თებერვლის ბოლო კვირის აფიშა
ავტორი: თამარ ჭინჭარაული
ზამთრის ბოლო თვის ბოლო დღეების გახალისება სხვადასხვა გამოფენაზე, სპექტაკლსა თუ წარმოდგენაზე დასწრებით შეგვიძლია. თან, პროგნოზს თუ ვენდობით, თებერვლის მიწურული კარგ ამინდებს გვპირდება, რაც წარმოდგენამდე თუ მის შემდეგ ფეხით სეირნობის და პანდემიამდელი ჩვევების გახსენების საუკეთესო შესაძლებლობაა.
სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ თებერვლის თბილისის სახელოვნებო აფიშას.
ექო • აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია
თუ მზად ხართ საკუთარ თავთან მიბრუნების, ახალი თავგადასავლებისა და საკუთარ ქვეცნობიერში ჩაღრმავებისთვის, აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია “ექო” თქვენ მიერვე შექმნილ ფანტასტიკურ სამყაროში გამოგზაურებთ.
პროექტის პირობა შემდეგია: “ყოველი მონაწილე თვითონ ქმნის იმ უნიკალურ თავგადასავალს, რომლის პერსონაჟადაც იქცევა. თავდაპირველად ბნელ ოთახში აღმოჩნდებით, სადაც სარკეებად ქცეული კედლები და მოციმციმე ციფრული გამოსახულებები დაგხვდებათ. თან მხოლოდ პლანშეტი გექნებათ, რომლის ეკრანზეც ნელ-ნელა კითხვები აისახება. ყოველ გაცემულ პასუხს, ოთახში გაფანტული შესაბამისი ხმები და გამოსახულება მოჰყვება. 5-წუთიანი ციფრული თავგადასავლის შემდეგ კი, ოთახს შთაგონებით სავსე დატოვებთ.”
პროექტი “ექო” „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალის“ ფარგლებში, POSTRED-ის მიერ შეიქმნა და ნებისმიერ მსურველს 6 მარტის ჩათვლით არტარეა გალერეაში უმასპინძლებს.
The why not gallery-ში ქართველი მხატვარი ქალების გამოფენის – “ბოდიში, ყვავილები არ გვაქვს” ნახვა შეგიძლიათ ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 13:00-დან 20:00 საათამდე. ხელოვანები – თამარ გურგენიძე, ნატა ვარაზი, ლოლა, თამარა ლორთქიფანიძე და გვანცა ჯიშკარიანი თავიანთი ნამუშევრებით მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქალად ყოფნა პატრიარქალურ სამყაროში, საზოგადოების მოლოდინზე, რის ასრულებასაც ითხოვენ ქალებისგან და წინასწარგანწყობაზე ქალის როლსა და სურვილებთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც აღწერაში ვკითხულობთ, “გამოფენილი მხატვრები, თავიანთი ძლიერი ენერგიითა და თვითმყოფადი, ჩამოყალიბებული ხელმოწერით, ეჭვქვეშ და თავდაყირა აყენებენ ამ მოცემულობებს”.
გამოფენა “ბოდიში, ყვავილები არ გვაქვს” 15 მარტამდე გაგრძელდება, გამოფენის შესახებ კი უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში.
როკო ირემაშვილის გამოფენა “ბუფერული ინტერვალები”
დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეაში როკო ირემაშვილის სოლო გამოფენა მიმდინარეობს. ,,ბუფერული ინტერვალები’’ მულტიმედიური საავტორო პროექტია, რომელიც მარადიულ პრობლემას – ადამიანის თავისუფლებასა და ამ თავისუფლების სივრცისკენ სვლის პროცესში მუდმივად შემხვედრი წინაღობებისა და ბარიერების გადალახვას ეხმიანება.
