fbpx

NOIA – ქართულ-იტალიური არქიტექტურული ოფისი


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

 

NOIA ქართულ-იტალიური არქიტექტურული ოფისია, რომელიც 2020 წლიდან ფუნქციონირებს პრატოში, იტალიაში, და თბილისში. ოფისს სალომე ქათამაძე და დუჩიო ფანტონი ხელმძღვანელობენ და მუშაობენ როგორც იტალიურ, ასევე  ქართულ არქიტექტურულ პროექტებზე.

 

მოგვიყევით თქვენს ოფისზე, დიზაინის ფილოსოფიაზე და იმაზე, რატომ გადაწყვიტეთ ამ სახელის დარქმევა?

არქიტექტურული ოფისი NOIA 2020 წლის მარტში დავაარსეთ და ის ძირითადად   საქართველოსა და იტალიაში მდებარეობს.   რადგან ორივეგან  ერთდროულად ვერ ვიქნებით, ადაპტირებული  მუშაობის მეთოდით და ტექნოლოგიის დახმარებით შევიმუშავეთ ისეთი სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს თავისუფლად ვიმუშაოთ დისტანციურად  სხვადასხვა ქვეყანაში. 

ალბათ ბანალურად ჟღერს, მაგრამ გლობალიზაციის ხანაში ვცხოვრობთ და არქიტექტურაც ამ ყველაფრის ნაწილია.  სწორედ ამიტომ დღეს უკვე შესაძლებელია, რომ მცირე  ოფისიც საერთაშორისო მასშტაბის გახდეს. ჩვენც ამ მიმართულებას მივყვებით, ვმუშაობთ სხვადასხვა კულტურული კონტექსტისა  და გეოგრაფიის გათვალისწინებით.  ეს არ არის სტატიკური დარგი, როგორც ხშირად მოიაზრება, არ გვაშინებს საპროექტო ტერიტორიებს შორის მიმოსვლა,  მოკლედ რომ ვთქვათ, იქ ვართ, სადაც პროექტებს მივყავართ. 

რაც შეეხება ჩვენს  მიდგომას დიზაინთან, ვმუშაობთ განსხვავებული სიდიდისა  და ფუნქციის პროექტებზე. კონკრეტული წესები ან თეორიები პროექტირების დროს  გამიჯნული  არ გვაქვს, მთავარ როლს უფრო ინტუიცია და ცნობისმოყვარეობა თამაშობს. დიზაინის პროცესში დიდ დროს ვუთმობთ კონტექსტს, რომელიც უნიკალურია და შესაბამისადაც აისახება არქიტექტურულ გადაწყვეტილებებში. ეს ფაქტორი ყველა პროექტს განუმეორებელს (გამეორების თვალსაზრისით) ხდის ნებისმიერ სხვა სივრცეში. გვჯერა, რომ არქიტექტურა შედგება მნიშვნელოვანი არტეფაქტებისგან, რომლებიც ადამიანების ამბიციებსა და ინტელექტზე ჰყვებიან, ამიტომ ნებისმიერ პროექტზე მუშაობის დროს  პრიორიტეტია  საბოლოო შედეგი, როგორი   შეზღუდვებიც უნდა გვქონდეს (ეს იქნება ბიუჯეტი, ფიზიკური ლიმიტები  ა.შ.), მთავარია  კულტურული ღირებულებების დაცვა. 

რაც შეეხება ჩვენს სახელწოდებას, NOIA იტალიური ორაზროვანი ლინგვისტური ტერმინია, რომელიც ერთდროულად ნიშნავს მოწყენილობას და მოუთმენლობას. ის ზუსტად იმ მომენტს ასახავს, როდესაც დგება დრო ცვლილებებისთვის, იმ კონდიციას გულისხმობს, რომელსაც  დიზაინის პროცესამდე მივყავართ, როგორ  გარემოებაშიც  უნდა ვიყოთ. 

 

ორივეს საინტერესო სამაგისტრო თემა გქონდათ, სადაც ცოტა განსხვავებული ინტერესები ჩანს (ლანდშაფტი (პეიზაჟი) და არქეოლოგია), დღეს როგორ იყენებთ ამას თქვენს პრაქტიკაში?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამაგისტრო თეზისები განსხვავებულია, ისინი ერთსა და იმავე საკითხს უკავშირდება. ზოგადად, ძალიან გვაინტერესებს ტრანსფორმაციის პროცესი, ეს იქნება ადამიანების უძველესი დასახელებები თუ ბუნებრივი რელიეფური პროცესები. ვიკვლევთ, რა ზეგავლენას ახდენს არქიტექტურული ცვლილებები პეიზაჟზე და რა კვალს ტოვებს ეს ცვლილებები დიდ ტერიტორიებზე. ვცდილობთ უფრო მეტი სიზუსტით ჩავუღრმავდეთ ისეთ თემებს, როგორიცაა პატარა სასოფლო დასახლებების მნიშვნელობა რთული რელიეფის მქონე ტერიტორიებზე, რომლებიც იტალიაშიც და საქართველოშიც დიდი დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგანან. ძირითადად კვლევით გამოცდილებას იმ იდეებისა და თემების სისტემად ვიყენებთ, რომელიც შემდგომ ზეგავლენას ახდენს ჩვენს დამოკიდებულებაზე პროექტირების პროცესში. 

