POSTRED – ქართული კომპანია კინოინდუსტრიის გლობალურ ბაზარზე
ავტორი: ნინო იმერლიშვილი
აუდიო-ვიზუალური ხელოვნება თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ის კინო, სატელევიზიო და სარეკლამო ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია. ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც მაყურებლამდე და მსმენელამდე დასრულებული სახით მიდის, იქნება ეს სერიალი, ფილმი, თუ ვიდეოთამაში, უამრავი პროფესიონალის შრომის შედეგია. დღეს ჩვენ სტატიაში მოგიყვებით პოსტპროდუქციის ქართული კომპანიის შესახებ, რომელმაც საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი არაერთი სერიალისა და ფილმის ხმის დიზაინზე იმუშავა.
POSTRED-ის სახელი აქამდე თუ არ გსმენიათ, გეტყვით, რომ ეს ის სტუდიაა, რომლის საქმიანობასაც უკავშირდება ისეთი გახმაურებული პროექტები, როგორებიცაა: HBO-ს სერიალი EUPHORIA; კლასიკად ქცეული ჰოლივუდური ჰორორის, Scream-ის ბოლო ნაწილი; რეჟისორ მაიკ მილსის ახალი შავ-თეთრი დრამა – C’mon C’mon, რომელშიც ხოაკინ ფენიქსის კიდევ ერთი გენიალური შესრულება ვიხილეთ და ასე შემდეგ. მსოფლიოს წამყვანი მედიისა და კინოკრიტიკოსების რჩეული პროექტების შემოქმედებითი გუნდის ნაწილად ყოფნა ნებისმიერი გავლენიანი კომპანიისათვის უდიდესი წარმატებაა. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო მსოფლიო კინო და სატელევიზიო ინდუსტრიის ბირთვისგან მნიშვნელოვნად შორის არის, POSTRED-ის საერთაშორისო წარმატება კიდევ უფრო ამაღელვებელი და სასიხარულოა.
POSTRED-ის გუნდი უამრავი ნიჭიერი ქართველი პროფესიონალისაგან შედგება, თავად სტუდიის, როგორც კომპანიის ისტორია კი 2015 წლიდან იწყება, როცა ის საქართველოში ახლად დაბრუნებულმა ხმის დიზაინერმა ბესო კაჭარავამ დააარსა.
როგორც მან ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, შემოქმედებითი პროცესისა და ბიზნესის გაერთიანება საკმაოდ საინტერესო გამოწვევა იყო, რაც ბევრი დეტალის გააზრებასა და გათვლას მოითხოვს.
“საქართველოში დაბრუნების შემდეგ, როდესაც POSTRED დავაარსე, გადავწყვიტე აქ მეცხოვრა და საყვარელი საქმე სწორედ ჩემი ქვეყნიდან მეკეთებინა. პირველ რიგში, ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალი ადამიანები შემოვიკრიბე და ასე შეიქმნა ძლიერი გუნდი. ერთდროულად მქონდა სფეროს განვითარების მიზანი, შემოქმედებითი საქმის სრულყოფილად კეთების სურვილი და ხედვა, თუ როგორ უნდა მექცია ეს ყოველივე კომერციულად მომგებიან ბიზნესად”, – ამბობს ბესო კაჭარავა, POSTRED-ის დამფუძნებელი.
ხშირად გვსმენია, რომ გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს საქმიანობაზე, კარიერულ წინსვლასა და პერსპექტივებზე. როდესაც ცხოვრობ ქვეყანაში, რომელიც მოშორებულია შოუ-ბიზნესის, კინო თუ მუსიკალური ინდუსტრიის გლობალურ ბაზარს, შესაძლოა გაჩნდეს განწყობა, რომ დიდ წარმატებას დაუძლეველი ბარიერი გაშორებს. თუმცა, POSTRED ქართულ რეალობაში იმ მაგალითად იქცა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ნებისმიერ გარემოებაში შესაძლებელია ამბიციურ მიზნებს მიაღწიო. ამისათვის სწორი ხედვა, სტრატეგია, შრომა და ხარისხზე ორიენტირებაა აუცილებელი.
“მთავარია, ის აკეთო, რაც გიყვარს – ეს წარმატების მიღწევისათვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენი სტუდიის თითოეული წევრი საქმეში მაქსიმალურ რესურსს, დროსა და ენერგიას დებს. შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ კონკურენტუნარიან გუნდად ვიქეცით.”
როგორც ბესო კაჭარავა აღნიშნავს, ჰოლივუდურ კინოკომპანიებთან საქმიანი ურთიერთობა მეტად საპასუხისმგებლოა. ეს კომპანიები მრავალმილიონიან პროექტებზე მუშაობენ, შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ჩართულ თითოეულ პროფესიონალს სრულად ენდობოდნენ. ეს ნდობა ბევრ კრიტერიუმს მოიცავს – მაგალითად, საქმის სრულყოფილად შესრულებასთან ერთად, კონფიდენციალურობის დაცვას, რაც კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესია.
“ჰოლივუდისა და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიები ჩვენთან ისე თანამშრომლობენ, როგორც ცალკეულ პროფესიონალებთან. ხშირად ამბობენ, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, გლობალური ბრენდები იმიტომ ქირაობენ კადრებს, რომ აქ ადამიანური რესურსი იაფია. ჩვენ შემთხვევაში ასე ნამდვილად არ ყოფილა. როდესაც მსგავსი მასშტაბების ფილმებსა, თუ სერიალებზეა საუბარი, კინოკომპანიებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ის პროდუქტი, რომელზეც მრავალმილიონიანი ბიუჯეტია დახარჯული, სანდო ხელშია. ამ რანგის კომპანიები ნაკლებად ფიქრობენ თანხების დაზოგვაზე, მათთვის პრიორიტეტული იდეალური შედეგია. ჩვენი ამბიციაც სწორედ ეს არის, რომ გლობალურ კონკურენციაში ჩავერთოთ წამყვან სტუდიებთან და ასეც არის – ვერ ვიტყოდი, რომ თუნდაც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, დაბალბიუჯეტიანი გუნდი ვართ, ჩვენი მომსახურება საკმაოდ ძვირია, ეს კი სრულ თანხვედრაშია გაწეული საქმის მოცულობასა და ხარისხთან”.
აღსანიშნავია, რომ POSTRED მხოლოდ გლობალურ ბაზარზე არ არის ფოკუსირებული. მაგალითისათვის, სწორედ POSTRED-მა იმუშავა ლევან აკინის სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”, ასევე ლევან კოღუაშვილის ახალ სარეჟისორო ნამუშევარზე, Tribeca-ს კინოფესტივალის გამარჯვებულ კინოსურათზე, სახელწოდებით “მეოთხე ბრაიტონი”.
POSTRED-ის ამჟამინდელი და სამომავლო დაკვეთების სია საკმაოდ დიდია, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს აერთიანებს, თუმცა, სწორედ კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, მათზე საუბარი კომპანიას ახლა არ შეუძლია. თუმცა, სტატიის შესავალში ჩამოთვლილი ნამუშევრები საკმარისია იმის მისახვედრად, რომ საქართველოში დაარსებული კომპანიის სახელს მომავალშიც ბევრი ხმაურიანად დაანონსებული პროექტი დაუკავშირდება.