„კლუბი 27“ – როკენროლის ძლიერი მითი
ავტორი: ნინკა მამულაშვილი
Nirvana-ს მუსიკალურ სცენაზე გამოჩენამ ალტერნატიული როკი და ზოგადად, მუსიკა რადიკალურად შეცვალა. კურტ კობეინის ხელმძღვანელობით ჯგუფმა მასებს სიეტლის ხმა გააცნო და გრანჟის „დიდი ოთხეულის“ ლიდერი გახდა. ჯგუფის სოლისტის წამალდამოკიდებულებამ და პირადმა პრობლემებმა 1994 წელს, 27 წლის ასაკში, მისი სიცოცხლე შეიწირა. კობეინის გარდაცვალების შემდეგ ტერმინი „კლუბი 27“ ფართოდ გახდა ცნობილი.
„კლუბი 27“ ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და ტრაგიკული მოვლენაა როკმუსიკის ისტორიაში, რომელიც 27 წლის ასაკში მუსიკის ლეგენდების გარდაცვალებას უკავშირდება. როკმუსიკის ისტორიკოსებმა – ერიკ სიგელსტადმა და ჯოშ ჰანტერმა 2008 წელს ამ თემას წიგნიც კი მიუძღვნეს: „27 წლისანი: როკენროლის ყველაზე მძლავრი მითი“, სადაც 34 მუსიკოსის ქეისია განხილული.
„კლუბი 27“-ის წევრების სია ასე გამოიყურება:
მაგნიტური და იმპულსური ჯიმ მორისონის წყალობით, The Doors სადაც უნდა წასულიყო, სკანდალი არ სცდებოდა. მისი ხმა, ქარიზმა და სასცენო პერსონა ჯგუფს პროვოკაციული იმიჯის და თანამედროვე ჟღერადობის შექმნაში დაეხმარა. სამწუხაროდ, მორისონის გიჟური ცხოვრების გავლენის შედეგი იყო, როდესაც როკერი აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. იმის გამო, რომ გაკვეთა არ ჩატარებულა, მისი სიკვდილის შესახებ სხვადასხვა თეორია არსებობს – გულის შეტევიდან დაწყებული, ნარკოტიკების გადაჭარბებული მოხმარებით დამთავრებული.
ფსიქოდელიური სოულის დედოფალი ჯენის ჯოპლინი ქარიზმატული და პროვოკაციული შემსრულებელი იყო, რომლის ორიგინალურმა სტილმა სამუდამოდ დატოვა ის ჩვენს მეხსიერებაში. მისი წარმატებული თანამშრომლობა Big Brother-თან და Holding Company-თან, ისევე როგორც სოლო კარიერა, საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ მომღერალს ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან ხანგრძლივ ბრძოლაში დახმარებოდა, რაც მისი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული როკჯგუფი The Rolling Stones ბრაიან ჯონსმა ჩამოაყალიბა, მას საბოლოოდ მიკ ჯაგერი და კიტ რიჩარდსი ჩაუდგნენ სათავეში. 1969 წელს ჯონსის გარდაცვალება მისი უგუნური საქციელის შედეგია. ალკოჰოლის და ნარკოტიკების შერევა და შემდეგ საცურაო აუზში ცურვა პირდაპირ სიკვდილის მკლავებში შეცურვა იყო. ბრაიან ჯონსის სიკვდილი როკენროლის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ამოუხსნელ საიდუმლოდ იქცა, რადგან მომხდარის ოფიციალურ ვერსიას ბევრი ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს.
ჯიმი ჰენდრიქსი ყველა დროის ყველაზე გავლენიანი მუსიკალური ინოვატორი და შეუდარებელი გიტარისტი იყო. სწორედ ნარკოტიკული ნივთიერებების და ასფიქსიის „ნაზავმა“ შეიწირა ის 1970 წელს. თუ მუსიკალურ სამყაროზე ჰენდრიქსის გავლენას გავითვალისწინებთ, რთული არ იქნება წარმოვიდგინოთ რამხელა დიდება ელოდა მას, 27 წლის შემდეგ რომ ეცხოვრა.
ცოტას გაუკვირდა, რომ ემი უაინჰაუსის სიკვდილი ალკოჰოლით მოწამვლამ გამოიწვია. გრემის მრავალგზის გამარჯვებული თავისი უნიკალური ხმით 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მომღერალი იყო. მისი ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, ძალადობრივი მიდრეკილებები და ჯანმრთელობის პრობლემები მუდმივი განხილვის საგანი იყო ტაბლოიდებში, თუმცა უაინჰაუსმა მუსიკის მოყვარულებს გამორჩეული ნიჭით დაამახსოვრა თავი.
2011 წელს უაინჰაუსის 27 წლის ასაკში გარდაცვალებამ კიდევ უფრო მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და გაამძაფრა ასაკის მნიშვნელობა. ფენომენი დღემდე უამრავ შეკითხვას აღძრავს. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ არის და მის მიღმა გაცილებით მისტიკური მიზეზები იმალება, ვიდრე ნარკოტიკები, რაც არაერთი საინტერესო და ზოგიერთ შემთხვევაში აბსურდული თეორიის საწყისი გახდა. რითაა 27 წელი ასეთი განსაკუთრებული და რა ვერსიები არსებობს ამ უცნაური დამთხვევის ასახსნელად?
