fbpx

სასტუმრო “ივერია” და რესპუბლიკის მოედანი – “თბილისის გამქრალი საბჭოთა არქიტექტურა (1921-1991)”


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჩორგოლაშვილი 

 

თბილისის მე-20 საუკუნის 70-იანი წლების არქიტექტურულ ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ქალაქის განვითარების მე-3 და 

საბჭოთა თბილისისთვის ბოლო, გენერალური გეგმის დამტკიცება და მისი განხორციელება იყო (1970 წ. “თბილქალაქპროექტი”, ავტორები –  არქიტექტორები:  ი. ჩხენკელი, ა. ჯიბლაძე, გ. ჯაფარიძე, გ. შავდია, ეკონომისტები: ლ. ლორთქიფანიძე, ი. ბოლქვაძე). ახალი უბნების წარმოქმნასთან და ბინათმშენებლობის განვითარებასთან ერთად, გენერალურ გეგმას მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც უკავშირდება, რაც ისტორიული უბნების რეგენერაციასა და ქალაქის ცენტრის პრობლემის ახლებურ გააზრებაში გამოიხატა. 

თბილისის მე-3 გენერალურ გეგმაში იკითხება ლანდშაფტისა და კონტექსტის მიმართ გაზრდილი ინტერესი, არქიტექტურულ-სივრცითი კომპოზიციის ხერხების მრავალფეროვნების და ფუნქციური ორგანიზების  საკითხების აქტუალურობა. გენერალურ გეგმაში ჩადებული ქალაქის სივრცობრივ-კომპოზიციური გადაწყვეტის ერთ-ერთი მაგალითია ორი ნაპირის ვიზუალურად დაკავშირების მიზნით  რუსთაველის პროსპექტიდან ხედების გახნის იდეა, რაც ნაწილობრივ რესპუბლიკის მოედნის (დღევანდელი “ვარდების მოედანი”) პროექტში განხორციელდა. მოედნის მოწყობის და ქალაქის ამ მონაკვეთზე ხედის გახსნის იდეა ჯერ კიდევ 1930-იან წლებში დ. ფელდტის პროექტში დაიბადა. 

მე-3 გენერალური გეგმის საფუძველზე, ქალაქის ისტორიულ ცენტრში განხორციელებული ჩარევებიდან ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი რესპუბლიკის მოედნის ორგანიზება იყო. მოედნის პროექტი 70-იან წლებში მუშავდებოდა და 80-იან წლებში დასრულდა (არქიტექტორები: ო. კალანდარიშვილი, გ. ფოცხიშვილი, კონსტრუქტორი: გ.ჩუბინიშვილი). აღნიშნულ მოედანს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ორი მნიშვნელოვანი – ა) სატრანსპორტო კვანძის და ბ) საზოგადოებრივი დანიშნულების მოედნის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. არქიტექტორებმა გაითვალისწინეს  მოცემული ადგილის რელიეფის თავისებურება, გამოიყენეს მიწისქვეშა ურბანიზმის შესაძლებლობები და შექმნეს მიწისქვეშა გადასასვლელების და საჯარო სივრცეების საკმაოდ მასშტაბური სამდონიანი ქსელი, რომელიც დღეს დიდწილად პრივატიზირებულია და  მხოლოდ ნაწილობრივ ფუნქციონირებს. 

აქ მოწყობილი იყო კინოთეატრი, საგამოფენო სივრცეები, მაღაზიები, სალაროები, კიოსკები და ა.შ. მიწისქვეშა სივრცე ქალაქის გარე სივრცეს სამი ამოსასვლელით უკავშირდებოდა. თავად მოედანი (დღესაც) ერთ მხარეს ქალაქის მარცხენა სანაპიროსა და მდინარე მტკვრის ნაპირისკენ არის გახსნილი და  ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან, მთაწმინდის ფონზე იკითხება. 

 

მოედანი იმთავითვე სატრანსპორტოსთან ერთად საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცედ იყო ჩაფიქრებული, რასაც აქ მოწყობილი ასაწევ-დასაწევი ესტრადა, ვრცელი საზეიმო ტრიბუნა და მისი  თანმხლები  თაღედი უსვამდა ხაზს. თაღედის პროექტი  არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის მიერ იყო შესრულებული და დღეს ის აღარ არსებობს. არქიტექტურული ფორმის პრეტენზიულობით და ფიზიკური გაბარიტებით თაღედი შეიძლება ითქვას, რომ მოედნის დომინატი ელემენტი იყო, რომელიც რეკონსტრუქციამდე აშენებულ სასტუმრო “ივერიასაც” კი  ჩრდილავდა. 

სასტუმრო “ივერია” 1967 წელს აშენდა (პროექტი დამუშავდა “თბილქალაქპროექტში”; არქიტექტორი ო. კალანდარიშვილი, თანაავტორი  ი. ცხომელიძე). პროექტის ავტორს, არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატობა მიენიჭა. დღეს ეს სასტუმრო აღარ არსებობს. ეს იყო 22-სართულიანი ნაგებობა, რომლის  ვერტიკალური ნაწილის მოცულობა რესტორნის ბლოკის ჰორიზონტალური მოცულობით იყო გაწონასწორებული. ვერტიკალური მოცულობის მომწვანო-ფირუზისფერი ფასადი,  ღია აივნებით ჰორიზონტალურად იყო დანაწევრებული. 

