61-ე წუთი
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
უკრაინაში რუსული აგრესიის გაგრძელებასთან ერთად, შეწყდა საფრანგეთის პირველი დივიზიონის და ინგლისის პრემიერლიგის მატჩების ჩვენება რუსულ ტელეარხებზე. ჩემპიონთა და ევროპის ლიგის მატჩები კი გასულ კვირას ჩვეულ რიტმში, COVID-თან გაშინაურების ფონზე, უკვე მაყურებლების წინაშე ჩატარდა.
„რეალის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ განმეორებითი დაპირისპირება დრამატულ საფეხბურთო სპექტაკლს დაემსგავსა, რომლის უნებურ მონაწილედაც მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მყოფი ნებისმიერი ადამიანი იქცა, მწვრთნელებით თუ ფეხბურთელებით დაწყებული, მსაჯების ბრიგადითა და მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებით დამთავრებული.
მატჩის დასრულების შემდეგ პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მსაჯების საცემადაც კი იწევდა, სანამ არ დააშოშმინეს და ალბათ შეახსენეს კიდეც, რომ მუშტების ქნევას ჩხუბის შემდეგ არ იწყებენ და საჭიროების შემთხვევაში მადრიდის „რეალს“ მსაჯები ტრადიციულად ეხმარებიან ხოლმე…
61-ე წუთამდე კი ფინალის ტოლფასი მატჩი პარიზელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. ამ დროისთვის მათ მეტოქეზე ორჯერ მეტი გადაცემა ჰქონდათ შესრულებული, რომელთა სიზუსტეც 92%(!)-ს აღწევდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ მოედანზე ერთი გუნდი აშკარად დომინირებდა, მეორეს კი უჭირდა. მართალია „რეალი“ ძალისხმევას არ აკლებდა ინიციატივის მოპოვებას, მაგრამ სტუმართა კართან სიტუაციის გამწვავებამდე საქმე თითქმის არ მიდიოდა.
61-ე წუთისთვის „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე არაოფიციალური „ჰეთთრიკის“ ავტორი იყო, რადგან ოფიციალურ გოლთან ერთად, VAR-ის ჩარევის შედეგად, მას ორი გოლი გაუქმებული ჰქონდა.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მესამე არჩათვლილი გოლი იყო. 61-ე წუთამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც „პარი-სენ ჟერმენი“ ანგარიშით 1:0-ს იგებდა, ნეიმარმა შესანიშნავი გადაცემით ტიბო კურტუასთან პირისპირ გაიყვანა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, რომელმაც ამოუცნობი ფინტით გაამასხარავა წინ გამოსული მადრიდელთა მეკარე და ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი.
„სანტიაგო ბერნაბეუ“ ავის მოლოდინში მყისიერად გაინაბა, მაგრამ მაშინ „რეალი“ კიდევ ერთხელ და როგორც შემდგომში გაირკვა, უკანასკნელად გადარჩა…
იმ მომენტში ალბათ „სამეფო კლუბის“ ყველაზე მგზნებარე გულშემატკივარიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ დარჩენილ დროში ოფიციალურ „ჰეთთრიკს“ მისი საყვარელი გუნდის რომელიმე ფეხბურთელი შეასრულებდა.
61-ე წუთზე “პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე დონარუმამ მცველისგან დაგორებული ბურთი უყურადღებობის გამო ვერ შეინარჩუნა, შემდეგ გაიბრძოლა, ბენზემამ მას ფეხი ჩაუდგა, დაეტაკა და მეკარესთან ორთაბრძოლაში თითქოს იუხეშა კიდეც, მაგრამ თამაში გაგრძელდა, ფორვარდმა იდეალური პოზიციის შერჩევაც მოასწრო და საპასუხო გოლი პრაქტიკულად ცარიელ კარში გაიტანა. მეკარესთან დატაკების ეპიზოდი კი VAR-მა გადასინჯვის ღირსადაც არ ჩათვალა.
მბაპეს პირველ არჩათვლილ გოლზე მეტად სწორედ ამ ეპიზოდმა გამოიყვანა მწყობრიდან პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი. არადა რომ არა მადრიდელთა საპასუხო გოლი, სტუმრებს შეიძლება მომდევნო შეცდომამდე გოლი თავად გაეტანათ, მატჩის ბედი მათთვის საკეთილდღეოდ გადაეწყვიტათ, საუკეთესო მოთამაშედ კი მბაპე დაესახელებინათ და არა ბენზემა.
61-ე წუთზე მომხდარი ეპიზოდი ჰოლანდიელმა არბიტრმა დანი მაკელიმ ისე განსაჯა, როგორც მასპინძლებს აწყობდათ. თუკი დონარუმაზე ხისტი თამაში მეკარეზე ზეწოლად შეფასდებოდა, გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. მაგრამ ბენზემასთან ორთაბრძოლაში დონარუმა რიგითი მცველივით მოქმედებდა და თანაც მეკარის უჯრედის მიღმა. ამიტომ მეკარესთან მიუკარებლობის პრინციპი მსაჯმა მხედველობაში არ მიიღო და გოლი ჩათვალა.
დანარჩენი მოვლენები კი ზუსტად ჩვენი ერთი თვის წინანდელი ნავარაუდევი სცენარის მიხედვით განვითარდა. როდესაც „პარი სენ-ჟერმენი“ არაკომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მისი თანავარსკვლავედი ამბიციურად გათითოკაცებულ ფეხბურთელთა გროვას დაემსგავსა.
