fbpx

იანვრის სახელოვნებო აფიშა


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

არაპროგნოზირებადი კოვიდრეალობის მიუხედავად, რომელიც მუდმივად ცვლის კულტურული ღონისძიებების, განსაკუთრებით კი სპექტაკლებისა თუ კონცერტების განრიგს, წარმოგიდგენთ იანვრის სახელოვნებო აფიშას. 

 

სოლიკო ვირსალაძის რეტროსპექტული გამოფენა 

სოლიკო ვირსალაძის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 14 იანვარს გაიხსნა. სოლიკო ვირსალაძე იყო მხატვარი და სცენოგრაფი, რომლის შემოქმედებამაც უდიდესი კვალი დატოვა ქართულ ხელოვნებაში. ის ორმოცდაათი წლის განმავლობაში იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის უცვლელი მხატვარი, რომლის შემოქმედებამაც  დიდი როლი ითამაშა ქართული ნაციონალური ბალეტის წარმატებაში. 

მხატვარი, რომელსაც მოიხსენიებდნენ როგორც “თეატრის ჯადოქარს“, „ფერთა სიმფონიის დიდოსტატს“ და „თეატრის რომანტიკულ რაინდს“, თბილისში 20 წლის შემდეგ პირველად გამოიფინა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ვირსალაძის 200-მდე ნამუშევარი, სუხიშვილების არქივის კოსტიუმები და საარქივო მასალები სოლიკო ვირსალაძის სახლ-მუზეუმიდან. 

 

ლევან ხარანაულისა და ზეინაბ ბარნოვის გამოფენა

ლევან ხარანაულის და ზეინაბ ბარნოვის გამოფენა-გაყიდვა იანვრის ბოლომდე გაგრძელდება ღვინის ქარხანაში. გამოფენაზე, რომელსაც წარმოადგენს “ცალკე-სივრცე”,  იხილავთ ლევან ხარანაულის ფერწერულ ნამუშევრებს  და ზეინაბ ბარნოვის ქართული ტრადიციული ხელოვნების ნიმუშების დეტალების მოტივებზე შექმნილ და თანამედროვე ფორმებში მოქცეულ გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრებს  და ფოტოგამოფენას.

 

ზიანისგან დაცული

გალერეა 4710-ში წარმოდგენილია ანკა ბოჭორიშვილის პირველი სოლო შოუ „ზიანისგან დაცული“.  ექსპოზიციაშია  ხელოვანის მიერ სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც სპეციალურად გამოფენისთვისაა შექმნილი. 

გამოფენის მთავარი ხაზი ანკა ბოჭორიშვილის მხატვრული სტილია, რისი მეშვეობითაც არტისტი თავის შექმნილ სამყაროზე და მის ბინადარ პერსონაჟებზე გვიყვება.

გამოფენა 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

სამეფო უბნის თეატრი

სამეფო უბნის თეატრში 21 და 22 იანვარს ნინო ხარატიშვილის სპექტაკლი “მსახურთა შემოდგომა” გაიმართება. 

პიესა, რომლის ავტორი და რეჟისორიც ნინო ხარატიშვილია, გვიყვება სამოქალაქო ომზე, მის გავლენაზე პიესის გმირებზე – სამ მსახურ ქალზე – და მათ შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე. 

აღწერაში ვკითხულობთ: გენერალი – ქვეყნის პირველი პირი და ამ სახლის ბატონი – გაქცეულია. ყველამ თავს უშველა სამი მსახურის გარდა – მზარეული რინა, მოახლე კაელა და ხელის გოგო ლუსი მარტო დარჩნენ. მიუხედავად რინას და კაელას მცდელობისა, ომი მაინც იჭრება დახშულ ფანჯრებსა და ჩარაზულ კარში, შეაღწევს სამყაროსგან მოწყვეტილი ქალების გონებაში. კაელასა და რინას შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ლუსი სათამაშოდ გადაიქცევა; მეტოქეები არ ერიდებიან არავითარ შეურაცხყოფასა და დამცირებას ერთმანეთის გასატეხად. უსაფრთხო და დაცული ადგილი, სახლი, თანდათან ემსგავსება ბრძოლის ველს, საიდანაც თავის დაღწევა სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება.