გამოფენის კურატორია ნინო გუჯაბიძე, ხოლო თანაკურატორი ანა ჟვანია. როკო ირემაშვილის სოლო გამოფენა “ბუფერული ინტერვალები” 4 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
შეხვედრა „საბა” 2021-ის გამარჯვებულებთან
თიბისი კონცეპტის სივრცის ბიბლიოთეკამ, წიგნის კლუბის ფარგლებში, შეხვედრების ყოველკვირეული ციკლი დაიწყო – კითხვის მოყვარულებისთვის ლიტერატურულ პრემია “საბა 2021”-ის გამარჯვებულებთან შეხვედრებს მასპინძლობს.
შეხვედრებს გაუძღვებიან თანამედროვე ქართული ლიტერატურის გამორჩეული წარმომადგენლები და გამარჯვებულებთან ერთად განიხილავენ საინტერესო და აქტუალურ თემებს მათი შემოქმედების, კრეატიული პროცესისა და მთავარ თემების გარშემო. შეხვედრების შესახებ მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში.
22 თებერვალს, 19:00 საათზე პოეტი და პრემია “საბას” დამფუძნებელი რატი ამაღლობელი წაუძღვება დისკუსიას “საბა” 2021 წლის საუკეთესო პოეტური კრებულის, ნუგზარ ზაზანაშვილის წიგნის – “წავა წავა წავა წავას” შესახებ. დისკუსია მკითხველთან შეეხება გამარჯვებულ წიგნს, 2021 წლის „საბაზე“ მიღებულ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას და თანამედროვე ქართულ პოეზიას.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის „საბას“ ჟიურიმ ნუგზარ ზაზანაშვილის კრებულის – „წავა წავა წავა წავას“ დაჯილდოებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – კონკურსის ისტორიაში პირველად ჯილდო გადაეცა გარდაცვლილი პოეტის ოჯახს.
პაატა შამუგიას ახალი პოეტური კრებულის წარდგენა
26 თებერვალს თიბისი კონცეპტში კიდევ ერთი ლიტერატურული შეხვედრა გაიმართება. პაატა შამუგიას ახალი კრებულის – “არგადარჩენა” წარდგინება საღამოს 6 საათზე შედგება. „არგადარჩენა“ ბოლო 4 წლის განმავლობაში შექმნილი ლექსების კრებულია. როგორც პოეტი ხსნის: ”მაგრამ მთავარი მიზეზი, რის გამოც კრებულს ის ჰქვია, რაც ჰქვია, არის თავად პოეტის (ზოგადი პოეტის, ასე ვთქვათ, პოეტის იდეის) თვისებრივი მხარე: პოეტი არის ოდისევსური „არავინ“, რომელიც დროის ციკლოპს (წაიკითხე: კონიუნქტურას ან ბაზრის ტრენდს) უნდა დაუსხლტეს და ცხვრის ფარას (წაიკითხე: შიშებსა და კომპლექსებს) ამოფარებული უნდა გავიდეს სამშვიდობოს. მაგრამ ოდისევსისგან განსხვავებით, პოეტი ვერასოდეს გავა სამშვიდობოს, ვერ გადარჩება და ამ ვერგადარჩენაში ვხედავ პოეზიის განწირულ და ლამაზ მისიას. შესაბამისად, კრებულს უნდა დარქმეოდა „ვერგადარჩენა“ და არა „არგადარჩენა“, და ასეც მქონდა ჩაფიქრებული, თუმცა ლინგვისტური თვითანალიზისას მივხვდი, რომ ეს არასწორი იქნებოდა. „ვერ“ უარყოფითი ნაწილაკი გულისხმობს ქმედებათა შეუძლებლობას გარემო პირობების გამო, ხოლო „არ“ ნაწილაკი სუბიექტის ნებელობას მოიცავს. ჩემი სათქმელი უნდა ყოფილიყო ის, რომ პოეტს შეუძლია გადარჩეს კიდეც, მაგრამ ის არ, სწორედაც რომ არ გადარჩება, პრინციპულად და მიზანმიმართულად არ გადარჩება”.