უფრო დეტალურად რომ დაგვიხასიათოთ მიმდინარე პროექტები

NOIA-ს დაარსებიდან ვმუშაობთ განსხვავებული ტიპის არქიტექტურულ პროექტებზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში კერძო დაკვეთების გარდა, გვქონდა შესაძლებლობა გვეთანამშრომლა იტალიურ უნივერსიტეტებთან ან საჯარო უწყებებთან, რამაც მიგვიყვანა მაღალი დონის თეორიულ კვლევასთან პროექტირების პარალელურად. ეს ორი ჩვენთვის უკვე განუყოფელი ასპექტი კარგად გამოიხატება მიმდინარე პროექტში – უნივერსიტეტი აუტიზმის სპექტრის მქონე სტუდენტებისთვის. უნივერსიტეტის პროექტი არაკომერციულ ორგანიზაცია UDSA-სთან კოლაბორაციით შევასრულეთ, რომელიც აქტიურად უღრმავდება სივრცულ როლს ნეიროატიპიური ახალგაზრდების საგანმანათლებლო პროცესში. 

ჩვენი ოფისისთვის დიდი გამოწვევა იყო შეგვექმნა სივრცე ადამიანებისთვის, რომელთაც ხშირად კონტრასტული აღქმის უნარი და ხედვა აქვთ, სივრცე, სადაც ფერი, აკუსტიკა, განათება, კავშირი შიდა და გარე სივრცესთან ფუნდამენტურია.  გარდა ზოგადად არქიტექტურული პროექტისა, გვჭირდებოდა საფუძვლიანად შეგვესწავლა აუტიზმის სპექტრი, რომელიც დღეს მსოფლიოს მოსახლეობის  1%-ს  აღენიშნება. 

პარადოქსულია, მაგრამ არ არსებობს არც საკმარისი ინფორმაცია და არც გაიდლაინები დიზაინის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. ამ პროექტის გარდა,  კონკრეტულ ეტაპზე  ვმონაწილეობთ საჯარო კონკურსებში და ასევე  ვმუშაობთ რამდენიმე სახლის რესტავრაციაზე ტოსკანაში. ძალიან მოგვწონს ადგილობრივ ხელოსნებთან ერთად მუშაობა, ხშირად გვეძლევა საშუალება ექსპერიმენტები ჩავატაროთ ადგილობრივი ტრადიციული მასალებით.

დაასახელეთ  რომელიმე ნამუშევარი, რომელიც თვლით, რომ კარგად გამოხატავს თქვენს დამოკიდებულებას და უფრო დეტალურად  გვესაუბრეთ მასზე. 

ალბათ ჩვენს ერთ-ერთ პირველ პროექტს ამოვარჩევდით,  რომელიც გერმანიაში ჯერ ისევ მიმდინარეობს. დამკვეთის სურვილი იყო დაგვეპროექტებინა საცხოვრებელი კორპუსი სხვადასხვა ფართობის  ბინებით და პატარა კომერციული სივრცეებით, რომლის გარდაქმნა სამომავლოდ მარტივი იქნებოდა. 

მიწის ნაკვეთი ქალაქის გარეუბანში მდებარეობს, ამიტომაც  პირველ რიგში მიზნად დავისახეთ პროექტისთვის სწორი მასშტაბის გვეპოვა    (ურბანული  კომპაქტურობა  დამახასიათებელია  იქაური ისტორიული ცენტრისთვის.), მაგრამ ამავდროულად, უნდა შეგვენარჩუნებინა  გარეუბნის თავისუფალი სივრცული მონაცემები. რაც მთავარია, გვინდოდა თავი აგვერიდებინა ტიპური “ძველის” ინტერპრეტაციისთვის. 

იქიდან გამომდინარე, რომ გვინდოდა რაც შეიძლება ადაპტირებადი სტრუქტურა გვქონოდა და ამასთანავე ადგილობრივი მასალები გამოგვეყენებინა, პროექტი შედგება მთავარი ორი ელემენტისგან: ხის ჯვარედინი ლამინირებული პანელები სტრუქტურისთვის და ლითონის ჩარჩო მის მთლიან პერიმეტრზე. ამ კომბინაციამ წარმოშვა სხვადასხვა ჰიბრიდული გარეთა თუ შიდა სივრცეები, რითაც მცხოვრებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად მკაცრი კლიმატური პირობებისა. 

