fbpx

ცნობილი არქიტექტურული ოფისები რუსეთში პროექტებს აჩერებენ


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

 

ZAHA HADID ARCHITECTS, MVRDV, OMA, BIG, HERZOG & DE MEURON, FOSTER AND PARTNERS, DAVID CHIPPERFIELD – არქიტექტურული ოფისები რუსეთში პროექტებს აჩერებენ

უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა, რაც რუსეთი  უკრაინაში,  დამოუკიდებელ ქვეყანაში  შეიჭრა.  დღემდე გრძელდება რუსული ძალების მხრიდან ქალაქების დაბომბვა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა. რუსეთს საპასუხოდ მრავალი სანქცია დაუწესდა, როგორც სახელმწიფოებისგან, ასევე კერძო ორგანიზაციებისგან. ამ სანქციებს უერთდებიან მსოფლიოში წამყვანი არქიტექტურული კომპანიებიც. 

არქიტექტურული კომპანია ZAHA HADID ARCHITECTS რუსეთში 4 წელია მუშაობს  და კომპანიის გუნდის არქიტექტორები ასევე  ლექციებს კითხულობენ რუსეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 

“ჩვენ ძალიან დამწუხრებულები ვართ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და გადავწყვიტეთ გავაჩეროთ ჩვენი ორი მიმდინარე პროექტი რუსეთში. Zaha Hadid Architects-ის პროექტებს შორისაა მოსკოვში კლენოვიის ბულვარის სადგური,  რომელიც შენდება ქალაქის მეტროს სისტემის გასაფართოებლად და სბერბანკის ტექნოპარკი. 

David Chipperfield Architects-მა განაცხადა, რომ ის „გმობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს“ და  აჩერებს მთელ თავის საქმიანობას რუსეთში. მათ მიმდინარე პროექტებს შორისაა მოსკოვში ცენტრალური ტელეგრაფის შენობის განახლება. მათ ინსტაგრამზე განცხადება გამოაქვეყნეს:


“უკრაინაში შეჭრის გამო, ჩვენი კლიენტების მხარდაჭერით, David Chipperfield Architects-მა გადაწყვიტა შეაჩეროს ყველა სამუშაო რუსეთში. ჩვენ ვგმობთ პუტინისა და რუსეთის მთავრობის ქმედებებს და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და მის ხალხს.  ჩვენ გვჯერა დიალოგის, ღია ურთიერთობის და ჩართულობის; ეს ის ღირებულებებია, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მიმდინარე ომს.  მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს ტრაგედია.  ჩვენ ვფიქრობთ ამ გაუმართლებელი ქმედების უდანაშაულო მსხვერპლზე, ხალხზე”.

რუსეთში მუშაობა  შეწყვიტა არქიტექტურულმა ოფისმა MVRDV, რომელმაც  განაცხადა: 

“ბოლო დღეებამდე დავდიოდით ქუჩებში, რომლებიც ახლა ომის ზონაა. ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს მეგობრებზე, პარტნიორებზე და კლიენტებზე, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ ამ მომენტში. მხარს ვუჭერთ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც წუხან თავიანთი ქვეყნისა და საყვარელი ადამიანების გამო. სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ომს ეწინააღმდეგება და აპროტესტებს და მკაცრად ვგმობთ ძალადობას. როგორც არქიტექტორები და ურბანისტები, ჩვენ ვმუშაობთ ბევრ ქვეყანაში ცვლილებების შესატანად და მთელი გულით გვჯერა საერთაშორისო დიალოგისა და მშვიდობის. ამ მიზეზით, ჩვენ დაუყოვნებლივ შევაჩერეთ პროექტები რუსეთში. 

