ხელოვნება უკრაინის მხარდასაჭერად – ქართველი არტისტების და ბრენდების საქველმოქმედო ინიციატივები
ავტორი: ნინო იმერლიშვილი
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმა დაიწყო. ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიოს დღის წესრიგი მოკლე დროში სრულიად შეცვალა. დღეს თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ, რომ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ამ ომამდე იყო. უკრაინელი ხალხის თავდადება ყველასათვის თავისუფლებისათვის ბრძოლის მაგალითად იქცა. მსოფლიო საზოგადოება დღეს ისეთი ერთსულოვანია, როგორც არასდროს.
ომის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე შეიქმნა არაერთი ფონდი და ორგანიზაცია, რომელთა მიზანი უკრაინელების დახმარებაა. საყოველთაო სოლიდარობის მუხტს, ცხადია, საქართველოც შეუერთდა.
ამ დღეებში არაერთი აქტივისტი, სტარტაპი და ორგანიზაცია სხვადასხვა საქველმოქმედო ინიციატივით გამოვიდა – მათ შორის განსაკუთრებული აქტიურობით სახელოვნებო სფერო გამოირჩევა. სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის კამპანია დღითი დღე იზრდება – იბადება ახალი იდეები და პროექტები, რაც მსოფლიოს თანამედროვე ისტორიის ამ ტრაგიკულ მონაკვეთში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას ემსახურება.
საქველმოქმედო ონლაინმაღაზია უკრაინის უსახლკარო ცხოველების დასახმარებლად
ომის დროს ტრაგიკული მოვლენები დიდ საფრთხეს უქმნის ცხოველებსაც. ასეთ კრიტიკულ დროს უსახლკაროდ დარჩენილი ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ხშირად ყოველგვარი ყურადღების მიღმა რჩებიან. ქართველი ვიზუალური არტისტი გრიგორ დევეჯიევი უკრაინაში უსახლკარო ცხოველების დასახმარებლად დროებით პროექტს იწყებს. მისი ინსტაგრამის ანგარიში გარკვეული დროით საქველმოქმედო ონლაინმაღაზიად გადაკეთდა. განთავსებული ნივთების გაყიდვიდან მიღებული თანხა უკრაინის უსახლკარო ცხოველების თავშესაფრის დასახმარებელ ფონდში გადაირიცხება.
View this post on Instagram
Artists for ukraine საქველმოქმედო პროექტია, რომელიც ვიზუალურ ხელოვნებაში მოღვაწე ადამიანებს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა NFT კოლექცია, რომელიც 200-ზე მეტი არტისტის 300-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს. თითოეული NFT-ს გაყიდვით მიღებული თანხა უკრაინის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ კრიპტო ანგარიშებზე გადაირიცხება. NFT კოლექციის გაყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებს თავად პროექტის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ – უკვე ჩაეშვა ვებგვერდი artistsforukraine.com. სწორედ ეს არის ონლაინპლატფორმა, რომელზეც აღნიშნული კოლექცია გაიყიდება. ამ კამპანიის ფარგლებში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარის შეგროვება იგეგმება.
Fund 4 Ukraine კიდევ ერთი პლატფორმაა, რომელიც აქტივისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა შექმნა. პლატფორმა აერთიანებს ახალგაზრდა არტისტებს და მათ შემოქმედებას, რომელიც საქველმოქმედო ნამუშევრად იქცა. ეს არის უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი NFT. ციფრული ნამუშევრის ყიდვა სპეციალურად პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებგვერდის – Fund4Ukraine.com-ის მეშვეობით განუსაზღვრელი რაოდენობის მსურველს შეუძლია.
View this post on Instagram
ეს იმას ნიშნავს, რომ NFT-ს რამდენიმე მფლობელი ეყოლება, თითოეული მათგანის გადახდილი თანხა კი უკრაინის კრიპტოანგარიშზე გადაირიცხება.
ქართველი დიზაინერები უკრაინისათვის
უკრაინის მხარდამჭერი ინიციატივით გამოვიდნენ ქართველი დიზაინერები. თითოეული ბრენდი დამოუკიდებელ საქველმოქმედო აქტივობაში ჩაერთო. მოდის სახლი MATERIEL უკრაინის საელჩოსთან და წითელ ჯვართან თანამშრომლობით, ქვეყანაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის. გარდა ამისა, პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად “მატერიელი” რუსეთის ბაზართან წყვეტს ყოველგვარ თანამშრომლობას.
View this post on Instagram
გიორგი ქებურია კიდევ ერთი დიზაინერია, რომელმაც საქველმოქმედო ინიციატივის შესახებ განაცხადა. უკრაინის მხარდასაჭერად ის 3000 ევროს გაიღებს. ასევე, ბრენდი იწყებს ექსკლუზიური დიზაინით შექმნილი ხელნაკეთი ქუდების ლიმიტირებული კოლექციის გაყიდვას.
View this post on Instagram
მოდელის შეძენას მსურველები მოდის სახლის ვებგვერდზე 3000 ევროდ შეძლებენ. ორი კვირის განმავლობაში, გაყიდვებიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდება უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებას. გიორგი ქებურიას განცხადებით, მისი ბრენდი ასევე აჩერებს რუსეთთან თანამშრომლობას
ქართველი კერამიკოსები უკრაინისათვის
უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ აქტივობებში ერთვებიან ქართველი კერამიკოსები. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა 3-დან 6 მარტის ჩათვლით ნინოშვილის 8 ნომერში მდებარე მულტიფუნქციურ სივრცე Fabrika-ში ჩატარდება. კერამიკოსების დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდამჭერ ფონდში.
View this post on Instagram
ასევე საქველმოქმედო NFT კოლექციის შექმნას გულისხმობს ალკოჰოლური სასმელების ახალი ქართული ბრენდის – Charles Rullo-ს (ჩაკ რულო) ინიციატივა. სპეციალური პროექტის ფარგლებში ვიზუალური ნამუშევრები NFT-ს სახით გაიყიდება, შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება უკრაინის ოფიციალურ კრიპტოვალუტის ანგარიშზე. Charles Rullo For Ukrain-ის კოლექცია 10,000 უნიკალურ NFT-ს აერთიანებს, რომლებიც უკრაინელი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლით არის შთაგონებული.