როგორ ეხმაურება მოდის ინდუსტრია ომს?
ავტორი: ნინკა მამულაშვილი
უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი დიზაინერები პოდიუმების პლატფორმას უკრაინისადმი სოლიდარობის გამოსახატავად იყენებენ, მეტიც, ძვირადღირებული ბრენდები რუსული შემოსავლების ნაკადს ბოლომდე წყვეტენ.
რუსეთი უკრაინაში იმ დროს შეიჭრა, როცა მილანის მოდის კვირეული დაიწყო. უკრაინელი დიზაინერები და სავაჭრო ცენტრი Tsum Kyiv მოდის ინდუსტრიას რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტისკენ და უფრო დიდი სანქციებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა ზოგიერთი მცირე ბრენდის მოდის სცენა ამ დრომდე დუმდა.
მოდის სახლები – Burberry, Gucci და Balenciaga ღიად უჭერენ მხარს უკრაინას. აღსანიშნავია, რომ Balenciaga პარიზის მოდის კვირეულის ერთ-ერთი პირველი ბრენდია, რომელმაც უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და მსოფლიო სასურსათო პროგრამას (UNHCR) ფინანსური დახმარება გაუწია. Balenciaga-სთან ერთად, Valentino-მ და OTB Group-მა, რომლის მფლობელობაშიც Maison Margiela და Diesel-ია, ასევე გარკვეული თანხა გამოყვეს UNHCR-სთვის. უნდა ითქვას, რომ OTB პირველი იტალიური მოდის ჯგუფია, რომელმაც დაუყოვნებლივ უპასუხა UNHCR-ის საერთაშორისო მიმართვას და კონკრეტული წვლილი შეიტანა კრიზისის დროს.
Gucci-მ 500,000 აშშ დოლარი გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს გადასცა, ხოლო Burberry-მ განუსაზღვრელი თანხა გადარიცხა ბრიტანული წითელი ჯვრის საზოგადოებაში და განაცხადა, რომ ფინანსურად დაეხმარება ნებისმიერ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას. Hermes-მა და Chanel-მა რუსეთში ყველა მაღაზია დახურეს და კომერციული საქმიანობა შეაჩერეს. უკანასკნელმა, დაახლოებით 2 მილიონი ევრო გადასცა უკრაინის მხარდასაჭერ ფონდებს, თუმცა არ გაასაჯაროვა კონკრეტულად – რომლებს. ფრანგულმა ბრენდმა Louis Vuitton-მა 1 მილიონი ევრო გაიღო უკრაინაში ბავშვების და ოჯახების დასახმარებლად.
დემნა გვასალიამ პარიზის მოდის კვირეულზე, ახალი ზამთარი 2022 სეზონის კოლექციის წარდგენისას, სკამები უკრაინის დროშის ფერებში გააფორმა და შოუ „უშიშრობას, გამძლეობას, მშვიდობისა და სიყვარულის გამარჯვებას“ მიუძღვნა.
Giorgio Armani იმ დიზაინერებს შორისაა, რომელიც ომს პირდაპირ პოდიუმზე გამოეხმაურა და მილანის შოუ მუსიკის გარეშე ჩაატარა. როგორც თავად დიზაინერმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მან უკრაინაში განვითარებული ტრაგედიის გამო მიიღო. ამ ნაბიჯს უკრაინის Vogue მიესალმა და Instagram-ზე პოსტი განათავსა, სადაც კითხულობს: „ვიხილავთ თუ არა ამ დროულ და ღირსეული ჟესტს სხვა შოუებშიც?“