fbpx

ქალები ბაზრიდან – ყოველდღიური მოდის ბუნებრივი „ინფლუენსერები“


გააზიარე სტატია

ავტორი: სოფია ცინცაძე

 

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შემოქმედებითმა სააგენტო Holy Motors-მა ქართული აქსესუარების ბრენდ Cosmo-თან კოლაბორაციით თბილისის ბაზრების გამყიდველი ქალების უნიკალური ისტორიები შეაგროვა და წელჩანთა „ჩოხჩას“ სახეებად აქცია. „Women From The Bazaar” წარმოგიდგენთ 6 გარემოვაჭრე მამაც ქალს. მათ დახლებთან შეიძლება ხშირად ჩაგივლიათ, კოხტად დალაგებული ნაირ-ნაირი პროდუქტი შეგითვალიერებიათ და, ალბათ, შევაჭრებიხართ კიდეც. ჟურნალში ფოტოებთან ერთად, მათ უნიკალურ ისტორიებსაც იპოვით. 

 

 

“კოსმო ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდია, რომელსაც სჯერა, რომ მოდა მოსახერხებელი და სახალხო უნდა იყოს. როდესაც ჩანთებს ქმნიან, მხოლოდ ნამდვილი ადამიანების ყოველდღიურობაზე ფიქრობენ, ამიტომ მათი ფლაგმანი პროდუქტის – „ჩოხჩას“ ახალი მოდელები წელჩანთების ბუნებრივი “ინფლუენსერები” არიან – ნამდვილი ქალები ბაზრიდან. Harper’s Bazaar-ის შთაგონებით მოდის ჟურნალი გამოვეცით  „Women from the Bazaar“, რომელშიც  განსაკუთრებულ ფოტოსესიასთან ერთად, რომელიც  მოდურ სტილისტთან და ფოტოგრაფთან ერთად მოვაწყეთ, ქალებთან მოკლე ინტერვიუებსაც იპოვით მოდაზე, სიყვარულსა თუ მოტივაციაზე.” – Holy Motors-ის კრეატიული დირექტორი გიორგი ავალიანი. 

ახლა კი სრულიად სხვა ამპლუაში წარმოგიდგენთ ნინოს, სარას, ვიკას, მარინას, ლუიზას და თეონას. გილოცავთ 8 მარტს! 

 

ნინო ხუციშვილი

 

ჩემი თავის მოტივაცია თვითონვე ვარ. ყოველდღიურად ვცდილობ, რომ სულ ფორმაში ვიყო და კარგად გამოვიყურებოდე, რადგან მსიამოვნებს, როცა კომპლიმენტებს მეუბნებიან.

“ძალიან მიყვარს ის შეგრძნება, როცა ყოველდღე სამსახურში მივდივარ და პარფიუმერიის რიგს ჩავივლი, თავი პოდიუმზე მგონია ხოლმე.”

 

სარა ლაიმბერგი

“სანამ ტანსაცმლის გამყიდველად დავიწყებდი მუშაობას, ლიტვაში ვსწავლობდი და ვცხოვრობდი, სადაც მოდელადაც ვმუშაობდი, მქონდა გაფორმებული კონტრაქტები სხვადასხვა სააგენტოსთან, შვედურ სააგენტოებთანაც მიმუშავია. ერთხელ სილამაზის კონკურსში მე-3 ადგილი ავიღე. მერე გავთხოვდი და მომიწია თავის დანებება. ახლა უკვე 2 შვილი და 3 შვილიშვილი მყავს”, – გვიყვება სარა თავის წარსულ ცხოვრებაზე.

“იქამდე ხარ ცოცხალი, სანამ ოცნებობ.”

 

ვიკა აგრიზკოვა

ვიკამ ინტერვიუზე მტკიცე უარი გვითხრა, სამაგიეროდ გადაღებაზე ისე სახასიათოდ პოზირებდა, საიდუმლოდ არაფერი არ დარჩენია.   

P.S. ვიკა და სარა ძალიან ახლო მეგობრები არიან.

 

მარინა მოწონელიძე

მოსკოვში ვცხოვრობდი დაახლოებით 25 წელი ჩემს ქმართან ერთად, გვქონდა ჩვენი პატარა ბიზნესი, ყვავილებს ვყიდდით და ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით. ჩემმა ქმარმა მომიტაცა, მე-9 კლასში ვსწავლობდი მაშინ და სკოლიდან რომ მოვდიოდი, წამიყვანა. თვითონ ჩემზე 1 წლით უმცროსი იყო. ისეთი ცხოვრება მქონდა, ალბათ, ზღაპარშიც რომ ვერ ინატრებდა კაცი. ერთ მშვენიერ დღეს ჩემი მეუღლე ავარიაში დაიღუპა, მოსკოვში ვეღარ შევძელი გაჩერება და საქართველოში დავბრუნდი. აქ რომ ჩამოვედი, მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში დავიწყე მუშაობა, ახლა კი დეზერტირების ბაზარში ხილს ვყიდი.” – მარინა მოწონელიძე.

„ჩაცმა ჩემს ცხოვრებაში არის პირველი. ჩემი აზრით, ყველა ადამიანს უხდება ლამაზად ჩაცმა. მაგალითად, თუ მაცვია კაბა, იმ კაბის შესაფერისი პორტფელი უნდა მეჭიროს და ფეხსაცმელი  მეცვას. ძალიან ბევრი ტანსაცმელი მაქვს.“

 

ლუიზა ასლანოვა

“რომ ავიხედე, გაოცდნენ, ასეთი ლამაზი თვალები ჯერ არ გვინახიაო.”

