„აფროდიტეს ჩუმითქმა“ – მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრის ახალი ნამუშევრის წარდგენა
მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრმა 23 იანვარს თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) ახალი ნამუშევარი „აფროდიტეს ჩუმითქმა“ წარადგინა.
მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრის ეს ნამუშევარი ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობებს იკვლევს. პერფორმანსი „აფროდიტეს ჩუმითქმა“, ინტუიციის მაღალ სიხშირეზე მომართვით, შეგრძნებების ისეთ დიაპაზონს ქმნის, სადაც სხეული ფიზიკური ხილვადობის გარდა განდობის, დაფიქრების, თანაგანცდის შეპირისპირებულ ფორმაციებს სთავაზობს მნახველს.
სხეული, როგორც ყველაზე ხილვადი და ამავდროულად, ყველაზე შენიღბული იარაღი, ადამიანური და ზეადამიანური კავშირების, ურთიერთდაპირისპირებული და თანხვედრილი განცდების ანატომიას ქმნის.
პერფორმერთა ექსპრომტული დიალოგი იბადება ადგილზე და გადამდები ვიბრაციით, ტკივილის, შიშის, შფოთის, მარტოობის ზღვარზე, წინააღმდეგობებს შორის, აღვიძებს ფარულ შთაგონებას, მისწრაფებას, თავისუფალ ძალას – ნებისა და სიყვარულის მინდობას.
წინააღმდეგობა და პოეზია – სიყვარული და სურვილი – მე და შენ – მუდმივობა და დროებითობა – მათ შორის არსებული დიალექტიკა – ციკლურ დინამიკაში ახალი მნიშვნელობებით და დროისმიღმიერი რწმენებით ვლინდება – შიგნით და გარეთ – მიღმა და უკან – შორს და ახლოს – ეროსი გამოჩნდა…
კონცეფცია და დადგმა:
- მარიამ შერგელაშვილი,
- დავით ჩიხლაძე
მონაწილეები:
- გვანცა აგირბა,
- თინა ელბაქიძე,
- თამა კვანტალიანი,
- ლიზა კვანტალიანი,
- ლაკო მაჭავარიანი,
- ქეთო ტატიშვილი,
- ნიკა შანავა,
- მარიამ შერგელაშვილი
ხმის და ტექსტის ინსტალაცია:
- მარიამ შერგელაშვილი








