fbpx

საქართველოში შექმნილი ორიგინალური თანამედროვე პოსტერები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

პოსტერები მოდერნისტული ინტერიერისათვის დამახასიათებელი დეტალია. გარდა დეკორატიული დატვირთვისა, ისინი გარკვეული გზავნილის მატარებელია, ამიტომაც გარემოს თავისებურ  შინაარსობრივ დატვირთვასაც აძლევს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოსტერები თანამედროვე ინტერიერის  სამეტყველო ენაა – ის იმ ადამიანების ინტერესების შესახებ გვიყვება, რომლებიც ამ სივრცეში ცხოვრობენ ან მუშაობენ.  

 

პოსტერები აქტიურად გვხვდება სახლების, ოფისების, კვების ობიექტებისა და სხვა დანიშნულების  კერძო თუ საჯარო სივრცეებში. თუ ინტერიერის პოსტერებით გაფორმებას გადაწყვეტთ, სასურველია, რომ ისინი ავთენტური დიზაინით გამოირჩეოდეს. სტატიაში სწორედ იმ ქართულ ბრენდებსა და სტარტაპებს გაგაცნობთ, რომლებიც ორიგინალური დიზაინის  პოსტერებს გვთავაზობენ. 

 

Poster_o

Poster_o არის პროექტი, რომელიც ცნობილი ქართველი ხელოვანის, ოთარ ჯიშკარიანის შემოქმედებას პოსტერების სახით წარმოგვიდგენს. ოთარ ჯიშკარიანი 50-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და საინტერესო ხელოვანია, რომლის ნამუშევრები ორიგინალური ხედვით და ესთეტიკის განსაკუთრებული შეგრძნებით გამოირჩევა. Poster_o  ოთარ ჯიშკარიანის ფასდაუდებელი შემოქმედების თანამედროვე ინტერპრეტაციად იქცა – პოსტერებმა მისი ნამუშევრები თანამედროვე ფორმით გააცოცხლა და შესაძლებელი გახადა, რომ ხელოვანის უნიკალური შემოქმედება ჩვენს სივრცეებში შეგვეტანა. პოსტერები  ლიმიტირებული რაოდენობით მზადდება და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მათი შეძენა ამჟამად Facebook-ისა და Instagram-ის მეშვეობით არის შესაძლებელი,

 

Lens 

Lens კიდევ ერთი საინტერესო პროექტია, რომელიც   ქართველი ფოტოგრაფების შემოქმედებას პოსტერების სახით წარმოგვიდგენს. პოსტერების კოლექციებში არაერთი თანამედროვე ფოტოგრაფის ცნობილ კადრს აღმოაჩენთ, რომელიც ნებისმიერ გარემოში განსაკუთრებულ ხასიათსა  და ატმოსფეროს შექმნის. Lens  კარგი მაგალითია იმისა, თუ  როგორ შეიძლება ქართულ თანამედროვე ხელოვნებას მეტად დავუახლოვდეთ. კოლექციის დათვალიერება და შეძენა Lens-ის სოციალური მედიის არხებზე – ინსტაგრამისა და ფეისბუქის პლატფორმებზეა შესაძლებელი.

 

Auditorium

აუდიტორიუმი არქიტექტურული სტუდიაა, რომელიც ელენე და მარიამ ღვინეფაძეებმა დააარსეს. სტუდიის ერთ-ერთი პროექტია ორიგინალური დიზაინის პოსტერები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში უნიკალურ ესთეტიკას ქმნის.   პოსტერები ერთმანეთისაგან ინსპირაციით და თემატიკით განსხვავდება, თუმცა  საერთოა ესთეტიკა და ხელწერა, რომელიც ერთი შეხედვითაც  შესამჩნევია. 

 

ASTEROID B612

ASTEROID B612 საკმაოდ საინტერესო კონცეფციის მატარებელია – ის აერთიანებს პოსტერებს, რომლებიც ქართველი არტისტების ნამუშევრებით იქმნება. კოლექციები განსხვავებულ მედიაში მომუშავე ხელოვანების შთამბეჭდავ ნამუშევრებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პოსტერი ექსკლუზიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე გამოსახული ნამუშევრები კონკრეტულად  ASTEROID B612-სთვის იქმნება.

 

The shop

The Shop კონცეპტუალური მაღაზიაა, რომელიც  სხვადასხვა დანიშნულების პროდუქციას აერთიანებს, აქ შეგხვდებათ ტანსაცმელი, აქსესუარები, სახლისათვის განკუთვნილი ფუნქციური და დეკორატიული ნივთები, მათ შორისაა  პოსტერებიც. The Shop-ში წარმოდგენილი თითოეული პოსტერის დიზაინი უნიკალური და გამორჩეულია. აღსანიშნავია, რომ მაღაზიის კონცეფციის  გათვალისწინებით, ყველაფერი, რასაც ამ სივრცეში აღმოაჩენთ, გადამუშავებული მასალით არის დამზადებული. The Shop-ის პოსტერების ფიზიკური სახით დათვალიერება შესაძლებელია თბილისში, სასტუმრო Stamba-ში, ასევე ყაზბეგის Rooms Hotel-სა და Rooms Hotel Kokhta-ში მდებარე სივრცეებში. 

 

Sundays

Sundays არის ბრენდი, რომელიც ინტერიერისათვის სხვადასხვა დანიშნულების სახასიათო დეტალებს ქმნის. კოლექციებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოსტერებს. სიმბოლური წარწერებისა თუ მინიმალისტური ფიგურების გამოყენებით შექმნილი დიზაინის პოსტერები ჩვენს სივრცეებში  დამახასიათებელ ესთეტიკას   და დადებით ატმოსფეროს ქმნის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.