fbpx

რომანტიკა თუ რეალობა?! – ფეხბურთი:


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ამ ბოლო ხანს მსოფლიო ფეხბურთს თანდათანობით ეკარგება რომანტიკის, გნებავთ, ერთგვარი მიამიტობის მარცვალი, რითაც მაყურებელი აგრერიგად განებივრებული იყო არცთუ ისე შორეულ წარსულში.

ძველად ხშირი იყო უკმაყოფილება მსაჯობასთან დაკავშირებით, რისთვისაც VAR-ის შემოღებას თითქოს ბოლო უნდა მოეღო, მაგრამ ასე რომ არ არის, თუნდაც საეჭვო თერთმეტმეტრიანების ეპიზოდების ზოგჯერ განზრახ ხელახლა არგანხილვის ტენდენცია წარმოაჩენს.

შეთქმულების თეორიის მომხრეებსაც წამდაუწუმ ეძლევათ განსასჯელად  ახალთახალი მასალები, რომლებიც ქმნიან თანამედროვე საფეხბურთო ლირიკის საფუძვლებს…

მაგალითად, „არსენალი“ ჯერ ინგლისის ასოციაციის თასზე გამოვარდა რანგით მეორე დივიზიონის გუნდ „ნოტინგემ ფორესტთან“ შეხვედრაში, რამდენიმე დღეში  კი ლიგის თასის ნახევარფინალში დამარცხდა „ლივერპულის“ წინააღმდეგ მატჩში. 

სათასო ასპარეზობაზე წაგებისგან არავინაა დაზღვეული. მით უმეტეს, რომ ლონდონური  კლუბი  უკანასკნელ წლებში სასტიკად დაჩაგრული ჰყავს „ლივერპულს“. 

მაგრამ სწორედ აქედან გამომდინარე, საკვირველია „არსენალის“ ინერტულობა ასოციაციის თასის შეხვედრაში მასზე გაცილებით სუსტი „ნოტიმგემ ფორესტის“ წინააღმდეგ, რომლის კარის ჩარჩოს სიზუსტით „არსენალმა“ მთელი 90 წუთის განმავლობაში ერთხელაც ვერ დაარტყა!

გერმანიის თასზეც ასეთივე უცნაური ამბები დატრიალდა, რადგან ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე პირველი ბუნდესლიგის ერთბაშად სამი წარმომადგენელი – „დორტმუნდი“, „მიონხენგლადბახი“ და „კიოლნი“ – მეორე ბუნდესლიგის გუნდებთან მატჩებში დაემშვიდობა.

არადა მას შემდეგ, რაც მეთექვსმეტედფინალში სწორედ „მიონხენგლადბახმა“ ანგარიშით 5:0 გაანადგურა „ბაიერნი“, ბუნდესლიგის უძლიერეს გუნდებს სწორედ „რეკორდმაისტერის“ არყოფნაში უნდა გამოევლინათ განსაკუთრებული ძალისხმევა თასისათვის ბრძოლაში. 

ამის საპირისპიროდ რვა მეოთხედფინალისტიდან ოთხი გუნდი მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელია და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თასი რომელიმე მათგანმა და არა „ლაიპციგმა“ ან „ფრაიბურგმა“ დაისაკუთროს.

თუკი წამყვანი გერმანული კლუბების სათასო ასპარეზობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები შეიძლება არსებობდეს, ესპანეთის თასიდან „ბარსელონას“ გამოვარდნა კატალონიური კლუბის უკვე აშკარა კრიზისზე მეტყველებს.

„ბილბაოს“ წინააღმდეგ გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ ესპანეთის სუპერთასზე „რეალთან“ მატჩის დამატებით დროში ანგარიშით 2:3 დამარცხების შემდეგ, ესპანეთის თასზე „ბილბაოსთანაც“ მსგავსი სცენარით და ანალოგიური შედეგით „ბარსელონას“ თითქოს აღარ უნდა წაეგო. 

მაგრამ ეს მხოლოდ რომანტიკაა, რეალობა კი სულ სხვა, რადგან კატალონიური კლუბი სიარულს ხელახლა სწავლობს, ჩავი ერნანდესის გუნდის მთავარი მიზანი ლა ლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაა და ესპანეთის თასზე ასპარეზობის გაგრძელება მას შეიძლება ზედმეტ ტვირთადაც კი დასწოლოდა.

არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ევროპის ლიგაც მეორეხარისხოვნად იქცეს „ბარსელონისთვის“, რადგან მისთვის ამ ტურნირის მოგების გზით ადგილის მოპოვება ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით რთული იქნება ლა ლიგიდან აქ მოხვედრასთან შედარებით.

მაგრამ მიზნის მისაღწევად საჭირო ბრძოლისუნარიანობას „ბარსელონა“ ჯერჯერობით ვერ ამჟღავნებს. კატალონიელებმა სუპერთასზე და ესპანეთის თასზე ორივე მატჩი დამატებით დროში წააგეს. ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე მყოფმა „ატლეტიკომ“ კი ბოლო ტურში ორბურთიანი სხვაობა 64-ე წუთიდან მოყოლებული ამოუქაჩა „ვალენსიას“ და ისე დაამარცხა, რომ გადამწყვეტი ორი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანა!

