fbpx

ქართული ინკლუზიური თეატრი უკრაინელი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების დასახმარებლად


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმნაიშვილი

 

…ის აცნობიერებს, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და ცდილობს, მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის. მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება და ამიერიდან მისთვის იწყება სრულიად ახალი თამაში.

ეს მცირე ამონარიდია სპექტაკლის აღწერიდან სახელწოდებით „ახალი თამაში“. თუმცა შესაძლებლობები რომ რეალობაშიც უსაზღვროა, ამაში მაყურებელი მისი ნახვისას კიდევ ერთხელ დარწმუნდება. 6 აპრილს „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი – კონტაქტი“  მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე პრემიერას გამართავს. ამჯერად  უკრაინის მხარდასაჭერად. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება კიევის სარეაბილიტაციო ინკლუზიურ ცენტრში „ევა“.

გიორგი მიქაბერიძე – თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თანადამფუძნებელი: „დაიწყო თუ არა უკრაინის მოვლენები, პირველი რაც ვიფიქრეთ, იყო ის, თუ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა ჩვენ. და გადავწყვიტეთ, რომ მათ მხარდაჭერაში პატარა წვლილი შევიტანოთ ჩვენი შემოქმედებით, იმ საქმით, რომელიც გვიყვარს და მთელი დასის სახელით მივუძღვნათ პრემიერა უკრაინელ ბავშვებს. სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის ისედაც რთულია სოციუმში გზის გაკვლევა და საომარ ვითარებაში ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ აღუწერელ სირთულეებთან აქვთ საქმე. ამიტომ გვინდა, რომ, თუნდაც ამ მცირე ფორმით, მაგრამ მთელი გულითა და მონდომებით გავაკეთოთ ეს საღამო და მივუძღვნათ მათ სიყვარულით. ეს ჩვენი გეგმიური საპრემიერო სპექტაკლი იყო, რომელიც დაემთხვა ამ მოვლენებს. ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი გადავამისამართეთ, ასე ვთქვათ, და დატვირთვა შევუცვალეთ. პარალელურად იქნება თანხის შეგროვებაც დონაციების სახით ჩვენს საბანკო ანგარიშზე.“

„ახალი თამაში“ დასის რიგით მეექვსე სპექტაკლია. პიესის ავტორი რეჟისორი და ქორეოგრაფი ირა კოხრეიძეა, რომელმაც ინკლუზიური თეატრი 2015 წელს დააარსა. დასი ინტეგრირებულია და შედგება როგორც სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისგან, ასევე ტიპური განვითარების მსახიობებისა და ხელოვანებისგან. 

ირა კოხრეიძე – თეატრის დამფუძნებელი, რეჟისორი: „თავიდან ეს ყველაფერი დავიწყეთ ექსპერიმენტით. არ ვიყავით დარწმუნებული, როგორი გამოვიდოდა, რადგან არ გვქონდა ამის გამოცდილება და ცოტა დაბნეულები ვიყავით. ამიტომ მივყევით დინებას თავისუფლად და ამ თავისუფლებაში დავინახეთ, რომ შეიძლებოდა საინტერესო საკითხების აღმოჩენა როგორც ბავშვებთან, ისე თვითონ შემოქმედებაში, რადგან მთავარი ხიბლი, რაც ჩვენს მსახიობებს აქვთ, არის მათი ინდივიდუალურობა. აღმოვაჩინეთ, რომ იმდენად ინდივიდუალურები არიან, იმდენად გულწრფელები, შეუძლიათ იმპროვიზაციის კეთება, დაუგეგმავად მოქმედება…  ეს ყველაფერი ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს როგორც შემოქმედებაში, ასევე მათთან ურთიერთობაში. ყველაზე საინტერესო კი არის ერთი უბრალო რაღაც – ყველაფერი არის ძალიან გულწრფელი, რაც ჩვენს საზოგადოებას ძალიან აკლია.“

გიორგი მიქაბერიძე: „ჩვენ ჩვენი მიდგომა შევქმენით. ირას ინიციატივა იყო, რომ ყოფილიყო მსახიობების იმპროვიზაცია. ამის უფლებას ვაძლევთ მათ და ისინი გვიჩვენებენ ისეთ შესაძლებლობებს, რომლებსაც ჩვენ მერე ვაქცევთ სპექტაკლის ნაწილად. ამ პროცესში მივხვდით, რომ ჩვენ შეგვიძლია ამით გავაკეთოთ საკმაოდ მაღალი სტანდარტის თანამედროვე დრამატული ხელოვნება და ჩვენი იდეების რეალიზება მოვახდინოთ ამ ადამიანებთან ერთად. და რაც კიდევ ორმაგად საპასუხისმგებლოა  – უდიდესი წვლილი შევიტანოთ მათი სოციალიზაციის კუთხით. წლიდან წლამდე მათი პროგრესი ამ მხრივ იმდენად თვალსაჩინოა, რომ შეუძლებელია, ვერ შეამჩნიო.“

სპეციალური საჭიროებების მქონე პირების სოციალიზაცია თეატრის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ამოცანაა. ხელმძღვანელების მთავარი  მიზანი თავად  ინკლუზიური ხელოვნების განვითარება და ისეთი პროდუქტის შექმნაა, რომელსაც მაყურებელი უპირველესად მისი მაღალი შემოქმედებითი ღირებულების გამო ეყოლება.