“ივერია” თავისი გახსნილი ხასიათით და რელიეფთან მიმართებში ზუსტად შერჩეული ადგილით, კარგად ეწერებოდა ქალაქის ამ მონაკვეთის განაშენიანებაში. ვერტიკალური (სასტუმროს ნომრები) და ჰორიზონტალური (რესტორანი) სივრცეები შიდა ეზოთი იყო დაკავშირებული. სასტუმროს ნომრებიდან, რესტორნიდან და  ვესტიბულებიდან  ქალაქის ხედები იშლებოდა. შენობის მოსაპირკეთებლად გამოიყენეს გრანიტის ახალი  სახეობა – რიკოთა, მარმარილო, თეძამის ფირუზისფერი ტუფი, ხის მაგარი ჯიშები, ალუმინის ვიტრაჟები, პოლირებული მინა და სხვ. პირველი სართულის ჰოლებში ბუნებრივი ქვა ორგანულად ეხამებოდა ხეს, მინას, ლითონს, კერამიკას. ცენტრალური ჰოლის შემინული კედელი სინათლის ძირითადი წყარო იყო, საიდანაც იხსნებოდა ხედი შიდა ეზოსაკენ. აქ დეკორატიული აუზი, ყურძნის ვაზი და გოგონას თეთრი მარმარილოს შიშველი ფიგურა (გაზაფხულის სიმბოლო) იყო განთავსებული (მოქანდაკე გ. კორძახია). 

საინტერესოდ იყო გადაწყვეტილი  სასტუმროს ინტერიერები, სადაც ის ახალი ტენდენციები იკითხებოდა, რომლებიც 60-იანი წლების საბჭოთა ინტერიერის დიზაინში იჩენენ თავს. სასტუმროს ინტერიერებში ჭარბად ვხვდებოდით დეკორატიულ მორთულობას: ქანდაკება (გ. კორძახია), კედლის მხატვრობა – რესტორნის ფასადის ფრესკა ხალხური ცხოვრების თემაზე (ბ. ბერძენიშვილი), ჭედური ხელოვნება – ვესტიბიულსა და მომსახურების ზონას შორის განთავსებული ტიხარი, რომელიც ორმოცი ფოლკლორული მოტივით დატვირთული, კვადრატული ჭედური ფურცლით იყო აწყობილი (ა. გორგაძე), კერამიკული პანო ჭურჭლის გამოსახულებით (გ. კალაძე), ბარელიეფი (გ. კალაძე) და ვიტრაჟები ქართული ხალიჩების მსგავსი მოხატულობით (ვ. ქოქიაშვილი). 

სასტუმრო “ივერიას” ინტერიერები ქართველი არქიტექტორების, მხატვრების, მოქანდაკეების, ჭედური ხელოვნების ოსტატთა თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და 

არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების სინთეზის მაღალ დონეზე მეტყველებდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სადემონსტრაციო მოედანმა დაკარგა ფუნქცია. მასშტაბურ თაღოვან ტრიბუნას დემონტაჟი ჩაუტარდა, სასტუმრო “ივერია” კი, 1992 წლიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფარი გახდა. 1996 წელს მოედანზე დავით აღმაშენებლის ქანდაკება დაიდგა. 

2005 წლიდან მოედანს “ვარდების რევოლუციის” სახელი ეწოდა და დაიწყო მისი რეკონსტრუქცია. დავით აღმაშენებლის ქანდაკება გადაიტანეს. სასტუმრო “ივერია” დაიცალა და გაიყიდა. 2009 წელს განახლებულ შენობაში, სადაც ღია აივნები შეიმინა და  ინტერიერები გადაკეთდა, სასტუმრო “რედისონი” გაიხსნა (Graft Architects, პროექტის ავტორები არიან –  ვ. პუტცი, გ. ჰოზაიზელი, ტ. ვილემაიტი, ლ. კრუკებერგი). დღეს მოედნის სივრცე უსისტემოდ არის ორგანიზებული და აქტიური სატრანსპორტო კვანძის ფუნქცია აქვს.

გამოყენებული ლიტერატურა: 

  • ს. გაბედაძე, “რუსთაველის პროსპექტის არქიტექტურულ – სივრცული და კომპოზიციური საკითხი’’, თბილისი, 2014.
  • თ. კვირკველია,  “Архитектура Тбилиси”, მოსკოვი, 1985. 
  • თ. კვირკველია, ნ. მგალობლიშვილი, “Архитектура Советской Грузии”, მოსკოვი, 1986. 
  • გ. ბეჟანიშვილი, “რუსთაველის პროსპექტი და მოედანი”, თბილისი, 1967 წ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.