fbpx

‘შემთხვევითი წესრიგი’ – თამო ჯუღელის პერსონალური გამოფენა „გალერეა ართბითში“


გააზიარე სტატია

გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ თამო ჯუღელის პერსონალურ გამოფენას, ‘შემთხვევითი წესრიგი’.

‘გამოფენა სახელწოდებით ‘შემთხვევითი წესრიგი’ აერთიანებს თამო ჯუღელის ბოლო წლებში შექმნილ ფერწერულ ტილოებს. თბილისში მოღვაწე ქართველი ხელოვანი ერთდროულად მემკვიდრეა პოსტმოდერნული გლობალური კულტურისა და სახელმწიფოსი, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი არსებობის შემდეგ, პოსტსაბჭოთა გეოპოლიტიკურ რუკაზე კომფლიქტური რეგიონის სტატუსი აქვს მინიჭებული.

მასშტაბურ ტილოებზე დატანილი ალისფერ-ლაჟვარდოვანი ფერადოვანი ლაქების ტრანსგრესია, ამასთან ნახევარფიგურების სპონტანური დანახრები დამთვალიერებელს უსაფუძვლობაში გაჩენილ ალტერნატიულ თამაშში მონაწილეობის გამოცდილებას სთავაზობს. როგორც უდაბნოს ვერაგ სანახებში ჩაბერილი ჰაერით გაჟღერებული ფლეიტის ბალადა, კომპოზიციური სინტაქსი ყოველ ნამუშევარში წინააღმდეგობრივი, მაგრამ მელოდიურად თანმიმდევრულია.

მოცულობითი ფერწერული გამჭვირვალობიდან ხისტ გეომეტრიზებად გრაფიკულობამდე გადადინებადი სტრუქტურები ერთ სკულპტურულ მთლიანობაში ეწერებიან, რომელშიც მთავარი და მეორეხარისხოვანი ელემენტები მხოლოდ ფარდობითი მნიშვნელობის მატარებელია. ამდენად გამომსახველობის სისტემური მრავალფეროვნება წესრიგის თავისთავად ავტონომიას იყალიბებს.

აქ დესტრუქცია და გაუცხოვება არათუ გადალახული ან უკუგდებული, არამედ არარსებული კატეგორიებია. მხატვარი თავდაჯერებული მიზანმიმართულობით სახავს სრულიად ახლებურ გზებს და ლოგიკას, რომელშიც ყოველ ფერადოვან თუ ფიგურატიულ ერთეულს თავისი განუმეორებელი, გონივრულად განკერძოებული ტერიტორია გააჩნია.

გამოფენა 20 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.