ფრანგი ოთარაანთ ქვრივი – La veuve francaise d’Otar
ავტორი: ლექსო ლობჟანიძე
ბრიუსელში მოღვაწე ფრანგი ესეისტი და მწერალი მარგერიტ იურსენარი ერთ-ერთ ინტერვიუში ფემინიზმზე საუბრისას ამბობს, რომ საზოგადოება ქალს მხოლოდ ორი მხრიდან აღიქვამს:
1) ქალი, რომელიც კაცის პერსპექტივაშია და
2) ქალი, რომელიც უპირისპირდება კაცს.
ფრანგი მწერლის ეს კლასიფიკაცია მისსავე მხატვრულ ნაწარმოებში მკაფიოდ გამოჩნდა, რომელსაც „ქვრივი აფროდისია“ ჰქვია.
მოთხრობის სათაურიდანვე ნათელია, რომ ტექსტის პროტაგონისტი დაქვრივებული ქალი აფროდისიაა. თხრობა მისი საყვარლის ბიოგრაფიითა და თვისებების აღწერით იწყება, რასაც მოგვიანებით ქმრის, მღვდლის ისტორიები ანაცვლებს.
ერთი შეხედვით, ინკიპიტში საქმე ტრადიციულიტროპული მეტყველების ნაწილებთან, მეტაფორასთან და ალუზიასთან გვაქვს, თუმცა იურსენარი არ არის ავტორი, რომელიც მხოლოდ მხატვრულ ხერხებში ოპერირებს. მწერლის მოთხრობებზე მსჯელობისას დანაშაულია უგულებელყო მისი ენის პოლიტიკური თუ სოციალური განზომილება.
იურსენარის ენობრივი პოზიცია, რომლითაც ის წერს, იმის გამომხატველია, რომ აფროდისია ვერემანსიპირებული ქალია. იგი ვერ ქმნის დამოუკიდებელ ენას, ვერ აღწერს საკუთარ თავს, შესაბამისად, ის დეპერსონიზებულია და, შეიძლება ითქვას, რომ მთელი მოთხრობის განმავლობაში მას მხოლოდ ორი პერსპექტივიდან ვკითხულობთ და აღქმის ეს ორივე პერსპექტივა, როგორც ზემოთ ვთქვით, კაცის თვალსაწიერს ეკუთვნის.
აღნიშნული მოთხრობის კითხვისას ნებისმიერ ქართველ მკითხველს ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ გაახსენდება. გარდა საერთო ტრაგედიისა, აფროდისიასა და ოთარაანთ ქვრივს ერთი რამ აქვთ საერთო და ეს მოთხრობების სათაურების სიმბოლო-სიგნიფიკატებია. ორივე ტექსტში მთავარი პერსონაჟების განსაზღვრებად ზედსართავი სახელი „ქვრივი“ გვხვდება, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ქალი, ქმრის გარდაცვალებისდა მიუხედავად, ჯერ კიდევ მის საკუთრებად აღიქმება.
უნდა ითქვას ისიც, რომ ილია ჭავჭავაძის ტექსტში ეს უფრო მძაფრად აღიქმება, რადგან არა თუსათაურში, არამედ მთელ მოთხრობაში ერთხელაც კი არ არის ნახსენები, რა ჰქვია ქალს. მისი ქმრის სახელს კი მთხრობელი გვაუწყებს, თუმცა მოქმედების დაწყების მომენტში თევდორე უკვე ოცი წლის მკვდარია და არავითარ როლს არ ასრულებს ფაბულის განვითარებაში. მსგავსია თანასოფლელების მხრიდან აფროდისიას აღქმაც. კულმინაციურ სცენაში ბებერი ბასილი მას „მღვდლის ქვრივით“ მიმართავს.
ნაწარმოების ფემინისტური წაკითხვისთვის ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ იურსენარი მაქსიმალურად ცდილობს მხატვრული ტექსტის ტოპოსი პატრიარქალური ელემენტებით დატვირთოს, რაც იმაში გამოიხატება, რომ სოფელში საერთოდ ვერ ვხვდებით პირველ ან მეორეხარისხოვან ქალ პერსონაჟებს, თუ არ ჩავთვლით პროტაგონისტს. ისინი ტექსტში მხოლოდ წამიერად და უმნიშვნელოდ ჩნდებიან, რასაც ვერ ვიტყვით მამაკაც პერსონაჟებზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ სიცოცხლე დაასრულეს, ისინი მხატვრულ რეალობაში მუდმივ და უძრავ სტრუქტურებად ჩნდებიან, რითიც სიკვდილის შემდეგ მაოხრებელ გზირს ემსგავსებიან.
თითოეულ ტექსტს ნებისმიერი იდეოლოგია რომ თავის სასარგებლოდ თარგმნის, ეს სიახლე არაა. ლიტერატურის თეორიაში გასული საუკუნიდან გვმართებს ფემინისტურ კრიტიკასაც ისეთივე ანგარიში გავუწიოთ, როგორსაც სხვა იდეოლოგიებსა თუ კონცეფციებს ვუწევთ. როგორც წესი, ფემინისტური კრიტიკა ქალ ავტორებზე, ქალ პერსონაჟებსა და წერის ქალურ სტილზე საუბრობს, თუმცა ჩემი ღრმა რწმენითა და სურვილით, მჯერა, რომ ლიტერატურა თავისი არსით, მიზნითა თუ ფორმით გენდერნეიტრალურია. ეს კი იმდენადაა ასე, რამდენადაც ყველა ქალშია, პირობითად, რაღაც კაცური და პირიქით.
