fbpx

ესპანელთა ბენეფისი ჩემპიონთა ლიგაზე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ინტერვენციის შემდეგ მსოფლიო მასმედია დიდ ყურადღებას აქცევს აგრესორ ქვეყანაში ფეხბურთთან დაკავშირებული  ადამიანების გამონათქვამებს, ვეტერანი თუ მოქმედი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების პოზიციას მიმდინარე ომის თაობაზე და უნდა ითქვას, რომ პუტინის რეჟიმისადმი შიშისა თუ ველიკოდერჟავული მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, ცივილიზებული სამყაროს მხრიდან მსოფლიო საფეხბურთო თანამეგობრობიდან რუსული ფეხბურთის სრულიად სამართლიანი მოკვეთისადმი სოლიდარობის გამოხატვა მათგან ნაკლებად შეინიშნება…

რა თქმა უნდა, არც ჩერნიგოვის მიწასთან გასწორებული სტადიონია ნახსენები რუსულ სპორტულ მედიაში. სამაგიეროდ ფეხბურთიდან იზოლირებული ქვეყნის ფედერაციის მმართველ წრეებში საბჭოთა კავშირის საფეხბურთო რეგლამენტზე დაბრუნების მექანიზმზე მსჯელობენ, რაც სეზონის გაზაფხულზე დაწყებას და შემოდგომაზე დასრულებას ითვალისწინებს.

როგორც ჩანს, რუსეთის ფეხბურთის მესვეურები უკვე ეგუებიან იმ აზრს, რომ მათი კლუბები კიდევ კარგა ხანს ვერ მიიღებენ მონაწილეობას ევროთასებზე და ქვეყნის მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, უმჯობესია, რომ იქ დარჩენილი ლეგიონერები თოვლსა და ყინვას მაქსიმალურად მოარიდონ, ამით ტრავმებისგან დაიცვან და უკვე საგრძნობლად შემცირებულ ფინანსებსაც მოუფრთხილდნენ…

ცივილიზებული ევროპა კი გასულ კვირას ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ ოთხ მერვედფინალს ადევნებდა თვალყურს. მოლოდინმა ნამდვილად გაამართლა, რადგან მაყურებელმა ისიამოვნა როგორც სანახაობრივი, ისე სიურპრიზების თვალსაზრისით.

სიურპრიზები უპირველეს ყოვლისა სტატისტიკის სფეროდანაა, რადგან გარდა იმისა, რომ ოთხივე მატჩში სტუმრებმა გაიმარჯვეს, ჩემპიონთა ლიგის ოთხივე მეოთხედფინალის საგზური გასულ კვირას ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილზე გასულმა გუნდებმა მოიპოვეს. ასეთი რამ კი ჩემპიონთა ლიგის ისტორიას არ ახსოვს. 

ასევე გაირკვა, რომ მომდევნო ეტაპზე მაყურებელი მესისთან, ნეიმართან და მბაპესთან ერთად, რონალდუსაც ვერ იხილავს, რაც ფეხბურთის ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ცოტათი მიუღებელიც შეიძლება იყოს.

მაგრამ თუკი დავფიქრდებით, გულდასაწყვეტი არც არაფერია, რადგან ჩემპიონთა ლიგა ბენზემას, ვინისიუსის, მოდრიჩისა თუ გრიზმანის გარეშეც ბევრს დაკარგავდა. მთავარი როლი კი მეოთხედფინალების არსებული წყვილების ჩამოყალიბებაში აუცილებლად მწვრთნელებს ეკუთვნით.

გასულ კვირას ორმა ესპანურმა კლუბმა ისე გაიკვლია გზა მომდევნო ეტაპზე, რომ სტუმრად თამაშის მიუხედავად, საკუთარი კარი მშრალად შეინახა. 

არც „ატლეტიკო“ და არც „ვილიარეალი“ ფავორიტად არ მოიაზრებოდნენ, შესაბამისად „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და „იუვენტუსთან“ მატჩებში, მაგრამ უკვე ამ თამაშების მსვლელობისას გამოჩნდა ესპანური კლუბების მწვრთნელთა გაცილებით  მაღალი დონის მომზადება თავიანთ მოწინააღმდეგე კოლეგებთან შედარებით.

მადრიდის“ ატლეტიკოს“ გამოცდილმა ხელმძღვანელმა დიეგო სიმეონემ თამაში ისე ააწყო, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მისი გუნდის კართან მთელი მატჩის განმავლობაში რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია. 

გარდა ამისა, მან გოლის მიახლოებითი დრო და შესაძლო ავტორიც კი დასახა, ვისაც ერთადერთი და დამღუპველი ბურთი უნდა გაეტანა მეტოქის კარში, რის შემდეგაც „ატლეტიკო“ თამაშს „მარტივად“ მიიყვანდა მოგებამდე.

ასეთ დროდ პირველი ტაიმის მიწურული იყო მონიშნული, რადგან იქამდე „ატლეტიკო“ შეტევაზე არ გადადიოდა. 

აი მატჩის 34-ე  წუთიდან მოყოლებული კი სტუმრები რალფ რანგნიკის „აწყობილი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებისთვის მოულოდნელად, რატომღაც მათ ნახევარზე საფუძვლიანად „დასახლდნენ“ და შედეგმაც არ დააყოვნა.

პირველი გოლი სტუმრებმა თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანეს, მატჩის საბოლოო შედეგი კი, როგორც გაირკვა, უკვე 41-ე წუთზე დააფიქსირეს.

