fbpx

ჰაერში თავისუფლად ცურვის ოცნება ილია კაბაკოვის ინსტალაციაში


გააზიარე სტატია

ავტორი: სოფია ცინცაძე

 

წარმოგიდგენთ რუსი ხელოვანის, ილია კაბაკოვის ინსტალაციას სახელწოდებით – „კაცი, რომელიც თავისი ბინიდან კოსმოსში გაფრინდა“ (1985 წელი). ამ ნამუშევარს კაბაკოვი განიხილავს როგორც „ტოტალურ ინსტალაციას“, სადაც მაყურებელი მთლიანად მოცულია და იძირება არტისტის მიერ მოდელირებულ გარემოში.

„კაცი, რომელიც თავისი ბინიდან კოსმოსში გაფრინდა“  მარტოობაში საკუთარი თავის გადარჩენის ინდივიდუალური მცდელობაა. 

უტოპიური სამყაროს შექმნა გრძელვადიანი პროცესია, და  ცხადია, მის ასაშენებლად მრავალი თაობის მიზანმიმართული, კოლექტიური შრომაა საჭირო. თუმცა, ყველას როდი შეუძლია ამასთან შეგუება. ერთ-ერთი, ვისაც ეს არ შეეძლო, ილია კაბაკოვის ინსტალაციის მთავარი გმირია, რომელსაც არ სურდა, დალოდებოდა იმ მომენტს, როცა დანარჩენი საზოგადოებაც მზად იქნებოდა უტოპიისთვის. უნდოდა სხვაგან, თავისი ცხოვრებისგან შორს, სხვა ტოპოსში ყოფნა, უფრო სწორად, არა-ადგილში, არა-ტოპოსში, უწონადობაში და კოსმოსურ განუსაზღვრელობაში. ამისათვის აშენებს მექანიზმს, რომელსაც მისი კოსმოსში გასროლა პირდაპირ ლოგინიდანვე შეუძლია.

ინსტალაციის დათვალიერებისას მაშინვე გვიჩნდება შეგრძნება, რომ ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, რადგან ოთახი, რომელშიც ეს კაცი ცხოვრობდა, ცარიელია. ოთახის შიგნით, არეულ საწოლს და პრიმიტიულად აწყობილი მექანიზმის ნარჩენებს ვხედავთ რამდენიმე არეულად გაკრულ ტექნიკურ ნახაზთან ერთად. ჭერს კი საწოლის მაღლა დიდი ხვრელი ამშვენებს. 

მნახველს ოთახში შესვლა არ შეუძლია, თუმცა ოთახზე დაკვირვება ვიწრო დერეფნიდან შეიძლება. კედლებზე გაკრულია ტექსტები, რომელშიც ეს უცნაური მოვლენა ამ კაცის მეზობლების და ნაცნობების  პერსპექტივიდან არის აღწერილი. ოთახი არა გენიოსი გამომგონებლის ლაბორატორიას, არამედ უფრო მეტად კრიმინალურ სცენას მოგვაგონებს. რადგან აქ არის გლობალური, კოსმოსური, კომუნისტური მომავლის ოცნება სიბნელის საფარქვეშ, პრივატიზებული და არასწორად გამოყენებული ერთი ადამიანის პირადი, მარტოსული ექსტაზისთვის. სწორედ ამ მიზეზის გამო ინსტალაციის გმირი საზოგადოებისგან არანაირ დაფასებას არ იღებს და გაუჩინარების შემდეგაც მხოლოდ ძალიან ცოტა ადამიანს ახსოვს მისი ვინაობა. 

“კოსმოსი” რუსულ ტერმინოლოგიაში ასოცირდება არა სულიერ, არამედ მატერიალურ იმ ქვეყნიერებასთან. კერძოდ, რუსულ ფილოსოფიურ ტრადიციაში კოსმოსის ცნება გამოიყენება, როგორც სამყაროს სხეულებრივისა და მატერიალურობის შიფრი. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს რუსეთში სულ უფრო და უფრო აშკარა ინტერესი გაჩნდა კოსმოსის მიმართ, როგორც ფილოსოფიასა და ხელოვნებაში – იმ დროს, როდესაც ადამიანები იწყებდნენ ოცნებას სხეულებრივ უკვდავებაზე, რათა ჩაენაცვლებინათ სულიერი, არამატერიალური უკვდავება. ეს ახალი რადიკალური სამეცნიერო ათეიზმი მიიჩნეოდა არა როგორც ქრისტიანული რწმენის უარყოფა, არამედ როგორც საბოლოო ნაბიჯი, რომელიც ქრისტიანულ რწმენას კიდევ უფრო დიდ ფანატიკურობას მიანიჭებდა.   