სატურნის ერთ ციკლს დაახლოებით 29,4 წელი სჭირდება, მაგრამ ასტროლოგების მიხედვით, მისი გავლენა სწორედ 27 წლის ასაკში იწყება. როდესაც სატურნი პირველად ბრუნდება, ადამიანი ზრდასრულ ასაკში გადადის. მათთვის, ვინც აღნიშნული ინიციაცია ჩვენი ცხოვრების მეორე ნახევარში გავიარეთ, ეს მშვენიერი და სასტიკი პერიოდია, რომელსაც ხშირად მეორე მოზარდობას უწოდებენ. ზოგი ცვლილებების უფსკრულში ეფლობა და იძირება, ზოგი კი პირიქით. ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ შემოქმედის სტრესის, ცნობადობას, დატვირთულ ცხოვრების წესს და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას, სახიფათო რეცეპტს მივიღებთ სასიკვდილო შედეგით.
„კლუბი 27“-ის წევრთა უმეტესობას, როგორც უკვე აღვნიშნე, ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარების ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა. ბუნებრივია, რომ ისინი ჯანმრთელობის გართულების და ჭარბი დოზირების მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ, თუმცა ეს თავისუფლად შეიძლება ასაკთანაც იყოს დაკავშირებული. ფსიქოთერაპევტ სტეფანი სარკისის თქმით, 27 წელი პოტენციურად ის ასაკია, როდესაც ნარკოტიკების მიღება სხეულზე იწყებს მოქმედებას.
ვისაც შეთქმულების თეორიები იზიდავს, მიიჩნევს, რომ „კლუბი 27“-ის წევრებმა ეშმაკთან გააფორმეს კონტრაქტი, რათა დიდებისთვის მიეღწიათ. ლეგენდის თანახმად, მისისიპი დელტა ბლუზის მეფემ რობერტ ჯონსონმა ერთ დღეს ხმა გაიგო, რომელმაც უთხრა, შუაღამისას დოკერის პლანტაციასთან, გზაჯვარედინზე მისულიყო. იქ მას ადამიანად გარდასახული ეშმაკი დახვდა და ჯონსონს სულის სანაცვლოდ გიტარაზე დაკვრის ნიჭი შესთავაზა, რის შემდეგაც ის ბლუზის ვირტუოზი გახდა. ჯონსონის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა უფრო დამაჯერებელი ვერსიის მიხედვით, ის ეჭვიანმა ქმარმა მოწამლა მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა ცოლი წაართვა.
ნუმეროლოგიაში რიცხვი 27 ჯამში 9-ს (2+7=9) შეადგენს, რაც ციკლის დასასრულია. ეს გარდამავალი ციკლები ზოგიერთზე საკმაოდ მძიმედ მოქმედებს, რის შედეგადაც ბევრი გამკლავებისთვის ალკოჰოლს და ნარკოტიკებს მიმართავს, ზოგიერთ შემთხვევაში კი გამოსავალს თვითმკვლელობაში ეძებს. „კლუბი 27“-ის ფენომენის გასაგებად ნუმეროლოგები ცხოვრების გზასაც განიხილავენ – პერიოდულ და მწვერვალების ციკლებს. თეორია მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ციკლი 27 წლის ასაკს ემთხვევა, ეს უდროო სიკვდილის საწინდარია.
შესაძლებელია თუ არა, რომ „კლუბი 27“ ფსიქოლოგიურად აიხსნას? გერმანელმა ფსიქოლოგმა ერიკ ერიქსონმა შეიმუშავა თეორია ფსიქოსოციალური განვითარების რვა ეტაპის შესახებ, რომელიც დაბადებიდან 65 წლამდე და ზემოთ ხდება. ერიქსონის მოსაზრებით, თუ ფსიქოსოციალური კრიზისი 18-დან 35 წლამდე იწყება, განვითარების ამ საფეხურზე მყოფ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ნარკოტიკებისკენ აქვთ მიდრეკილება, თეორიულად უფრო უჭირთ აღნიშნული კრიზისის გადალახვა და ხშირად საკუთარ თავს და სიცოცხლესაც კი კარგავენ ცხოვრების იმ გადამწყვეტ მომენტში, რომელიც დაახლოებით 27 წლის ასაკში დგება.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, „კლუბი 27-ის“ მიზეზი სულაც არ არის მეტაფიზიკური. როკმუსიკოსების ცხოვრების წესი როგორ მიმზიდველადაც უნდა გამოიყურებოდეს, ის ყოველთვის ხანგრძლივი სიცოცხლის მომასწავებელი არ არის. სამწუხაროდ, მსოფლიომ ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი სწორედ აღნიშნული ექსტრავაგანტური ცხოვრების წესიდან გამომდინარე დაკარგა, მაგრამ მათი მუსიკალური მემკვიდრეობა უკვდავია.