ეს პროექტი ასახავს აგრეთვე ჩვენს დამოკიდებულებას მდგრადობის კონცეფციასთან დაკავშირებით. აქ მნიშვნელობა აქვს არა ერთი კონკრეტული ელემენტის მონაცემებს (მზის პანელებს, ბუნებრივ ვენტილაციას, თერმულ მაჩვენებლებს), არამედ მთლიან სისტემას და კავშირს მის შემადგენელ ნაწილებს შორის. მაგალითად, მიწიდან პირველი დონის მცირედი ამაღლება ალტერნატიული საძირკვლის მეთოდით, რადიკალურად ამცირებს ნიადაგზე ზემოქმედებას, გათხრებისა და ტრანსპორტირების მაღალ ღირებულებასთან ერთად.  მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ბინის პროექტია, ბევრი ვიმუშავეთ მის ლანდშაფტურ განვითარებაზე და სათითაოდ შევისწავლეთ თითოეული მცენარე ნიადაგის ბიომრავალფეროვნებისთვის.

ბინების ტიპი  ბაზრის ანალიზზე  დაყრდნობით  შევარჩიეთ: დიდი ოჯახებიდან სტუდენტებამდე. მიუხედავად განსხვავებული მოთხოვნილებებისა, ჩვენ პროექტებში აუცილებელია, რომ ყველა მომხმარებელი  თანაბრად სარგებლობდეს  საერთო სივრცით. 

განსაკუთრებით მომეწონა თქვენი კოლაჟები,  როგორ მუშაობთ ვიზუალიზაციაზე? 

ჩვენი აზრით, პროექტის რეპრეზენტაცია მის აღქმაში დიდ როლს თამაშობს. დღეს რეალობის სიმულაცია უფრო და უფრო მარტივი ხდება, ჩვენ მხოლოდ ის კითხვა გვრჩება, არის თუ არა ეს საერთოდ სწორი მიმართულება. სიმართლე რომ ვთქვათ, გვირჩევნია გამოსახულება,  რომელიც რაღაც დოზით გაურკვევლობას და ხელნაკეთ შტრიხებს  შეიცავს. ეს არ არის მხოლოდ სტილი ან გემოვნება, ეს არის უფრო ჩვენი მიდგომის გამოხატულება. 

მუდმივად ვატარებთ ექსპერიმენტებს ფოტოებით, ნახატებით,  CGI-თი, ფიზიკური მოდელებით და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტებით. ამავდროულად, ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ ძალიან უხეში “ამოჭრილი” კოლაჟები. ზოგადად, მასალა ძალიან მნიშვნელოვანია არქიტექტურაში და აბსტრაქცია საკმაოდ კომფორტული გზაა მისგან თავის დასაღწევად. ყველაზე რთულია ამ შემთხვევაში ბალანსის დაცვა  გაურკვევლობასა და სიზუსტეს შორის. 

 

 საქართველოშიც მუშაობთ ამ მიმართულებით?  

კი, ვმუშაობთ.  თბილისთან ძალიან მჭიდრო კავშირები გვაქვს და გვიყვარს მისი დინამიკურობა. 2020 წელს მონაწილეობა მივიღეთ თბილისის არქიტექტურის ბიენალეში, ნუცუბიძის პლატოს მიმდებარედ პავილიონის პროექტით. ეს პროექტი საბოლოოდ კვლევით ნაშრომად გარდაიქმნა –  საქართველოს დედაქალაქში ტოპოგრაფიის როლის შესახებ, რომელიც მალე გამოქვეყნდება ფლორენციის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში. 

გარდა ამისა, გასულ  ზაფხულს დავიწყეთ კახეთში რესტავრაციის პატარა პროექტი, რაც უზომოდ საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა ჩვენი ოფისისთვის. გვინდოდა გაგვეერთიანებინა იტალიური რესტავრაციის მეთოდოლოგია ქართულ კონტექსტთან. 

საუბარია კერძო სახლზე, სადაც ვეცადეთ ალტერნატივად ადგილობრივი მშენებლობის სისტემა  გამოგვეყენებინა და ამასთან, ნაკლებად ჩავრეულიყავით  არსებულ არქიტექტურაში.     მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ჯერ კიდევ დაუმთავრებელია სპეციფიკური მასალების სიმცირის გამო, რაღაც მხრივ მაინც განვიხილავთ,  როგორც ზრუნვას სოფლის  ისტორიის მიმართ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.