fbpx

მეტად საერთაშორისო ბაკურიანი – 2022


გააზიარე სტატია

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონი

 

მოდით, ეს ბლოგი მადლიერების ბლოგი იყოს, რომელიც დააფასებს და მადლობას ეტყვის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ბაკურიანში ორი დიდებული ტურნირი გვაჩუქა: ევროპის თასის ეტაპი სნოუბორდის პარალელურ გიგანტურ სლალომში და მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდის და თხილამურების სლოუპსტაილში. უკლებლივ ყველამ უნდა მიიღოს თავისი მადლობა, ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანა უნაკლოდ ჩატარებულ შეჯიბრებებში – შეიპერით და გეით ქიფერებით დაწყებული, ტურნირისა და ფედერაციის ხელმძღვანელობით დამთავრებული.

უკვე მეორედ ვიტირეთ სიხარულის ცრემლით, როცა ევროსპორტზე ბაკურიანი გამოჩნდა. პირველი ცრემლი შარშან იყო, მსოფლიო თასის ეტაპზე ფრისტაილში. რა ვქნათ, პატარა ქვეყნის შვილები ვართ, ემოციურები, გვიყვარს აქაურობა და მსგავს მომენტებში თავს ვერ ვიკავებთ.

მცირე ისტორიას მოგიყვებით მათ, ვინც არ იცის რატომ ხდება ამდენი ზამთრის ამბავი ჩვენს ქვეყანაში, უძველეს ზამთრის კურორტზე – ბაკურიანში.

რამდენიმე წლის წინ საქართველომ მოიპოვა ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება, რომელიც მომავალ წელს, 2023-ში ჩატარდება ბაკურიანში. მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას თან მოჰყვა ვალდებულება, რომლის მიხედვით საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატში შემავალი თითოეული დისციპლინის მსოფლიო და ევროპის თასის ეტაპებს უნდა უმასპინძლოს. ეს არის ტესტი, თუ როგორ მოახერხებს მასპინძელი მხარე თავი გაართვას ამ უზარმაზარ ვალდებულებას, ასევე საშუალება, რომ გამოცდილება დააგროვოს და მთავარ სპორტულ მოვლენას მომზადებული შეხვდეს. პირველი მოსამზადებელი ტურნირი მსოფლიო თასის ეტაპი იყო ფრისტაილში შარშან, რომელიც წლევანდელი შეჯიბრებით გაგრძელდა. მსოფლიო თასის ეტაპი სლოუპსტაილში საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა, სადაც ასევე პირველად გამოვიდნენ ჩვენი არწივები, ქორები და შევარდნები: ბუთა, ჯაბა და ლუკა.

ევროპის თასის ეტაპი პირველად 2020 წელს ჩატარდა გუდაურში. ბაკურიანის ეტაპზე კი ჩვენდა სასიხარულოდ ორჯერ მეტი მონაწილე ჩამოვიდა, ვიდრე ორი წლის წინ. ავსტრიელები, გერმანელები, ავსტრალიელები, უკრაინელები, შვეიცარიელები, კანადელები და სხვა. ბაკურიანის ევროპის თასის ეტაპზე ორი ირანელი სპორტსმენიც კი მონაწილეობდა! მონაწილეთა რიცხვის რადიკალური ზრდა იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი მხარე ყველაფერს სწორად აკეთებს და საქართველოს მიმართ ზამთრის სპორტულ წრეებში ყურადღება იზრდება.

ბაკურიანში პარალელური სლალომის ეტაპზე ისეთი ლეგენდები ჩამოვიდნენ, რომელთა სახელების ამოკითხვისას ტურნირის დამაანონსებელ პრესრელიზში ცოტა ტანზე დამბურძგლა: უდიდესი ბედნიერება იყო სულ ცინცხალი ოლიმპიური ჩემპიონის, ავსტრიელი ბენჯამინ კარლის ნახვა და მისი საოცარი გამოსვლის ყურება. დასაფასებელია ის ფაქტი, რომ სამგზის ოლიმპიადის მედალოსანმა და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა ოლიმპიადა მოიგო და მაშინვე ბაკურიანში წამოვიდა შეჯიბრზე. ბენჯი პირველ დღეს საბაგიროს ქვედა სადგურთან ვნახე, თავისი განუყრელი რედ ბულის ჰელმეტით, პატარა მოთხილამურეებთან იღებდა სურათებს. ერთმანეთს გავუღიმეთ, მერე ვუთხარი, მოდი, ხელს დაგადებ, რომ დავრწმუნდე, მართლა ბენჯი ხარ თუ არა-მეთქი. Გაეცინა და ხელი ჩამირტყა. “ჩვენთანაც უნდა მოიგოთ?” – ვკითხე. “ალბათ უნდა ვცადო მაინც, – მიპასუხა ბენჯამინმა, – სიმართლე რომ ითქვას, ყველაფერზე მეტად მინდა, რომ სიამოვნება მივიღო, მომეწონა აქაურობა”.