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩავი ერნანდესის გუნდი ახლო წარსულში მესამეადგილოსან „ბეტისთან“ შინ 0:1 დამარცხდა. „ბეტისი“ კი სწორედ ის გუნდია, რომელსაც „ბარსელონამ“ საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად სატურნირო ცხრილში უნდა გადაუსწროს.

ლა ლიგის განვლილ ტურში „ბეტისს“ მესამე ადგილის შენარჩუნებაში „ბარსელონას“ დაუძინებელი მტერი „ესპანიოლიც“ დაეხმარა, რომელმაც მართალია,  ანგარიში გახსნა სევილიურ კლუბთან შეხვედრაში, მაგრამ შემდეგ ოთხი ბურთი გაუშვა ამბიციურ მეტოქესთან დაპირისპირებაში. 

„ბარსელონისგან“ სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაშია ლა ლიგის გათამაშების ლიდერი მადრიდის „რეალი“, რომელმაც ესპანეთის სუპერთასის მოპოვების შემდეგ უკვე თასის მეოთხედფინალშიც გაიკვლია გზა „ელჩეს“ დამატებით დროში დამარცხების შედეგად.

ცხადია, რომ „რეალისთვის“ თასის მოპოვება ესპანეთის ჩემპიონობის და ჩემპიონთა ლიგის ტურნირის მოგებასთან შედარებით, ნაკლებად პრიორიტეტულია და საჭიროების შემთხვევაში დატოვებს კიდეც ამ ტურნირს, მაგრამ მერვედფინალში ამის აუცილებლობა „სამეფო კლუბისთვის“ არ შექმნილა. 

„რეალმა“ „ელჩესთან“ აზარტით ითამაშა, რადგან ძირითადი 90 წუთის ანგარიშით 0:0 დასრულების შემდეგ, მასპინძლები დამატებითი დროის მე-8 წუთზე მარსელოს გაძევებისთანავე დაწინაურდნენ. 

„ელჩემ“ სტანდარტული სიტუაცია ერთბაშად ორი რიკოშეტის შედეგად გატანილი გოლით დააგვირგვინა და საკუთარი გულშემატკივრები წლევანდელი სეზონის ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზის მინიჭებისთვისაც შეამზადა, მაგრამ თურმე თამაში აწი უნდა დაწყებულიყო.

სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული გამოავლინა საკუთარი ძლევამოსილება მადრიდის „რეალმა“, რომელმაც 10 კაცით სულ რაღაც 10 წუთის განმავლობაში ჯერ ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ დაწინაურება და მატჩის ბოლომდე მისი შენარჩუნება შეძლო. 

აღსანიშნავია, რომ გოლები „რეალის“ „მეორეხარისხოვანმა“ თავდამსხმელებმა ისკომ და აზარმა გაიტანეს. შემტევი ხაზის ლიდერ კარიმ ბენზემას კი შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ბედის ირონიით „რეალი“ და „ელჩე“ ამ მატჩიდან სამი დღის შემდეგ ლა ლიგის გათამაშების განვლილ ტურში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სტუმრებს 82-ე წუთისთვის სულ ორჯერ ჰქონდათ დარტყმული კარლო ანჩელოტის გუნდის კარის მიმართულებით და ანგარიშით 2:0-ს იგებდნენ. 

თითქოს საფეხბურთო რომანტიკას ამჯერად მაინც უნდა ეზეიმა, მაგრამ „რეალმა“ უკანასკნელ ათ წუთში ფეხბურთის მოყვარულებს დღევანდელი ფეხბურთის „რეალობა“ გაახსენა, მეტოქეს დარჩენილი 10 წუთის განმავლობაში ორბურთიანი სხვაობა აღუდგინა და მოპოვებული ქულით ზომიერად კმაყოფილიც დარჩა, რადგან ასევე ფრედ – 2:2 დაასრულა თავისი შეხვედრა მისმა უახლოესმა მდევარმა „სევილიამაც“.

„ელჩეს“ მსგავსი გმირობა განვლილ უიკენდზე „საუთჰემპტონმა“ ჩაიდინა, როდესაც პრემიერლიგის გათამაშების 23-ე ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ შინ ფრედ – 1:1 დაასრულა შეხვედრა და ამით ლიდერს 12-მატჩიანი მოგებების სერია შეაწყვეტინა.

პეპ გვარდიოლას გუნდი მთელი 90 წუთის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა, ბურთს ფაქტობრივად არ კარგავდა და მეტოქის კართან საგოლე მომენტებს ზედიზედ ქმნიდა. 

მაგრამ საფეხბურთო რომანტიკა ხომ თანამედროვე ულმობელი კონკურენციის პირობებშიც იჩენს ხოლმე თავს და განსაკუთრებული მონდომების და მეკარის სასწაულებრივი თამაშის შემთხვევაში „საუთჰემპტონის“ დონის გუნდებსაც შეუძლიათ „მანჩესტერ სიტისთვის“ქულების ართმევა.  

აქვე გავიხსენოთ, რომ „საუთჰემპტონი“ მიმდინარე სეზონში გასვლაზეც ფრედ ეთამაშა მრისხანე მეტოქეს, რომელსაც აქამდე ჩატარებული 23 მატჩიდან 18 მოგებული აქვს და ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს. რომანტიკაა ეს თუ რეალობა?! ალბათ ორივე ერთად…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.