ჯიმ სტარჯესი გიგა აგლაძის ახალ ფილმში The Other Me
ავტორი: თინა ლაღიძე
24 თებერვალს თბილისის კინოთეატრებში გიგა აგლაძის ახალი ფილმი ორიგინალური გამოდის – სახელწოდებით The Other Me (“მეორე მე”). ფილმის მსოფლიო პრემიერა 4 თებერვალს ჩრდილოეთ ამერიკის ოც შტატსა და კანადაში შედგა.
ფილმი საქართველოშია გადაღებული, მასზე ქართულმა შემოქმედებითმა და ტექნიკურმა გუნდმა იმუშავა, შემდგომ კი წარმოება ჰოლივუდში გაგრძელდა. რეჟისორმა ფილმის სცენარზე ათი წლის წინ დაიწყო მუშაობა და თავიდანვე იცოდა, რომ მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავს, ბრიტანელ მსახიობ – ჯიმ სტარჯესს შესთავაზებდა. გიგა აგლაძე თვლის, რომ ის და ჯიმ სტარჯერსი ერთმანეთს ჰგვანან. ამ ორ ადამიანს The Beatles-ით გატაცებაც აერთიანებს. სტარჯესი ხომ ლეგენდარულ როკ-ჯგუფთან ასოცირდება, ცნობილ ფილმში – Across the Universe მან ჯუდის როლი ითამაშა და ჯგუფის არაერთი ჰიტი შეასრულა. პერსონაჟის სახელიც პოლ მაკარტნის ცნობილი სიმღერით – Hey Jude იყო შთაგონებული.
როგორც ჩანს, რეჟისორი არ შეცდა, რადგან სტარჯესი გიგა აგლაძის სცენარის წაკითხვისთანავე როლით დაინტერესდა და საქართველოში გადაღებებზე ჩამოსვლას დათანხმდა. ინტერვიუებში ინგლისელმა მსახიობმა არაერთხელ აღნიშნა სცენარის პოეტურობა და ის, რომ პერსონაჟის ძიებები მისთვის ახლოა. რეჟისორის და მსახიობის ემოციურ თანხვედრაზე ფილმის სახელწოდებაც მეტყველებს – აღმოჩნდა, რომ სტარჯესს იგივე სახელწოდების სიმღერა – The Other Me აქვს დაწერილი და მას 2009 წლიდან წარმატებით ასრულებს.
სიმღერა თითქოს ამ ფილმისთვის არის შექმნილი, – აღნიშნავს გიგა აგლაძე.
ქართული პრემიერის წინ ფილმის რეჟისორს და სცენარის ავტორს თინა ლაღიძე ესაუბრა.
თ. ლ. – როგორ ჩაიარა ფილმის ამერიკულმა პრემიერამ? კმაყოფილი ხართ პრესით და პირველი შაბათ-კვირის გაქირავების შედეგით?
გ. ა. – ბევრი განსხვავებული სტატია იწერება, ზოგს ცაში ავყავართ, ზოგიც ყველაფერს აკრიტიკებს, ჩემს ადგილას სხვა იტყოდა, რომ ძირითადად პოზიტიური “რევიუებია”, მაგრამ მე ერთი ნეგატიური სტატიაც მიჩენს საფიქრალს, სძლევს კარგს… თუმცა, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრია და აღქმა. რაც შეეხება “Box Office”-ს ჯერ არ გვაქვს მონაცემები, კვარტალურად დაითვლება მოგვიანებით. თავისებური წარმატებაა ისიც, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ამდენმა კინოთეატრმა აიღო ფილმი გაქირავებაში და ასევე ყველა დიდმა “სტრიმინგ პლატფორმამ” – Netflix, HBO, Apple TV და სხვებმა, თითქმის ყველამ. ეს სასურველი შედეგია, იქ ასი შეთავაზებული ფილმიდან ერთი ან ორი ხვდება გაქირავებაში.
თ. ლ. – ფილმში რამდენიმე თემას ეხებით, ისტორია მთავარი და მეორეხარისხოვანი ხაზების მეშვეობით არის ნაამბობი, რა იყო ის მთავარი სათქმელი, იდეა, რის გარშემოც ფილმის დრამატურგია ააგეთ?
