გურამ წიბახაშვილი და დავით მესხი – ორი გამოფენის “ფინისაჟი” – დახურვა
Tbilisi Photo & Muldimedia Museum–ში 28 თებერვალს, 18:30 საათზე ორი გამოფენის – გურამ წიბახაშვილის “პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან” და დავით მესხის “უწონობისფერი” დახურვის ღონისძიება – “ფინისაჟი” გაიმართება.
ექსპოზიციის გახსნის დღიდან, 23 თებერვლიდან არ წყდება დამთვალიერებლების ნაკადი თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში. ორი განსხვავებული ხედვის ფოტოგრაფის გამოფენა ორგანულადაა წარმოდგენილი საგამოფენო სივრცის სხვადასხვა დარბაზში. თუკი დავით მესხის გამოფენა გაშლილია 800 კვადრატულ მეტრზე და ნამუშევრებს შორის “ჰაერს” ტოვებს, რაც თემატურად ობიექტების უწონადობას უსვამს ხაზს, გურამ წიბახაშვილის ექსპოზიციას ერთი კედელი იტევს და სახელოსნოს ინტიმურ განწყობას ქმნის, იმ სახელოსნოსი, სადაც ეს ნამუშევრები შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ თავისთავად საინტერესო საგამოფენო სივრცე კურატორის და ხელოვანების თანამშრომლობით ექსპოზიციის თვითკმარ ელემენტად იკითხება.
28 თებერვალს მუზეუმში მოსულ საზოგადოებას გარდა გამოფენის დათვალიერებისა, შეუძლია დაესწროს დისკუსიას: ორი თაობის ორი ფოტოგრაფი. გურამ წიბახაშვილი და დავით მესხი ისაუბრებენ ფოტოგრაფიაზე, საკუთარი არტისტული იდენტობის ძიების გზებსა და სამყაროზე, რომელიც ფოტოგრაფიულ გამოსახულებაში აისახება. დისკუსიას ექსპოზიციის თანაკურატორი – ნესტან ნიჟარაძე გაუძღვება.
ექსპოზიციას ხელოვანები და თანაკურატორი შემდეგნაირად წარადგენენ:
გურამ წიბახაშვილი, “პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან”, 2019-2021
პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან – იმ დროს, როდესაც განადგურებამდე მისულ ეკოსისტემაში ცოცხალი ორგანიზმები ნელ-ნელა ქრებიან, სივრცეები კი პოსტჰუმანურ პეიზაჟებს ემსგავსებიან.
ეფემერული, მაგრამ ორგანული კავშირი ადამიანსა და გარემოს შორის შეუქცევად ტრანსფორმაციას განიცდის. პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან – იმ დროს, როდესაც თანამედროვეობის აჩქარებულ ტემპში დაკვირვება იშვიათობად იქცა. ფოტოგრაფიული გამოსახულებისადმი ადამიანის დამოკიდებულებას ერთმნიშვნელოვნად შინაგანი ვნებები განსაზღვრავს. .
აჩქარებული დროის, ცვალებადი პეიზაჟებისა და გარემოს შეუქცევადი ცვლილებების რეალობაში გურამ წიბახაშვილის გამოფენა “პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან” 2019-2021 წლებში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს. ნამუშევრებს, რომლებიც ალტერნატიული ეკოსისტემის შექმნის მცდელობა უფროა, ვიდრე მხოლოდ ფოტოგრაფიული სერია. ამ ეკოსისტემის შესაქმნელად ხელოვანი გამოსახულებასა და ცოცხალ ორგანიზმებს ერთმანეთთან აკავშირებს, სადაც თითოეული ერთგვარ სასიცოცხლო ციკლს გადის: დაკვირვებას, როგორც შემეცნების აქტს, ცოცხალი ორგანიზმების გადაღებას, როგორც გარდაუვალ არტისტულ აქტს და მათ შესახებ მეხსიერების შენახვას. სწორედ ამ ეტაპების გავლით, ფრთა-ფრთა, კიდურ-კიდურ ნაგროვები პეპლებით, ხოჭოებითა და კალიებით, ღერო-ღერო, ფოთოლ-ფოთოლ ნაგროვები ყვავილებით, მცენარეებითა და ბალახებით, ფოტოგრაფიულად აღბეჭდილი მეხსიერებით გურამ წიბახაშვილი ქმნის საკუთარ ეკოსისტემას. ამით ცოცხალ ორგანიზმებს არსებობის ისტორიას უხანგრძლივებს, სადაც პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან.
დავით მესხი, “უწონობისფერი”, 2016-2021
“უწონობისფერი” დავით მესხის პირველი მულტიმედია გამოფენაა, რომელიც აერთიანებს როგორც უახლეს ნამუშევრებს, რომელთა დიდი ნაწილი პირველადაა წარმოდგენილი, ასევე ფოტოანაბეჭდებს, 3-ეკრანიან ვიდეოინსტალაციას და ნიკა კოჩაროვის მუსიკალურ კომპოზიციას “Full of Sun”.
სხეულის მოძრაობისა და მისი სილამაზის აღბეჭდვა მესხისთვის არარსებული სრულყოფილებისკენ სწრაფვის გარდა იდენტობის კვლევა, თავისუფლების ძიება და ღრმა ემოციური გამოცდილებაც არის. სხეული თავისი გენდერული ფლუიდებით დავით მესხის ფოტოგრაფიულ გამოსახულებაში იმდენადაა მიწიერი, რამდენადაც არამიწიერი.
მესხის მიერ გადაღებული ათლეტები მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს დაინახოს მომენტი აფრენასა და ვარდნას შორის – უწონობის ის ხანმოკლე მომენტი, როდესაც სხეული უმაღლეს წერტილს აღწევს და ჩერდება, ვიდრე მიზიდულობის ძალა მას მიწაზე დააბრუნებს.
ნამუშევრებში სხვადასხვა კუთხით მოჭრილი სხეულები, ერთი მხრივ, თავისუფლებისკენ ისწრაფვიან, მეორე მხრივ კი, ემორჩილებიან საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს.
მესხის ფოტოებში მისი არამიწიერი სხეულები დროის მიღმა არსებობენ. სივრცეში, რომელიც ღიაა მისტიკური ინტერპრეტაციებისთვის, გონებისა და სხეულის მდგომარეობისთვის, ყოფიერების საიდუმლოს რომ იტევს. იმ სივრცეში, სადაც უწონობას თავისი ფერი აქვს.
დავით მესხის გამოფენა “უწონობისფერი” თბილისი ფოტო ფესტივალისა და გოეთეს ინსტიტუტის მიერ არის ორგანიზებული და თბილისის ფოტო ფესტივალის მე-12 გამოშვების დასკვნითი ღონისძიებაა.