ტონი სოპრანო და მასკულინური კაცების კრიზისი
ავტორი: ბექა შათირიშვილი
ცნობილი ამერიკული სერიალი “სოპრანოს კლანი” საუკეთესო სატელევიზიო შოუდაა მიჩნეული და ჩემი აზრით, სრულიად სამართლიანად. იტალიელი ამერიკელების მაფიოზური ცხოვრება და თანმდევი პერიპეტიები დღემდე – სერიალების ბუმის ეპოქაშიც რჩება საკულტო პროექტად. ჩემთვის სოპრანო „strong, silent type“ კაცის მოდელის რეგრესზე და ტოქსიკური მასკულინობის იდეის ნელ-ნელა კვდომის პროცესზეა.
ამ სერიალის გენიალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მაყურებელი (და პირველ რიგში მასკულინური კაცები) შეიტყუა ისეთი შოუს საყურებლად, რომელიც მაგარი ბიჭების ცხოვრების ნიღაბ ქვეშ ძალიან ყურადღებით განიხილავს მნიშვნელოვან სენსიტიურ თემებს, როგორიცაა მენტალური ჯანმრთელობა, მემკვიდრეობითი ტრავმები და რაც მთავარია ტოქსიკური მასკულინობა, ანუ ყველაფერს, რაც კაცისთვის სასაცილო და უმნიშვნელოა.
სერიალის სიუჟეტიდან გამომდინარე სოპრანოს სცენარი მასკულინური, პატრიარქატის წიაღში გამოზრდილი კაცების ირგვლივ ტრიალებს. ძლიერ კაცად ყოფნის ვალდებულება უფრო დიდია, როცა კრიმინალური სამყაროს ნაწილი ხარ და ტონი სოპრანოს შემთხვევაში მაფიის ბოსის სტატუსი განსაკუთრებულ პრივილეგიებთან ერთად, ასევე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ანიჭებს – იყოს ყველაზე ძლიერი.
ტონის იდეალი საკულტო მსახიობი გარი კუპერია, ვისაც ხშირად ახსენებს მთელი სერიალის განმავლობაში. გარი კუპერის საეკრანო პერსონა იყო სანიმუშო ამერიკელი მამაკაცი. მისი პერსონაჟები არცერთ ფილმში არ ავლენენ სისუსტეებს და ამიტომ გახდა გარი საშუალოსტატისტიკური კაცისთვის ჩემპიონი და მისაბაძი მაგალითი. ფსიქოთერაპევტთან ერთ-ერთი ვიზიტის დროს ტონის ძალიან ემოციური მონოლოგი აქვს. ის ამბობს, რომ ახლა ყველას უწევს ფსიქოლოგთან სიარული და რა მოუვიდა გარი კუპერს – ძლიერ, ჩუმ ტიპს, რომელიც საკუთარ გრძნობებს ყურადღებას არ აქცევდა და ამიტომ იყო ყველასთვის მოუხელთებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ტონი მკაცრი და ცივსისხლიანი მკვლელია, ის პერიოდულად ფსიქოთერაპევტის ოფისში ტირის. ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოცემულობა ძირს უთხრის ტონის სწრაფვას, რომ გახდეს ლოკალური მაფიოზური კლანის ჭეშმარიტი პატრიარქი და იყოს გარი კუპერის მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებელი. ტონი ვერ უწყობს ნაბიჯს მაფიოზური ცხოვრების, უფრო მეტად კი პატრიარქატის მიერ მისთვის დაკისრებულ მოთხოვნებს და ამიტომ მისი ცხოვრების თანმდევი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კრიზისებია. ძლიერი და უემოციო მამაკაცის იდეა იმდენად ილუზიური და არარსებულია, რამდენადაც გარი კუპერი და მისნაირი მოგონილი პერსონაჟები. სოპრანომ რაც იდეალურად გააკეთა იყო ის, რომ გვაჩვენა პანიკური შეტევებით გატანჯული „ძლიერი“ ალფა მამრი, რომელსაც მკაცრი აღზრდის გამო ასწავლეს, როგორ შენიღბოს რეალური ემოციები.