გ. ა. – მე ბევრ შეკითხვას ვუსვამ საკუთარ თავს რელიგიაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე… ადამიანი უცნაურია თავისი ბუნებით: ყველას ეშინია მარტოობის, მძიმე დაავადების, სიკვდილის… თითქმის ყველას აქვს ბულინგის გამოცდილება ცხოვრებაში, არსებობს თუ არა ნამდვილი მეგობარი? რას განაპირობებს ის, რომ ჩვენში ქალური და მამაკაცური საწყისი თანაცხოვრობს? საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი თავს იყრის შეკითხვაში: ვინ ვართ ჩვენ და მარტონი ვართ თუ არა? ეს არის ჩემი ტკივილი და ინტერესი.
ფილმი ბევრი შრისგან შედგება, გარდა სიუჟეტური ხაზისა; კაცი დაბრმავდა, ცოლს გაშორდა, წავიდა სოფელში, იქ სხვა ქალი შეხვდა და მათ ბედნიერად გააგრძელეს ცხოვრება… არა! არ არის ეს ფილმი ასე მარტივად გასაგები, თუკი ვამბობთ, რომ ფილმი იდენტობის ძიებაზეა, ეს შეიძლება აბსოლუტურად წარმოსახვითი ამბავი იყოს, შეიძლება თავად გმირმა წარმოიდგინა ეს სამყარო, თვითონ შექმნა და იქვე დაიბუდა, სადაც ყველაზე კარგად გრძნობს თავს – სიმყუდროვეში. ეს ტყე, სახლი, ქალი სულ კაცის ესთეტიკაა. ხოლო ყოველდღიურობა მისი რეალობაა, სადაც მას ჰყავს ცოლი, მეგობარი, აქვს მძიმე დიაგნოზი და წარუმატებლობა პროფესიაში, ეჩეხება ღალატს და მარტოობის შიშს. ამიტომ საკუთარ თავთან აქვს დიალოგი, საკუთარ თავს უსვამს შეკითხვებს, უჩნდება წარმოსახვები, რომლებშიც ადამიანების ბუნებას ხედავს: ვიღაცას კეთილი მარტორქის თავი აქვს, ვიღაც სპილოა მისთვის, უსახო ადამიანებში კი, ცბიერებას და ღალატს ხედავს.
თ. ლ. – ფილმში ხუთი ძირითადი გმირის ცხოვრებას ვაკვირდებით. მათგან ზოგი სიყვარულს და ბედნიერებას პოულობს, ზოგი კარგავს. რამდენად დამაჯერებელია ასეთი გადანაწილება, ეს ერთგვარი ლატარიაა თუ კანონზომიერება? როგორ განსაზღვრავთ, ვინ არის “ბედნიერების” ღირსი და ვინ არა? ერთმნიშვნელოვნად კარგები ან ცუდები ხომ არ არიან ადამიანები?
გ. ა. – ჩემი პირადი გამოცდილებით ეს ყოველთვის კანონზომიერებაა და სცენარიც ნაწილობრივ ჩემზეა. მე გადავიღე ფილმი იმაზე, რაც მაწუხებდა და რისი თქმაც მინდოდა. თუმცა, მაყურებელს ყოველთვის შეუძლია ისეთი რამ აღმოაჩინოს, რაზედაც მე არ მიფიქრია…
თ. ლ. – ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი დევიდ ლინჩია, როგორ დააინტერესეთ ის თქვენი სცენარით და თავად რამდენად იყო ჩართული ფილმის წარმოებაში?