ინტერვიუზე ლუიზამაც უარი გვითხრა, თუმცა, გადაღების მერე, სანამ ტაქსის ელოდებოდა, თავისი ცხოვრების შესახებ რამდენიმე სიტყვის თქმა მოასწრო. მომიყვა, რომ 14 წლის გათხოვდა და თავის ქმართან ერთად რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა, ეს კაცი სასმელზე დამოკიდებული აღმოჩნდა და უკან დაბრუნება გადაწყვიტა.

ასევე, მომიყვა, რომ მომხმარებლებისგან კომპლიმენტებს საკმაოდ ხშირად იღებს ხოლმე: “ერთხელ ბიჭები მოვიდნენ ჩემთან სავაჭროდ. ჩემს საქმეებს ვაკეთებდი და თავი დაბლა მქონდა დახრილი, რომ ავიხედე, გაოცდნენ, ასეთი ლამაზი თვალები ჯერ არ გვინახიაო.”

“უვარგისი კაცი აღმოჩნდა და რად მინდოდა. თბილისში დავბრუნდი, აქ დიდი ოჯახი მყავს და ჩემი ყოფილი ქმარი მის მერე აღარ მინახავს.”

 

თეონა ბეგლარაშვილი

„ყველა ქალს ვეტყოდი, რომ არასდროს არ დათმონ არაფერი და იბრძოლონ თავიანთი ბედნიერებისა და წინსვლისთვის. არავის გამო არ ღირს ცრემლები და რამეზე უარის თქმა. ყველანაირად უნდა ეცადნენ, რომ იყვნენ ბედნიერები. რა თქმა უნდა, ეს არაა ადვილი, მაგრამ, ვფიქრობ, თუ ძლიერი და შემდგარი ხარ, მოახერხებ ამ ყველაფერს და დაამსხვრევ ქალების გარშემო დამკვიდრებულ სტერეოტიპებს.”

„პირადად თავს დამოუკიდებელ ქალად მივიჩნევ, რადგან არავისზე არ ვარ დამოკიდებული და ყოველთვის თვითონვე ვაგვარებ ჩემს ყველა პრობლემას. ვფიქრობ, კაცის საქმეებსაც კარგად ვითავსებ. ქალებს ყველაფერი შეგვიძლია.“ – თეონას რჩევა სხვა ქალებს. 

* * *

 

ჯაბა ქურთიშვილი, სტილისტი, პროექტის შესახებ: 

“წელჩანთები ჩემთვის ყოველთვის ბაზართან ასოცირდებოდა, რადგანაც მათ ხშირად ვამჩნევდი მემწვანილეების თუ მენაყინეების ჩაცმულობაში და ამიტომ ეს აქსესუარი ყოველთვის ძალიან მომწონდა.

ვფიქრობ, ეს პროექტი განსაკუთრებულად საინტერესო იყო, რადგანაც ჩვენ არ გვითანამშრომლია პროფესიონალ მოდელებთან, როგორც ეს სტანდარტულად ხდება ხოლმე – მოდელები არა სააგენტოების ვებგვერდებიდან, არამედ ბაზრობებიდან ავარჩიეთ. ამ ადამიანებს არასდროს ჰქონიათ კავშირი ამ სფეროსთან, მათთვის ეს ყველაფერი თავდაპირველად ცოტა უჩვეულო იყო და ჩვენდამი უნდობლობის განცდაც კი ჰქონდათ. ჩემთვის ამ მხრივ პროექტი საინტერესო იყო, რადგანაც რაც უფრო რთულია თემა, უფრო მეტად მსიამოვნებს მასზე მუშაობა.

შერჩეული ლუქები მინდოდა ყოფილიყო მაქსიმალურად ავთენტური ანუ მოდელების გარეგნობასთან და ხასიათთან შესაბამისი და ამავდროულად, ეკლექტურიც, რადგან მსგავსი ტანსაცმლით ისინი სამსახურში არ დადიან ხოლმე. ვეცადე, რომ სწორედ ეს ბალანსი დამეჭირა ორგანულობასა და ეკლექტიკას შორის. მაკიაჟს კი ადგილზევე ვაკეთებდით  მოდელის ხასიათთან და მის პერსონასთან შესაბამისად.

გარემოვაჭრე ქალების შერჩევის პროცესი გამორჩეულად რთული იყო: ზოგიერთი ვერ იგებდა ჩვენს მიზანს, ზოგი არ გვენდობოდა, ზოგისთვის მიუღებელი იყო, ზოგს ქმარ-შვილი არ აძლევდა მონაწილეობის უფლებას. ძალიან ბევრი წინაღობის და ბარიერის გადალახვა მოგვიწია ამ კუთხით. მაგალითად, გადაღების დღეს 2 ქალი არ მოვიდა და წინასწარ მომზადებული ტანსაცმლისა და რეკვიზიტების მორგება სრულიად სხვა მოდელებზე მოგვიწია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და გადაღების მერე ყველა ძალიან ბედნიერი, კმაყოფილი და ნასიამოვნები გავუშვით სახლში. ვიმედოვნებ, რომ როცა სხვა ადამიანები ნახავენ ამ კამპანიას, ოდნავ მაინც შეეცვლებათ წარმოდგენა ამ თემასთან დაკავშირებით.”

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.