fbpx

პირველი მატჩი, პირველი მოგება!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

გასულ კვირას, როდესაც ევროპული სანაკრებო ფეხბურთი შესვენებამ მოიცვა, გულშემატკივრების ყურადღება კამერუნში მიმდინარე აფრიკის თასისა და სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებზე გადაერთო. 

როგორც ყოველთვის, აფრიკის თასი მოულოდნელობებითაა აღსავსე. ფეხბურთელებს აქ ცოტა გოლები გააქვთ, სამაგიეროდ ბევრია ბარათები. პირველი სენსაცია ჯერ კიდევ ტურნირის საწყის ეტაპზე დაფიქსირდა, როდესაც მოქმედმა ჩემპიონმა – ალჟირის ნაკრებმა ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა.

მერვედფინალებიდან გამორჩეული იყო ტუნისისა და ნიგერიის მატჩი, რომლის ბედიც კატარის „ალ არაბიში“ მოთამაშე ტუნისელ თავდამსხმელ იუსეფ მსაკნის მიერ ნიგერიელთა კარში გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 

ეგვიპტის და კოტ-დივუარის დაპირისპირების ძირითადი და დამატებითი დროის უგოლოდ დასრულების შემდეგ კი „ლივერპულის“ თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰის მიერ ზუსტად შესრულებულმა გადამწყვეტმა თერთმეტმეტრიანმა ეგვიპტის ნაკრები  მეოთხედფინალში გაიყვანა ტურნირის ერთ-ერთ გამოხატულ ფავორიტთან შეხვედრაში. 

გასულ უიკენდზე ცნობილი გახდა ნახევარფინალისტების ვინაობა. კამერუნი, სენეგალი, ეგვიპტე და ბურკინა ფასო ის გუნდებია, რომლებიც ამ კვირაში აფრიკის თასის გამარჯვებულს გამოავლენენ.

ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობით აფრიკის კონტინენტს არ ჩამორჩენილა სამხრეთ ამერიკაც, რომლის შესარჩევი ციკლის მე-15 სათამაშო დღე ეკვადორის და ბრაზილიის ნაკრებების დაპირისპირებით დაიწყო. 

მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან 4 გუნდი პირდაპირ, ხოლო მეხუთე კი ტრადიციულად, იოლი გადათამაშების შედეგად ხვდება. 

კატარის ჩემპიონატის საგზურის მაძიებელთა შორის მოულოდნელად ეკვადორის ნაკრებიც ჩაერთო, რომელიც 14 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებოდა, ბრაზილიის ნაკრებს კი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური კარგა ხნის მოპოვებული ჰქონდა. 

მატჩმა განსაკუთრებული უხეშობის, გაუთავებელი სიმულაციის, მოთამაშეების მსაჯთან კოლექტიური კამათის და ამასთან ერთად პირველყოფილი, ველური ფეხბურთისთვის დამახასიათებელი განუმეორებელი აზარტის ფონზე ჩაიარა, 90-ის ნაცვლად 116 წუთის მანძილზე გაგრძელდა და ფრედ – 1:1 დასრულდა.

მასპინძლები მატჩის პირველი წუთებიდანვე განსაკუთრებული ჟინით ეკვეთნენ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებს, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ, გოლი უკვე მეექვსე წუთზე, ბრაზილიელთა პირველი კონტრშეტევისთანავე საკუთარ კარში იხილეს.

მალე მდგომარეობა კატასტროფული შეიქმნა მასპინძელთათვის, როდესაც მატჩის მე-17 წუთზე მათმა გოლკიპერმა დომინგესმა კარიდან გამოსვლისას ბუცები პირდაპირ კისერში უთავაზა ბრაზილიელთა ფორვარდ კუნიას და განსაკუთრებული უხეშობისთვის მსაჯმა იგი წითელი ბარათით დაასაჩუქრა.

ეკვადორელებს ისევ სტუმრები დაეხმარნენ, როდესაც მარჯვენა მცველმა ემერსონმა მატჩის მე-20 წუთზე, მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და გუნდები მოთამაშეთა რიცხვით  ერთმანეთს გაუთანაბრდნენ.

ემერსონის გაძევებიდან ცოტა ხანში ნაკლული შემადგენლობით დარჩენის საშიშროება ბრაზილიელებს შეექმნათ, როდესაც კარიდან გამოსვლისას არბიტრმა უკვე მათ გოლკიპერ ალისონზე დააფიქსირა განსაკუთრებულად უხეში თამაში და მას დაუფიქრებლად წითელი ბარათი აღუმართა. 

საინტერესოა, რომ ამ საკამათო ეპიზოდში უპირველეს ყოვლისა არა VAR, არამედ მთელი ბრაზილიის ნაკრები ჩაერთო და დაახლოებით ხუთწუთიანი ყაყანის შემდეგ მსაჯი აიძულა ეპიზოდი გადაესინჯა და წითელი ბარათი ყვითლით შეეცვალა… 

ეკვადორელებმა ანგარიში მატჩის 75-ე წუთზე გაათანაბრეს, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს. მიუხედავად ამისა, მოპოვებული ქულა მათთვის უმნიშვნელოვანესია და შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს საუკეთესოთა ოთხეულში ადგილის დასამკვიდრებლად.

მნიშვნელოვანი მდევარი ეკვადორელებს „უმოტივაციო“ არგენტინელებმა ჩამოაშორეს, რომელთაც გასვლაზე ჩილეს ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. 