გ. ა. – როდესაც დევიდს ფილმის იდეა გავუზიარე, დაინტერესდა და სცენარი იქვე მომაყოლა, უბრალოდ მითხრა: “კამერა ხომ გაქვს, გადაიღე, მე მჯერა შენი და გამიხარდება, თუ ამ ფილმის პროდიუსერი ვიქნები”. სინამდვილეში მე გამიმართლა და მე ვარ გახარებული! წარმოებაში არ ჩარეულა და მონაწილეობაც არ მიუღია. როდესაც ფილმი ნახა, ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება მომცა: “ამ ნამუშევარს ას ფილმში გამოვარჩევ შენი ხელწერის გამოო”. ლაპარაკობენ ჩვენი სტილის მსგავსებაზეც, მაგრამ ეს ასე არ არის, მე ვერ ვიჭერ ამ მსგავსებას და ლინჩმაც იგივე თქვა: “მე არ ვიქნებოდი ამ ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი, ეს ნამუშევარი ჩემს ფილმებს რომ ჰგავდეს”.
თ. ლ. – მსახიობების შემადგენლობაზეც მინდა გკითხოთ, თუკი ჯიმ სტარჯესი თქვენი ერთგვარი ალტერ-ეგოა და შესაბამისად, მთავარი პერსონაჟიც მისი გათვალისწინებით იქმნებოდა, ეს არჩევანი გასაგებია. როგორ შეარჩიეთ დანარჩენი მსახიობები, ხომ არ გიფიქრიათ ქართველ მსახიობებს ეთამაშათ, თუნდაც მეორეხარისხოვან როლებზე? ჯიმ სტარჯესთან თამაში მათთვის ხომ კარგი კარიერული ტრამპლინი იქნებოდა? თუ იყო საშიშროება, რომ მსახიობების არჩევანი იმოქმედებდა ფილმის შემდგომ დისტრიბუციაზე?
გ. ა. – შეიძლება ითქვას, რომ მე საკუთარი თავი გავუზიარე ჯიმ სტარჯესს და ვიცოდი, რომ ის ამ როლს ძალიან კარგად შეასრულებდა. ჩვენ საერთო ენა ვიპოვეთ და დღემდე ვმეგობრობთ. გადაღებებზე იდეალური ურთიერთობა გვქონდა. რაც შეეხება ქართველ მსახიობებს, კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ გავრისკავდი, ისედაც ყველაფერი სარისკო და საპასუხისმგებლო იყო: ჩემით მოპოვებული დაფინანსებიდან დაწყებული, საქართველოში წარმოებით და შემდგომი დისტრიბუციით დამთავრებული.
დაუჯერებელია, მაგრამ იმდენ კრიტიკას ვკითხულობ სხვა “ინდი” ფილმებთან დაკავშირებით – ზოგ ფილმში მსახიობებისთვის ინგლისური არ არის მშობლიური ენა და ეს კრიტიკის საგანი ხდება. 21-ე საუკუნეში საავტორო ფილმისთვის ეს რატომ უნდა იყოს მინუსი? არ მესმის… ჩვენ ქასტინგი ბრიტანულ ონლაინპლატფორმაზე გამოვაცხადეთ და საბოლოოდ საინტერესო გუნდი შეიკრა: ანტონია კემპბელ ჰიუზი არტ-ჰაუზ ფილმების დედოფლად ითვლება, მაიკლ სოკა, ჟორდი მოლა და რონა მიტრა ცნობილი მსახიობები არიან. რაც შეეხება მეორე მთავარი როლის შემსრულებელ ანდრეა პეჟიკს, ის სამსახიობო გამოცდილების მქონე ცნობილი ტრანსგენდერი მოდელია. ანდრეასთან მუშაობა თავიდან რთული გამოდგა, მერე ტაქტიკა შევცვალე და მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას და განცდილს მივყევი, აღარ დავამუშავებინე ჩემეული წარმოდგენა ამ პერსონაჟზე.
მინდა ფილმის ოპერატორთან, მინდია ესაძესთან მუშაობის პროცესიც აღვნიშნო. მიუხედავად იმისა, რომ გადაღებამდე ფილმის კადრირება, თავისი შუქჩრდილებით, დახატული მქონდა და ზედმიწევნით ვიცოდი თითოეულ კადრში განათებაც კი როგორი უნდა ყოფილიყო, გადაღებებზე მაინც ყოველთვის რაღაც იცვლება. ასეთ დროს მინდიასნაირი ოპერატორი ბედნიერებაა, ყოველთვის გთავაზობს რაღაცას საინტერესოს. კიდევ ერთი სირთულე ის არის, რომ მე თვითონ ვარ ოპერატორი და ხანდახან, ამა თუ იმ კადრს ისე ვხედავ, რომ აუცილებლად ჩემით უნდა გადავიღო, მინდიას ეს ჩემი თავისებურებაც ესმოდა და კარგად გავუგეთ ერთმანეთს.