გამომდინარე იქიდან, რომ, ტექსტის მრავალშრიანობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ის სხვადასხვა გადმოსახედიდან წავიკითხოთ, მაინც ვფიქრობ, რომ მისი არასწორად წაკითხვის საფრთხე დიდია. განსაკუთრებით იმ სივრცეში, რომლის საგანმანათლებლო სისტემის მიზანი განათლების დოკუმენტის დონეზე ლიბერალური ღირებულებების მქონე მოსწავლის ჩამოყალიბებაა. ვაჟა-ფშაველას “ალუდა-ქეთელაური”, ჯემალ ქარჩხაძის “იგი”, გოგლა ლეონიძის “მარიტა” მიხეილ ჯავახიშვილის “ეშმაკის ქვა” და კიდევ რამდენი ნაწარმოები ემსახურება სკოლებში ინდივიდუალიზაციის პროცესს. თითოეულ აქ ჩამოთვლილ ტექსტს თავისი თემა და იდეა გააჩნია და ეს არაა მხოლოდ საზოგადოებისა და ინდივიდის დაპირისპირების თემატიკა.
აგრეთვე, დაუშვებლად მიმაჩნია “ქვრივი აფროდისიას” წაკითხვა საზოგადოება vs ინდივიდის ოპოზიციაზე დაყრდნობით. ცხადია, არ უნდა უარვყოთ, რომ ნაწარმოებში სისტემისა და ინდივიდის აშკარა დაპირისპირებას ვხვდებით, თუმცა ეს არაა მოდერნისტული დაპირისპირება ბრბოსა და ადამიანს შორის. ჩვენ აქ ვხვდებით საზოგადოებას, რომელიც პატრიარქალური სულისკვეთებითაა ფორმირებული. სწორედ მათი პატრიარქალური ყოფიერება განსაზღვრავს პერსონაჟთა ცნობიერებას. სწორედ ეს მჩაგვრელი სტრუქტურა აიძულებს ქალს ადიულტერს, ჩუმად ყოფნას, საყვარლის მოჭრილი თავის მოპარვას, დამალვას, სიკვდილს და ასე შემდეგ.
ამ მხრივ, აღსანიშნავია მწერლის მხრიდან იმის მცდელობაც, რომ ტექსტში კონსერვატული ღირებულებებით გამსჭვალული ტრადიციონალისტური სივრცე შეიქმანს. მოქმედება პერიფერიაში ვითარდება, სადაც მკვლელობა მკვლელობად არ აღიქმება, იქ ისევ პირველყოფილური შურისძიების კანონები მოქმედებს, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ცივილიზაციისგან აქაური ცხოვრება შორსაა. ამასთან ერთად კი, ქალის გადაწყვეტილებებს უფრო აკნინებს ის ფაქტი, რომ მთავარი პერსონაჟი სასულიერო პირის ცოლია.
წერილის ძირითად ნაწილში იურსენარის ინტერვიუდან კლასიფიკაციის მხოლოდ პირველი თეორია გავიაზრეთ, თუმცა არანაკლებ საინტერესოა ქალის, როგორც კაცის ოპოზიციის გამოვლინება მოთხრობაში. აფროდისია უპირისპირდება ტრადიციულ ღირებულებათა სისტემას, არ აღიარებს გლეხი კაცების გადაწყვეტილებას, უპირისპირდება ბებერ ბასილს და არ უარყოფს თავის სიყვარულს. სწორედ ამის შემდეგ იწყება აფროდისიას ერთგვარი ოდისეა, რომელიც არც თუ ისე სახარბიელოდ სრულდება.
ტექსტის ფინალურ ეპიზოდში აფროდისიას რეფლექსია ერთგვარი სიზიფესეული პროცესია. ის გარბის ბილიკზე, რომელიც ქალის რთული ცხოვრებისეული გზის მეტაფორად შეიძლება აღვიქვათ, რადგან რაც უფრო წინ მიიწევს, ფერდობი უფრო მეტად დამრეცი, ბილიკი ქვა-ღორღლიანი, ბილიკზე დაყრილი ქვები კი უფრო და უფრო სისხლიანი ხდება:
„უცებ ფეხქვეშ ქვა გამოეცალა და უფსკრულშიჩავარდა, თითქოს გზა უჩვენაო” – წერს ავტორი. დიახ, ფემინიზმი ეს გზაა, ზოგისთვის რომ გრძელია, ზოგისთვის კი რევოლუციის მსგავსად დაუსრულებელი. მწერლის ეს მოთხრობა კი ერთგვარი საგზაო ნიშანია, რომელიც გვაფრთხილებს, რომ ბუნებამ, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, პატრიარქალური წნეხისგან თავის დასაღწევად შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გზა – სიკვდილი დატოვოს.