fbpx

ევროტურნირები რუსული აგრესიის ფონზე


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ევროთასების საზეიმო განწყობა უკრაინაში რუსეთის აგრესიამ დაჩრდილა. აგრესორი ქვეყნის სასჯელი ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანქკტ-პეტერბურგიდან პარიზში  გადატანაში და რუსების წინააღმდეგ შვედეთის, ჩეხეთის და პოლონეთის ნაკრებების მიერ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების ბოიკოტირებაში გამოიხატა.

„ვამაყობ იმით, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრებმა უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე. აწი ვნახოთ, ექნება თუ არა ფიფას იმის უნარი, წაგება რომ არ ჩაგვითვალოს“, – განაცხადა პოლონეთის ნაკრების და ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ. 

ხოლო პოლონეთის ნაკრების და მიუნხენის „ბაიერნის“ ცენტრფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის აზრით კი, რუს ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრაზე რეაგირების უქონლობა  წარმოუდგენელია.

კენჭისყრის შედეგად რუსეთის ნაკრები 24 მარტს პოლონეთის ნაკრებს უნდა შეხვედროდა. ამ წყვილში გამარჯვებულს კი ჩეხეთი-შვედეთის პაექრობაში მოგებულთან უნდა ეთამაშა.

არაერთხელ გვსმენია, რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ ხშირად იღბალი რომ გადამწყვეტია, ამას რატომღაც ნაკლები ყურადღება ექცევა ხოლმე. განსაკუთრებით ეს თანაბარი მეტოქეების, მაგალითად, „ვილიარეალის“ და „იუვენტუსის“ ტიპის დაპირისპირებაზე ითქმის, რომლის პირველი გოლიც მატჩის 35-ე წამზე გავიდა.

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა ვლაჰოვიჩმა ორი მცველის გარემოცვაში როგორღაც მოახერხა ბურთის თავისუფლად მიღება და მეტოქის კარში მისი ისეთი სიზუსტით გადაგზავნა, რომ მასპინძელთა მეკარისთვის შეუძლებელი ყოფილიყო  რეაგირება.

როგორ გაგრძელდებოდა მატჩი, ეს გოლი რომ არ გასულიყო? ამაზე პასუხს ვერასოდეს გავიგებთ. თუმცა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ შედეგი ანალოგიური ყოფილიყო, მაგრამ თამაშის სცენარი სრულიად განსხვავებული. 

სწორედ აქ ივარგა მასპინძელთა მწვრთნელმა უნაი ემერიმ, რომელმაც 35-ე წამზე მიღებული შოკის შემდეგ, მოახერხა გუნდის დარაზმვა და მიზანმიმართულ და არა თავზეხელაღებულ შეტევებზე მომართვა, თორემ კონტრშეტევაზე მეორე ბურთის გაშვება შეიძლება ფატალურიც კი ყოფილიყო „ვილიარეალისთვის“. 

მასპინძლებმა საპასუხო ბურთი მეორე ტაიმის შუახანს გაიტანეს და თამაშის სცენარის მიხედვით უკვე აქეთ დააყენეს სახელოვანი მეტოქე მარცხის საშიშროების წინაშე.

მაგრამ „იუვენტუსი“ მონაპოვარს ადვილად არ ანიავებს ხოლმე. ფრე ის შედეგია, რომელიც საპასუხო შეხვედრას განსაკუთრებით საინტერესოდ წარმოაჩენს, რადგან სტუმრად ნათამაშევი 1:1 „ბებერ ქალბატონს“ ნამდვილად არ აძლევს მეოთხედფინალში გასვლის გარანტიას. 

ანალოგიური მდგომარეობაა „ატლეტიკოს“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაპირისპირებაშიც, სადაც სტუმრად ნათამაშევი 1:1-ის შემდეგ, ინგლისელები თითქოს უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში არიან  მეტოქესთან შედარებით. 