ძალიან ნიშანდობლივია, რომ ერთადერთი ნამდვილი „strong, silent type”, ვინც სერიალში გვხვდება, ქალია. ტონის ბიძის მომვლელი, სვეტლანა, რომელიც ტონის მოეწონება, რადგან ის ძლიერი ადამიანია და შესთავაზებს, რომ მისი საყვარელი გახდეს, მაგრამ რაც არ უნდა ირონიული იყოს, სვეტლანა უარით ისტუმრებს იმ მიზეზით, რომ ტონი კარგი ბიჭია, მაგრამ მტირალა ბავშვივითაა და პრობლემები თავისიც ეყოფა.
ქალების სახეები სოპრანოში ძალიან მრავალფეროვანი ხაზითაა წარმოდგენილი. ერთგული, წესიერი და კაცზე დამოკიდებული ცოლების მიღმა თვითმყოფადი, პიროვნულად ძლიერი და დამოუკიდებელი ქალები არიან. სერიალების ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი ქალი ტონის და, ჯენისია. მას და ტონის არცთუ ისე მარტივი ურთიერთობა აქვთ. გარდა იმისა, რომ ჯენისი პროფესიონალი მანიპულატორია, ის არ ჯდება ტრადიციული ქალის ჩარჩოში – სხვადასხვა სექსუალური პარტნიორები ჰყავს, ცოტა ჰიპური ცხოვრებით ცხოვრობს და ფემინისტია. ჯენისი წარმატებით ახერხებს მუდმივად იცვალოს გენდერული როლები ფემინურსა და მასკულინურს შორის და ამ კომპლექსურობის გამო ის ტონისთვის მოუხელთებელია.
ტონისნაირი პერსონაჟისთვის დამახასიათებელი უცნაური ნიშან-თვისება ცხოველების სიყვარულია, რაც წმინდა სოციოპათიური მოვლენაა, მაგრამ ცხოველებს ბევრად მეტი დატვირთვა აქვთ მისთვის. უემოციო კაცი, რომელიც ვალდებულია ყველგან და ყოველთვის ამ ძლიერი მამაკაცის როლს თამაშობდეს, ცხოველებისგან იღებს უპირობო სიყვარულს და რაც მთავარია მათთან თავისუფლადაა.
ტონის მიერ იხვებთან ძალიან ახლო ურთიერთობის გაბმით იწყება სერიალი. ის ხალათით ჩადის აუზში, ასე აჭმევს იხვებს და ჰპირდება, რომ უკეთესს სახლს აუშენებს. იხვებთან ურთიერთობის პერიოდი ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ტონი რეალურად ბედნიერია და პირველი კრიზისი და პანიკური შეტევა იხვების გაფრენასთანაა კავშირში.
ფსიქოთერაპევტთან ვიზიტისას, მაშინ როცა ტონი გარი კუპერს და ძლიერი, ჩუმი კაცის იდეას მისტირის, დოქტორი მელფი ეკითხება, არის თუ არა დეპრესიაში. ტონი ყოყმანით უპასუხებს, რომ არის, მას შემდეგ, რაც იხვები გაუფრინდნენ, მაგრამ ამაზე საუბარი არ სურს და თერაპიის სეანსიდან გარბის.
ცხოველების მიმართ ემპათიის გამოსარჩევი მაგალითია, როცა ნარკოტიკებით გაბრუებული კრისტოფერი შემთხვევით მოკლავს ადრიანას პუდელს – კოზეტს. ამ ფაქტის შემდეგ მისი ახლობლები შეკრებას მოაწყობენ და კრისტოფერს დაავალდებულებენ, რომ იმკურნალოს. შეკრება მშვიდ ფორმატში მიმდინარეობდა მანამდე, სანამ ტონი გაიგებს, რომ კრისტოფერს კოზეტი შემოაკვდა. ამას განრისხების ტალღა მოჰყვება და საბოლოოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდება.