გარდა ამისა, რუსულ ტრადიციაში კოსმოსს სამოთხესთან აიგივებდნენ. აქ არ განვიხილავთ, რამდენად უკავშირდება ეს თემა მიწიერი ცხოვრების, როგორც ნამდვილი ცხოვრების წინამორბედის, ქრისტიანულ ინტერპრეტაციას. დედამიწაზე ცხოვრება სევდიანი და სირთულეებით სავსეა, ყველასთვის საკმარისი ადგილი არ არის, მაგრამ კოსმოსში გაცილებით მეტი სივრცეა: შეგიძლია ააშენო ქალაქები და დააკავშირო ისინი ერთმანეთთან, ან თუნდაც არა. მიგრაციის სრული თავისუფლებაა. ვერავინ და ვერაფერი დაგიდგება გზაზე – ვერც ადამიანები, ვერც შენობები და ვერც ხეები. კოსმოსი ტრანსნაციონალურია და ყველა ცხოვრობს, როგორც ერთი დიდი ოჯახი. ამგვარად, თითქოს სამოთხე მდებარეობს დედამიწის ზემოთ და აღქმულია, როგორც რაღაც მატერიალური.

სწორედ ამიტომ იყო შავი კოსმოსური სივრცე ასეთი მიმზიდველი ადრეული რუსული ავანგარდისთვის. მალევიჩის ცნობილი შავი კვადრატი, პირველ რიგში, უსასრულო შავი კოსმოსის სურათია. ადამიანები ოცნებობდნენ დედამიწის გრავიტაციული ველის გადალახვაზე და გათავისუფლებაზე ყოველდღიურობის მარწუხებისგან. რუსული ავანგარდის მრავალი წამყვანი ფიგურა, მაგალითად,  მალევიჩი, ჩლებნიკოვი, ტატლინი  იზიარებდნენ ოცნებას, გაფრენილიყვნენ კოსმოსურ უწონადობაში, შორს წარსულის მიზიდულობისგან. 

თავის ინსტალაციაში კაბაკოვი იყენებს წითელი მოედნის გამოსახულებებს და კომუნისტური, საბჭოთა უტოპიის სხვა სიმბოლოებს, რათა მოგვიყვეს ინსტალაციის გმირის ინდივიდუალური, უნიკალური ბედის შესახებ. დიდი უტოპიური ნარატივი, რომელიც აღწერს, თუ როგორ გამოვიდოდა მთელი კაცობრიობა ერთ მშვენიერ დღეს ჩაგვრისა და უბედურების გრავიტაციული ძალისგან და ახალ, თავისუფალ სამყაროში იცხოვრებდა.

საბჭოთა კავშირი თავად იყო გიგანტური არტ-ინსტალაცია, რადგან მისი რეალობა ყალიბდებოდა წმინდა იდეოლოგიური, თუ გნებავთ, მხატვრული კრიტერიუმებით. ადამიანებს არც სურდათ და არც შეეძლოთ რეალობისა და წარმოსახვის მკაფიოდ გარჩევა. პოლიტიკურ ოპოზიციასაც კი, რომელიც ასევე მოქმედებდა უტოპიური, იდეოლოგიური გარემოებების იმავე ფიქციურობის ფარგლებში, ფანტასტიკური თვისებები გამოუმუშავდა

თუკი ამ ფიქციური გარემოებიდან გაქცევა გინდა, შენ არ გაქვს არჩევანი გარდა იმისა, რომ შექმნა ახალი ფიქცია, გამოიგონო უფრო მეტი სცენარები და მერე სხვებსაც მოუყვე მათ შესახებ, ზუსტად ისე, როგორც ამას კაბაკოვი აკეთებს თავის ინსტალაციაში. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.