მაგრამ ამ წყვილში ყველაფერი რომ წინ არის, თუნდაც „ლივერპულის“ და „ატლეტიკოს“ ორი წლის წინანდელი შეხვედრა შეგვახსენებს, რომლის ბედიც ესპანურმა კლუბმა სათავისოდ სწორედ „ენფილდზე“, საპასუხო მატჩში გადაწყვიტა.

„ატლეტიკომ“ სწრაფი გოლის გატანა შეძლო, რამაც მას დაბნეული მეტოქის წინაშე თითქოს საკმაო უპირატესობა მიანიჭა, მაგრამ ინერტულმა სტუმრებმა პირველი ტაიმის ბოლომდე 0:1-ის შენარჩუნება მოახერხეს, მატჩის მეორე ნახევარში კი გამოიყენეს ერთადერთი საგოლე მომენტი, რომელიც მას მეტოქესთან შედარებით მეოთხედფინალში გასვლის უკეთეს შანსს ანიჭებს.

ანგარიში 1:1 მასპინძელთა სასარგებლოდ შეიძლებოდა რომ შეცვლილიყო, როდესაც მატჩის მიწურულს შესულმა გრიზმანმა მანჩესტერელთა კარის ხარიხას მოარტყა ბურთი. ამ ეპიზოდში სტუმრებს აშკარად გაუმართლათ, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ანგარიშის ხელმეორედ გათანაბრება მოეხერხებინათ.

„ჩელსიმ“ შინ მშვიდად და დამაჯერებლად, ანგარიშით 2:0 დაამარცხა საფრანგეთის ჩემპიონი „ლილი“, რომელიც საკუთარ ჩემპიონატში ამჟამად სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება და ამ გამარჯვებით „მანჩესტერ სიტისთან“ და „ლივერპულთან“ ერთად, პრაქტიკულად მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

ინგლისური კლუბების აშკარა წარმატებასთან ერთად საგულისხმოა, რომ მათ ჯამში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს ჩემპიონთა ლიგის პირველ სათამაშო დღეს. „ლივერპული“ კი მიმდინარე ტურნირზე ერთადერთი გუნდია, რომელმაც აქამდე გამართული შვიდივე მატჩის მოგება შეძლო.

ანალოგიურ შედეგთან ახლოს იყო ამსტერდამის „აიაქსიც“, რომელიც ორჯერ დაწინაურდა „ბენფიკასთან“ გასვლით შეხვედრაში, მაგრამ პორტუგალიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და საბოლოოდ მათთვის მაქსიმალური შედეგის, ფრის მიღწევა.  

საინტერესოა, რომ 11 გოლით მიმდინარე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირმა სებასტიან ჰალერმა „ბენფიკასთან“ მატჩში ავტოგოლიც მიითვალა, რაც თავის მხრივ ფორვარდის ყველგანმყოფობაზე მიუთითებს. 

სხვათა შორის, იგივე ითქმის კრიშტიანუ რონალდუზეც, რომელიც „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში ხშირად ჩნდებოდა საკუთარ საჯარიმო მოედანზე და ეფექტურად ერთვებოდა მანჩესტერელთა მიერ ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანის პროცესში.

ამრიგად, გასულ კვირას ჩატარებული ოთხი მატჩიდან, მაქსიმალური ალბათობით  მხოლოდ ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა „ჩელსიმ“ მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური, დანარჩენ წყვილებში კი გულშემატკივრებს წინ საინტერესო დაპირისპირებები ელით შესაძლო დამატებითი დროით თუ თერთმეტმეტრიანების სერიით. 

თუკი ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ინგლისური კლუბები დომინირებენ, ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური ოთხიდან სამმა ესპანურმა კლუბმა მოიპოვა, რომელთაგან მხოლოდ „სოსიედადი“ დაემშვიდობა ტურნირს.  

ამასთან ერთად უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ტურნირის მთავარი ფავორიტი „ბარსელონაა“, რომელმაც „ნაპოლისთან“ „კამპ ნოუზე“ ჩატარებული უღიმღამო მატჩის შემდეგ, სულ რაღაც ერთი კვირის მანძილზე საოცარი მეტამორფოზი განიცადა და საპასუხო მატჩში გასვლაზე უკვე სასტიკი დღე აყარა იტალიურ კლუბს.