თ. ლ. – როგორ მოიპოვეთ ფილმისთვის დაფინანსება?
გ. ა. – ფილმი კერძო დაფინანსებით არის გადაღებული, ორი ადამიანის მხარდაჭერით – ივანე ბაქრაძის და დევიდ ლინჩის. ეს ორი ადამიანი რომ არა, ფილმს ვერ გადავიღებდი. ძალიან მადლიერი ვარ მათი.
თ. ლ. – ალბათ კარგი გრძნობაა, როდესაც კინოინდუსტრიის გამორჩეულ ვარსკვლავებს აცნობთ საკუთარ ქვეყანას, რომლის შესახებ მათ თქვენამდე არაფერი იცოდნენ?
გ. ა. – რა თქმა უნდა, მიხარია, რომ შეიქმნა ექსპერიმენტული კინოს სრულად საქართველოში გადაღების პრეცედენტი, საერთაშორისო ვარსკვლავური სამსახიობო გუნდის მონაწილეობით. მახსოვს, ჯიმი წუხდა და უკვირდა, რომ აქამდე არ იცოდა საქართველოს და ქართული კინოს შესახებ. დევიდ ლინჩის შვილი ისე მოიხიბლა საქართველოთი, რომ სახლის ყიდვას აპირებს…
თ. ლ. – 2017 წელს თქვენ დევიდ ლინჩთან ერთად დააანონსეთ კინოსკოლის გახსნა თბილისში, რა ეტაპზეა პროექტი?
გ. ა. – ამერიკული უნივერსიტეტის – New Vision University-ის ბაზაზე ვხსნით თბილისში უნივერსიტეტს, რომელშიც კინოს განხრით სამი ძირითადი მიმართულება იქნება: შემოქმედებითი და ტექნიკური საგნები, აგრეთვე ტრანსცენდენტური მედიტაცია, რაც დაეხმარებათ სტუდენტებს სტრესულ გარემოში სიმშვიდის შენარჩუნებაში და სათანადოდ კრეატიულობის განვითარებაში.
თავიდან სამაგისტრო პროგრამა იქნება, შემდეგ დოქტორანტურის დამატებასაც ვგეგმავთ. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები პედაგოგებთან, თუ ვინ უნდა ჩამოვიდეს და ასწავლოს საქართველოში. აგრეთვე იგეგმება მასტერკლასების სისტემის აწყობა.
თ. ლ. – შემდეგ ფილმზე ხომ არ გიფიქრიათ?
გ. ა. – შემდეგი ფილმის სცენარი, რომელზეც ახლა ვმუშაობ, “მეორე მე”-ზე უფრო ადრე დავწერე, მისი სახელწოდებაა: “დედა ერთი საათით”. ახლა წინა მოსამზადებელ პერიოდს გავდივართ. თემა ემიგრაციას ეხება. მაშინ ეს სცენარი შემეძლო გადამეღო, მაგრამ შინაგანი მზაობა უფრო The Other Me-ს მიმართ მქონდა. შეიძლება არ იყო სწორი არჩევანი. არ ვიცი…
თ. ლ. – და ბოლოს, რა არის ყველაზე მთავარი?
გ. ა. – როგორი ბანალურიც უნდა იყოს, მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი… კიდევ იდეა და ზუსტი ცოდნა იმისა, თუ რა გინდა. გჯეროდეს, რომ გამოგივა და ნაბიჯ-ნაბიჯ იარო ამ მიზნისკენ, ბევრი იშრომო და თუ არ მოკვდი, არ დავარდე.

