ბოლო და ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა – ტონის საყვარელი ცხენი – Pie-O-My, რომლის სიკვდილსაც მოჰყვა ტონისა და მაფიის წრეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანის – რალფის უთანხმოება და საბოლოოდ, რალფის მიერ მოკლულ ცხენს თვითონ რალფი შეეწირება.
2000-იანების დასაწყისში, როცა რუსთავი 2-ზე გადიოდა ეს სერიალი, ტონი თავად იყო ქართველი კაცების გარი კუპერი – წარმატებული, ძლიერი და უემოციო. განგსტერების ბოსი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებთან სულ დაპირისპირებაშია. იმ ძველი მენტალობისა და ქუჩური ცხოვრების მოყვარულ კაცებს თერაპიაზე სიარული არ დაუწყიათ, მაგრამ ტონის მსგავსად, ისინიც ემოციურად გახსნილები გახდნენ – ცხოველებთან. კაცებისა და ძაღლების ურთიერთობა არის განსაკუთრებით გამოსარჩევი.
ამავე 2000-იან წლებში ძაღლის აყვანას ორი მიზეზი ჰქონდა – პირველის შემთხვევაში ძაღლი კიდევ ერთი გამოხატულება და ატრიბუტი გახლდათ პატრონი კაცის სიძლიერისა და უპირატესობის. დიდი, განგებ გააგრესიულებული ძაღლები, რომლებიც შენს წარმოდგენაში სულ მზად არიან რამე დაგიშავონ. რამდენადაც გეშინოდა ამ ცხოველის, იმდენად უფრთხოდი ცალკე მყოფ მათ პატრონს. მეორე მიზეზი მშობლის ფუნქციებიდან გარკვეული დროით მაინც თავის დაძვრენაა. დროთა განმავლობაში ამ კაცებმა ისწავლეს, რომ ძაღლისგან უფრო მეტის მიღება შეუძლიათ. გრძნობები და ემოციები, რაც ჩვენს საზოგადოებაში კაცისთვის ხშირად ტაბუირებული და სამარცხვინოა, თუმცა ამ ყველაფრის მოთხოვნილება ბუნებრივია, რომ მაინც არსებობს და ეს არსებები ნებისმიერ დროს მზად არიან მოგცენ უპირობო სიყვარული.
საღამოობით კაცებისთვის ძაღლთან ერთად სეირნობა რაღაც წმინდა და ფარულ ურთიერთობასავით გახდა. იმაზე ნაკლებად დაფარული, ვიდრე საყვარელთან ურთიერთობაა, მაგრამ მასზე უფრო წმინდა. ამ ურთიერთობის მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოჩნდა პირველი კარანტინის დროს. ამ პერიოდში მოსახლეობის უმრავლესობა სახლში ატარებდა მთელ დღეს. კაცები კი ამ სივრცეს ძაღლებთან ერთად გაურბოდნენ. ღამე, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად ცუდად ჩანხარ, არც ისაა ხილვადი სხვებისთვის, თუ რამდენად სუსტი ხარ, როგორ დაიღალე ძლიერი კაცის როლის თამაშით და რამდენად საჭიროა შენთვის სიყვარულის გამოხატვა, თუნდაც ეს იყოს შენი ძაღლის მიერ ალოკილი ხელი. ტონი სოპრანოსა და მისი მეგობრების ქართული ანალოგები – წარსულში ქუჩური ცხოვრებით მცხოვრები და მასკულინური კაცის საუკეთესო წარმომადგენლები – მათთვის ძაღლებთან ერთად პარკში სეირნობა ისეთივე “coping mechanism” არის, როგორც ტონისთვის დოქტორ მელფის ოფისში ტირილი.