„ბარსელონამ“ ანგარიშით 4:2 დაამარცხა იტალიის სერია A-ს „სკუდეტოს“ მაძიებელი გუნდი, მაგრამ რომ არა პირველ ტაიმში გოლკიპერ ტერ-შტეგენის მიერ დაშვებული მიუტევებელი შეცდომა, ანგარიში შეიძლებოდა უფრო დამაჯერებელიც ყოფილიყო. 

ცხადია, რომ ჩავი ერნადესმა კლუბში მისვლიდან სამიოდე თვეში აშკარა პროგრესის გზაზე დააყენა „ბარსელონა“, რომელსაც უკვე ჩვევად ექცა მეტოქეთა კარში ოთხი ბურთის გატანა, როგორც ეს მოხდა ესპანეთის ლა ლიგის მატჩებში „ატლეტიკოსთან“ და „ვალენსიასთან“ და ევროპის ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში „ნაპოლის“ წინააღმდეგ. 

„ნაპოლისთან“ პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, „ბარსელონამ“ საპასუხო დაპირისპირებაში რამდენიმე მატჩის სამყოფი საგოლე ეპიზოდი შექმნა მეტოქის კართან. 

სტუმრებმა პირველი წუთებიდანვე მაღალ პრესინგს მიმართეს და სწრაფი დაწინაურების და მალევე ფრენკი დე იონგის მიერ ანგარიშის გაორმაგების მიუხედავად, მთელი პირველი ტაიმი მეტოქის ნახევარზე გაატარეს, არ აძლევდნენ რა ამოსუნთქვის  საშუალებას „ნაპოლის“ მცველებს და შუა ხაზის მოთამაშეებს.

„ბარსელონამ“ თავდაცვა მეტოქის ნახევარზევე გადაწყვიტა, სადაც მისი 6-7 ფეხბურთელი მუდმივად მოძრაობდა  და მასპინძლებს ბურთის წინ გადატანის საშუალებას არ აძლევდა.

მახვილგონივრული აზროვნების კლასიკურ მაგალითად პირველივე საგოლე კომბინაცია იქცა, როდესაც შეტევის დასკვნით ფაზაში ცენტრფორვარდის ადგილზე ნომინალური მარცხენა მცველი ხორდი ალბა აღმოჩნდა და აუღებელი დარტყმით გახსნა ანგარიში.

საუკეთესო მატჩი ჩაატარა პიკემ. „ბარსელონას“ კაპიტანმა დაცვაში უშეცდომოდ ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლოს მესამე გოლი გაიტანა მეტოქის კარში, რამაც საბოლოოდ წელში გატეხა მასპინძელთა ისედაც დაქვეითებული წინააღმდეგობის უნარი.

მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველ ტაიმშივე გადაწყდა. მეორე ნახევარში თამაში კვლავაც „ბარსელონას“ კარნახით გაგრძელდა, გუნდებმა თითო გოლიც გაცვალეს და საბოლოოდ სტუმრებმა ანგარიშით 4:2 გაიმარჯვეს.

„ბარსელონამ“ „ნაპოლის“ წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ლა ლიგის საბოლოო სატურნირო ცხრილის ზედა ოთხეულში ჩავი ერნანდესის გუნდის მოხვედრაში კი ეჭვი ალბათ უკვე აღარავის ეპარება. 

მთავარი გამოცდა „ბარსელონისთვის“ მოახლოებული „ელ კლასიკო“ იქნება, რომელიც მას შედარებით იოლი მატჩების შემდეგ, 21 მარტს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ელის.

სწორედ ისტორიულ მეტოქესთან დაპირისპირებაში გამოჩნდება „ბარსელონას“ ნამდვილი ძალა. კატალონიურ კლუბს ევროასპარეზზე იმ დროისათვის მდგომარეობა სავარაუდოდ მოგვარებული ექნება. აი „სამეფო კლუბს“ კი, საკითხავია.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.