fbpx

გულის ფორმის საჩუქრები ვალენტინობისთვის


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

გული სიყვარულის მთავარი მეტაფორაა, ხოლო მისი თანამედროვე სახით გამოხატული ფორმა პოპ კულტურაში ფართოდაა გავრცელებული და ყოველდღიურად გამოიყენება სიყვარულის, თანადგომის, მეგობრობის თუ უბრალოდ კეთილგანწყობის გამოსახატად.

 ♥ ამ ფორმით გულის გამოსახვა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დაიწყეს, ხოლო მის ფართოდ გავრცელებას ბანქოს დასტაში ოთხიდან ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ გამოჩენამაც შეუწყო ხელი.  დროსთან ერთად გულის სიმბოლო ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური  ნაწილი გახდა და გარდა სოციალურ ქსელებში მიმოწერისა, აქტიურად გვხვდება  სხვადასხვა სფეროში.

რადგანაც გულის სიმბოლო წელიწადის დღეებიდან ყველაზე მეტად სწორედ 14 თებერვალთანაა დაკავშირებული, გთავაზობთ საქართველოში შექმნილ გულის ფორმის აქსესუარებს და ნივთებს, რომლებიც საუკეთესო საჩუქარი იქნება ვალენტინობას როგორც რომანტიკული პარტნიორისთვის, ასევე მეგობრისთვის, ან საკუთარი თავისთვის.

 

DREAMS

ქართული კონცეპტუალური ბრენდი DREAMS ტანსაცმლის და აქსესუარების ორიგინალურ კოლექციას გვთავაზობს, ამჯერად კი მათი შექმნილი გულის ფორმის  ეროტიკული ყელსაბამი შევარჩიეთ. უფრო მეტი ბრენდზე შეგიძლიათ ჩვენს სტატიაში წაიკითხოთ.

 

Dumbo’s imaginative ability

Dumbo’s imaginative ability ონლაინმაღაზიაა, სადაც უამრავ ფერად, მხიარულ და ხალისიან აქსესუარს წააწყდებით, რომელიც აუცილებლად გაგახსენებთ ბავშვობას. თითოეული ნივთი უნიკალურია და მხოლოდ ერთი ცალი მზადდება ძირითადად რეზინის და თიხისგან.  დღეისთვის კი გულის ფორმის ვარდისფერი ბეჭედი შევარჩიეთ.

AMARIA

ამ ქართული ბრენდისთვის გულის ფორმის სამკაული ერთგვარი დამახასიათებელი ხელწერაა. სხვადასხვა მასალისგან სხვადასხვა დანიშნულების აქსესუარი იქმნება, თუმცა, რაც ყველა მათგანს აერთიანებს,  ეს საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოს ახლებური ტრანსფორმაციაა. ვალენტინობის დღისთვის კი “ამარიას” ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა აქსესუარმა – გულის ფორმის წითელმა ბეჭედმა მოგვხიბლა. 

 

Le Chic Radical

თანამედროვე და ორიგინალური ხელნაკეთი სამკაულების ქართული ბრენდია Le Chic Radical, სადაც მრავალ  გამორჩეულ ნაკეთობასთან ერთად, გულის ფორმის აქსესუარებსაც  აღმოაჩენთ. 

 

კატო ნემსაძის აქსესუარები

კატო ნემსაძეს გულის ფორმა თითქმის ყველა ნამუშევარში აქვს გამოყენებული. გულის სიმბოლური დატვირთვა და ხასიათი დეტალების მიხედვით იცვლება, თუმცა, რაც ყველა მათგანს აერთიანებს, ეს სიყვარულია. 

ჩვენი გული ამ ხანჯალგაყრილმა და ცეცხლოვანმა გულის ფორმის ყელსაბამმა მოიგო და ამიტომ, უამრავი საოცარი ნამუშევრის მიუხედავად, სწორედ მას გამოვყოფთ. კატოს ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ მისი პირადი ინსტაგრამ-ანგარიშის მეშვეობით შეგიძლიათ.

 

lick the star 

Lick the Star-ის ონლაინმაღაზიაში საინტერესო დიზაინის ბეჭდების და ჩოქერების არჩევა შეგიძლიათ, ვალენტინობის დღისთვის კი ხელოვნური თიხისგან შექმნილ ამ ბაც იასამნისფერ  ჩოკერს გამოვყოფთ.

 

Identity Candles 

რომანტიკულ საღამოსთან სანთელი უპირობოდ ასოცირდება. Identity Candle-ში უამრავი საინტერესო ფორმის სანთლის აღმოჩენაა შესაძლებელი, თუმცა, ვალენტინობის დღისთვის საჩუქრად  გულის ფორმის ეს სანთლები იდეალური ვერსიაა.

 

anabechdi4at

ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ ანაბეჭდი X AT ჩვენი საყვარელი პროექტია. პროექტის ფარგლებში შექმნილ მრავალ საინტერესო ნივთში, სპეციალურად ვალენტინობისთვის, გულის ფორმის, სხვადასხვა ფერის  ხელნაკეთი ყელსაბამის შეძენას გირჩევთ. ყელსაბამები ვერცხლისა და ფაიფურისგანაა დამზადებული, ხოლო მის ჩასადებზე დატანილი წარწერა – HANDLE WITH CARE  მწერალ ნესტან ნენე კვინიკაძის რეფერანსის მიხედვითაა შექმნილი. 

 

The Shop

“შოპში” უამრავი საინტერესო ნივთის აღმოჩენა და შეძენა შეგიძლიათ. ამ ნივთებს კი კიდევ უფრო მომხიბვლელს  ის ფაქტი ხდის, რომ ამ კონცეპტუალურ მაღაზიაში განთავსებული ნივთების უმეტესობა გადამუშავებული მასალისგანაა დამზადებული. ვალენტინობისთვის კი თემატურად გირჩევთ ულამაზეს, წითელ და ვეფხვის პრინტიან  გულის ფორმის ბალიშებს. თან ვეფხვის წლის პატივისცემა, თან სიყვარული <3

 

ანემონე 

“ანემონეს” მრავალფეროვანი მცენარეებიდან სპეციალურად ვალენტინობისთვის შექმნილი, გულის ფორმის ბეტონის ქოთნებში ჩარგული სუკულენტებისა და ხავსის კომპოზიციების  შეძენას გირჩევთ.

 

 

შიკოლი

საყვარელი ადამიანისთვის შოკოლადის ჩუქება დიდი ხნის და თითქოს უგემოვნო ტრადიციაა, თუმცა, სწორად შერჩეული ტკბილეული სულაც არ ჩაითვლება ძველმოდურ ჟესტად, პირიქით. ხელნაკეთი შოკოლადების მაღაზიაში – “შიკოლი” სხვადასხვა გემოსა და დიზაინის ტკბილეული, 14 თებერვლისთვის კი სიყვარულის თემით შთაგონებული კოლექცია დაგხვდებათ. ”შიკოლში”  საყვარელი ადამიანისთვის, ან თუნდაც მხოლოდ თქვენთვის,  შოკოლადის სპეციალური დიზაინის სასაჩუქრე ყუთების შეძენა შეგიძლიათ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.