ერთადერთი გოლი სტუმართა უკან დაწეულმა მარცხენა ნახევარმცველმა რენან ლოდიმ თავით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი ლეგიონერისთვის ეს გოლი სადებიუტოა ჩემპიონთა ლიგაზე. 

ვინ ელოდა მას „მანჩესტერ იუნაიტედის“ საჯარიმო მოედანზე დასარტყმელ პოზიციაში? ალბათ დიეგო სიმეონესთან ერთად სტუმართა ფორვარდი ანტუან გრიზმანი, რომელმაც შესანიშნავი პასი „დაასვა“ თავზე პარტნიორს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მრავალნაცადმა გოლკიპერმა დე ხეამ კი ამ ეპიზოდში გუნდი ვერ გადაარჩინა. 

გრიზმანმა ამ შეხვედრაში საუკეთესო მცველის ფუნქციაც შეითავსა, რადგან იგი მეტოქეებთან ორთაბრძოლებში ერთხელაც არ დაჯარიმებულა და ასე სუფთად არაერთხელ მოუპოვა ბურთი თანაგუნდელებს. 

ლოდის გოლთან დაკავშირებით ძალაუნებურად გვახსენდება „ლივერპულისა“ და „ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის განმეორებითი მერვედფინალური დაპირისპირება, როდესაც „ენფილდზე“ უკვე დამატებით დროში შეცვლაზე შესულმა მარკოს ლორენტემ დუბლი შეასრულა „ლივერპულის“ კარში და მთავარი როლი ითამაშა მადრიდის „ატლეტიკოს“ მეოთხედფინალში გასვლაში.

ლოდის მსგავსად, ლორენტესთვისაც გოლი სადებიუტო იყო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე. უბრალოდ მაშინ მეტოქეც უფრო ძლიერი იყო და გასატანი გოლების რაოდენობაც ერთით მეტი…

როგორც ჩანს, „ატლეტიკოს“ გამოცდილ მწვრთნელ დიეგო სიმეონესთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ გადამწყვეტ მომენტში თავისი გუნდიდან „გოლეადორად“ ის ფეხბურთელი აქციოს, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელიან უშუალო საგოლე ხიფათს მეტოქე გუნდის ფეხბურთელები.  

თუკი „ატლეტიკო“ ერთი გოლით დაკმაყოფილდა, „ვიალიარეალმა“ მატჩის 76-ე წუთიდან მოყოლებული, ტურინის „იუვენტუსს“ საკუთარ გულშემატკივართა წინაშე სამბურთიანი რბევა მოუწყო. ასეთი რამ კი გმირობის ტოლფასია.

მართალია, „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ სჩესნი თერთმეტმეტრიანი დარტყმების მოგერიების დიდოსტატია, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ვილიარეალის“ ფეხბურთელები ევროპაში შეიძლება პენალტების საუკეთესო შემსრულებლებიც კი არიან, რაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ევროპის ლიგის შარშანდელი ფინალური მატჩის შემდგომმა თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა.

„ვილიარეალის“ მწვრთნელმა უნაი ემერიმ ჟერარ მორენო მოედანზე შეხვედრის 74-ე წუთზე შეუშვა. ორი წუთის შემდეგ კი ფეხბურთელმა პენალტი გაიტანა. 

მორენოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გატანილი თერთმეტმეტრიანით მას რონალდუს და ზოგიერთი სხვა ვარსკვლავის მსგავსი „უნახაობის სინდრომი“ არ შეჰყრია და მატჩის დამატებულ მეორე წუთზე კიდევ ერთი პენალტი მასპინძელთა კარში „ვილიარეალის“ უკვე სხვა თავდამსხმელმა არნუ დანჟუმამ გაიტანა. 

როგორც ვხედავთ, განმეორებითი მატჩების წინ ესპანური კლუბების წინაშე არსებული საკმაოდ რთული მდგომარეობის მიუხედავად, სამივე მათგანმა შეძლო მეოთხედფინალის საგზურის მოპოვება, რაც მათი ბოლოდროინდელი პროგრესის აშკარა გამოხატულებაა.

ჩემპიონთა ლიგაზე  „რეალის“, „ატლეტიკოს“ და „ვილიარეალის“ წარმატებას ევროპის ლიგაზე „ბარსელონა“ გამოეხმაურა. აი „ბეტისმა“ და ტურნირის ექვსგზის გამარჯვებულმა „სევილიამ“ კი ასპარეზობა დატოვეს.

„ბარსელონამ“ „გალათასარაისთან“ შინ ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ, თურქულ კლუბთან საპასუხო მატჩში პირველი ბურთი გაუშვა, მაგრამ ჩავი ერნანდესის ფეხბურთელები არ დაბნეულან, მალევე მოარგეს მეტოქის კარს გასაღები და ანგარიში პედრის ინდივიდუალური გოლის მეშვეობით გაათანაბრეს. მეორე ტაიმის დასაწყისში კი „ბარსელონა“ დაწინაურდა და სასურველი შედეგი საკმაოდ მშვიდად შეინარჩუნა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებიდან ორი წყვილი ინგლისურ-ესპანურია. წინასწარი ვარაუდით, „ლივერპულს“ „ბენფიკას“ სახით ყველაზე სუსტი მეტოქე არგუნა კენჭისყრამ და ალბათ „ბაიერნიც“ არაა უკმაყოფილო „ვილიარეალთან“ დაპირისპირებით. მაგრამ ვინ იცის, „იუვენტუსის“ დონის გუნდებს შემთხვევით არ ანადგურებენ…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.