმდევარი ათეულობით ქვეყნის რადიო ეთერში არ გაუშვებსო. კეიტმა ეს რჩევა გაითვალისწინა. ალბომი 1985 წლის აგვისტოში გამოვიდა და იგი მუსიკოსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი აღმოჩნდა. 2012 წელს კი სიმღერა ლონდონის ოლიმპიადის დახურვაზე აჟღერდა, ოღონდ მუსიკოსი მაყურებლის წინაშე არ გამოჩენილა. „გორაკზე ასვლა“ გადაამღერეს ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: Placebo, Within Temptation, ტორი ეიმოსი და სხვები.

მე ძალიან მომწონს ალტერნატიულ როკსა და ინდი მუსიკაში მომუშავე ამერიკელი გოგონას, მეგ მაიერსის ვერსია. სიმღერა მუსიკოსმა სინგლის სახით 2019 წელს გამოსცა და იგი ამერიკული ჩარტების ლიდერიც გახდა. მეგ მაიერსი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, საკუთარ სიმღერებსაც წერს და რამდენიმე ინსტრუმენტზეც შესანიშნავად უკრავს. დღემდე ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მის მიერ გადამღერებული Running Up That Hill „ბილბორდისა“ და „ალტერნატიული სიმღერების“ ჩარტებში პირველ ადგილზე მოხვდა. მისი ანიმაციური კლიპი კი ორი ტექნოლოგიის – ბავშვების ათასობით ნახატის გაცოცხლებითა და გაანიმაციურებული ვიდეოს შერწყმით გაკეთდა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.