25 და 27 თებერვალს, 20:00 საათზე სახელოვნებო კომპანია “ღია სივრცეში” დავით ხორბალაძის მუსიკალური სპექტაკლი UNMEMORY გაიმართება. წარმოდგენა მეხსიერების მუდმივ გარდაქმნაზეა – დროის სვლასთან ერთად მეხსიერება იშლება, მეხსიერებაში არსებული მოვლენები და ფაქტები კი იმდენად იცვლება და ზიანდება, რომ მათგან ხელჩასაჭიდი აღარაფერი რჩება. როგორც აღწერაში ვკითხულობთ: “წარმოდგენის მთავარი სამიზნე მაყურებლის მეხსიერებაა, რომელზეც სპექტაკლი მუსიკის საშუალებით მანიპულირებს. მუსიკა, რომელიც დაუსრულებლობის შეგრძნებას ნერგავს, UNMEMORY-ს ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ხმებით, ალუზიური და ასოციაციებით სავსე ვიზუალური თხრობით, ჯგუფი შეეცდება შექმნას სამყაროს მოდელი, რომელიც სტატიკურ წარსულს თავს აღწევს და თავგანწირვით ცდილობს მომავლის ფლუიდურობას შეუერთდეს.”
სპექტაკლის მონაწილეობენ გვანცა ენუქიძე, თამარა ჩუმაშვილი და მარინა ჯოხაძე; რეჟისორი, ტექსტისა და მუსიკის ავტორი კი დავით ხორბალაძეა. სპექტაკლის სცენოგრაფი ანა გურგენიძეა, კოსტიუმების მხატვარი ნინი გოდერიძე (God Era), რეჟისორის ასისტენტი – ლაშა-გიორგი ლაშხი, სიმღერის ვერსიებსა და გამოყენებულ ტრეკებზე გვანცა ენუქიძემ იმუშავა.
ანასტასია ახვლედიანი – ართქმული
კიდევ ერთი ღონისძიება, რომელსაც “ღია სივრცეში” უნდა დაესწროთ, ანასტასია ახვლედიანის სოლო გამოფენაა. ექსპოზიცია რამდენიმე მედიუმს – ფერწერას, ობიექტს და სივრცულ ინსტალაციას აერთიანებს, წარმოდგენილი ნამუშევრების გამაერთიანებელი ხაზი კი გაგონილი ისტორიებია.
ხელოვანისთვის ამ პროექტის ინსპირაცია მეხსიერებაში დალექილი, სხვადასხვა დროსა და სივრცეში გაგონილი ამბები, სხვა ადამიანების ისტორიებია, რომლებიც დროის სვლასთან ერთად ფორმირებას და სახეცვლას განაგრძობენ.
როგორც აღწერაში ვკითხულობთ, “ართქმული” – რეალური, მოსმენილი ისტორიების არტისტის მეხსიერებისა და ფანტაზიის პრიზმაში გარდასახვის შედეგია, ამიტომ მათ შორის ხშირად ვხვდებით ფანტასტიკურ არსებებსა და პერსონაჟებს.”
ანასტასია ახვლედიანის სოლო ექსპოზიცია “ართქმული” 26 თებერვალს, 15:00 საათზე გაიხსნება.
ჰაინერ მიულერის პიესების კრებულის პრეზენტაცია
27 თებერვალს, 18:00 საათზე თეატრალურ კომპანია “ჰარაკში” ჰაინერ მიულერის პიესების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.
გერმანელი დრამატურგის რვა მთავარი პიესა ქართულად დრამატურგმა და რეჟისორმა გიორგი ჯამბურიამ თარგმნა, წიგნი კი გამომცემლობა “პეგასმა” გამოსცა.
კრებულს წარადგენენ მთარგმნელი გიორგი ჯამბურია და მწერალი და ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე; მოდერატორი ანა კვინიკაძე იქნება.