fbpx

სად შევიძინოთ მცენარეები თბილისში


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

მცენარეების მოვლა ადამიანების ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა. ბევრი სამედიცინო კვლევა ადასტურებს, რომ მცენარეებზე ზრუნვას უამრავი დადებითი შედეგი მოაქვს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, სწორად შერჩეული ოთახის მცენარე ჟანგბადს გამოყოფს და ჰაერს წმენდს, მათზე ზრუნვა, მორწყვა, გადარგვა კი დადებითად მოქმედებს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე.

პანდემიის გათვალისწინებით, როდესაც ადამიანებს მთელ მსოფლიოში გაურკვეველი დროით შეგვეზღუდა სახლიდან გასვლა და საჯარო სივრცეებით სარგებლობა, გასაკვირი სულაც არაა, რომ მცენარეებზე მოთხოვნილება გაიზარდა. “ლოქდაუნისას” ადამიანებმა თავიანთი კულინარიული თუ შემოქმედებითი უნარების გამოღვიძებასთან ერთად, მთელ მსოფლიოში დაიწყეს მცენარეების შეძენა, მათი მოვლის შესახებ ინფორმაციის მოძიება და კერძო სახლებისა თუ ბინის პირობებში მათზე ზრუნვა. 

თბილისში მცენარეების შეძენა უამრავ ადგილასაა შესაძლებელი – მაღაზიებში, სათბურებში, ბაზრობებსა თუ ქუჩაში, დღეს კი გაგაცნობთ იმ სივრცეებს, სადაც  მრავალფეროვანი და ეგზოტიკური მცენარეების არჩევა განსხვავებულ და ორიგინალურ გარემოში შეგიძლიათ.

 

Plant lovers tbilisi

Plant Lovers Tbilisi მუსიკოს ლევან შანშიაშვილის მიერ შექმნილი სივრცეა. მაღაზიამ სულ ცოტა ხნის წინ შეიცვალა მისამართი და გადავიდა ნიაღვრის ქუჩის 4ა ნომერში, სადაც გარდა ყვავილების მაღაზიისა, პატარა კაფეც ფუნქციონირებს.

 ფიზიკურ და ასევე ონლაინმაღაზიაში შეძლებთ აარჩიოთ ინტერიერის ტროპიკული მცენარეები, იშვიათ სახეობების ვარიეგატული (ჭრელი) მცენარეები, ასევე, მცენარის მოვლისთვის საჭირო ყველა სახის აქსესუარი – ქოთნები, კაშპოები (პლასტმასის ქოთნის კერამიკული ან შეკერილი ქოთნები), ნიადაგი, დრენაჟი, სასუქი თუ მავნებლების საწინააღმდეგო საშუალებები. 

Plant Lovers Tbilisi არა მხოლოდ მცენარეების მაღაზია, არამედ მცენარეთა მოყვარულების დიდი “ქომიუნითია”, სადაც მცენარეებთან და მათ მოვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიება იმართება ხოლმე. 

მცენარეების და მათი მოვლის საშუალებების შეძენა შეგიძლიათ  ნიაღვრის ქუჩაზე 4ა-ში,  ასევე შესაძლებელია ონლაინშეკვეთა და ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა. 

 

Anemone

 “ანემონე” მცენარეების მაღაზია-სალონია, სადაც მომხმარებელს შეუძლია ინტერიერის და ექსტერიერის მცენარეების, ასევე მათი მოვლის საშუალებების და ქოთნების შეძენა. მაღაზიაში დაგხვდებათ როგორც სხვადასხვა პირობების მოყვარული მცენარეების დიდი არჩევანი, ასევე რთულად და მარტივად მოსავლელი სახეობები.

გარდა მცენარეების შეძენისა, “ანემონეს” სხვადასხვა საჭირო და მრავალფეროვანი სერვისი აქვს. თუ ეზო გაქვთ, შეგიძლიათ მებაღე გამოიძახოთ, გარკვეული დროით მცენარე მოსავლელად დატოვოთ მათთან, ან როცა ნერგის გადარგვის დრო მოვა, ეზოში  დაარგვევინოთ.