ბენჯის გარდა ბაკურიანში ისრიალეს ანდრეას პრომეგერმა, რომელიც მსოფლიო თასის სამგზის მფლობელია, ასევე ვიხილეთ დანიელა ულბინგი – მსოფლიო თასის ოთხგზის გამარჯვებული და ლეგენდარული მსოფლიო ჩემპიონი, კლაუდია რიგლერი, რომელიც 48 წლისაა და ისევ აქტიურ სპორტშია. კლაუდიას გამოსვლა რომ ვნახე, მივხვდი, რომ მის მდგომარეობას “აქტიურ სპორტში ყოფნაზე” მეტი ჰქვია. დაახლოებით 25-30 წლით უფრო ახალგაზრდა ოპონენტებს წამზე მეტით აჯობა!

ევროპის თასის ბაკურიანის ეტაპი გიგანტურ სლალომში განსაკუთრებული აღმოჩნდა 36 წლის რევაზ ნაზღაიძისთვის, რომელიც ერთადერთი ქართველი მონაწილე იყო. “ჩემს ქვეყანაში გამოსვლა ამხელა ტურნირზე, ჩემი ხალხის წინაშე, არის ის, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. მიუხედავად იმისა, რომ წელს თოვლზე სულ ცხრა დღე მაქვს ნავარჯიშევი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შედეგი ვაჩვენო” რევაზ ნაზღაიძე მშვენივრად გამოვიდა, გულიანი აპლოდისმენტები და მხარდაჭერაც მიიღო. საპრიზო ვერ დადო, თუმცა მისით იმ დღეს ყველა უსაზღვროდ ამაყები ვიყავით. რთულია მოიგო მაშინ, როცა მოსამზადებლად არ გაქვს ტრასა, არც სავარჯიშო პირობები და როცა შენი მეტოქეები ავსტრიის და შვეიცარიის ნაკრებებია.

რევაზს თუ არ ჩავთვლით, სრულიად ბაკურიანის გული პოლონეთის ნაკრებმა მოიგო. მართალია, საპრიზო ვერაფერი აიღეს, მაგრამ სილაღეში, ცეკვა-თამაშსა და ჩახუტებაში ნამდვილი ჩემპიონები აღმოჩნდნენ. ქართულ-პოლონური გამოცეკვება “მაკარენაც” იმ კვირის ჰიტად იქცა ორივე ქვეყნის ინსტაგრამზე.

საბოლოოდ ევროპის თასზე ადგილები ასე გადანაწილდა:

ქალები:
I ადგილი – ჯენი ლადინა (შვეიცარია)
II ადგილი – ბიკოვა მილენა (რუსეთი)
III ადგილი – საბინა შოფმენ (ავსტრია)

კაცები:
I ადგილი – დარიო კავიეთზელი (შვეიცარია)
II ადგილი – ბენჟამინ კარლი (ავსტრია)
III ადგილი – სტეფან ბაუმეისტერი (გერმანია)

მიხარია, რომ ჩემმა შელოცვამ ქალების ფინალის დროს შედეგი გამოიღო და ჯენი ლადინამ მოიგო. შესაბამისად დაჯილდოებისას შვეიცარიის ულამაზესი ჰიმნი აჟღერდა.

 

5 და 6 მარტს ბაკურიანმა წლის ბოლო საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა – ფრისკი სლოუპსტაილის მსოფლიო თასის ეტაპი როგორც თხილამურებში, ასევე სნოუბორდში.

ეს ყველაფერიც პირველად მოხდა ჩვენს ისტორიაში და ასმაგად სასიხარულო იყო ის, რომ ერთბაშად 3 სპორტსმენი გამოვიდა ჩვენი სახელით.

ჩატარებამდე პატარა ნერვიულობა კი გავიარეთ: ხან ძალიან ცხელოდა, ისე რომ სრიალი შეუძლებელი იყო, ხან კი ისეთი ქარბუქი და თოვა გამოგვეცხადა, რომ ტურნირის ჩატარებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა როგორც მოგახსენეთ, შელოცვები შემიძლია და ამინდი ისევ გამოვიყვანე.

აუცილებლად უნდა ვთქვათ, როგორ კლიმატურ პირობებში მუშაობდნენ ტრასების მოსამზადებლად შეიპერები, სლიპერები, ტრაქტორისტები, მოხალისეები და, ერთი სიტყვით, ყველა ის ადამიანი, რომელთა ერთიანობაც ჯადოქრობას ქმნის.

თუნდაც ამ ერთიანობის განცდა რად ღირს, როცა ხედავ, პირველი თაობის გუდაურელები 15-16 წლის ახალგაზრდა მოთხილამურეებთან ერთად რომ შრომობენ ტურნირის უსაფრთხოებასა და ტექნიკურ გამართვაზე. ბედნიერება ყოფილა იმის შეგრძნება, როცა უამრავ ადამიანთან ერთად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ.

