fbpx

Pearl Jam-ის Just Breathe უილი ნელსონის შესრულებით – Re-ქავერი


გააზიარე სტატია

ავტორი: ლაშა გაბუნია

 

ჩემი და ჩემი თაობის ერთ-ერთი უსაყვარლესი ამერიკული ჯგუფი „პერლ ჯემი“ მუსიკალური მიმდინარეობა გრანჟის სათავეებთან დგას ისეთ კოლექტივებთან ერთად, როგორებიც არიან: „საუნდგარდენი“, „ნირვანა“ და „ელის ინ ჩეინსი“. ჯგუფი 1990 წელს ქალაქ სიეტლში ჩამოაყალიბა ხუთმა მეგობარმა. ჯგუფის ლიდერი, მომღერალი და სიმღერების ავტორი ედი ვედერია. „პერლ ჯემმა“ 1990-იან წლებში გრანჟისა და ალტერნატიული როკის მოყვარულებს შორის უდიდეს წარმატებას მიაღწია. მას ბევრი მსმენელი ჰყავდა საქართველოშიც. ჯგუფმა დღემდე 60 მილიონზე მეტი ალბომის ასლი გაყიდა. 2017 წელს ჯგუფი „როკენროლის დიდების დარბაზის“ წევრიც გახდა. მათ ალბომებს მრავალგზის მიენიჭა პლატინის სტატუსი.  

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ამ ჯგუფის ერთი სიმღერა, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ასევე მეტად წარმატებულ ფილმთან. ეს ნაწარმოები „პერლ ჯემის“ ფრონტმენმა სწორედ მისთვის დაწერა. ფილმს Into The Wild, ანუ „ველურ ბუნებაში“ ჰქვია და იგი კინოთეატრების ეკრანებზე 2007 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა. რეჟისორ შონ პენის ეს  ფილმი გადაღებულია ჯონ კრაკაუერის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმი გადმოსცემს ამერიკელი მოხეტიალის, კრისტოფერ მაკკენდლესის ცხოვრებას, რომლის ფსევდონიმიც იყო ალექსანდერ სუპერტრამპი. იგი სახლიდან გარბის და ბევრი ხეტიალის შემდეგ ველურ ბუნებაში ცხოვრებას გადაწყვეტს. სწორედ ამ ფილმში ჟღერს ედი ვედერის რამდენიმე ნაწარმოები, მათ შორის სიმღერა, რომელსაც ჰქვია Just Breathe, ანუ „უბრალოდ ისუნთქე“. 

ამ ნამუშევრებისთვის ედი ვედერი 2008 წელს „ოქროს გლობუსის“ მფლობელი გახდა, ნომინირებული იყო აგრეთვე, „გრემის“ დაჯილდოებაზეც. უშუალოდ ამ სიმღერის შექმნასთან დაკავშირებით ჟურნალ „ბილბორდთან“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ პირველი აკორდები აღებულია მისივე სოლო ინსტრუმენტული ნაწარმოებიდან – სახელწოდებით Tuolumne. „უცებ თავში დამარტყა, არ ვიცი, რამ იმოქმედა, სიტყვებმა თუ სხვა რამემ, გიტარას ხელი დავავლე და ის აკორდი დავუკარი. ვიფიქრე, მოდი, მივყვები და მისგან რაიმე განსხვავებულს შევქმნი-მეთქი. შედარებით მოკლე სიმღერა გამოვიდა, მერე გადასვლა დავწერე, სანამ ბიჭები სხვა რაღაცაზე მუშაობდნენ. ეს გადასვლა მისამღერად გადაიქცა“, – აღნიშნა ედი ვედერმა.

მართალია, სიმღერის შექმნიდან ბევრი დრო არ გასულა, თუმცა იგი უკვე მრავალმა სახელოვანმა მუსიკოსმა გადაამღერა. ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ქალმა ჯენიფერ ვარნესმა „უბრალოდ ისუნთქე“ 2018 წელს შეასრულა და ინტერვიუში განმარტა რატომაც: „მინდოდა ისეთი ამბავი მეპოვა, რომელიც ჩემს ასაკს და ეპოქას, ცხოვრებისეულ გამოცდილებას და სულიერ მდგომარეობას შეეფერებოდა. ასეთი სიმღერა „უბრალოდ ისუნთქე“ აღმოჩნდა. სიმღერა იმიტომაც მომეწონა, რომ არატრადიციულია. ეს ჩვეულებრივი სიმღერა არაა. ესაა უჩვეულო ფორმით საუბარი ადამიანთან“, –  დასძინა ჯენიფერ ვარნესმა. 

2009 წელს სიმღერა „პერლ ჯემის“ ალბომ Backspacer-ში შევიდა. „უბრალოდ ისუნთქე“ კიდევ 11 ფილმსა და სერიალში გამოიყენეს. მე ძალიან მომწონს ლეგენდარული ამერიკელი ქანთრი მომღერლისა და მსახიობის, უილი ნელსონის ძალიან კარგი გადამღერება, რომელსაც მუსიკოსი თავის შვილთან, ლუკას ნელსონთან ერთად ასრულებს. სიმღერა 2012 წელსაა ჩაწერილი, როდესაც მომღერალი 79 წლის იყო. „უბრალოდ ისუნთქე“ მუსიკოსმა თავის მე-60 ალბომ Heroes-ში შეიტანა და ცალკე სინგლადაც გამოუშვა. ორიოდე სიტყვას დავწერ უილის შვილზე – ლუკას ნელსონზე. იგი 1988 წლის 25 დეკემბერს დაიბადა უილი ნელსონისა და ანი დანჯელოს ოჯახში. 2008 წლიდან სცენაზეა. მღერის და უკრავს გიტარაზე, მუშაობს როკსა და ქანთრიში. ჰყავს ჯგუფი Lukas Nelson & Promise Of The Real, რომელთან ერთადაც ჩაწერილი აქვს 6 სტუდიური ალბომი და 4 მინიონი (იგივე EP, ანუ მინი ალბომი). ორი ალბომი გამოშვებული აქვს კანადელ ლეგენდარულ ფოლკ-მომღერალ ნილ იანგთან ერთად. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.