ჩვენ ორმხრივად  ვართ დაზარალებული. ჩვენი პროექტები უკრაინაში, სამწუხაროდ, შეჩერებულია სისასტიკის გამო. შეჭრის დაწყებისთანავე დავიწყეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან და პარტნიორებთან დაკავშირება მხარდაჭერის მიზნით და ვცდილობთ შევინარჩუნოთ ურთიერთობა. ისინი მამაცები არიან და წარმოუდგენელ გაჭირვებას განიცდიან. ჩვენ ჩვენი ნებით შევაჩერეთ  რუსული პროექტები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნავს,  თანამშრომლობის   შეწყვეტას იმ ადამიანებთან, რომლებსაც წლების განმავლობაში ვიცნობთ და რომლებიც მზად არიან რუსეთში სიახლეების შეტანისა და  პერსპექტივისთვის”. 

“უკრაინის კრიზისის ცენტრში დგას ფუნდამენტური კითხვა ისტორიისა და კაცობრიობის ბუნების შესახებ – შესაძლებელია თუ არა ცვლილება? შეუძლიათ თუ არა ადამიანებს შეცვალონ თავიანთი ქცევა თუ ისტორია მეორდება უსასრულოდ, თუ წარსული ტრაგედიებიდან დეკორის გარდა არაფერი იცვლება?” – იუვალ ნოა ჰარარი (The Economist, 2022 წლის 9 თებერვალი)

არქიტექტურული ოფისი herzog & de meuron აცხადებს, რომ ისინი შეწყვეტენ მუშაობას რუსეთში.

”უკრაინაში შეჭრა და პუტინისა და რუსეთის მთავრობის ძალადობრივი ქმედებები ეწინააღმდეგება ყოველგვარ ფასეულობას, რასაც ჩვენ ვიცავთ,  როგორც საერთაშორისო კომპანია. Herzog & de meuron-მა გადაწყვიტა შეაჩეროს მუშაობა რუსულ პროექტებზე. ჩვენ  სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ასევე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც უარყოფენ ამ ძალადობრივ ქმედებას. როგორც 40-ზე მეტ  ქვეყანაში არსებული   არქიტექტურული ოფისების წარმომადგენლები  თანავუგრძნობთ ჩვენს უკრაინელ და რუს კოლეგებს, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამ ომს. ვიმედოვნებთ, რომ ამ რეგიონში   რაც შეიძლება მალე აღდგება მშვიდობა”.

არქიტექტურულმა ოფისმა OMA-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათ შეაჩერეს ყველა პროექტი რუსეთში.

„რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ  უკრაინაში გამოვლენილი აგრესიის გამო  OMA-მ შეაჩერა ყველა სამუშაო რუსულ პროექტებზე, – ნათქვამია OMA-ს განცხადებაში. – ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ტრაგიკული ომი  მალე  დამთავრდება.”

OMA-მ დააპროექტა მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ახალი შენობა 2015 წელს. პროექტი, რომელსაც  ხელმძღვანელობდნენ რემ კულჰაასი და ეკატერინა გოლოვატიუკი,  მოიცავდა  1960-იან წლებში აშენებული  რესტორნის, Vremena Goda-ს  ასაწყობი ბეტონის პავილიონის განახლებას , რომელიც მიტოვებული იყო ოც წელზე მეტხანს.

მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეის ტრანსფორმაცია კრიმსკი ვალზე, რომელიც ყველაზე დიდი მუზეუმია რუსეთში ხელოვნების ვრცელი და მნიშვნელოვანი კოლექციით, OMA-ს ერთ-ერთი ბოლო პროექტია. 

არქიტექტურული კომპანია BIG (Bjarke Ingels Group), რომელსაც არ აქვს პროექტები რუსეთში, ასევე გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და უერთდება სხვა არქიტექტურულ კომპანიებს შემდეგი განცხადებით: “ვუერთდებით საერთაშორისო თანამეგობრობას უკრაინელი ხალხის, ჩვენი კოლეგების, მეგობრებისა და ოჯახების სოლიდარობით ამ რეგიონში. BIG არ არის ჩართული  რუსეთის  პროექტებში.  ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია.”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.