fbpx

Red Bull Lukvrame – როგორ იქცა ძველი სვანური ტრადიცია თანამედროვე ექსტრემალურ შეჯიბრებად


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

ფოტო: Red Bull

 

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები უძველეს ტრადიციებს ინახავს. როდესაც რელიგიით, თუ ლეგენდებით შთაგონებულ წეს-ჩვეულებებზე ვსაუბრობთ – უპირველესი სვანეთი გვახსენდება. ამ კუთხის ბუნებრივი ლანდშაფტი, არქიტექტურა, ფოლკლორი,  კულინარია, თუ დიალექტი დღემდე განსაკუთრებით მისტიკურია, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტებისათვის. სვანეთის წეს-ჩვეულებები რეალობაში ხშირად მოულოდნელ აღმოჩენადაც იქცევა ხოლმე – ასე მოხდა ლუხმედებით სრიალის ტრადიციის შემთხევაშიც.

ლუხმედი ხისგან გამოთლილი ციგურების მსგავსი ნაკეთობაა, რომელსაც სვანები თოვლში სასრიალოდ იყენებდნენ. მისი გამოყენებით მოყინულ ზედაპირზე ეშვებოდნენ და, შეიძლება ითქვას, ამ გზით ექსტრემალურ სპორტს მისდევდნენ. სწორედ ამ ტრადიციის გასაცოცხლებლად, მესტიაში ლუხმედებით სრიალის სახალისო შეჯიბრება, Red Bull Lukvrame გაიმართა. “ლუკვრამე” სვანური სიტყვაა და გაყინულს ნიშნავს. ეს დასახელება გარემოს, ტრადიციის თავისებურებებისა და მისი ექსტრემალური ხასიათის შთაგონებით გაჩნდა. 

ღონისძიების ჩატარების თავდაპირველი იდეა გიდებს – ლერი ნიგურიანს და ანდრო ბურდულს ეკუთვნით. ამ იდეის დაბადება კი, სვანეთის ერთ-ერთ სოფელში სრულიად  შემთხვევით ნანახმა სურათმა განაპირობა. 

სვანეთის სოფელ ეწერში გერმანელი ტურისტების ჯგუფი გყვყავდა. უცებ შევნიშნეთ, რომ ერთ-ერთმა ბავშვმა სახლიდან განსხვავებული ფორმის ხისგან გამოთლილი ციგურები გამოიტანა და სრიალო დაიწყო. ეს ნაკეთობა ლუხმედი აღმოჩნდა. მე მხოლოდ გაგონილი მქონდა ამ ტრადიციის შესახებ, ლერიმ კი გაიხსენა, რომ ლუხმედებით თავადაც სრიალებდა ბავშვობაში. ამის შემდეგ, დავიწყეთ კვლევა და უფრო მეტი რამ გავიგეთ ტრადიციის შესახებ.” – ანდრო ბურდული, შეჯიბრის იდეის თანაავტორი. 

თუკი სვანეთში ყოფნისას, 70 წელს გადაცილებულ ადგილობრივს შეეკითხებით, ის აუცილებლად გაიხსენებს, თუ როგორ იკრიბებოდნენ უბნის ბავშვები ზამთრობით და ერთმანეთს მოყინულ დაღმართზე ლუხმედებით დაშვებაში ეჯიბრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია ასეთი გავრცელებული იყო, დროსთან ერთად დაიკარგა და მხოლოდ სვანური სოფლების  უხუცესი მაცხოვრებლების ბავშვობის მოგონებად იქცა. 