სამივე ბურთი მატჩის პირველ ნახევარში გავიდა. განსაკუთრებულად ლამაზი ანხელ დი მარიას გოლი გამოდგა. არგენტინელი გარემარბისთვის დამახასიათებელი შორეული ჩახვეული დარტყმა აუღებელი აღმოჩნდა ჩილელთა გამოცდილ მეკარე კლაუდიო ბრავოსთვის.

მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ლიონელ მესის, რომელიც არგენტინელთა მწვრთნელმა სკალონიმ დაზოგა და არ გამოიძახა ნაკრებში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკიდან გამომდინარე.

მესის დრო უქმად არ დაუკარგავს. იგი მეუღლესთან ერთად პარიზიდან ბარსელონაში გაემგზავრა, სადაც ყოფილი თანაგუნდელების – ბუსკეტსის, ხორდი ალბას და ჩავი ერნანდესის წრეში აღნიშნა „ბარსელონას“ მწვრთნელის 42-ე დაბადების  დღე…

ეკვადორის მსგავსად, სატურნირო მდგომარეობა გაიმყარა ურუგვაის ნაკრებმა, რომელმაც ლუის სუარესის ერთადერთი გოლის წყალობით გასვლაზე პარაგვაის ნაკრები დაამარცხა, როგორც მალევე გაირკვა, ჩილეს და კოლუმბიის ნაკრებებს გადაასწრო და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე განთავსდა.

მე-15 ტურის ექვსი ქულის ტოლფასი დაპირისპირება კი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მაძიებლებს – კოლუმბიისა და პერუს ნაკრებებს შორის გაიმართა. ამ მატჩის მოგებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან 14 ტურის შემდეგ გუნდები სატურნირო ცხრილში 17-17 ქულით, შესაბამისად მე-5 და მე-6 ადგილებზე იმყოფებოდნენ. 

მთელი მატჩის მანძილზე მასპინძლები დომინირებდნენ. მათ არაერთი საგოლე ეპიზოდი შექმნეს პერუელთა კართან, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში ზოგჯერ თავდამსხმელებს აკლდებოდათ სიზუსტე, ზოგჯერ კი სტუმართა გოლკიპერი პედრო გალესე ავლენდა სასწაულ რეაქციას.

სამაგიეროდ ვერ ივარგა მისმა ვარსკვლავმა კოლეგა დავიდ ოსპინამ, რომელმაც მატჩის 85-ე წუთზე პერუს ნაკრების თავდამსხმელ ფლორესის დარტყმა ახლო კუთხეში გაუშვა და საკუთარი გუნდი დაღუპა მისთვის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში.

მიუხედავად იმისა, რომ შესარჩევი ციკლის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი, ეს გოლი საკმაო ალბათობით პერუს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანს, კოლუმბიელებს კი, რომელთაც ბოლო ექვს ტურში ერთი გოლიც არ აქვთ გატანილი, კატარის მიღმა დატოვებს. 

თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ კოლუმბიის ნაკრებს, „უმოტივაციო“ არგენტინის ნაკრებთან თამაშს თუ არ ჩავთვლით, ბოლო სამ ტურში პერუსთან, ურუგვაისთან და ჩილესთან შედარებით, იოლი სათამაშო კალენდარი აქვს. 

მე-16 ტურის ცენტრალური მატჩში პერუ ეკვადორს უმასპინძლებს, მე-17 ტურში ყველაზე საინტერესო დაპირისპირებაში ერთმანეთს ურუგვაი და პერუ დაუპირისპირდებიან, ხოლო მე-18 სათამაშო დღეს ეკვადორელებს არგენტინის ნაკრებთან მოუწევთ შერკინება. თუმცა, იმ დროისთვის ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით, შეიძლება დაკარგულიც ჰქონდეს მნიშვნელობა.

ქართველი გულშემატკივრებისთვის კი სასიხარულო ამბავმა გასულ შაბათს ინგლისიდან მოაღწია, სადაც შოთა არველაძემ უფროსი მწვრთნელის რანგში თავის ახალ გუნდ „ჰალ სიტისთან“ ერთად პირველივე მატჩში გამარჯვება (2:0) იზეიმა სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ „სუონსი სიტის“ წინააღმდეგ.

ჩემპიონშიპის დასრულებამდე 18 ტურით ადრე „ჰალ სიტი“ ცხრილში მე-18 ადგილზე იმყოფება და პრემიერლიგის გადათამაშების ზონაში მყოფ მეექვსე ადგილოსან „მიდლსბროს“ 13 ქულით ჩამორჩება. 

მომდევნო ტურში შოთა არველაძის გუნდი ხუთი ქულით წინ მყოფ „პრესტონს“ უმასპინძლებს. გასათვალისწინებელია, რომ მეტოქეს გასვლაზე ჩატარებული 14 მატჩიდან 4 მოგებული აქვს, აქედან სამი – ზედა ექვსეულში მყოფ გუნდებთან. 

მორიგი გამარჯვება გარდა იმისა, რომ ახალ „ჰალ სიტის“ ფეხბურთელებს ახალ მწვრთნელთან ერთად წარმატებული სვლის შესაძლებლობის რწმენას შესძენს, პრემიერლიგის ზონასთანაც დააახლოებს. იქამდე თითქოს შორია, მაგრამ ინგლისურ ფეხბურთში განა ამაზე დიდი სასწაულები არ მომხდარა?!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.