ბოლო რამდენიმე წელია, რაც “ანემონე” სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს მასპინძლობს და უზიარებს მცენარეების მოვლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას. ასევე, “ანემონეს” დამფუძნებელი ანი არველაძე პოდკასტს უძღვება იუტუბზე, სადაც საინტერესო სტუმრებთან ერთად ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს, რაც მცენარის მოვლას ეხება.

მაღაზია-სალონი “ანემონე” ანა პოლიტკოვსკაიას 3 ნომერში მდებარეობს, თუმცა, სასურველი მცენარის  შეძენა  ონლაინაცაა შესაძლებელი.

 

მწვანე ბულანჟერეა

“მწვანე ბულანჟერეაში” ინტერიერის და ექსტერიერის წიწვოვანი, ფოთლოვანი, მარადმწვანე თუ მოყვითალო მცენარეების დიდი არჩევანია. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ისეთ მცენარეებზე, რომლებიც ღია სივრცეში – ტერასაზე და აივანზე ადაპტირდებიან მარტივად.

გარდა მცენარეებისა, აქ შეგიძლიათ სხვადასხვა აქსესუარის – როგორც კედლის დეკორის, ასევე სამუშაო ხელსაწყოების შერჩევა.

კიდევ ერთი პროდუქტი, რისი არჩევაც “მწვანე ბულანჟერეაში” შეგიძლიათ, არის ბუნებრივი სტაბილიზებული ხავსის დეკორი, რომელიც კომფორტულია იმ თვალსაზრისით, რომ არ საჭიროებს მოვლას, და რაც მთავარია, შეგიძლიათ სახლის ის მონაკვეთი გაამწვანოთ, სადაც მცენარის განთავსება ვერ მოხერხდა სხვადასხვა მიზეზის გამო.

 

კატლეია 

“კატლეიაში” აღმოაჩენთ იშვიათ ტროპიკულ საკოლექციო სახეობებს. იმდენად იშვიათ მცენარეებს, რომ ხშირად მათი მოძიება ევროპის ქვეყნებშიც კი რთულია. გარდა საკოლექციო მცენარეებისა, დამწყებთათვის მარტივად მოსავლელი ისეთი სახეობები აქვთ, როგორიცაა კრასულა და ქლოროფიტიუმი. 

გარდა მცენარეებისა, მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ მცენარეების მოვლის სხვადასხვა საშუალება, სპეციალურად შეზავებული ნიადაგი; იქვე, ადგილზე შეგიძლიათ გადარგოთ ერთი ქოთნიდან მეორეში, ასევე, საჭიროების შემთხვევაში მიიღოთ კონსულტაცია და რჩევები მცენარის მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით.

გარდა “კატლეიას” ორი ფილიალსა, მცენარეების შეძენა ონლაინაც შეგიძლიათ მათი ფეისბუქგვერდის მეშვეობით, მიწოდება კი თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც ხდება.

 

Bloomers 

“ბლუმერსი” ონლაინმაღაზიაა, სადაც ოთახის, ანუ იმ მცენარეების შეძენა შეგიძლიათ, რომლებიც შიდა სივრცეში იზრდებიან და დახურული სივრცის მიკროკლიმატს იტანენ. აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ მარტივად მოსავლელი და ამავდროულად, სასარგებლო, ანუ ჟანგბადის უხვად გამომყოფი მცენარეები. 

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ ყიდულობთ, “ბლუმერსში” დეტალურ მითითებას მოგცემენ კონკრეტული მცენარის მოვლასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს შეუძლია უკვე ქოთანში, გამდიდრებულ ნიადაგში ჩარგული მცენარე შეიძინოს 

გარდა ქოთანში ჩარგული მცენარეებისა, აქ შეგიძლიათ ცალკე შეიძინოთ კერამიკული ქოთნები და ისარგებლოთ გადარგვის სერვისითაც.

Bloomers.ge-ს პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, Instagram გვერდზე. შეკვეთას გაფორმებიდან ორი დღის განმავლობაში მიიღებთ მისამართზე. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.