გავიკითხეთ, თუმცა, ოჯახებში ლუხმედების  მიგნება გაგვიჭირდა. ზოგი  დამტვრეული იყო, ზოგიერთი ოჯახიდან კი დიდი ხნის წინ დაიკარგა. ამ ძიება-ძიებაში, ერთ ჩვენს ახლობელს აღმოაჩნდა, მოულოდნელად მოგვიტანა და გვაჩუქა. ამ დროს, სვანეთში ჩამოსული იყვნენ ჩვენი მეგობრები Red Bull-დან, ისინი ამ საუბარს შეესწრნენ და ასე გაჩნდა შეჯიბრების ჩატარების ერთობლივი იდეა – ასე დაიბადა Red Bull Lukvrame.” – ანდრო ბურდული 

ამის შემდეგ, იდეის ავტორებმა და შეჯიბრების ორგანიზატორებმა ლუხმედების ძიებისათვის უფრო მასშტაბური კვლევა დაიწყეს. სხვადასხვა სოფელში ამ უძველესი ციგურების კვალდაკვალ სიარულმა მათ ბევრი საინტერესო დეტალი აღმოჩენინა – დამზადების ტექნოლოგია, გამოყენების წესები, უსაფრთხოების ზომების დაცვის ძველებური მეთოდები და ასე შემდეგ. აღმოჩნდა ისიც, რომ ლუხმედების მსგავსი ციგურებით, ძველად, სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც სრიალებდნენ. განსხვავებული იყო სახელწოდება და მცირედი დეტალები, თუმცა, ეს ტრადიციები ერთმანეთთან ახლოს იყო. ეს გასაკვირი არც არის – მაღალმთიანი კუთხეების მაცხოვრებლები, მკაცრ კლიმატსა და გეოგრაფიულ თავისებურებებს შეჩვეული ადამიანები, ისტორიულად ყოველთვის განსაკუთრებით გაბედულები და ფიზიკურად ძლიერები იყვნენ, ამიტომაც მათი ინტერესი ექსტრემალური სპორტული შეჯიბრებების მიმართ, სრულიად გასაგებია. 

Red Bull Lukvrame-ს ორგანიზება ბევრი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვდა, მათ შორის იყო შეჯიბრების ჩატარების ლოკაცია. ამისათვის მესტიის უბანი ლანჩვალი შეირჩა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ლუხმედებით სრიალისათვის ადრეც ერთ-ერთი რჩეული ადგილი იყო. 5 თებერვალს, როდესაც Red Bull Lukvrame-ს გახსნის დრო დადგა, ასე მოიყარეს ამ უბანში თავი როგორც მონაწილეობის, ასევე შეჯიბრებაზე მაყურებლის სტატუსით დასწრების მსურველებმა. ღონისძიება სახალისო და ენერგიული იყო, თუმცა, ერთი შეხედვითაც მოხვდებოდით, რომ ლუხმედებით სრიალი საკმაოდ რთულია და ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. 

სწორედ ამიტომ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მონაწილეობის ასაკობრივი მინიმალური ზღვარი 18 წლით განისაზღვრა. ამასთან ერთად, შეჯიბრებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს სრიალის დროს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა დამცავი ჩაფხუტი.  გაირკვა, რომ ლუხმედებით სრიალის იდეა არამხოლოდ ქართველებისათვის, არამედ უცხოელი ტურისტებისათვისაც საინტერესო გამოცდილების საშუალება იყო, შედეგად, მონაწილეებს შორის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებიც ვიხილეთ.

Red Bull Lukvrame-მ ოთხი გამარჯვებული გამოავლინა, სამი ყველაზე სწრაფი, ერთი  კი, მონაწილე ყველაზე ორიგინალური ჩაცმულობით. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება. ეს ქმნის საფუძველს, რომ მის შესახებ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს და შესაძლოა, თანამედროვე ექსტრემალებისათვის  სულ უფრო საინტერესო აღმოჩენად და საყვარელ ჰობადაც იქცეს. 

ყოველი გაცოცხლებული ტრადიცია კიდევ ერთი ხელშესახები წყაროა ჩვენი ისტორიის, რაც თავისთავად პირდაპირ აისახება საქართველოს, როგორც ტურისტულად  მიმზიდველი  ქვეყნის პერსპექტივებზე.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.