გიორგი მიქაბერიძე: „ჩვენი დასის მთავარი მიმართულება თავიდანვე იყო არა საბავშვო, არამედ ყველა ტიპის მაყურებლისთვის შექმნილი თანამედროვე დრამატული ხელოვნება. ჩვენ გვინდა, რომ ეს სფერო, რასაც ქვია ინკლუზიური ხელოვნება, არ ასოცირდებოდეს მხოლოდ საბავშვო დონის აქტივობებთან. ესეც საჭიროა, რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო ამ სტერეოტიპით არ უნდა შემოიფარგლებოდეს საზოგადოებრივი აზრი. ჩვენ გვინდა, შევქმნათ პრეცედენტი იმისა, რომ ამ საინტერესო და უნიკალური ადამიანების სრულფასოვანი ჩართულობით შესაძლებელია გააკეთო მაღალი დონის და საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტი. მაყურებელი ჩვენთან არ მოდის მხოლოდ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოუცხადოს ჩვენს მსახიობებს.  ის ეზიარება ახალი ტიპის ხელოვნებას, ამ სიტყვის სრული დატვირთვით.“

ირა კოხრეიძე: „ჩვენი სპექტაკლები სირთულითაც საკმაოდ სპეციფიკურია. ხშირად ვეხებით ღრმა ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ფილოსოფიურ თემებს. ხშირად უკითხავთ,  რატომ არის ასეთი რთული თემები ასეთ ბავშვებთან. მაგრამ საქმე ის არის, რომ, პირველ რიგში, ამ ადამიანებმა გაართვეს თავი ასეთ თემებს. მათ შეძლეს, აღმოეჩინათ საკუთარი თავი ამ თემებში. გადალახეს გარკვეული ასაკობრივი სირთულეები. იყო ფილოსოფიური თემები, რომლებსაც ერთად განვიხილავდით და ამ რთულმა პროცესმა დაგვანახა ის, რომ ხშირად სირთულეში შესაძლებელია რაღაცებისგან განთავისუფლება. ეს ეხებოდა არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ჩვენც მათთან ერთად. ასე რომ, ამ ყველაფერს ერთობლივი ფსიქოთერაპიული ეფექტიც აქვს.“

ამჯერადაც სპექტაკლი ფანტასტიკის ჟანრის ფილოსოფიურ ამბავს მოგვითხრობს. მოქმედება შორეულ მომავალში  ვითარდება, სადაც ადამიანები ცდილობენ ადაპტაციას  სახეშეცვლილ დედამიწაზე.  სპექტაკლის პრემიერა კი იმ ბავშვებისთვის გაიმართება, რომელთაც დღეს უკვე უწევთ სახეშეცვლილ რეალობასთან გამკლავება. თანხის შეწირვის მსურველებს შეეძლებათ სასურველი რაოდენობა გადარიცხონ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე. მათთან კი, ვინც უშუალოდ თეატრის  ბილეთს შეიძენს, დასის ხელმძღვანელებს ერთი თხოვნა აქვთ – აუცილებლად დაესწრონ სპექტაკლს.

გიორგი მიქაბერიძე: „ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ დასწრება, რადგან ამ ბავშვებისთვის ერთ-ერთი მთავარი არის აპლოდისმენტი იმ ენერგიის სანაცვლოდ, რომელსაც ამ საქმეში დებენ.  მათთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა, თუ დარბაზში სკამს დაინახავენ ცარიელს. იმდენად მთელ გულს, ემოციას და შრომას დებენ და ისეთი მოლოდინი აქვთ, რომ თვეებით ადრე გვესაუბრებიან ხოლმე პრემიერის დღეზე. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ აფასებდნენ. სადღაც, შესაძლოა,  ქვეცნობიერადაც აქვთ ეს პრობლემა საზოგადოებისგან. ისინი მთელი წელი შრომობენ იმისთვის, რომ „ბრავო“ მოისმინონ მაყურებლისგან. ამით  იღებენ იმ ემოციებს, რაც გასცეს. თუმცა ეს არ არის ბედნიერება მხოლოდ ჩვენი მსახიობებისთვის. დარწმუნებული ვარ, მაყურებელიც ძალიან ბევრს წაიღებს მათგან. ჩვენ კი ეს ემოციები ყველას ძალიან დიდხანს მიგვყვება და მერე ასე დამუხტულები ვიწყებთ ახალ სპექტაკლზე მუშაობას.“

პრემიერამდე, ბილეთები სრულად ამოყიდულია, თუმცა გრძელდება დონაცია.

ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშებზე:

  • ანგარიშზე: TBC ბანკი: #GE72TB7251336080100007 
  • საქართველოს ბანკი: #GE74BG0000000665286200 
  • ლიბერთი ბანკი: #GE44LB0115176753112000 

მიმღები: ნიკე – თანამედროვე ხელოვნების განვითარებისათვის დანიშნულება – “უკრაინელი ბავშვებისათვის” 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.