fbpx

კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩემპიონთა ლიგამდე


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

„ჩელსის“ გოლკიპერ ედუარდო მენდის სამიოდე წუთი დააკლდა იმისათვის, რომ წინა კვირას სენეგალის ნაკრების შემადგენლობაში თერთმეტმეტრიანების სერიაში მონაწილეობის შემდეგ, გასულ შაბათს იგივე  ფუნქცია უკვე ლონდონურ კლუბში ეტვირთა ბრაზილიური „პალმეირასის“ წინააღმდეგ მატჩის დამატებითი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში.

ბრაზილიელთათვის სამწუხაროდ, მატჩის 117-ე წუთზე მათი კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი კაი ჰავერცმა ზუსტად შეასრულა და სამხრეთ ამერიკა, უკვე მეათე წელიწადი ზედიზედ, ტიტულის გარეშე დარჩა.

საინტერესოა, რომ 2012 წელს კლუბთა მსოფლიო ჩემპიონობა ბრაზილიურმა „კორინთიანსმა“ სწორედ ლონდონის „ჩელსისთან“ შეხვედრაში მოიპოვა. მას შემდეგ კი ევროპელები დომინირებენ და ფინალებში სამხრეთ ამერიკელთა გარდა, ზოგჯერ სხვა კონტინენტების წარმომადგენლებსაც ამარცხებენ ხოლმე.

ტურნირი, რომელიც 2000 წელს დაინერგა, უფრო საზეიმო ხასიათის მატარებელია, ვიდრე პროფესიონალური. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც „ჩელსის“ და „პალმეირასის“ დაპირისპირება, რომლის პირველი 90 წუთის განმავლობაში მსაჯს ყვითელი ბარათი ერთხელაც არ გამოუყენებია.

ვნებათაღელვის მოზღვავება ფეხბურთელებს დამატებითი დროის დაწყებისთანავე  დაეტყოთ. უპირველეს ყოვლისა ეს „პალმეირასის“ ფეხბურთელებზე ითქმის, რომლებიც ფიზიკური თვალსაზრისით კონკურენციას უკვე ვეღარ უწევდნენ „ჩელსის“ „დაქოქილ“ ფეხბურთელებს. 

აქედან გამომდინარე, სამი ყვითელი ბარათის მოპოვების შემდეგ, საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე, ბრაზილიელი გარსია გააძევეს კიდეც მოედნიდან აშკარა უხეშობისთვის.

„პირველი ნომრის“ ფუნქციას მთელი მატჩის განმავლობაში „ჩელსი“ ასრულებდა. ლონდონელებმა ანგარიში 54-ე წუთზე გახსნეს, როდესაც ჰადსონ-ოდოიმ ფლანგზე გარღვევა განახორციელა და ბურთი საჯარიმო მოედანზე ჩაკიდა. წამით უმეთვალყურეოდ დარჩენილ ლუკაკუს კი ისღა დარჩენოდა, რომ თავური დარტყმით დაეგვირგვინებინა ეფექტური შეტევა.

10 წუთის შემდეგ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით თამაშის გამო „ჩელსის“ კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. რაფაელ ვეიგას ედუარდო მენდიმ მარცხენა ფეხით დარტყმული ბურთის მიმართულება ვერ გამოუცნო და ანგარიში გათანაბრდა. 

დამატებით დროში „ჩელსიმ“ გაზარდა ზეწოლა მეტოქეზე და საბოლოოდ თერთმეტმეტრიანი ვეიგას მსგავსად, უკვე ჰავერცმა შეასრულა მეკარის მოტყუებით და თანაც მარცხენა ფეხით.

კლუბთა მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, „ჩელსი“ 27 თებერვალს ინგლისის ლიგის თასის ფინალში, „ლივერპულის“ დამარცხების შემთხვევაში, გაზაფხულს ორი ტიტულით შეხვდება, რაც თომას ტუხელის სამწვრთნელო კარიერაში უდიდესი წარმატების დამადასტურებელი იქნება. 

„ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ტურნირში მომავალი კვირიდან ჩაერთვება. ამ კვირაში კი გულშემატკივრები დიდი ინტერესით ელიან პირველ ოთხ მერვედფინალურ მატჩს, რომელთაგან გამორჩეული, რა თქმა უნდა, ფინალის სტატუსის დაპირისპირებაა – „პარი სენ-ჟერმენი“ – „რეალი“. 

რა შეიძლება ითქვას ორიოდე სიტყვით ამ მატჩის შესახებ? საბუკმეიკერო კანტორები მცირე უპირატესობას პარიზულ კლუბს ანიჭებენ. შემადგენლობის „ვარსკვლავურობის“ თვალსაზრისით, „პარი სენ-ჟერმენი“ შეიძლება დღეს აღემატებოდეს კიდეც მადრიდის „რეალს“, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩემპიონთა ლიგის ტურნირის ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გამოცდილების ფაქტორი მაურიციო პოჩეტინოს წინააღმდეგ დუელში. 

ანჩელოტი ყოველთვის შეძლებს გუნდის ერთ მუშტად შეკვრას. „პარი სენ-ჟერმენი“ კი გაჭირვების შემთხვევაში ამბიციურად გათითოკაცებული ვარსკვლავების ამარა დარჩენის საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. მტრისას, თუ ამ დროს მადრიდის „რეალმა“ მოახლოებული სისხლის გემო შეიგრძნო. „სამეფო კლუბისთვის“ ხომ ჩვეულებრივი ამბავია მასზე ცოტათი ძლიერი გუნდის დამარცხება…

„რეალის“ წინააღმდეგ ლა ლიგის 24-ე ტურის მატჩის პირველ ნახევარში „ვილიარეალს“ არაერთხელ შეეძლო დაწინაურება, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოახერხა. მეორე ტაიმში კი „რეალი“ მეტოქეს მიაწვა და მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ახლოს იყო სამი ქულის მოპოვებასთანაც, მაგრამ არ გაუმართლა.