ნება მომეცით ტერმინები განვმარტო მათთვის, ვინც შეჩვეული არაა სათხილამურო სლენგს: slope – ზედაპირი, რომელიც მკვეთრად მაღლდება ან დაბლდება; სლოუპსტაილი – ფრისტაილ სრიალის დისციპლინა, სადაც სპორტსმენებს რადიკალურად ამაღლებული ან ჩავარდნილი წინაღობების გადალახვა უწევთ ლამაზი აკრობატული ნახტომებით; მაღალ ქულას იღებს ის, ვინც უფრო რთულ ილეთს გააკეთებს სუფთად, ანუ როგორც სკეიტერები და მოთხილამურეები იძახიან – “დასვამს”.

სლოუპსტაილზე დაახლოებით 40 სპორტსმენი მონაწილეობდა. სამწუხაროდ ერთი ამდენი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო არ ჩამოვიდა, ერთი სპორტსმენი კი FIS-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით დისკვალიფიცირდა, რადგან რუსეთის ფედერაციას წარმოადგენდა. ბაკურიანის ეგზოტიკურობამ დიდი მოწონება დაიმსახურა ფრისკიერებში: ბურანებზეც “იკატავეს”, ციგებითაც ჩამოსრიალდნენ, გასაბერი კამერებითაც, ცხენებით რბოლაშიც შეეჯიბრნენ ერთმანეთს და ფაეტონებითაც.

ბაკურიანის ერთი მაღაზია, სადაც ტანსაცმელი და ხორცი იყიდება ერთად, ყოველი მათგანის სთორიში მოხვდა. ვერავინ იგებდა, როგორ შეიძლება ხორცი და ტანსაცმელი ერთად იყიდებოდეს. ვერც მე ვიგებ, მაგრამ არა უშავს, მთავარია, რომ ეყიდებათ და მილიონიანი ინსტაგრამ ანგარიშების სთორებშიც სტაბილურად ხვდებიან.

ძალიან რთულია სიტყვით აღწერო ის, რასაც ეს გოგო-ბიჭები აკეთებდნენ ბაკურიანის სლოუპსტაილის ტრასაზე. ასეთი სანახაობა აქამდე ნამდვილად არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. ალბათ აჯობებს ფოტოებს და ვიდეოებს გადახედოთ ტურნირიდან. კიდევ, ძალიან მიხარია ის, რომ ჩვენი ბუთა ელოშვილი, ლუკა ჩოფიკაშვილი და ჯაბა სხვედიანი იყვნენ ამ ისტორიული შეჯიბრის ნაწილი. ბუთა საერთო ჩათვლაში მერვეზე გავიდა, ლუკა მე 9-ზე, ჯაბას გამოსვლას ქარი დაემთხვა და სამწუხაროდ ილეთები ვერ დასვა, თუმცა ამ ადამიანს ვინც ვიცნობთ და ვინც ვიცით რამხელა ტალანტი და ნებისყოფა აქვს, ყველა დარწმუნებული ვართ, რომ პირველი მსოფლიო თასი ჯაბასთვის კარგი მოტივატორი იქნება.

სლოუპსტაილზე ადგილები ასე გადანაწილდა:

ქალები

I – მეგან ოლდჰემი (კანადა)
II – სარა ჰოფლინი (შვეიცარია)
III – ალია დელია ეიშინგერი (გერმანია)

მამაკაცები
I – ანდრი რაგეტლი (შვეიცარია)
II – უილი კოლინი (შვეიცარია)
III – უილი ტიერი (შვეიცარია)

ბიჭების გამოსვლით Საოცრად ბედნიერი და ამაყი იყო ჩვენი სლოვენიელი მწვრთნელი, რომელიც დამპირდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და აწი ვნახავთ რაებს იზამენო.

შეჯამება

ბაკურიანის ევროსპორტზე გამოჩენისას რომ ვიტირეთ, ეგ უკვე გითხარით, ტურნირი რომ იდეალურად იყო ორგანიზებული, ეგეც, მთელი გუნდი რომ ბედნიერი და ერთ მუშტად იყო შეკრული, ეგეც ვთქვი, ერთადერთი რასაც არ ეშველა და რაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ დაბა ბაკურიანის საავტომობილო გზებია. ვინმემ უნდა მიანიშნოს ამ ადგილის ადმინისტრაციას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამეები ხდება ამ კურორტის თავს და კარგი იქნება, თუ ნორმალურად მოძრაობის საშუალებას მისცემს სტუმრებს. ერთმა უცხოელმა სპორტსმენმა აღნიშნა კიდევაც, რომ ბაკურიანის გზა მთვარის ზედაპირს მაგონებს, იმდენი კრატერიაო.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მგონია, რომ მომზადებულები ვხვდებით. Მოემზადეთ, ალესეთ თხილამურები და ბორდები – ზუსტად ერთ წელში ბაკურიანში ფრისკის დიდი ზეიმი იქნება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.