სპექტაკლში მონაწილეობენ ნინო ბურდული, ნატუკა კახიძე და ნატა მურვანიძე.  პიესა, რომელიც გერმანულადაა დაწერილი, ქართულად ანა კორძაია-სამადაშვილმა თარგმნა. სცენოგრაფია იულია ნოვიკოვას ეკუთვნის,  კოსტიუმების ავტორები კი გუნა მაიერი, ნინო ნუცა ჭყონია და ავთანდილ მოდებაძე არიან. 

კიდევ ერთი სპექტაკლი, რომელიც თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა სამეფო თეატრის რეპერტუარს, ნიკა თავაძის მიერ დადგმული “მოახლეებია”. 26 და 27 იანვარს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები – ნინო კასრაძე, ნატა მურვანიძე და ბაია დვალიშვილი ითამაშებენ ჟან ჟენეს პიესას. 

 

მუსიკის ჰანგები

კიდევ ერთი პრემიერა, რომელიც წლის ბოლოს უნდა გამართულიყო, თუმცა თარიღმა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით გადაიწია, “მუსიკის ჰანგებია”. ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დავით დოიაშვილი საკულტო  მიუზიკლს აღადგენს. იანვრის ბოლომდე სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებები გაიმართება. ახალი თეატრის მსახიობებთან ერთად, სპექტაკლში მონაწილეობას მუსიკალური პროექტის – “რანინას” სხვადასხვა სეზონის მონაწილეები მიიღებენ.  მსახიობები საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსების თანხლებით და ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით შეასრულებენ მუსიკალურ ნომრებს.

 

კინოთეატრი “ამირანი” გასული   წლის ბოლოს გამოსულ ტიტულიან  და გახმაურებულ ფილმებს გვთავაზობს. 

იანვრიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია ალექსანდრე კობერიძის ფილმის – “რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ” ნახვა. სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრიზით მრავალჯერ დაჯილდოებული ფილმი, რომელსაც ქართველი მაყურებელი განსაკუთრებით ელოდა, საერთაშორისო და ადგილობრივი  ფესტივალების შემდეგ გაქირავებაში გამოვიდა. 

კინოთეატრ “ამირანში” პოლ ტომას ანდერსონის ბოლო ნამუშევრის, “ძირტკბილას პიცას” ნახვა შეგიძლიათ. აღსანიშნავია, რომ სურათის ორივე მთავარი გმირის შემსრულებლისთვის, კუპერ ჰოფმანისთვის და ალანა ჰაიმისთვის,  ეს ფილმი სამსახიობო დებიუტია. დებიუტანტ მსახიობებთან ერთად კი ფილმში ამერიკული კინოსა და მუსიკის ვარსკვლავები – ტომ ვეიტსი, ბრედლი კუპერი და შონ პენი თამაშობენ.

კიდევ ერთი გამორჩეული ფილმი, რომლის ნახვაც “ამირანის” დიდ ეკრანზე შეგიძლიათ, პედრო ალმოდოვარის ბოლო ნამუშევარია. ესპანელი რეჟისორის ფილმში     “პარალელური დედები” სხვა მსახიობებთან ერთად ალმოდოვარის ორი მუზა თამაშობს – პენელოპე კრუსი და როსი დე პალმა. ფილმის ნახვა ესპანურად, ქართული სუბტიტრებითაა შესაძლებელი. 

ფრანსუა ოზონის ფილმი “ყველაფერი რიგზეა” კინოთეატრ “ამირანში” 20 იანვრიდან გამოვა. ფილმში  მამა-შვილის როლს ანდრე დუსოლიე და სოფი მარსო ასრულებენ. ემანუელ ბერჰემის ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვით შექმნილი ფილმი 85 წლის კაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც შვილს ევთანაზიას სთხოვს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.