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მისულმა „სამეფო კლუბის“ გულშემატკივრებმა კი მოახლოებული მსხვერპლის სუნი აშკარად იგრძნეს…
61-ე წუთიდან მოყოლებული არამცთუ მოიშალა პარიზელთა იქამდე საათივით აწყობილი სათამაშო მექანიზმი, მოედანზე ნეიმარი და მბაპეც ვეღარ პოულობდნენ ერთმანეთს, რომ აღარაფერი ვთქვათ დაბნეულ და დროდადრო ჩაკარგულ მესიზე, რომელსაც მადრიდის „რეალთან“ პირადი ანგარიშები აქვს.
1:1 ტრაგიკული შედეგი ნამდვილად არ იყო სტუმრებისთვის. მატჩის დამატებით დრომდე მისაყვანად გოლი ისევ „რეალის“ ფეხბურთელებს უნდა გაეტანათ, მაგრამ ამის გაკეთებაში მათ სწორედ „პარი სენ-ჟერმენის“ სრულმა ფსიქოლოგიურმა კოლაფსმა შეუწყო ხელი.
„რეალის“ გამოცდილმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ 55-ე წუთზე როდრიგოს და კამავინგას და 61-ე წუთის შემდეგ ყველგანმყოფი ლუკას ვასკესის გამოყვანით პრესინგის ინტენსივობა გაზარდა მეტოქის ნახევარზე. ბენზემა კი პარიზელთა საჯარიმო მოედნის სრულ ბატონ-პატრონად იქცა.
1:1-ის დროს არბიტრმა პატივი უკვე პარიზელებს სცა, როდესაც პარედესს უხეში თამაშისთვის მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა და სტუმრები მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით არ დატოვა.
ამ მიზეზით მაკელიმ ჯარიმაც ვერ დანიშნა პარიზელთა კარის მიმართულებით. „რეალის“ ფეხბურთელებმა ეპიზოდი მშვიდად გაატარეს, რადგან მშვენივრად ახსოვდათ, რომ ცოტა ხნის წინ მათ მეტ-ნაკლებად საკამათო გოლი ჩაუთვალეს და რაც მთავარია, ანჩელოტიმ და მისმა არმადამ უკვე შეიგრძნო მოახლოებული გამარჯვების გემო.
მეორე და მესამე გოლს ბენზემამ სამწუთიანი ინტერვალი მოანდომა. მეორე გოლის გატანისას ფრანგი ფორვარდი გადაცემით ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ ლუკა მოდრიჩმა მოამარაგა, „ჰეთთრიკის“ შესრულებაში კი მას პარიზელთა დაცვის ბურჯი მარკინიოსი დაეხმარა, რომლის მსგავს იუველირულ გადაცემასაც ფრანგი ფორვარდი ამ მატჩში ალბათ თავის პარტნიორ ვინისიუსისგანაც კი ვერ ინატრებდა…
როგორ შეიძლებოდა დასრულებულიყო „რეალის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება, რომ არა დონარუმას შეცდომა?
რა თქმა უნდა, ამის ვარაუდი შეუძლებელია. მაგრამ როგორ წარიმართებოდა მატჩი 61-ე წუთის შემდეგ, სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის ძველებური წესის არსებობის შემთხვევაში?
დიდი ალბათობით ანალოგიური სცენარით, რადგან მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები შენიშნავდნენ რა მოწინააღმდეგე გუნდის სრულ დემორალიზაციას, დასძლევდნენ დარჩენილ 30 წუთში ორი გოლის გატანის აუცილებლობით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ წნეხს, ბოლო წუთამდე იბრძოლებდნენ და როგორც ძლიერთ, გაუმართლებდათ კიდეც…
აი „ზალცბურგს“ კი არ გაუმართლა, რადგან მძვინვარე „რეკორდმაისტერის“ ხახაში სწორედ მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ამ უკანასკნელს სისხლი მოსწყურდა.
„ბაიერნმა“ ბოლო პერიოდის კრიზისი ერთბაშად დასძლია და კარში მანუელ ნოიერის დაბრუნებისთანავე ამბიციური „ზალცბურგი“ გასვლაზე ნათამაშევი 1:1-ის შემდეგ, შინ ანგარიშით 7:1 გაანადგურა.
მართალია, 61-ე წუთზე მასპინძლებს არ გაუტანიათ, მაგრამ გოლების ფეიერვერკი მათ ორივე ტაიმზე გადაანაწილეს. ლევანდოვსკიმ და მიულერმა შესაბამისად „ჰეთთრიკი“ და „დუბლი“ შეასრულეს.
პოლონელი ფეხბურთელი 12 გოლით ამჟამად ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია, „აიაქსის“ თავდამსხმელ სებასტიენ ჰალერს კი ლიდერის პოზიციის დაბრუნების შანსი ამ კვირაში „ბენფიკასთან“ განმეორებით მატჩში ექნება.
„ბაიერნისგან“ განსხვავებით მეტოქეს ლმობიერად მიეპყრო „მანჩესტერ სიტი“, რომელიც პრემიერლიგის გათამაშებაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ანგარიშით 4:1 შერცხვენის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე „სპორტინგთან“ ფორმალურად ქცეულ საპასუხო შეხვედრაში შინ 0:0-ს დასჯერდა.
ლაუტარო მარტინესის მიერ 61-ე წუთზე „ლივერპულის“ კარში გატანილ ერთადერთ ბურთს კი მალევე მოედნიდან „ინტერის“ ჩილელი ფეხბურთელის, ალექსის სანჩესის გაძევება მოჰყვა.
„ლივერპულს“ დარჩენილ წუთებში თავი მაინცდამაინც არ მოუკლავს, რადგან 10 კაცის შემადგენლობით „ინტერის“ ფეხბურთელების მხრიდან მეორე ბურთის გატანა და დამატებით დროში ბრძოლის გაგრძელება ისეთივე უტოპია გახლდათ, როგორც „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ მადრიდის „რეალთან“ მატჩის ბოლო წუთებზე თამაშის შემობრუნება…





