fbpx

ბრენდინგი და ლოგოები – კომპანიების ვიზუალური ანარეკლი


გააზიარე სტატია

ავტორი:  ნინკა მამულაშვილი

 

ლოგო ბრენდის ვიზუალური ანარეკლია, რომელიც გარკვეულ  იდეებს და კონცეფციებს მოიცავს. ყველა ლოგოს თავისი წარმოშობის და შთაგონების ისტორია აქვს, ზოგი სიმბოლურია, ზოგი ფარულ არქეტიპებზე, ზოგი კი ბრენდის ღირებულებებზე, ტრადიციებზე და სხვადასხვა მითებზეა დაფუძნებული.

ლოგო ბრენდის სარეკლამო აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილია. კარგად შემუშავებულ ლოგოს დიზაინს შეუძლია კომპანიას უნიკალური იდენტობა შესძინოს, რომელიც მას კონკურენტებისგან განასხვავებს, რაც ბრენდს სამიზნე აუდიტორიისთვის სწრაფად ამოსაცნობს ხდის. ზოგიერთი ლოგო მარტივი დიზაინითა და შინაარსით გამოირჩევა,  სხვები უფრო კომპლექსურობით, თუმცა მათ ერთი რამ აქვთ საერთო: თითოეული მათგანი ცდილობს ბრენდის ან კომპანიის მესიჯი უთქმელად გამოხატოს. 

Adidas-ი მეორე უმსხვილესი სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელია Nike-ს შემდეგ. თუ კი Nike-ს ლოგო და კონცეფცია ბერძნული მითოლოგიით არის შთაგონებული, კერძოდ, გამარჯვების ქალღმერთ ნიკეთი, Adidas-ის ლოგო გაცილებით განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელია. კომპანიების უმეტესობის მსგავსად, წლების განმავლობაში ლოგომ მრავალი ტრანსფორმაცია განიცადა, თუმცა სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, Adidas-ი ერთზე მეტ ლოგოს იყენებს. სამი პარალელური ზოლი ბრენდის ყველაზე თანმიმდევრული  იმიჯია. ლოგოს ერთ-ერთი ვერსია ვიზუალურად მთას წააგავს. მთის არქეტიპი თითქმის ყველა კულტურაში გვხვდება და ის, როგორც წესი, სიმაღლეზე ასვლის, წარმატების და სირთულეების გადალახვის სიმბოლოა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ლოგოს შემქმნელმა სწორედ ეს სიმბოლო აირჩია ბრენდის სახედ.  

Starbucks-ის სახელი მობი დიკის რომანის, “თეთრი ვეშაპის” გმირით, სტარბაკით არის შთაგონებული. რადგან ბრენდის სახელი საზღვაო პერსონაჟს უკავშირდება, ლოგიკურია, რომ მისი ლოგოც სიმბოლურად ზღვასთან არის ასოცირებული. Starbucks-ის ერთ-ერთმა შემოქმედებითმა პარტნიორმა ძველ საზღვაო არქივებში მე-16  საუკუნის სკანდინავიური ხე იპოვა, რომელზეც სირინოზი იყო გამოსახული და ის ბრენდის ვიზუალურ იმიჯად გამოიყენა. სირინოზები არგონავტების მითის მიხედვით ისე ნუსხავდნენ მეზღვაურებს მათი სიმღერით, რომ ისინი იძირებოდნენ. Starbucks-ის იდეაც ყავის მოყვარულების მოზიდვას გულისხმობს და სიზინოზის მსგავსად, ვერც მის “ხიბლს” გავექცევით. 

ბერძნული მითოლოგია კიდევ ერთი ცნობილი ცნობილი ბრენდის ლოგოს ინსპირაციის წყაროა. თუ დავაკვირდებით, Versace-ს ლოგოზე მედუზა გორგონას თავია გამოსახული, რომელიც როგორც თავად Gianni Versace-მ აღნიშნა, პირველად ბავშვობაში რეჯო-კალაბრიის ძველი ნანგრევების იატაკზე ამოტვიფრული იხილა. მედუზა გორგონა ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, პერსევსის ლეგენდაში გვხვდება. ლეგენდის თანახმად, მისი მზერა ყველა სულიერს ერთი შეხედვით აქვავებს. პერსევსმა მედუზას თავი მოჰკვეთა და ურჩხულის გაქვავებით ანდრომედე იხსნა. პატრიარქალურ კულტურაში მედუზას გორგონას დემონიზაცია მოხდა, თუმცა ძველ საბერძნეთში მისი მზერა გარდამტეხი იყო. სწორედ ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც შეარჩია ჯიანი ვერსაჩემ ის ბრენდის ლოგოდ. მისი თქმით, მედუზა ხიბლის სიმბოლოა, რომელიც ერთი ნახვით აშეშებს ყველა მის შემხედველს. 

ჩუპა-ჩუპსის სახელი ალბათ ყველასთვის ბავშვობასთან ასოცირდება. ესპანელ ბიზნესმენს და კანფეტის შემქმნელს, ენრიკე ბერნატს კარგად ესმოდა ბავშვებისთვის შექმნილი პროდუქციისთვის გარეგნულ სახეს რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ, მან ლოგოტიპის დახატვაში, არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილ სიურრეალისტ მხატვარს, სალვადორ დალის სთხოვა დახმარება. დალიმ კანფეტის სახელი გვირილის ფორმით მოხატა და ლოგოს დიზაინში ნათელი და თბილი ფერები გამოიყენა.

ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემის, Google-ს ლოგო თითქოს უბრალო და მარტივია, თუმცა მისი მნიშვნელობა არც ისეთი ტრივიალურია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ლოგოს შექმნისას Google-მ ფერთა სქემის შერჩევას დიდი ყურადღება დაუთმო, რომელიც თვალში საცემი და ესთეტიკურად სასიამოვნო უნდა ყოფილიყო და რაც მთავარია კომპანიის ხედვა ზუსტად უნდა აესახა. მათ მიერ შერჩეული სქემა წარმოუდგენლად მარტივი იყო, მაგრამ მიზანს მიაღწიეს, რაც ადასტურებს, რომ მარტივი დიზაინი ხშირად ყველაზე ეფექტური გზაა. ლოგო სამ ძირითად ფერს – წითელს, ყვითელს და ლურჯს იყენებს, მწვანე l კი აღნიშნულ ფერთა სინთეზს არღვევს. ეს შემთხვევითი არ არის, რადგან მწვანე ფერის დამატებით კომპანია მის განსხვავებულობას და უნიკალურობას უსვამს ხაზს, რომელიც მუდმივი ინოვატორულობით გამოირჩევა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.