ჯერ იოვიჩმა „ვილიარეალის“ კარის ხარიხას გაარტყა ბურთი, ნაჩოს ხელმეორე დარტყმა კი მცველმა გამოიტანა უმეკარეოდ დარჩენილი კარის ხაზიდან. საბოლოოდ მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა, რაც „რეალისთვის“ ურიგო შედეგი არ უნდა იყოს, რადგან სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსან „სევილიას“ იგი 4 ქულით უსწრებს.

„რეალისგან“ განსხვავებით, „პარი სენ-ჟერმენმა“ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა, როდესაც „რენთან“ მატჩის ერთადერთი გოლი ლიონელ მესის გადაცემით კილიან მბაპემ გაიტანა. 

„პარი სენ-ჟერმენი“ უკვე დიდი ხანია, საკუთარი ქვეყნის ჩემპიონია. აწი მას შეუძლია სრული ძალისხმევით იმოქმედოს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, რაც ამბიციური კლუბის მთავარი მიზანია. 

სამაგიეროდ უაღრესად დაიძაბა სიტუაცია იტალიის სერია A-ში, სადაც „სკუდეტოსთვის“ ბრძოლა ალბათ უკანასკნელ ტურებამდე გასტანს. წინა კვირას  „მილანთან“ მარცხის შემდეგ, „ინტერმა“ იტალიის თასზე „რომა“ დაამარცხა, „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ კი მას „ნაპოლისთან“ მოუწია გასვლითი შეხვედრა.

„ნაპოლი“ ინსინიეს მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის შემდეგ მატჩის დებიუტშივე დაწინაურდა, მაგრამ გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერის მიუხედავად, უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. არადა მოგების შემთხვევაში მასპინძლები სატურნირო ცხრილში „ინტერს“ გადაასწრებდნენ და მის სათავეში მოექცეოდნენ.

მაგრამ არაა „ნაპოლი“ ჩემპიონობისთვის საბრძოლველად მზად. გადაღლილმა „ინტერმა“ შეძლო მეორე ტაიმში საპასუხო გოლის გატანა. მატჩის უკანასკნელი 35 წუთი კი შეთანხმებულ ფრეზე თამაშს დაემსგავსა, რადგან დაპირისპირებული მხარეები წაგების შიშით, რისკზე წასვლას ერიდებოდნენ.

სტუმრების მსგავსად, მასპინძლებსაც ესაჭიროებოდათ ამოსუნთქვა, რადგან თუკი „ინტერი“ ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულს“ მასპინძლობს, „ნაპოლი“ ევროპის ლიგაზე „ბარსელონას“ უნდა ეწვიოს.

„ნაპოლისგან“ განსხვავებით „მილანმა“  შანსი ხელიდან არ გაუშვა და „სამპდორიას“ დამარცხების შემდეგ სერია A-ს ლიდერად იქცა.

მაგრამ რა შეემთხვა მიუნხენის „ბაიერნს“ „ბოხუმთან“ შეხვედრაში? საინტერესო ისაა, რომ მატჩის მე-9 წუთზე მე-9 ნომერმა ლევანდოვსკიმ სტუმრები მრავალსვლიანი „სავარჯიშო“ კომბინაციის შემდეგ დააწინაურა.

პირველ წრეში „რეკორდმაისტერს“ შინ  7:0 ჰქონდა მოგებული „ბოხუმისთვის“, რომელსაც 22-ე ტურამდე აუტსაიდერ „ფიურტის“ შემდეგ ბუნდესლიგის გუნდებიდან ყველაზე სუსტი თავდასხმა გააჩნდა და საშუალოდ თამაშში ერთ გოლზე ნაკლები გაჰქონდა. 

აი „ბაიერნთან“ კი ამ თითქოს განწირულმა საშუალო კლასის გუნდმა ერთ ტაიმში ერთბაშად ოთხი გოლი გაიტანა და თანაც ისეთი, რომ მეკარე ნოიერის არყოფნაში ულრიხის დადანაშაულება შეუძლებელია რომელიმე მათგანში. მეორე ტაიმში ერთადერთი გოლი გავიდა და მისი ავტორი კვლავ ლევანდოვსკი აღმოჩნდა. 

2:4 წაგებულ მატჩში დუბლი თითქოს ვერაფერი ბედენაა პოლონელი ფორვარდისთვის. მაგრამ ამ დუბლით მან შარშანდელი მიღწევა გაიმეორა – 22 მატჩში 26 გოლი, რაც გასულ სეზონში საბოლოოდ ლევანდოვსკის მიერ დამყარებულ ბუნდესლიგის რეკორდში – 34 ტურში გატანილ 41 ბურთში გადაიზარდა.

აშკარაა, რომ ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდების ყურადღება ძირითადად ამ ტურნირისკენ იყო მიმართული და ალბათ ამავე მიზეზით რვა მონაწილე გუნდიდან მხოლოდ ოთხმა მოახერხა გასულ უიკენდზე საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში სამი ქულის მოპოვება. „ინტერის“, „რეალის“ და „ბაიერნის“ მსგავსად, ქულები დაკარგა ლისაბონის „სპორტინგმაც“, რომელიც პორტუგალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის ცენტრალურ მატჩში გასვლაზე 2:0-ს უგებდა „პორტუს“, მაგრამ ასეთი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ ფრეს (2:2) დასჯერდა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.